ადამიანის უფლებები, მედია და არჩევნები. საქართველო HRW-ის ახალ ანგარიშში
საქართველო HRW-ის ანგარიშში
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ, Human Rights Watch-მა, 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად 2021 წელს პოლიტიკური კრიზისის ფონზე საქართველომ ადამიანის უფლებათა რიგ სფეროებში უკუსვლა განიცადა.
● საქართველო 2021: არჩევნები, სააკაშვილის ჩამოსვლა, ბათუმის ტრაგედია – წლის 13 მთავარი ამბავი
● დაუსრულებელი მცდელობა: საქართველო ევროპაში საკუთარი ალაგის ძიებაში
● საქართველო Human Rights Watch-ის 2020 წლის ანგარიშში
მათი თქმით, საქართველოში გადაუჭრელ პრობლემად დარჩა სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე არასათანადო პასუხისმგებლობა. ასევე, შეშფოთებას იწვევდა სხვა საკითხებიც, მათ შორის პოლიციელთა უხეში ჩარევა შეკრების თავისუფლებაში, თავდასხმები ჟურნალისტებზე და მედიაპლურალიზმის შეზღუდვის მზარდი საფრთხე, ბავშვების ინსტიტუციონალიზაცია, ძალადობა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების წინააღმდეგ და შრომის პირობების უსაფრთხოების უგულებელყოფა.
ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ ევროკავშირისგან 75 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების მისაღებად საქართველომ ვერ შეასრულა მართლმსაჯულების რეფორმირების პირობები.
არჩევნები
ანგარიში მიმოიხილავს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს და ოპოზიციური პარტიების ბოიკოტს, ანგარიშში ასევე ხაზგასმულია 19 აპრილს მიღწეული შარლ მიშელის შეთანხმება და საუბარია 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.
“ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ეგიდით მივლენილი საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით არჩევნები კონკურენტული და „ტექნიკურად კარგად ადმინისტრირებული“ იყო, მაგრამ „ამომრჩევლებზე ზეწოლის, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და უთანასწორო პირობების შესახებ ბრალდებებმა პროცესი დააზიანა“.
ოქტომბრის ბოლოს ჩატარებული მეორე ტურის შემდეგ კი დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ „რესურსებს შორის მკვეთრი დისბალანსი და ხელისუფლებაში ყოფნით მინიჭებული შეუსაბამო უპირატესობა მმართველ პარტიას დამატებით აძლევდა ხელს და არათანაბარ საასპარეზო პირობებს ქმნიდა.“ – წერია ანგარიშში.
● არის თუ არა სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი? რას ამბობენ იურისტები და უფლებადამცველები
● სააკაშვილის საქმეები. რისთვის ზის ციხეში ყოფილი პრეზიდენტი
ამავე პუნქტში საუბარია ექსპრეზიდენტ სააკაშვილზეც. HRW-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს, პოლიციამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავა, რომელიც ქვეყანაში რვაწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.
სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების არასათანადო გამოძიება
Human Rights Watch-ი აღნიშნავს, რომ სამართალდამცავთა დაუსჯელობა მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების შემთხვევებზე გადაუჭრელ პრობლემად დარჩა. მათი განმარტებით, პოლიციამ შეზღუდა შეკრების თავისუფლების უფლება, როდესაც დემონსტრანტებს პარლამენტის შენობის წინ კარვების დადგმის საშუალება არ მისცა. ასევე, 2021 წლის 23 თებერვალს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ძალით გამოყენებით შეიჭრა პოლიცია და პარტიის ლიდერი, ნიკა მელია დააკავა.
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” (საია) განცხადებით, პოლიციამ ცრემლსადენი გაზის სახით არაპროპორციული ზომა გამოიყენა და ვერ განმარტა კომპიუტერული ტექნიკის ამოღების საფუძვლები. მელიას ბრალად 2019 წელს თბილისში მიმდინარე პროტესტის დროს ძალადობის წახალისება ედებოდა და ის უარს ამბობდა გირაოს იმ გაზრდილი თანხის გადახდაზე, რომელიც მას 2020 წლის ნოემბრის მიტინგზე ზედამხედველობის ელექტრონული სამაჯური მოხსნის შემდეგ დაეკისრა,” – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში საუბარია პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესახებაც. როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, ამ ცვლილებების შედეგად გაორმაგდა ან გასამმაგდა ჯარიმები (თითქმის 1,300 აშშ დოლარამდე), გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 7-დან 15 დღემდე, ასევე, მოსამართლეს ჩამოერთვა განმეორებითი სამართალდარღვევისთვის შედარებით მსუბუქი სანქციის გამოყენების უფლება.
Human Rights Watch-ი საუბრობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ მასალებზეც, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ ინფორმაციას შეიცავს:
“აღნიშნული ინფორმაცია, სავარაუდოდ, უკანონო თვალთვალის და მიყურადების გზით იყო მოპოვებული. მასალებში ჟურნალისტების, ოპოზიციური პოლიტიკოსების, საჯარო მოხელეების და უცხოელი დიპლომატების საუბრებიც იყო. ამ გამოჟონილ მასალებზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.”
● სახალხო დამცველი: დოკუმენტების მოცულობამ და დეტალურობამ შოკში ჩამაგდო
● სუს-ის ფაილები: რას ამბობენ სასულიერო პირები
მედიის თავისუფლება
HRW-ის ანგარიშში წერია, რომ 2021 წელს ჟურნალისტებმა და მედიის სხვა წარმომადგენლებმა უამრავი დაშინება და თავდასხმა განიცადეს. თებერვალში პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა, რომლებიც თბილისში ვახო სანაიას, კერძო ტელეკომპანიის „ფორმულას“ წამყვანს, თავს დაესხნენ:
“სანაიას თქმით, თავდამსხმელებმა ის იცნეს და თავდასხმის დროს სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ. აგვისტოში სასამართლომ თავდამსხმელები დამნაშავედ ცნო და პატიმრობა ზუსტად იმ ვადით შეუფარდა, რამდენიც უკვე წინასწარ პატიმრობაში ჰქონდათ გატარებული.”
● ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები მოსამართლემ გაათავისუფლა
ანგარიშში საუბარია 5 ივლისის მოვლენებზეც და ხაზგასმულია, რომ ჰომოფობიური ძალადობის დროს, სიძულვილის ჯგუფები სიტყვიერად და ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის, სულ ცოტა, 53 თანამშრომელს, მათ შორის ჟურნალისტებსა და ოპერატორებს. ნათქვამია ისიც, რომ თავდამსხმელებმა დაამტვრიეს და გაანადგურეს მედიის აპარატურა. რამდენიმე ჟურნალისტი დაშავდა და მათ ხანმოკლე დროით ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ.
● ნადირობა მედიაზე. პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე ოცზე მეტი რეპორტიორი მძიმედ დაშავდა
● UNESCO-მ ლექსო ლაშქარავა მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა
● რატომ ვერ ჩატარდა ღირსების მარში – რა აჩვენა ამ დღემ?
„ტვ პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც ცემის შედეგად სახის ძვლების მოტეხილობა, ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები ჰქონდა და ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, რამდენიმე დღის შემდეგ საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მომდევნო დღეს, სიკვდილის მიზეზის სრულად დადგენამდე, ხელისუფლებამ, მისივე თქმით „ექსპერტიზის შუალედური დასკვნის“ საფუძველზე, ლაშქარავას გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ნარკოტიკული საშუალებით ზედოზირება დაასახელა. ამ ანგარიშის მომზადების მომენტისთვის ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ჯერ კიდევ არ იყო გამოქვეყნებული”, – ნათქვამია ანგარიშში.
HRW ასევე ამბობს, რომ 22 ივლისს კულტურის მინისტრმა ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანიის „მთავარი არხის“ ჟურნალისტს უსიამოვნო კითხვების პასუხად მიკროფონი წაგლიჯა და აღარ დაუბრუნა.
სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა
ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა 5 ივლისს დაგეგმილი „ღირსების მარში“ მას შემდეგ გააუქმეს, რაც ულტრამემარჯვენე ჯგუფები ძალადობრივად შეიჭრნენ მათ ოფისში და ჟურნალისტებს თავს დაესხნენ.
● ჰომოფობების ცეკვა პარლამენტთან. ფოტორეპორტაჟი
● როგორ იბრძვის ლგბტქ თემი საკუთარი უფლებებისთვის საქართველოში და რას მიაღწია?
“მათი უსაფრთხოების და შეკრების თავისუფლების დაცვის ნაცვლად, ხელისუფლებამ პრაიდის ორგანიზატორები და მონაწილეები დაადანაშაულა. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „მიზანშეუწონლად“ გამოაცხადა საჯარო ადგილას იმ დემონსტრაციის გამართვა, რომელსაც „სამოქალაქო დაპირისპირება“ შეიძლება გამოეწვია. შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გააფრთხილა ორგანიზატორები, არ ჩაეტარებინათ საჯარო ადგილას ასეთი მარში. მედიის უამრავი რეპორტაჟის თანახმად, პოლიციელთა მცირე ჯგუფები ადგილზე იყვნენ, მაგრამ მათ ვერ შეძლეს ინციდენტების ეფექტიანად აღკვეთა”, – წერია ანგარიშში.
ორგანიზაციის თქმით, საქართველოში სქესის სამართლებრივი აღიარებისთვის ტრანსგენდერებს სქესის შეცვლის ოპერაციის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა მოეთხოვებათ, ხოლო ეს მოთხოვნა სერიოზულ ბარიერებს უქმნის ტრანსგენდერ ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში, იწვევს მათ მარგინალიზაციას და უმუშევრობის და სიღარიბის რისკებს ზრდის.
ბავშვთა უფლებები
ბავშვთა უფლებების შესახებ ჩანაწერში ვკითხულობთ ნინოწმინდის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონის შესახებ. ორგანიზაცია ამბობს, რომ სახალხო დამცველს ორჯერ უთხრეს მონიტორინგის იქ ჩატარებაზე უარი. ამის გამო გაერო-ს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა საგანგებო დროებითი ღონისძიება გამოსცა, რომლითაც ხელისუფლებას მონიტორინგის ჩატარების დაუყოვნებლივ უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.
● სკამის ფეხის თავში დარტყმა, ცივ იატაკზე დაყენება: რა ხდებოდა ნინოწმინდის პანსიონში. ომბუდსმენის ანგარიში
● დასავლეთი თუ რუსეთი? საით მიჰყავს ქვეყანა ქართულ ეკლესიას
ორგანიზაცია საუბრობს პანდემიაში ბავშვთა მდგომარეობაზე და მოჰყავს იუნისეფის დასკვნა, რომლის მიხედვით, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შემდეგ საქართველოში დაახლოებით 50,000 ბავშვი დარჩა განათლებაზე წვდომის გარეშე:
“ბევრი მოსწავლე შეფერხებებს აწყდებოდა დისტანციური სწავლებისას, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში ცუდი ინტერნეტ კავშირის, ღარიბ ოჯახებში შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობების უქონლობის და ონლაინ სწავლებაში მასწავლებელთა გამოუცდელობის გამო.”
შრომითი უფლებები
HRW აღნიშნავს, რომ შრომითი კანონმდებლობის ძირეული ცვლილებები ძალაში 2021 წლის 1 იანვრიდან შევიდა. თუმცა, რეფორმების მიუხედავად, პრობლემად რჩება სათანადო სამუშაო პირობების უზრუნველყოფა. ორგანიზაციის განმარტებით სოციალური დაცვა მინიმალურია, ასევე, პროფკავშირებს არ აქვთ იურიდიული გარანტიები, რაც მათ სისტემურ ცვლილებებზე ეფექტიანი მოლაპარაკებების წარმართვის შესაძლებლობას მისცემდა, „შრომის ინსპექციის“ ეფექტიანობას კი რესურსების ნაკლებობა აფერხებს:
“ასევე პრობლემად რჩება სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა. „შრომის ინსპექციის“ თანახმად, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით 20 ადამიანი დაიღუპა და 189 დაშავდა სამუშაოს შესრულების დროს.”
საერთაშორისო აქტორები
ანგარიშში წერია, რომ ევროკავშირი, აშშ და სხვა დასავლელი პარტნიორები მთელი წლის განმავლობაში ეხმარებოდნენ საქართველოს პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში.
“მარტში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭომ ასოცირების ხელშეკრულების განხორციელება შეაფასა. ევროკავშირმა დაჟინებით მოუწოდა საქართველოს, გააძლიეროს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულება, დაიცვას უმცირესობები და უზრუნველყოს გენდერული თანასწორობა. მან ასევე დაჟინებით მოუწოდა საქართველოს, გააგრძელოს ეფექტიანი შრომის ინსპექციის შექმნა „შრომის პირობების შემდგომი გაუმჯობესებისთვის“. ივლისში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის ფარგლებში ევროკავშირმა და საქართველომ დაგმეს ძალადობრივი თავდასხმები, რის გამოც პრაიდ მარშის გაუქმება გახდა აუცილებელი, ხოლო საქართველომ ასეთი თავდასხმების გამოძიების ვალდებულება აიღო.” – ვკითხულობთ ანგარიშში.