პოროშენკოს საქმე. რატომ წარდგა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი სასამართლოს წინაშე
საქმე პოროშენკოს წინააღმდეგ უკრაინაში
კიევის სასამართლომ 19 იანვრამდე გადადო უკრაინის ყოფილი პრეზიდენტისთვის, პეტრო პოროშენკოსთვის აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი და დეპუტატი, რომელიც საზღვარგარეთ მოგზაურობიდან დაბრუნდა, სასამართლოში პირდაპირ აეროპორტიდან მივიდა. პოროშენკოს სახელმწიფოს ღალატსა და „ტერორისტული ორგანიზაციების“ დახმარებაში ადანაშაულებენ – ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე პრორუსული „სახალხო რესპუბლიკებიდან“ ნახშირის შეძენის გამო. მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
17 იანვრის დილიდან, კიევის სიკორსკის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ჩვეულებრივზე გაცილებით მეტი ადამიანი იყო. 9 საათზე ვარშავიდან უნდა ჩამოფრენილიყო პეტრო პოროშენკო – დაბალბიუჯეტიანი Wizzair-ის რეისით, – იტყობინება უკრაინული ტელეკომპანია Громадское.
უკვე დილის 7 საათზე, ტერმინალთან შეკრება დაიწყეს ოპოზიციონერის მხარდამჭერებმა, სამართალდამცველებმა კი ალყა შემოარტყეს აეროდრომის პერიმეტრს.
პოროშენკოსთან დაკავშირებულმა ტელეარხმა „Прямой“-მ ნამდვილი ტელემარათონი მოაწყო, სახელწოდებით – „პრეზიდენტის დაბრუნება“. ჟურნალისტები პირდაპირ ეთერში ერთვებოდნენ თავდაპირველად პოლონური აეროპორტიდან, შემდეგ კი თვითონ თვითმფრინავიდან. ბორტზე პოროშენკოსთან ერთად იმყოფებოდნენ სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც, ასევე, მისი პარტიის, „ევროპული სოლიდარობის“ წევრი დეპუტატები.
- სახელმწიფო ღალატის საქმე. შეტევა პრორუს პოლიტიკოსებზე უკრაინაში
- სააკაშვილის საქმეები. რისთვის ზის ციხეში ყოფილი პრეზიდენტი
საპასპორტო კონტროლის გავლისას პოროშენკოს აცნობეს, რომ 11 საათზე დაბარებული იყო ქალაქის კიევის პეჩორის რაიონულ სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების შესაფარდებლად. ამასთან, მას დიდხანს არ უბრუნებდნენ პასპორტს, რის გამოც გარკვეული დროის განმავლობაში დაძაბული ვითარება შეიქმნა.
ბევრი პოროშენკოს დაკავებას ელოდა, თუმცა ეს არ მოხდა – ექსპრეზიდენტი ტერმინალის შენობიდან გამოვიდა და თავისი მხარდამჭერების წინაშე სიტყვით წარდგა.
„ძალიან მომენატრეთ. ძალიან მინდოდა ისე შევხვედროდით, როგორც ადრე“, – განაცხადა პოროშენკომ იმპროვიზებული ტრიბუნიდან.
სასამართლოში პოროშენკო მეუღლის, დეპუტატებისა და პირადი დაცვის წევრების თანხლებით მივიდა. იქ მას უკვე ელოდნენ მხარდამჭერები. სასამართლოს ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლისას პოროშენკომ პოლიტიკურ ძალებს გაერთიანებისკენ მოუწოდა.
„მხოლოდ გაერთიანებულ უკრაინას შეუძლია რუსეთის დამარცხება და კრემლის უფროსის, პუტინისთვის პასუხის გაცემა. ჩვენ ყველა დემოკრატიული ოპოზიციური ძალის გაერთიანების პროცესს ვიწყებთ“, – განაცხადა პოროშენკომ.
მან დასძინა, რომ გაერთიანება სასამართლოს შენობასთან შეკრებილების ირგვლივ უნდა მოხდეს. სიმართლე უნდა ითქვას, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიდან პოროშენკოს პარტია „ევროპული სოლიდარობის“ წევრების გარდა, სასამართლოსთან ფაქტობრივად არავინ არ ყოფილა. სხვა პოლიტიკური ძალებიდან იქ მხოლოდ პატარა საპარლამენტო ფრაქცია „გოლოსის“ დეპუტატები მივიდნენ.
სასამართლოს სხდომა რამდენიმე საათს გაგრძელდა. პროკურატურამ პოროშენკოს დაკავება მოითხოვა ერთი მილიარდი გრივნის (35.5 მილიონი დოლარი) გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესაძლებლობით.
მოსამართლე სათათბირო ოთახში გავიდა, 5 საათის შემდეგ კი განაცხადა, რომ სასამართლო სხდომა 19 იანვრისთვის გადაიდო.
რაში ადანაშაულებენ პოროშენკოს
2021 წლის 20 დეკემბერს, პეტრო პოროშენკოს ბრალი დასდეს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით: ტერორიზმის დაფინანსება, სახელმწიფო ღალატი და ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება ქონების კონფისკაციის შესაძლებლობით.
საუბარია დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან 1.5 მილიარდი გრივნის (დაახლოებით 53 მილიონი დოლარი) ღირებულების ნახშირის მიწოდების სქემასა და „ტერორისტული ორგანიზაციების“ – უკრაინის აღმოსავლეთით, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ლუგანსკისა და დონეცკის „სახალხო რესპუბლიკების“ დახმარებაზე.
პოროშენკო ეჭვმიტანილია იმაში, რომ მან ადამიანების ჯგუფთან (კერძოდ, რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებთან) წინასწარი შეთანხმებით, ხელი შეუწყო ლუგანსკისა და დონეცკის „სახალხო რესპუბლიკებს“, ასევე, სახელმწიფო სახსრებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ნახშირი შეიძინა. გამოძიების აზრით, საქმის ფიგურანტებმა თავიანთი ქმედებებით უკრაინა ენერგეტიკულად რუსეთსა და დონბასში მყოფ „ბოევიკებზე“ დამოკიდებული გახადეს.
ამ საქმეში პოროშენკოს გარდა ფიგურანტები უკვე არიან ცნობილი პრორუსი პოლიტიკოსი, რადის დეპუტატი და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ნათლიმამად წოდებული ვიქტორ მედვედჩუკი, ასევე ენერგეტიკისა და ქვანახშირის მრეწველობის ყოფილი მინისტრი, ვლადიმირ დემჩიშინი და ეკოლოგიის მინისტრის ყოფილი მრჩეველი სერგეი კუზიარა.
ვიქტორ მედვედჩუკი და სერგეი კუზიარა ამჟამად შინაპატიმრობაში იმყოფებიან. კიდევ ერთი ეჭვმიტანილი – ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ვლადიმირ დემჩიშინი საერთაშორისო ძებნაშია.
პოროშენკოსთვის ბრალდების წარდგენის საფუძველი გახდა ე.წ. მედვედჩუკის ფირები – მედვედჩუკის სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, რომელშიც ის კიევის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მოპოვებული ნახშირის მიწოდების საკითხს განიხილავდა ვლადიმირ პუტინის მაშინდელ თანაშემწე ვლადისლავ სურკოვსა და სეპარატისტების წარმომადგენლებთან. ის მუდმივად აღნიშნავდა, რომ „მთავარი“ ამ სქემის საქმის კურსში იყო და ხელს შეუწყობდა მის განხორციელებაში. საუბრების კონტექსტიდან იკვეთებოდა, რომ ლაპარაკი იყო სწორედ უკრაინის მაშინდელ პრეზიდენტზე.
პოროშენკოს დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე საწარმოებიდან, მათ შორის, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან ნახშირის შესყიდვაში, არაფერი უკანონო არ არის. ამის მიუხედავად, პრეზიდენტი ამაში პირადად არ მონაწილეობდა, რადგან ენერგეტიკული საკითხები მთავრობის პრეროგატივაა.
მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ გახდა ცნობილი, პოროშენკომ უკრაინა დატოვა, არ დაელოდა ეჭვმიტანილობის შესახებ ცნობის გადაცემას.
ოპონენტის დევნა? რით არის პოროშენკო სახიფათო მოქმედი პრეზიდენტისთვის
BBC-ის რუსული სამსახური აქვეყნებს სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს, რომლის თანახმადაც, ყოფილი პრეზიდენტის პოზიციები მყარდება მოქმედი პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის რეიტინგის ვარდნის ფონზე, რომელმაც 2019 წლის არჩევნებში უპრეცედენტო შედეგით, 73%-ით დაამარცხა პოროშენკო.
ამრიგად, 2021 წლის დეკემბრის ბოლოს, რაზუმკოვის ცენტრისა და „დემოკრატიული ინიციატივის“ ფონდის მიერ ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ ჰიპოთეტურ საპრეზიდენტო არჩევნებზე ზელინსკი უკრაინელი ამომრჩევლის 24%-ის მხარდაჭერას მოიპოვებდა, პეტრო პოროშენკოს კი ხმას 16% მისცემდა. მაგრამ ჰიპოთეტურ მეორე ტურში სოციოლოგებმა დააფიქსირეს პოროშენკოს მინიმალური, სტატისტიკური ცდომილების ფარგლებში უპირატესობა – 50.1% – 49.9%-ზე.
სწორედ ასეთ ტენდენციებს უკავშირებენ პოროშენკოს წინააღმდეგ საქმეების გააქტიურებას ექსპრეზიდენტის გუნდში. ამავდროულად, მათ მიაჩნიათ, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ხელისუფლებას სისხლის სამართლის საქმეების დახმარებით, პოროშენკოს რეიტინგის „დაგდება“ გამოუვიდეს.
სულ, უკრაინის მოქმედი ხელისუფლების პირობებში, დაახლოებით, 20 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი პოროშენკო ფიგურირებს, თუმცა, არცერთი მათგანი სასამართლომდე არ მისულა.