სომხეთის მიწვევა "დემოკრატიის სამიტზე" თუ სატრანზიტო დერეფანი? მოსაზრებები ესკალაციის მიზეზების შესახებ
აშშ-მა “დემოკრატიის სამიტში” მონაწილეობის მისაღებად სომხეთი მიიწვია, მაგრამ არ მიუწვევია აზერბაიჯანი, რუსეთი და თურქეთი – შესაძლოა თუ არა ეს გამხდარიყო 17 ნიემბერს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სამხედრო ესკალაციის მიზეზი? ეს ვერსია აქტიურად განიხილება სომხეთის საექსპერტო წრეებში.
ბაქოსა და ერევანში სხვა ვერსიაც განიხილება – აზერბაიჯანის სურვილი სომხეთის გავლით სატრაიზიტო გზა, ე. წ. “ზანგეზურის დერეფანი” მოიპოვოს.
კომენტარები ორი ქვეყნიდან იმის შესახებ, რა შეიძლებოდა გამხდარიყო 16 ნოემბერს დაწყებული სერიოზული სამხედრო ესკალაციის მიზეზი არტილერიის, ჯავშანტექნიკის და სხვადასხვა კალიბრის ცეცხსასროლი იარაღის გამოყენებით.
ოფიციალური შეფასებები
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა: „საუბრები სასაზღვრო დავაზე აბსურდული და უაზროა. არ არსებობს სასაზღვრო დავა, არსებობს აგრესია სომხეთის სუვერენული ტერიტორიის მიმართ. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარი მკაფიოდ არის აღნიშნული შეთანხმებებში, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს მიიღეს და სავალდებულო ძალა აქვს“.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ასე შეაფასა დღის მოვლენა: „დღეს, საზღვარზე, სომხური მხარის მორიგი პროვოკაცია დაფიქსირდა, რასაც ადეკვატური პასუხი გაეცა. აზერბაიჯანული მხრიდან არიან დაჭრილები. საზღვარზე შექმნილ ვითარებაზე მთელი პასუხისმგებლობა სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება“.
რას უკავშირებენ საბრძოლო მოქმედებებს სომეხ ექსპერტთა წრეში, როგორ აფასებენ სიტუაციას აზერბაიჯანელი ექსპერტები. რამდენიმე ვერსია ორივე მხრიდან.
- საბრძოლო მოქმედებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. მოწოდება რუსეთისადმი, რომ ჩაერიოს
- ზავის დადებიდან ერთი წლის შემდეგ: ფაშინიანმა ომის შემდგომ ვითარებაზე ისაუბრა
კომენტარები ერევნიდან
სომხეთში, ექსპერტთა წრეში მიაჩნიათ, რომ 16 ნოემბრის ესკალაცია აზერბაიჯანის მორიგი მცდელობა იყო, ძალადობრივი მეთოდით ეიძულებინა ქვეყანა მიეცა ე.წ. ზანგეზურის დერეფანი. საუბარია გზაზე, რომელიც აზერბაიჯანს მის ანკლავ ნახიჩევანთან აკავშირებს. და პრეზიდენტი ალიევი ღიად ამბობდა, რომ თუკი სომხეთი არ მისცემს „დერეფანს“, აზერბაიჯანი მას ძალით გახსნის.
სომხური მხარე ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერიდან მოყოლებული აცხადებს, რომ სრულად ეთანხმება მის პოზიციას რეგიონში კომუნიკაციების განბლოკვის შესახებ. თუმცა, სომხეთის ხელისუფლება კატეგორიულად აცხადებს, რომ არ აპირებს „დერეფნის“ გადაცემას, ანუ სუვერენული კონტროლის დაკარგვას რომელიმე გზაზე, რომელსაც მეზობელი სახელმწიფოები ითხოვენ.
ამიტომ სომხეთის საზღვრის აღმოსავლეთ მიმართულებით საბრძოლო მოქმედებებს ბევრი სწორედ ამას უკავშირებს.
მეტიც, სომეხ ექსპერტებს ეს ფაქტორი ერთადერთ მიზეზად არ მიაჩნიათ, რის გამოც აზერბაიჯანი ძალას იყენებს და დათმობაზე წასვლას აიძულებს.
სომხეთში ასევე იხსენებენ ბოლო პერიოდში გავრცელებულ ჭორებს აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის შესახებ დოკუმენტსა და ასევე, სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერის შესახებ. საუბარი იყო ამ ორ დოკუმენტზე ხელმოწერაზე ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ განცხადებაზე ხელმოწერის წლისთავზე. მაგრამ აქ სომხური მხარეც უარყოფდა მსგავს შეთანხმებას და ხელის მოწერაც, საბოლოოდ, არ მოხდა.
მესამე ვერსია, თუ რატომ დაიწყო აზერბაიჯანმა საბრძოლო მოქმედებები, სომხეთში უკავშირდება აშშ-ის მიწვევას დემოკრატიის საკითხების შესახებ სამიტში მონაწილეობის მისაღებად. ის 9-10 დეკემბერს ონლაინფორმატში გაიმართება.
ეს ვერსია სომეხ ექსპერტთა წრეში განიხილება, რადგან საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, შეიძლება ითქვას, სომხური მხარის განცხადებიდან ერთი საათის შემდეგ, რომ ქვეყანა წარმოდგენილი იქნება ფორუმზე – თავად პრემიერ-მინისტრის მიერ. ეს ღონისძიება კი ღიად ანტირუსულად მიიჩნევა, რადგან პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა:
„ამერიკა კიდევ ერთხელ მზადაა, მსოფლიოში წამყვანი როლი საკუთარ თავზე აიღოს და ამიერიდან უყოყმანოდ დაიჭერს ავტორიტარული ქვეყნების, მათ შორის, რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრ პოზიციას“.
სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან „დემოკრატიისთვის“ ფორუმზე მიწვეულთა შორის მხოლოდ საქართველოა. ამერიკულ ჟურნალ Politico-ში გამოქვეყნებულ სიაში აზერბაიჯანი, თურქეთი, ირანი და რუსეთი არ არიან.
სომხური მხარე აშკარად მიხვდა რუსული მხარის ნეგატიურ რეაქციას და ამ მოწვევაზე დიდი ხანი არ რეაგირებდა. არ ვრცელდებოდა ინფორმაცია, მიიღებდა თუ არა ვინმე მონაწილეობას ღონისძიებაში და ვინ წარმოადგენდა ქვეყანას იმ შემთხვევაში, თუკი მიწვევას მიიღებდნენ.
და აზერბაიჯანული მხარის მიერ აქტიური საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ გაჩნდა მოსაზრება, აზერბაიჯანმა ესკალაციაზე „მწვანე შუქი“ მას შემდეგ მიიღო, რაც სომხეთმა აშშ-ში გასამართ კონფერენციაში მონაწილეობაზე თანხმობის შესახებ განაცხადა.
კომენტარი ბაქოდან
პოლიტიკური მიმომხილველის, აგშინ ქერიმოვის აზრით, აზერბაიჯანი შეეცდება ყარაბაღსა და სომხეთს შორის სახმელეთო კავშირის გადაკეტვას.
„ამაზე შეიძლება სომხურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ვიმსჯელოთ. ამ ცნობის თანახმად, თუკი აზერბაიჯანი M2 ავტომაგისტრალის თავზე არსებულ სიმაღლეს აიღებს, ამით მოიპოვებს კონტროლს გზაზე, რომელიც ზანგეზურსა და ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს.
ყოველსაათობრივად იზრდება იმის რწმენა, რომ არმიას შეუძლია ამის გაკეთება, ამ დროისთვის ოპერატიული უპირატესობა აზერბაიჯანის მხარესაა.
სომხეთის შეიარაღებულ ძალებში არსებული ფსიქოლოგიური დაძაბულობა, რომლის მიზეზიც აზერბაიჯანის არმიის სიძლიერეა, მათ პოზიციების დატოვებას აიძულებს. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ უკვე განაცხადა ორი პოზიციის დაკარგვის შესახებ.
აზერბაიჯანმა ამ შედეგს მის ხელთ არსებული სამხედრო ძალის მხოლოდ მცირე ნაწილის გამოყენებით მიაღწია. სომხურ მხარეს ესმის, რომ თუკი თუნდაც ნახევარი ძალა ამოქმედდება, ამან შეიძლება სრულიად სხვა შედეგი მოიტანოს.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ორი დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ:
1. ყარაბაღის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის უპირატესობა სომხურ ძალებზე, სადაც განთავსებული არიან რუსი სამშვიდობოები, სრულიად ახალ დონეზე გადადის;
2. „ზანგეზურის დერეფნის“ გახსნა გარდაუვალი ხდება, რადგან ზანგეზურიდან ერევნისკენ მიმავალი გზის თავზე არსებული სიმაღლეების კონტროლის ხელში ჩაგდების შემთხვევაში, აზერბაიჯანი სომხეთს სამმხრივი განცხადების ამ პირობის შესრულებას აიძულებს“.