ნათესავების ქორწინება აზერბაიჯანში: სახიფათო ტრადიცია
“ტრადიციები არა პიროვნებას, არამედ მთლიანად ოჯახს ქმნის. პიროვნება და ბავშვი სხვა საკითხია. შესაძლოა, ბავშვი ავად იყოს. შესაძლოა, სიძე-პატარძალი გენეტიკურად, ან ეროტიკულად ვერ ეწყობოდნენ ერთმანეთს. ამ ყველაფერს ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება.. მთავარია, ადამიანს ოჯახი ჰქონდეს. როგორც ცნობილია, ტრადიციები ოჯახის შენარჩუნების საწინდარია. ჯანსაღი ოჯახები ჯანსაღ ადამიანებზე უფრო მნიშვნელოვანია”.
ესაა ცნობილი აზერბაიჯანელი ფილოსოფოსის, პროფესორ ჰასან გულიევის ციტატა ცამეტი წლის წინ გადაღებული ფილმიდან, რომელსაც „ქორწინების საიდუმლოებანი“ ჰქვია. საუბარია ქორწინებაზე დეიდაშვილებს, ბიძაშვილებსა და მამიდაშვილებს შორის. აზერბაიჯანში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში, ფართოდაა გავრცელებული ასეთი ქორწინებები და დიდი ხნის მანძილზე ეს მოვლენა პრობლემად არ აღიქმებოდა. ნათესავების ქორწინების საკითხი რამდენიმე მიზეზის გამო გახდა აქტუალური. მათ შორის აღსანიშნავია თალასემიით (იშვიათი გენეტიკური ავადმყოფობით) დაავადებული ადამიანების კრიტიკულად დიდი რაოდენობა. ექიმები მიიჩნევენ, რომ ამის მიზეზად სწორედ ნათესავების ქორწინების შემთხვევები იქცა.
სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის განცხადებით, აზერბაიჯანში ნათესავების ქორწინების შემთხვევების სტატისტიკურ ანალიზი არ იწარმოება.
ამ საკითხთან დაკავშირებით ქვეყანაში სხვადასხვა მოსაზრება არსებობს – ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ ამ ნათესავების ქორწინება სულაც არ არის ნეგატიური მოვლენა, სხვები კი ამ პრაქტიკის აკრძალვას მოითხოვენ (ისე, როგორც აშშ-ის მრავალ შტატში). შევეცდებით, გავარკვიოთ, თუ რატომაა პოპულარული ამ ტიპის ქორწინებები და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ასეთ კავშირებს.
რეიჰან აჰმედოვა
«როდესაც დედაჩემმა გაიგო, რომ ჩემს ბიძაშვილს ვუყვარდი, მითხრა, რომ სხვაზე გამათხოვებდა. შევეწინააღმდეგე. ძალიან მიყვარდა ჩემი ბიძაშვილი. და, ამას გარდა, მეგონა, რომ თუკი უცხო ადამიანზე გავთხოვდებოდი, ქმარი მიმატოვებდა».
45 წლის წინ ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული ნათესავები დაქორწინდნენ. ოჯახი, სადაც სამი გოგონა დაიბადა, თავიდან ბედნიერად ცხოვრობდა. რეიჰან აჰმედოვა ამბობს, რომ გათხოვებისას არაფერი იცოდა იმის შესახებ, რომ ნათესავების ქორწინებას არაჯანმრთელი ბავშვების დაბადების რისკი ახლავს.
«მაშინ ასეთი მეთოდები არ გვქონდა. დღემდე ვერ ვიჯერებ ამ ყველაფერს. ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება».
რეიჰან ხანუმის მეუღლე 37 წლის ასაკში გარდაიცვალა. იმ პერიოდში მათი უფროსი ქალიშვილი მეათე კლასის მოსწავლე იყო.
«მისი სიკვდილის შემდეგ კიდევ ერთხელ დაქორწინებას მთავაზობდნენ, მაგრამ არ გავთხოვდი. მის „ლოდინში“ არაერთი წელი გავატარე. მაგიდაზე ზედმეტ თეფშს ვდებდი ხოლმე. „იმ იმედით“, რომ მოვიდოდა».
რეიჰან აჰმედოვა ტირილით ამბობს, ქმარი დღემდე ესიზმრება.
«არასდროს მინანია ის, რომ ბიძაშვილს გავყევი ცოლად. და არასდროს გამიკიცხავს ნათესავების ქორწინების ინსტიტუტი. ერთ-ერთი ქალიშვილი შორეულ ნათესავზე გავათხოვე. ჩემს გოგონებს ახლო ნათესავებთან ქორწინება რომ ნდომებოდათ, არც მაშინ ვიქნებოდი წინააღმდეგი».
65 წლის ქალი, რომელსაც ქალიშვილების მარტო აღზრდა და დათხოვება მოუწია, ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მისი შვილიშვილები საკუთარ ნათესავებს შეიყვარებენ, იგი დიდი სიხარულით აკურთხებს მათ კავშირს.
ნურანა გაჯიევა
«სხვათა შორის, ადრე უარყოფითად ვიყავი განწყობილი ნათესაურ ქორწინებების მიმართ. 2006 წელს ჩემი ბიძაშვილი ჩამოვიდა ყაზახეთიდან. უცხო ადამიანს ჰგავდა, და არა ჩემს ძმას. პირველად შევხვდით ერთმანეთს. ერთი წლის შემდეგ გადავწყვიტეთ, გვექორწინა, მაგრამ მამაჩემი კატეგორიული წინააღმდეგი აღმოჩნდა. დიდია იმის ალბათობა, რომ დაავადებული ბავშვები გაგიჩნდებათო, მითხრა, მაგრამ არ დავუჯერე. თანაც ჩემი ბიძაშვილის დედა აზერბაიჯანელი არ არის. მე და ჩემს ქმარს იმედი გვქონდა, რომ ჯანმრთელი ბავშვები გვეყოლებოდა».
ერთი წლის შემდეგ გოგონა გააჩინა, წელიწად-ნახევრის შემდეგ კი დაუგეგმავი ორსულობის შედეგად ვაჟიც დაიბადა. ორივე ბავშვს ცერებრალური დამბლის დიაგნოზი დაუსვეს.
«სინამდვილეში ჩვენ დღემდე არ ვიცით, არის თუ არა ჩვენი ბავშვების დაავადების მიზეზი ის, რომ მე და ჩემი მეუღლე ნათესავები ვართ. ორივე ორსულობისას დავირუსებული სისხლი მქონდა. ბოლომდე ვერ ვიმკურნალე. მოდით, ამას გაუნათლებლობა დავარქვათ. უნივერსიტეტის დამთავრება არაფერს ნიშნავს. ბოლოს ექიმებმა გვითხრეს, რომ დაავადების დიაგნოსტირებისათვის და მიზეზების დაზუსტების მიზნით გენეტიკური ანალიზი უნდა ჩაგვეტარებინა. ამის ფული კი არ გვქონდა».
33 წლის ნურანა გაჯიევას თქმით, მის მეუღლეს, რომელიც ყაზახეთის მოქალაქეა, მუშაობის უფლება არ აქვს და ორი ავადმყოფი ბავშვის მოვლა ძალიან რთულია – როგორც მორალურად, ისე მატერიალურად.
« ჩემი ქალიშვილი 9 წლისაა, ვაჟი კი 7-ის. რა თქმა უნდა, ორი განსაკუთრებული ბავშვის აღზრდა მარტივი არ არის. თანატოლებს ფიზიკურ ზრდაშიც ჩამორჩებიან, და ფსიქიკურ განვითარებაშიც. თანატოლებთან ერთად თამაში უნდათ, მაგრამ ფიზიკური მონაცემები ამის საშუალებას არ აძლევთ. იძულებული ვარ, ხელით ვატარო ხოლმე. მაგრამ, ღვთის მადლით, სრულ ჭკუაზე არიან და ცნობიერებაც გააჩნიათ. საჭმელს დამოუკიდებლად ჭამენ და ტანსაცმელსაც სხვების დაუხმარებლად იცვამენ».
ამჟამად ნურანე მიიჩნევს, რომ სიყვარული წარმავალი გრძნობაა. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ მამამისს დღემდე არ დასცდენია საყვედური და არასდროს გაუკიცხავს თავისი ქალიშვილი სიტყვებით „ხომ გეუბნებოდი!“, ქალს მაინც სინდისი ქენჯნის იმის გამო, რომ თავის დროზე არ გაითვალისწინა ის, რასაც მშობელი ეუბნებოდა. იგი ნათესავზე დაქორწინების მსურველ ქალებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს:
«ჩემი აზრით, ჩვენი ხალხი ასეთ აკრძალვებს არაფრად ჩააგდებს. მაგრამ ვისურვებდი, რომ ეს საკითხი კანონით რეგულირდებოდეს. საგანმანათლებლო სამუშაოები მაინც ჩატარდებოდა. როდესაც დავქორწინდით, არ არსებობდა კანონი ქორწინებამდელი სავალდებულო გამოკვლევების შესახებ. ნეტა ეს კანონი მაშინაც გვქონოდა…. დაე, საქორწინო სამზადისში მყოფმა გოგონებმა მაინც მიაქციონ ამ ანალიზებს ყურადღება. დაე, იცოდნენ მაინც, რაზე მიდიან – იმის ნაცვლად, რომ მომავალში გაიტანჯონ».
ექიმების მოსაზრება:
ნათესავების ქორწინებასთან დაკავშირებულ რისკების შესახებ აზერბაიჯანელ ექიმებს ერთნაირი მოსაზრება აქვთ და მათი განცხადებების მთავარი გზავნილი უცხოელი ქვეყნების ექიმების პოზიციას ემთხვევა.
ბაქოს I საქალაქო პოლიკლინიკის მთავარი ექიმი, ქიუბრა ჯაბაროვა:
«მინისტრთა კაბინეტის 2015 წლის გადაწყვეტილება ქორწინების მსურველი მოქალაქეებისათვის სავალდებულო სამედიცინო გამოკვლევების დაწესების შესახებ მსგავსი კავშირების შედეგების პრევენციის მიზნით იქნა მიღებული. წყვილი ანალიზებს აბარებს და თუკი ორივეს აღმოაჩნდება რაიმე სახის გენეტიკური დაავადება, ორივეს აცნობებენ, რომ არაჯანსაღი გენის მატარებლები არიან. კანონი არაფერს კრძალავს კატეგორიულად, მაგრამ ახალგაზრდებს უნდა ესმოდეთ, რომ მათ შვილებს, შესაძლოა, გენეტიკური დარღვევები აღმოაჩნდეთ. ნათესავების ქორწინებას კარგი არაფერი მოჰყვება. ასეთი კავშირები მემკვიდრეობით გადამდებ დაავადებების არსებობას ახანგრძლივებს».
ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანში დაქორწინების მსურველი წყვილებისათვის აუცილებელი სამედიცინო შემოწმების წესი ამოქმედდა და ამ პერიოდში ეს პროცედურა 279 383-მა ადამიანმა გაიარა. აღმოჩნდა, რომ მათ შორის 11773 თალასემიის მატარებელია.
თალასემიის რესპუბლიკური ცენტრის მთავარი ექიმი, ჯეიხუნ მამედოვი:
«თალასემია სისხლის გენეტიკური დაავადებაა, რომელსაც ჰემოგლობინის სტრუქტურაში შემავალი პოლიპეპტიდური ჯაჭვების სინთეზის შემცირება იწვევს. გენი, რომელიც ამ დარღვევას იწვევს, რეცესიურია და ამიტომ ყველაზე ხშირად ამ დაავადების მიზეზს ნათესავების ქორწინება წარმოადგენს.
ცენტრი 2009 წელს შეიქმნა და მას შემდეგ აქ სულ 3045 ადამიანი იქნა აყვანილი აღრიცხვაზე».
შედარებისთვის, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეს დაავადება მსოფლიოში 300 ათას ადამიანს აღენიშნება. ამდენად, მხოლოდ იმ პაციენტების რიცხვი, რომელიც აზერბაიჯანში აღრიცხვაზე აიყვანეს, მსოფლიოში დაავადებულების საერთო რაოდენობის ერთ პროცენტს შეადგენს.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრის მონაცემებით, 2012 წლიდან 2016 წლამდე ერთ წელიწადში დარეგისტრირდებული პაციენტების რაოდენობა თანდათან მცირდებოდა:
2012 წელს — 94
2013-ში — 78
2014-ში — 75
2015-ში — 63
2016-ში კი — 55
გენეტიკა ყველა კითხვას სცემს პასუხს
პორტალ „ევრიმის ხის“ («Evrim ağacı»)დამფუძნებელი და მმართველი, ტეხასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (აშშ) დოქტორანტი, ბიოლოგი ჩაღრი მერთ ბაქირჯი „ჯემნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, თუ რატომ იზრდება დაავადებული ბავშვის დაბადების რისკი იმ შემთხვევაში როდესაც მისი მშობლები სისხლით ნათესავები არიან.
“რაც უფრო ახლო ნათესაური კავშირი გაქვთ ადამიანთან, მით უფრო მეტად ჰგავს თქვენი გენები ერთმანეთს. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენი შვილი ს გენები ამ მსგავსი გენების ორ ასლს მიიღებს (ერთს მამისგან, მეორეს კი – დედისგან). ჯანსაღი გენებისათვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. თუკი არანათესავთან იქორწინებთ, ეს ჯანსაღი გენები თქვენს შვილს გადაეცემა. პრობლემას ის გენები წარმოადგენს, რომლებიც, შესაძლოა, დაავადებების მიზეზად იქცეს. ამ ავადმყოფობების უმრავლესობა რეცესიული ხასიათისაა. რას ნიშნავს ეს?
თუკი ბავშვი არ ავადდება იმ შემთხვევაში, თუკი ამ გენის მხოლოდ ერთი ასლი აქვს. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი დედისგანაც და მამისგანაც ერთი და იგივე გენი მიიღო და ორივე გენს ატარებს, იგი ამ დაავადებას მემკვიდრეობით იღებს. ამიტომ როდესაც ნათესავები დაქორწინების გადაწყვეტილებას იღებენ, იზრდება ალბათობა იმისა, რომ ეს გენი მათ შვილს გადაეცემა. დედა და მამა (რომლებიც ნათესავები არიან) ერთ გენს ატარებენ და ამიტომ მშობლებისგან რეცესიული გენის მიღების ალბათობა 50 პროცენტით იზრდება. ალბათობა იმისა, რომ ბავშვი დაავადებული დაიბადება 25%-ის ტოლია“.
ექსპერტი აღნიშნავს, რომ თუკი ამა თუ იმ დაავადების გენი მხოლოდ ერთ მშობელს უფიქსირდება, ამ ავადმყოფობის მემკვიდრეობით გადაცემის ალბათობა ნულის ტოლია.
«ამ შემთხვევაში კიდევ ერთი მომენტია გასათვალისწინებელი. ზემოაღნიშნული 25%-იანი ალბათობა იმისა, რომ ბავშვი ავადმყოფი დაიბადება. მაგრამ მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ ალბათობა ნულიდან 25-მდე იზრდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ოთხი ბავშვიდან ერთი ავადმყოფი დაიბადება.
ყურადსაღებია ისიც, რომ ეს ანალიზი მხოლოდ ერთი გენისა და ერთი დაავადების შესახებ გვაწვდის ინფორმაციას. თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ათობით ასეთი დაავადება არსებობს, ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ ნათესავების კავშირის შედეგად დაბადებულ ბავშვს ერთ-ერთი გენეტიკური ავადმყოფობა აღმოაჩნდება. ზოგიერთ შემთხვევაში ეს ალბათობა 90 პროცენტამდეც კი შეიძლება გაიზარდოს. ამიტომ ნამდვილად აუცილებელია ნათესავების ქორწინების პრევენცია. მაგრამ თუკი ასეთი კავშირი მაინც დამყარდა, აუცილებელია გენეტიკური გამოკვლევის ჩატარება და ექიმის მეთვალყურეობა.
რაც შეეხება იმ დაავადებებს, რომლებიც, შესაძლოა, ასეთ ქორწინების დროს გამოვლინდეს, უნდა აღინიშნოს ცერებრალური დამბლა, სიყრუე, კისტოზური ფიბროზი, ჰემოფილია, საბავშვო დიაბეტი, შიზოფრენია და კიდევ 15-20 სხვა დაავადება».
წეს-ჩვეულებები და ტრადიციები
სოციოლოგი სანუბარ ჰეიდაროვა ამბობს, რომ ნათესავების ქორწინების პრაქტიკა დასაბამს პირველყოფილი თემური წყობილების პერიოდიდან იღებს.
«იმ პერიოდში თემის წევრთან ოჯახის შექმნა უფრო მისაღებ პრაქტიკად ითვლებოდა. შეძლებულ ოჯახებს სურდათ, მათ კონტროლქვეშ არსებული სიმდიდრე ოჯახიდან არ გასულიყო. ზოგიერთ დასახლებაში დღემდე ასეა. მაგალითად, ბაქოს გარეუბნების მახლობლად მდებარე ზოგიერთ დასახლებაში არაა მიღებული საკუთარი შვილების დაქორწინება იმ ადამიანებზე რომლებიც ამ დასახლებაში არ ცხოვრობენ.
ღარიბი ოჯახების სწრაფვა ასეთი ქორწინებებისკენ დაკავშირებულია იმ ტრადიციების შენარჩუნების სურვილით, რომლებიც მათ უფროსი თაობისგან მემკვიდრეობით მიიღეს. ისინი ამას მექანიკურად აკეთებენ და მიზეზებს ვერ აცნობიერებენ.
ახალგაზრდები მეტწილად ნათესავებთან ურთიერთობენ და სწორედ ამიტომ უჩნდებათ ხშირად რომანტიკული გრძნობები ბიძაშვილების, დეიდაშვილებისა და მამიდაშვილების მიმართ. სოციალიზაცია სახლის გარეთ რომ ხდებოდეს, ასეთ შედეგებს არ მივიღებდით».
გამოსავალი
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ეს პრობლემა (ისევე როგორც სხვა პრობლემების უმრავლესობა) საგანმანათლებლო სამუშაოებით შეიძლება, გადაწყდეს.
ოჯახის, ქალებისა და ბავშვების პრობლემების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე, აინურ ვეისალივა ამბობს, რომ კომიტეტი ცდილობს, მოსახლეობას აუხსნას, თუ პრობლემები შეიძლება მოჰყვეს ნათესავების ქორწინებას:
«სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებსა და პროექტებს ვახორციელებთ. ამ თემასთან დაკავშირებით დოკუმენტურ ფილმებს ვიღებთ და ბეჭდურ გამოცემებს ვავრცელებთ ხოლმე. ეს რაც შეეხება პრევენციულ ზომებს. მაგრამ, ამას გარდა, ნათესავების ქორწინებით შემქნილ ზოგიერთ ოჯახში უკვე დაიბადნენ ავადმყოფი ბავშვები. ასეთ ადამიანებთან სპეციალურ სამუშაოებს ვატარებთ. ასეთ ოჯახებში ხშირად ჩნდება პრობლემები და ზოგჯერ ყველაფერი ურთიერთობების დანგრევამდეც კი მიდის. როგორც წესი, განქორწინების ინიციატორად გვევლინება ქმარი, რომელიც ცოლს ავადმყოფი ბავშვის გაჩენაში სდებს ბრალს. ყოველ წელს ათობით ასეთი ოჯახი მოგვმართავს დახმარების თხოვნით.
მიუხედავად ამისა, ჩვენ არ შეგვიძლია, ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩავერიოთ და მათ რაიმე ავუკრძალოთ. ჩვენი ვალია, საზოგადოებას სათანადო ინფორმაცია მივაწოდოთ იმ რისკების შესახებ, რომლებიც ამ პრაქტიკას უკავშირდება. ჩვენ ყოველთვის ვურჩევთ ახალგაზრდებს ყურადღება მიაქციონ იმ სამედიცინო გამოკვლევის შედეგებს, რომლებსაც ქორწინებამდე იტარებენ».
აკრძალვები: რამდენად კანონიერია აკრძალვა?
2016 წელს ტაჯიკეთში უახლოესი ნათესავების ქორწინება სახელმწიფო დონეზე აკრძალეს. რამდენად შესაძლებელია, რომ აზერბაიჯანში ასეთი კანონი დაამტკიცონ? და საერთოდ, ჩაითვლება თუ არა მსგავსი ტიპის აკრძალვა ადამიანის უფლების დარღვევად?
საუბრობს იურისტი სამირა აგაევა
«გამოკვლევებით დგინდება, რომ ნათესავების ქორწინების შედეგად დაბადებულ ბავშვებს გენეტიკური დაავადებები აღენიშნებათ. თუკი ამ საკითხს ერის, ნაციის მასშტაბით განვიხილავთ, შეიძლება ითქვას, რომ ეს პრაქტიკა დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობას. და ამიტომ მე პირადად მიმაჩნია, რომ სწორია, თუკი რომელიმე ქვეყანა ასეთ ქორწინებას კრძალავს. თუკი ევროპის კონვენციას, ან რომელიმე სხვა საერთაშორისო დოკუმენტს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ადამიანის თითოეულ უფლებასა და თავისუფლებას გარკვეული შეზღუდვები და გამონაკლისები ახლავს.
მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც მგონია, რომ ოდესმე აზერბაიჯანში ნათესავების ქორწინება აიკრძალება.
გარდა ამისა, აღსანიშნავია ასევე კორუფცია, რომელშიც ჩვენი ქვეყანაა ჩაფლული. არაფერი უშლის ხელს ადამიანს, ქრთამით მოისყიდოს ექიმი და ანალიზების შედეგები შეცვალოს – მაგალითად, იმისთვის, რათა მომავალ მეუღლის ნათესავებს არ გაუმხილოს, რომ დაავადებების მატარებელია».
ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი, ლია ბაირამოვა მიიჩნევს, რომ უპასუხისმგებლოა ყველა ის განცხადება, რომლის მიხედვითაც ქრთამის საშუალებით ქორწინების მსურველი წყვილის სამედიცინო გამოკვლევის შედეგების შეცვლა შეიძლება.
«ქორწინება ამ დაავადებების არსებობის შემთხვევაშიც არ აკრძალვა. რატომ შეიძლება, ვინმეს შედეგების შეცვლა სურდეს? ჩვენ უბრალოდ ადამიანებს იმ დაავადებების შესახებ ვაწვდით ინფორმაციას, რომლებიც მათ დაუდგინდათ და უბრალოდ მოვუწოდებთ, იმკურნალონ».