როგორ აღნიშნეს გორში სტალინის დაბადებიდან 143 წელი. ფოტოები
სტალინის დაბადების დღე გორში
ყოველ წელს, 21 დეკემბერს, სტალინის დაბადების დღეს, მის მშობლიურ ქალაქში რამდენიმე ათეული ადამიანი იკრიბება, რათა ბელადის დაბადების დღე აღნიშნონ.
გამონაკლისი არც წლევანდელი წელი ყოფილა. თუმცა, ცვლილებები მაინც არის – ყოველ წელს ღონისძიებას სულ უფრო ცოტა ხალხი ესწრება და ნაკლებად პომპეზური ხდება.
სტალინი – იუბილარი
ქალაქში წვიმს და ჰაერის ტემპერატურა ექვსი გრადუსია. ფეხით მოსიარულეები სწრაფი ნაბიჯით ცდილობენ, თავი გადახურულ ადგილს შეაფარონ.
სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოდან კაცის ხმა ისმის. 60 წელს გადაცილებულ მამაკაცს ხელში მეგაფონი უჭირავს, მემორიალური სახლის წინ დგას, გარშემომყოფებს ესალმება და სტალინის 143-ე დაბადების დღეს ულოცავს.
“მოგესალმებით, მეგობრებო და სტალინის დაბადების დღეს მოგილოცავთ ყველას. იმ კაცის დაბადების დღეს, რომელმაც მთელმა მსოფლიოს დაანახა გადარჩენის გზა. ზოგადსაკაცობრიო სენი იყო ფაშიზმი და მან ის დაამარცხა”, – ლაპარაკობს თემურ ფიფია, “ერთიანი კომუნისტური პარტიის” თავმჯდომარე და დროდადრო ჩერდება, რათა შეკრებილებს პაუზების დროს ტაშის დაკვრის საშუალება მისცეს.
21 დეკემბერს, გორში, სტალინის მშობლიურ ქალაქში, მისი დაბადების დღის აღსანიშნავად 50-მდე ადამიანია შეკრებილი. მათი უმრავლესობა ხანში შესულია. ერთ-ერთი ჯიბეში რაღაცას ეძებს, სათვალეს იღებს, იკეთებს და ნაჩუქარი გაზეთის “კომუნისტის” კითხვას იწყებს.
“კახეთიდან ჩამოვედი, ეს დღე მარტო ჩემთვის კი არა, მსოფლიოსთვისაა მნიშვნელოვანი. ამ გაზეთში ყველაფერი სწორი წერია. სტალინმა სამოთხე შექმნა დედამიწაზე. ამ კაცმა უმუშევრობა მოსპო, საბჭოთა კავშირში უმუშევარი აღარ არსებობდა, ამაზე დიდი რა უნდა გაეკეთებინა. ქრისტემ ვერ მიაღწია იმდენს, რამდენსაც სტალინმა მიაღწია”, – ამბობს 76 წლის მერაბ ზურაბაშვილი.
ის ერთადერთი არაა, რომელიც სტალინს წმინდანად თვლის. ადამიანთა ნაწილი შეკრებაზე მოტანილი სტალინის ხატს ფაქიზად კოცნის და პირჯვარსაც მოკრძალებულად იწერს.
“ხელისუფლებები შეიცვალა და ვიღაცებმა სტალინის პიროვნების გაღიავება მოინდომეს, მაგრამ არაფერი გამოუვათ. არამარტო უფროსებს, არამედ ძალიან ბევრ ახალგაზრდასაც უყვარს სტალინი, შეიძლება ახლა გამოსვლას ვერ ბედავენ, მაგრამ მოვა დრო, როცა სწორედ ეს ახალგაზრდები დააბრუნებენ იმას, რაც წაგვართვეს ჩვენს თაობას”, – სიტყვით გამოსვლას ამჯერად თამარ ქარქიშვილი აგრძელებს.
ის 62 წლის არის და როგორც ამბობს, სტალინის ხსოვნის უკვდავსაყოფად გამართულ არც ერთ ღონისძიებას არ აკლდება. მის თავზე გვერდით მდგომი მამაკაცი წითელ დროშას აფრიალებს.
სიტყვით გამოსვლების ბოლოს, დაბალი, გამხდარი მამაკაცი ხალხის შუაგულში დგება, ფანდურზე დაკვრას იწყებს და ჰანგებს ჯერ ხმადაბლა, შემდეგ კი შემართებით ჰყვება – “ო, როგორ მსურს ყველა ლექსი, რომ სტალინზე დაიწეროს”.
სტალინი – მარჩენალი
იქვე, სტალინის სახლ-მუზეუმთან, შუახნის ქალს გარეთ სუვენირების დახლი გაუშლია.
ამ სუვენირების უმრავლესობა სტალინს უკავშირდება. გრეტა სტალინის ფოტოებით გაფორმებულ ასანთებს, ჭიქებს, მინიატურულ ძეგლებს და საბჭოთა კავშირის სხვა სიმბოლოებს ჰყიდის.
ქალი იმ ადგილს გასცქერის, სადაც ტურისტული ავტობუსები ჩერდებიან ხოლმე, თუმცა იმ დღეს ავტობუსი არ გამოჩენილა.
“დღეს ვერაფერი გავყიდე. გახშირდა ასეთი დღეები. არადა, ადრე სტალინის დაბადების დღეზე მოდიოდნენ ხოლმე ტურისტები,” – ამბობს ის.
გრეტა ჰყვება, რომ უკვე ოთხი წელია “სტალინით ირჩენს თავს”.
ამ დროის განმავლობაში, რაღაც ნივთების დამზადება თავადვე ისწავლა – მაგალითად, მაგნიტით მისაკრავ ფოტოებს საკუთარი ხელით აკეთებს. ამბობს, რომ პანდემია მის ბიზნესს ძალიან დაეტყო:
“ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდიოდა, ყველას უნდოდა სტალინის მშობლიური ქალაქის ნახვა. და ჩემი საქონელიც კარგად იყიდებოდა”.
გრეტას სუვენირების ღირებულება კი სამი ლარიდან იწყება და 35 ლარამდე აღწევს.
“ადრე, როცა ბევრი ტურისტი ჩამოდიოდა, ჩემი აქ დგომით სხვა ადამიანებსაც ვეხმარებოდი. მოჰქონდათ სახლიდან სხვადასხვა ნივთები, მიტოვებდნენ და ვუყიდიდი ხოლმე. ზოგს საბჭოთა მედლების გაყიდვა უნდოდათ, ზოგს – სტალინის ძველი ფოტოების, ზოგსაც – კუპონის კუპიურების. ახლაც კი აქვს ერთ ქალს დატოვებული მედლები, მაგრამ როდის ვინ იყიდის, კაცმა არ იცის”,– მეუბნება გრეტა და მუყაოს ქაღალდზე მიმაგრებულ მედლებს მაჩვენებს. მათი საშუალო ფასი 15-20 ლარია.
გრეტას ვეკითხებით, თავად რას ფიქრობს სტალინზე. პირდაპირ პასუხს თავს არიდებს. მხოლოდ ის გვითხრა, სტალინი გორში დღესაც არჩენს ბევრ ოჯახსო:
“მე აქ ვდგავარ და ბევრ რამეს უკეთ ვხედავ. სახლ-მუზეუმში შესულ ტურისტს სარგებელი მხოლოდ მუზეუმისთვის არ მოაქვს. იქიდან გამოსული აგერ, აქვე რესტორანში შედის ან იქვე, მაღაზიაში ყიდულობს ქართულ ღვინოს და ჩურჩხელებს. ანუ გამოდის, რომ ტურისტებზე არიან ეს ობიექტებიც დამოკიდებულები. იმის კრიტიკა კიდევ, რითაც ფულს შოულობ, ისეთი ამბავია, უხერხული”.
სტალინის გარდაცვალების შემდეგ, 1957 წელს გახსნილი სახლ-მუზეუმი ქალაქის ცენტრში მდებარეობს. კომპლექსის შემადგენლობაში შედის მემორიალური სახლი, სადაც სტალინი დაიბადა; ვაგონი, რომლითაც სტალინმა თეირანში, იალტასა და პოტსდამში იმოგზაურა და საექსპოზიციო დარბაზი, სადაც 2010 წლიდან ცალკე ოთახი აქვს დათმობილი რეპრესიების პერიოდს.
შენობის წინ კი მოქანდაკე სილოვან კაკაბაძის მიერ შესრულებული სტალინის ქანდაკება დგას.
ამ ყველაფრის დათვალიერება, გიდთან ერთად, 15 ლარი ღირს. როგორც აქ გვეუბნებიან, კორონავირუსის პანდემიამდე იყო დღეები, როცა მუზეუმს 300-მდე დამთვალიერებელი სტუმრობდა.
სახლ-მუზეუმის სიახლოვეს სუვენირების მაღაზია, რამდენიმე რესტორანი და სწრაფი კვების ობიექტია გახსნილი.
სუვენირების მაღაზიის კარი ღიაა. შემინულ ოთახში ქართული ღვინოებთან, სვანურ ქუდებთან, ფშავური წინდებთან ერთად სტალინის ბიუსტებიცაა გამოფენილი. მაღაზიის მეპატრონე ასევე ტურისტების სიმცირეზე ჩივის და ამაში მხოლოდ პანდემიას არ ადანაშაულებს:
“ეს სფერო თვითდინებაზეა მიშვებული. არ არის წინასწარ დაგეგმილი, როგორ გვინდა ტურისტების თვალში გამოჩენა. რა გვინდა, რომ იყოს ჩვენი ნიშა. ტურიზმის განვითარება მხოლოდ ტურისტული ობიექტების გახსნა და ფრენების აღდგენა არ არის. ყველაფერს პოპულარიზაცია სჭირდება. აი, ამ ქაოსის გამოა, რომ დღემდე მხოლოდ სტალინის სამშობლოდ ვრჩებით. სტალინს მსოფლიო იცნობს, თორემ მისი პოპულარიზაცია ჩვენზე რომ იყოს დამოკიდებული, ეგეც არ იქნებოდა. ვინც კვების ობიექტის ან პატარა მაღაზიის ამუშავებით ცდილობს ფულის შოვნას, ვერ მოსთხოვ სტალინის კულტს ებრძოლოს. პირიქით, ის ყოველთვის იმას გაყიდის და იმას შესთავაზებს ტურისტს, რაც მოთხოვნადი იქნება. სტალინის ჩანაცვლებაზე სახელმწიფომ უნდა იფიქროს”.
თუმცა, მასთან საუბრისას ასევე ვიგებთ, რომ თანდათანობით იზრდება იმ ტურისტების რიცხვი, რომლებიც პროტესტის ნიშნად სტალინის სახლ-მუზეუმში არ შედიან და არც სტალინის გამოსახულებით სუვენირებს ყიდულობენ. ასეთები დიდწილად პოლონელები, ესტონელები, ლიეტუველები და ლატვიელები არიან.
“თაობები იცვლება. ბავშვები იბადებიან, სხვა ინტერესებით იზრდებიან და სტალინი მათთვის აღარც საინტერესოა და აღარც მიმზიდველი. იმასაც გააჩნია, რომელ ქვეყანაში იბადები და იზრდები, მაგრამ სტალინის პოპულარობა მაინც ვერ იქნება მარადიული”.
სტალინი – ტირანი
“თუ მაინცდამაინც გვინდა, რომ სამყაროს სტალინზე მოვუყვეთ, მაშინ სწორედ იმ ცოცხალი ისტორიების შეგროვება და მათი ტურისტებისთვის გაცნობა უნდა დავიწყოთ, რომლებიც რეპრესირებულ ადამიანებს უკავშირდება. გორში ყველა უბანში ცხოვრობენ იმ ადამიანთა შთამომავლები, რომლებმაც სტალინური რეპრესიების დროს ყველაფერი დაკარგეს – ოჯახის წევრები, სახლი, ძვირფასი ნივთები, საყვარელი საქმეები, პატივი და სიმშვიდე”, – ამბობს თეონა ფანქველაშვილი.
იგი ერთ-ერთია, რომელმაც თანამოაზრეებთან ერთად გორში ანტისტალინური მოძრაობა წამოიწყო. ხუთმა ახალგაზრდა ქალმა ექვსი წლის წინ საინიციატივო ჯგუფი “მარო” შექმნა და სტალინის ქუჩისთვის სახელის შეცვლის იდეა გააჟღერა.
“ჩვენ ვთქვით, რომ სტალინის ქუჩას უნდა ეწოდოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელი. ჩვენი ჯგუფის სახელიც აქედან წამოვიდა. სამწუხაროდ, ჩვენს იდეას არც ადგილობრივ და არც ცენტრალურ დონეზე ხელისუფლებამ არასოდეს მხარი არ დაუჭირა. არადა, ჩვენი მოთხოვნა სრულიად კანონიერი იყო”.
თეონა გულისხმობს კანონს, რომელსაც “თავისუფლების ქარტია” ჰქვია და საქართველოს პარლამენტმა 2011 წელს მიიღო. ქარტიაში ვკითხულობთ:
“ამ კანონის მიზანია […] კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრა, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა.”.
“თავისუფლების ქარტიის” არსებობის მიუხედავად, გორში ცენტრალურ ქუჩას ამ დრომდე სტალინის სახელი ჰქვია და ქალაქში ბელადის 3 ძეგლი დგას.
“იმ მეოთხე, დიდი ძეგლის დაბრუნებაც უნდოდათ. სტალინელებს ჰქონდათ ინიციატივა გორის საკრებულოზე დაყენებული, მაგრამ მე და ჩემი თანამოაზრეები დეპუტატებს, პარტიის ცენტრალურ ოფისებს სათითაოდ შევხვდით და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს არ მომხდარიყო. თუმცა თქვენ არ იფიქროთ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ პრინციპების გამო უთხრა უარი სტალინელებს. არა, მათ უბრალოდ ის მოიმიზეზეს, რომ ტერიტორია, სადაც ძეგლის დადგმას ითხოვდნენ, კულტურის სამინისტროს საკუთრება იყო”.
გორის ცენტრალური მოედნიდან 2009 წელს აღებული ძეგლი ამ დროისთვის ქალაქგარეთ, ერთ-ერთ საცავში ინახება.
ანტისტალინური მოძრაობა კი ნელ-ნელა, თუმცა მაინც ძლიერდება. წლების წინ, სტალინის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის საკითხი გორში დისკუსიის თემასაც კი არ წარმოადგენდა. თუმცა, ახლა ცალკეული ჯგუფები ქუჩისთვის თავისუფლების მოედნის ან აგვისტოს ომის გმირების სახელის მინიჭების ინიციატივით გამოდიან.
“სტალინის ქმედებების და საბჭოთა კავშირის ისტორიის გადაფასებას პოლიტიკური კონტექსტი და გარემო სჭირდება. “ვარდების რევოლუციის” შემდგომ მოსულ მთავრობას ამის ნება აშკარად ჰქონდა, რაც მალევე ძეგლის დემონტაჟით გამოიხატა. თუმცა, მერე ხელისუფლება შეიცვალა და ამ მიმართულებით პროცესები მინელდა”, – ამბობს ნიკა წიქარიძე.
ის ერთ-ერთი გორელი აქტივისტია, რომელიც სტალინის ქმედებების გაანალიზებისთვის ქალაქში გამართულ თითქმის ყველა ღონისძიებას ესწრება.
მისი თქმით, ის რომ სტალინის ქუჩას გორში დღემდე არ გადაერქვა სახელი მიუთითებს იმაზე, რომ ეს გადაწყვეტილება არაპოპულარული იქნება. ანუ გორის მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუღებელია ამ ქუჩისთვის სახელის გადარქმევა.
“საზოგადოებაში სტალინის გადაფასებას კომპლექსური მიდგომა სჭირდება სასკოლო განათლებაში, რაც დღევანდელი განათლების სისტემით და პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნების გარეშე ვერ განხორციელდება. თუ გვინდა თანამედროვე ქვეყანა ვიყოთ, მაშინ წარსულს თავისი სახელი უნდა დავარქვათ, სწორად შევაფასოთ და მისგან დისტანცირებაზე უარი არ ვთქვათ.”