"დედა თითქოს პატარა გოგო იყო, ასე გრძნობდა თავს". როგორ ცხოვრობენ საქართველოში ადამიანები დემენციით
დემენცია საქართველოში
საქართველოში დაახლოებით 40 ათასი ადამიანი ცხოვრობს დემენციის სხვადასხვა ფორმით, თუმცა მათთვის სპეციალური სერვისები არ არსებობს. მათი მოვლა და მკურნალობა მთლიანად ოჯახის წევრების საქმეა.
„ყველაფერი მეგობრის დაბადების დღეზე დაიწყო“
2000 წლის დეკემბერი იყო. 70 წლის ცოლ-ქმარი, ციალა და ნიკო მეგობრის დაბადების დღეზე იყვნენ დაპატიჟებული. ტრადიციულად, ნიკო სუფრის თამადა უნდა ყოფილიყო.
ციალა იხსენებს, რომ ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა, გაუცნობიერებლად ღელავდა.
ბოლო დროს ნიკო შეიცვალა – სწრაფად იღლებოდა, სულ ძილი უნდოდა, ხშირად ტელევიზორთან და წიგნთან ჩამოეძინებოდა ხოლმე. თავდაპირველად, იფიქრა, რომ ქმარი გადაიღალა, მაგრამ რადგან ასეთი მდგომარეობა გაგრძელდა, უკვე ქმრის ექიმთან მიყვანას გეგმავდა.
● როგორ ცხოვრობენ საქართველოში ადამიანები ფსიქიკური პრობლემებით
● კვლევა: როგორ ცხოვრობენ საქართველოში მოხუცები
● დედა-შვილობა სკაიპით. ათასობით ემიგრანტი ქალი ვერ ხედავს, როგორ იზრდებიან მათი შვილები
● დები: როგორ ზრდიდა დედა უმამოდ დარჩენილ ექვს დას. VIDEO
სუფრასთან ციალა ქმრის გვერდით იჯდა. ნიკოს სუფრა მიჰყავდა. როგორც ყოველთვის, საინტერესოდ – სადღეგრძელოებს ამბობდა, ხუმრობდა, თუმცა თავად არ სვამდა, ერთი-ორი ჭიქა თუ დალია.
უცბად, შუა ლაპარაკში, მან სხვა სახელით მიმართა ჯერ იუბილარს, მერე სუფრის სხვა წევრების, საკუთარი მეგობრების სახელები აურია და საერთოდაც, დაავიწყდა სად იყო.
ყველა შეცბა, ელდა ეცათ. ნიკოს რამდენიმე წუთში ისევ დაუბრუნდა მეხსიერება, თუმცა იმ დღეს ყველა დარწმუნდა, რომ იგი ავად იყო.
როდესაც მათემატიკოს ნიკო ვახანიას დემენციის დიაგნოზი დაუსვეს, იგი ზუსტად 70 წლის იყო და ამის შემდეგ 14 წელი იცხოვრა.
ცხოვრების დიდი ნაწილი ნიკო ვახანიამ მეცნიერებას დაუთმო. იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, ამერიკის მათემატიკური საზოგადოებისა და საერთაშორისო სტატისტიკური ინსტიტუტის წევრი. მუშაობდა ყველგან და ყოველთვის – საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც კი.
„შეყვარებული იყო მათემატიკაზე,“ – გვიყვება ნიკოს ცოლი, 92 წლის ციალა მაისურაძე. – ტრამვაიში რომ იჯდა, ბილეთზეც კი რაღაცას ანგარიშობდა ზეპირად. წესი ჰქონდა ასეთი. სიგარეტს ადრეულ ასაკში დაანება თავი, თითქმის არასდროს სვამდა, მაშინაც კი, როცა თამადა იყო. სულ ფეხით დადიოდა, სწორად იკვებებოდა, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდა.“
დიაგნოზის დასასმელად ექიმთან რომ მივიდნენ, ნიკოს ტესტი უნდა გაევლო: ასის ფარგლებში მიმატება-გამოკლების მაგალითები. მან ეს ტესტი ვერ ჩააბარა.
„მე იქ ვიყავი, გონებაში ვგულშემატკივრობდი. მათემატიკოსი კაცი ასის ფარგლებში ვერ ითვლიდა, ვერ ანგარიშობდა“, – გვიყვება ნიკოს ძმისშვილი, ექიმი უჩა ვახანია. მან მოგვიანებით ზრუნვის პლატფორმა და შინ მოვლის კოალიცია დააარსა. უკვე წლებია მუშაობს ადამიანებთან, რომლებიც თავად ვერ უვლიან საკუთარ თავს. ასეთებს შორის კი, მეტწილად სწორედ ისინი არიან, ვისაც დემენცია აქვს.
დემენცია – მცოცავი ოკუპაცია
თუ ოდესმე ჩაგძინებიათ დღის განმავლობაში, გაგიღვიძეთ და წამიერად ვერ მიმხვდარხართ სად ხართ ან დღის რა მონაკვეთია – დღე თუ ღამე, მაშინ თქვენ ცოტა გაქვთ წარმოდგენა, თუ რას ნიშნავს სივრცესა და დროში დეზორიენტაციის განცდა. ახლა რამდენჯერმე გადაამრავლეთ ეს განცდა და წარმოიდგინეთ, რომ ადამიანს, რომელსაც დემენცია აქვს, იგი ყოველთვის თან ახლავს. დემენციის მქონე ადამიანი სხვა სამყაროშია.
„ჩვენ არ ვიცით, რა არის დემენცია, ან საიდან მოდის – ამბობს უჩა ვახანია – მეცნიერები მუშაობენ სხვადასხვა კვლევებსა და ვარაუდებზე, თუმცა ჯერ-ჯერობით ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს რა ხდება ამ დროს ადამიანში და ამ დაავადების მართვა არ შეგვიძლია. ვხედავთ მხოლოდ იმას, რომ ჩვენს საყვარელ ადამიანში პიროვნება კვდება და მისგან მხოლოდ ცარიელი, ბიოლოგიური ჭურჭელი რჩება.“
დემენციას ხშირად „ხანშიშესულ“ სინდრომს უწოდებენ, რადგან უმეტეს შემთხვევაში ის 65 წლის ასაკიდან იწყება და ხანდაზმული ადამიანების ჯანმრთელობის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებული პრობლემაა.
არსებობს დემენციის უფრო ადრეული გამოხატულებაც, თუმცა იშვიათად.
დემენცია არის დაავადება, რომლის დროსაც პაციენტის კოგნიტური (აზროვნების უნარი) დაქვეითებულია. დემენცია იწვევს მეხსიერების, გონებრივი შესაძლებლობების თანდათანობით გაუარესებას; აქვეითებს დროში და სივრცეში ორიენტაციის უნარს, ნაცნობი ადამიანების და საგნების ცნობის უნარს.
თანდათან მცირდება ყოველდღიური, რუტინული აქტივობების შესრულების და სხვებთან კონტაქტის უნარიც. ასევე, პაციენტს არეული აქვს გონება, ხშირად აწუხებს ბრაზი, ეჭვი და აგრესიაც კი. დროთა განმავლობაში, გონებრივი ფუნქციების დაქვეითებასთან ერთად, იზღუდება ფიზიკური შესაძლებლობებიც.
დემენცია ხანდაზმულებში შეზღუდული შესაძლებლობების გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია და ითვლება ერთ-ერთ უმძიმეს დაავადებად თავად პაციენტისთვის, მისი ოჯახისთვის და საზოგადოებისთვის.
დემენცია სინდრომია, რომელიც მეხსიერების დაქვეითების სხვადასხვა ტიპის დაავადებებს აერთიანებს. აქედან ყველაზე გავრცელებული ტიპი ალცჰაიმერის დაავადებაა – დემენციის შემთხვევების 60 პროცენტზე მეტი ალცჰაიმერია. ასევე გავრცელებულია სისხლძარღვოვანი დაავადებების შედეგად გამოწვეული დემენცია და სხვა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, დემენციის დიაგნოზით ამჟამად მსოფლიოში 55 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ასეთი ადამიანების რაოდენობა ყოველწლიურად 10 მილიონით იზრდება. ცხოვრების დონის ამაღლებასთან ერთად, ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა მატულობს, შესაბამისად 2050 წლისათვის დემენციით დაავადებული ადამიანების რაოდენობა სავარაუდოდ 139 მილიონამდე გაიზრდება.
● ომი მწარეა. ბავშვობაც ომით ვნახე და სიბერეც – 89 წლის ვენერა ედიშერაშვილი გორიდან. ვიდეო
● “სარვამარტოდ მინდა შოკოლადი, სავარცხელი და სიყვარული”. ქალთა დღე გორში, მოხუცთა თავშესაფარში
● “ამ ცხოვრებაში ერთადერთი სიმდიდრე დავაგროვე – კარგი შვილები მყავს”. დევნილი ქალის ისტორია VIDEO
● ახალი საპენსიო რეფორმის დეტალები. კიდევ ერთხელ გავერკვეთ ვინ როდის და რამდენს ვაგროვებთ
საწყის ეტაპზე ადამიანებს ავიწყდებათ გარშემომყოფების სახელები და მნიშვნელოვანი თარიღები. განსაკუთრებით რთულია მათთვის ახალი ინფორმაციის მიღება. დროსთან ერთად, მათი მეხსიერება უარესდება. ნელ-ნელა მათ უჭირთ გარემოს აღქმა, ვეღარ ცნობენ საკუთარ ოჯახის წევრებს. მათთვის ყოველი დღე სტრესულია, რადგან ყოველ დილით თავიდან უწევთ იმ გარემოსთან შეგუება, რომელშიც ცხოვრობენ.
საქართველოში ამ მდგომარეობას ხშირად „სკლეროზის“ სახელით მოიხსენიებენ, თუმცა ამ ხალხურ ტერმინს არაფერი აქვს საერთო სამედიცინო დიაგნოზთან.
„დემენციისას ადამიანს ყველაზე მეტად ახალი ინფორმაციის გაანალიზება უჭირს. მას შეიძლება 10 წუთში დაავიწყდეს მიღებული ინფორმაცია. მათ შეიძლება ვერ გაიხსენონ რომელ სართულზე ცხოვრობენ,ან რომელი წელია ახლა, თუმცა კარგად მოგიყვებიან 20 წლის წინანდელ ამბავს. თავად მათ ყველაზე ნაკლებად იციან რა ემართებათ. ეჭვი პირველად ოჯახის წევრებს უჩნდებათ, თავად კი უჭირთ ამის აღიარება და ხშირად ღიზიანდებიან“, – ამბობს ექიმი ფსიქიატრი, მარინე კურატაშვილი.
დემენცია ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს – განათლების დონესა და სოციალურ მდგომარეობას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს.
წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს ვის დაემართება დემენცია და ვის – არა, და არც ამ სინდრომის თავიდან აცილების გზები არსებობს. ჯანსაღი ცხოვრების წესი, სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა, ალკოჰოლსა და თამბაქოზე უარის თქმა ამცირებს რისკებს, თუმცა არა ყველა შემთხვევაში.
დემენციისას ტვინის უჯრედები ნელ-ნელა იწყებს კვდომას და საბოლოოდ, ადამიანის გარდაცვალებით სრულდება – დემენცია არ იკურნება.
„მე მას მცოცავ ოკუპაციას ვეძახი, რადგან დემენცია უკან არ ბრუნდება. სულ წინ მოდის და ცდილობს ტვინის რაც შეიძლება მეტი ადგილი დაიპყროს. ეს 21-ე საუკუნის შავი ჭირია, რომელიც სულ უფრო და უფრო ხშირდება და მეტი და მეტი ოჯახისაკენ მიცოცავს.“ – ამბობს უჩა ვახანია.
“ჩემი ოჯახის წევრს დემენცია აქვს”
ნათია ფირაშვილი დემენციის საკითხით მაშინ დაინტერესდა, როდესაც ეს დიაგნოზი დედამისს დაუსვეს.
“რვა წელი ჰქონდა დემენციის დიაგნოზი, ფიზიკურად გადაადგილება უჭირდა. დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ მე ვიყავი მისი მომვლელი, ამიტომ მხოლოდ ჩემი ხელიდან ჭამდა.”
ნათიას თქმით, ყველაზე რთული არის იმასთან შეგუება, რომ ის, ვინც გიყვარდა, ფაქტობრივად, აღარ არსებობს.
“შენი საყვარელი ადამიანი თვალსა და ხელს შუა იცვლება, მისი პიროვნება ფერმკრთალდება, უფერულდება და ძალიან რთულია შენს თავთან აღიარო, რომ ის აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც გახსოვს. დედას საერთოდ არ ახსოვდა დღევანდელი დღე ან გუშინდელი ამბები, მაგრამ ახსოვდა საკუთარი თავი 40 წლის წინ. ბოლოს დედა 42 წლის იყო, ასე გრძნობდა თავს”.
მას შემდეგ, რაც დედას დემენციის დიაგნოზი დაუსვეს, ნათიამ და მისმა დებმა ორგანიზაცია “აქტიური დაბერება – საქართველო” დააფუძნეს:
„მთავარი, რაც აღმოვაჩინეთ, ის იყო, რომ საზოგადოებამ ამ პრობლემის შესახებ არაფერი იცის. ასევე გამოიკვეთა, რომ სამწუხაროდ, პროფესიონალებიც არ გვყავს. გვყავს კარგი ექიმები, რომლებიც სვამენ დიაგნოზს, თუმცა არ გვყავს პროფესიონალი მომვლელი, რომელმაც იცის თუ როგორ უნდა მოუაროს დემენციის მქონე ადამიანს. ასეთი მომვლელის პოვნა საქართველოში პრაქტიკულად შეუძლებელია“, – ამბობს ნათია ფირაშვილი, ორგანიზაციის “აქტიური დაბერება -საქართველო” დამფუძნებელი.
მისი თქმით, დემენციის მქონე ადამიანს ყოველდღიური რამდენიმესაათიანი, ზოგჯერ კი, უწყვეტი მოვლა და მეთვალყურეობა სჭირდება, რაც რადიკალურად ცვლის ავადმყოფის ოჯახის ცხოვრებას.
ფსიქიატრის, მარინე კურატაშვილის თქმით, დემენციის მქონე ადამიანების მოვლა-პატრონობა უმეტესწილად ქალების ხარჯზე გადადის.
„დემენციის სინდრომი დაახლოებით 5-დან 8 წლამდე გრძელდება და წარმოიდგინეთ, როგორ იჩაგრება ამ დროს ოჯახის ჯანმრთელი წევრი“, – ამბობს მარინე კურატაშვილი.
„ოჯახის წევრები ამ დროს არაფორმალური მომვლელები ხდებიან – ადასტურებს უჩა ვახანია – საქართველოში მეტწილად, ეს არის პაციენტის ქალიშვილი, ან ცოლი. შვილების შემთხვევაში კი ის წლები, რომლის განმავლობაშიც მათ ოჯახის წევრის მოვლა უწევთ, სტატისტიკურად მათ ფერტილურ და კარიერული განვითარების პერიოდს ემთხვევა. შესაბამისად, ეს ამ ადამიანების დაკარგული ცხოვრებაა.“
მეუღლის მოვლა ძალიან უჭირდა თავად უკვე 70 წელს გადაცილებულ ციალასაც.
„თავიდან ძალიან მაგრად ვიდექი. ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი, ოღონდ უკეთ ყოფილიყო. მაგრამ თანდათანობით უფრო და უფრო მძიმდებოდა, ჩემ მეტი კი არავინ ჰყავდა მომვლელი. შვილებს და შვილიშვილებს, ყველას თავიანთი ცხოვრება აქვთ, ამიტომ ვცდილობდი არ შემეწუხებინა. ბოლოს, უკვე ფეხზე ძლივს ვიდექი. ვეღარ დავდიოდი. ცოტაც და, თავად წავიქცეოდი.“
უჩა ვახანიას თქმით, განვითარებულ ქვეყნებში არსებობს სახელმწიფო სერვისი, რომელიც არაფორმალურ მომვლელებს გარკვეული დროის განმავლობაში დასვენებაში ეხმარება.
ამ სერვისს განტვირთვის მოვლა ეწოდება. ადამიანი დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში ოჯახიდან სპეციალურ დაწესებულებაში გადაჰყავთ, სადაც მას დასვენების საშუალება ეძლევა.
“დემენცია საქართველოში თითქოს არ არსებობს”
საქართველოში ასეთი სერვისი არ არსებობს.
აქ არც სპეციალური ცენტრი არსებობს, სადაც დემენციის მქონე ადამიანის მოთავსებაა შესაძლებელი. დემენციის კუთხით სპეციალიზებული მომვლელის პოვნაც ძალიან რთულია და ბევრ ოჯახს დამხმარის დაქირავების ფინანსური საშუალებაც არ აქვს.
როგორც დემენციის თემაზე მომუშავე ექსპერტები ამბობენ, არც ის ვიცით, საერთოდ რამდენი ადამიანი ცხოვრობს ქვეყანაში ამ დიაგნოზით.
ვიცით მხოლოდ ის, რომ 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით 65 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანები ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 14 პროცენტს შეადგენს. ხოლო თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საშუალოდ, მთელ მსოფლიოში, დემენციის სხვადასხვა ფორმა 65 წელს ზემოთ მოსახლეობის 8 პროცენტს აქვს, მაშინ ამ სინდრომით საქართველოში 40 ათასზე მეტი ადამიანი იტანჯება.
სპეციალისტების თქმით, საქართველოში, განსაკუთრებით ზოგიერთ რეგიონში, არ არის გამართული დიაგნოსტიკის საკითხიც და ასევე კვლავ პრობლემაა სტიგმა – დაავადებულის ოჯახის წევრები ხშირად მალავენ, რომ ოჯახის წევრს დემენცია აქვს, რის გამოც ბევრი პაციენტი ექიმის და აღრიცხვის გარეშე რჩება.
მოსახლეობის ამავე აღწერის მიხედვით, 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობიდან ყოველი მესამე მარტო, დამოუკიდებლად ცხოვრობს, ხოლო ამ ასაკის მოსახლეობის 84 პროცენტის შემოსავლის წყარო მხოლოდ პენსიაა (260 ლარი).
ნათია ფირაშვილი ამბობს, რომ ეს თანხა დემენციის შემთხვევაში მხოლოდ წამლების საყიდლადაც კი არ არის საკმარისი:
„დედას პენსია მხოლოდ მედიკამენტებსაც კი არ ჰყოფნის. აკატინოლი, რომელიც მას აქვს დანიშნული, ათი აბი 2018 წელს 13 ლარი ღირდა, 2020 წელს იგივე რაოდენობას 17 ლარად ვყიდულობდი, დღეს უკვე 25 ლარზე მეტი ღირს.“
სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებში არ არის გათვალისწინებული ცალკეულად ალცჰაიმერით დაავადებულ ადამიანთა საჭიროებები და როგორც წესი, ასეთ პაციენტებზე მხოლოდ მათი ოჯახის წევრები ზრუნავენ.
ფირაშვილის თქმით, ამ დაავადებას ხანგრძლივი, გრძელვადიანი სამედიცინო და სოციალური მომსახურება სჭირდება, რასაც მხოლოდ ოჯახის წევრები ვერ გასწვდებიან, ამიტომ აუცილებელია, არსებობდეს დაწესებულება, სადაც ასეთ ადამიანები იმკურნალებდნენ:
„ასეთ დაწესებულებებში, მაგალითად ტუალეტისკენ მიმავალი გზა წითელი ხაზებით უნდა იყოს მონიშნული, რომ მათ ადვილად შეძლონ მიგნება. უნიტაზთანაც მითითებული უნდა იყოს ადგილი, სად უნდა დაჯდეს. ამ ადამიანებზე სპეციალისტები უნდა ზრუნავდნენ, რომლებიც მათ ყოველდღიური დაბრკოლებების გადალახვაში დაეხმარებიან.“
როგორც ფირაშვილი ამბობს, მისი ორგანიზაცია შეეცადა საჭირო სერვისების შექმნას, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა ვერ მიიღო:
“ჯანდაცვის სამინისტროში ბევრი წინაღობა შეგვხვდა და ბევრ საკითხზე უარი მივიღეთ. ჩვენ არა მხოლოდ ხელშემწყობი სერვისების დანერგვა გვინდოდა, არამედ ძალადობის საკითხებზეც ვმუშაობდით, რადგან ამ თემაზე არავინ ლაპარაკობს. სამინისტროში კი მივიღეთ პასუხი, რომ საქართველოში ოჯახებში მოხუცების მიმართ ძალადობა არ არსებობს.“
უჩა ვახანია ამბობს, რომ საქართველოში დემენცია უჩინარი პრობლემაა, რაშიც ჩანს ზოგადად ხანდაზმულების მიმართ დამოკიდებულება:
“ამ მიმართულებით არანაირი პროგრამა არ არსებობს – არც სახელმწიფო და არც მუნიციპალური. ჩვენთან დემენცია თითქოს არ არის, არ არსებობს. სრულიად წაყრუებული გვაქვს ეს პრობლემა”, – ამბობს უჩა ვახანია.
მარინე კურატაშვილის თქმით, დიაგნოზის დასმა და რამდენიმე მედიკამენტის გაცემა მაქსიმუმია, რასაც სახელმწიფო ამ დაავადების მქონე ადამიანებისთვის აკეთებს:
„ჩვენ ვსვამთ დიაგნოზს და შემდეგ მედიკამენტს ვუნიშნავთ პაციენტს. მართალია, დემენცია ჯანდაცვის სამინისტროს ვერტიკალურ პროგრამაში შედის, რაც ნიშნავს, რომ მედიკამენტი უფასოა. მაგრამ, ეს მედიკამენტი ამბულატორიას შეძენილი უნდა ჰქონდეს. ხშირად ისეც ხდება, რომ არ აქვს შეძენილი და მაშინ რა მედიკამენტიც აქვს ამბულატორიას ადგილზე, იმას აძლევენ პაციენტს“,– ამბობს კურატაშვილი.
სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ალცჰაიმერის და დემენციის სხვა ფორმების მქონე ადამიანების ოჯახის წევრებისთვის დღეისთვის ყველაზე დიდ პრობლემას პროფესიონალი მომვლელების საკითხი წარმოადგენს.
„მნიშვნელოვანია, რომ გადავამზადოთ მომვლელები, რომლებიც პაციენტებთან სახლში ივლიან და მათ ფსიქო-სოციალურ მომსახურებას გაუწევენ.” – ამბობს ნათია ფირაშვილი.
“დრო გაჩერდა და ცხოვრება გრძელდება“
მართალია, დღეისთვის არ არსებობს წამალი, რომელიც განკურნავს პაციენტს ალცჰაიმერის დაავადებისგან, მაგრამ ზრუნვითა და ყურადღებით შეიძლება მისი ცხოვრების ხარისხი უკეთესი გახდეს და სხვა გართულებები არ წარმოიშვას.
„მთავარია ის, რომ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, დემენციის მქონე ადამიანებმა დარჩენილი ცხოვრება სიყვარულსა და კომფორტულ გარემოში გაატარონ – ამბობს უჩა ვახანია, – ამ ადამიანებს აქვთ საკუთარი სურვილები და ინტერესები, რომელიც ხშირად შეიძლება სრულიად გაუგებარი იყოს ჩვენთვის, მაგრამ უნდა ვიყოთ ემპათიურები და გამოვხატოთ თანაგრძნობა, რომ მათ ბოლომდე შეინარჩუნონ ღირსება და უსაფრთხოება.”
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოხდა პიროვნების ცვლილება, თავად პიროვნება იგივე დარჩა. ახლა თქვენი საყვარელი ადამიანი ისეთ მდგომარეობაშია, სადაც დრო გაჩერდა და ცხოვრება გრძელდება – მას თავადაც ეშინია და მხარდაჭერა სჭირდება.
„ამ ადამიანებს შეიძლება არ ვახსოვდეთ, მაგრამ ისინი ჩვენს ემოციას გრძნობენ. სახეში უნდა ვუყუროთ, როცა ველაპარაკებით. ხელით შევეხოთ, ჩავეხუტოთ, რადგან ფიზიკური შეხება მათთვის მნიშვნელოვანია. შეგვიძლია საყვარელი მუსიკა ჩავურთოთ, მათთან ერთად ძველი ფოტო-ალბომები დავათვალიეროთ და ვთხოვოთ, რომ ძველი ამბები მოგვიყვნენ, რათა იგრძნონ, რომ ვიღაც მათაც ესაუბრება“, – ამბობს მარინე კურატაშვილი.