კახი კალაძე თბილისში "ხრუშჩოვკების" ნაცვლად თანამედროვე კორპუსების აშენებას აპირებს
მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე თბილისელ ამომრჩეველს ჰპირდება, რომ ე.წ. “ხრუშჩოვკებს” თანამედროვე კორპუსებით ჩაანაცვლებს.
ვიდეოში, რომელიც კახი კალაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა, მერობის კანდიდატი ამბობს, რომ პროექტი ეტაპობრივად განხორციელდება და ვიდრე დასრულდება, ხრუშჩოვკის მაცხოვრებლებს სხვა ბინებით ან კომპენსაციით უზრუნველყოფენ:
“თბილისში ე.წ. ხრუშჩოვკების ხანა დიდი ხანია დასრულდა. არ შეიძლება ადამიანები ცხოვრობდნენ ისეთ შენობებში, რომელსაც კარგა ხანია გაუვიდა ექსპლუატაციის ვადა – არის ამორტიზირებული და შენობა დაშენებებით კიდევ უფრო უსახოა. ამ საბჭოთა იდეოლოგიისგან გათავისუფლება და მათი ჩანაცვლება, თანამედროვე, მყარი, კომფორტული საცხოვრისით ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება იქნება”.
“ხრუშჩოვკების” ახალი კორპუსებით ჩანაცვლების შესახებ უკვე წლებია თბილისის მერები და მერობის კანდიდატები საუბრობენ. თბილისში დაახლოებით 700-მდე ხრუშჩოვკაა, რომელთა ექსპლუატაციის ვადა დიდი ხანია გავიდა და ბევრი კორპუსი ამორტიზებულია, შესაბამისად ეს თემა საკმაოდ მომგებიანია წინასაარჩევნოდ.
“ხრუშჩოვკების” დემონტაჟს და ახალი საბინაო ფონდის შექმნას თბილისელებს ჯერ კიდევ თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა ჰპირდებოდა.
“ხრუშჩოვკების” ეტაპობრივად დანგრევის და ახალი კორპუსების აშენების პირობას დებდა მოქმედი მერი დავით ნარმანიაც. ის აცხადებდა, რომ მისი მერობის პერიოდში თბილისში ეტაპობრივად 50 “ხრუშჩოვკის” ნაცვლად ახალი კორპუსები გაჩნდებოდა. ეს ყველაფერი დაპირებად დარჩა.
„რაც შეეხება „ხრუშჩოვკების” პროექტს, აუცილებელია მათი ჩანაცვლება, იმიტომ, რომ მათ თავიანთი თავი უკვე ამოწურეს. ჩემი დედაქალაქის მერობის დროს რამდენიმე ათეული „ხრუშჩოვკის” ჩანაცვლება მოხდება. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, მაგრამ პირველ ეტაპზე რასაც გავაკეთებთ, ეს იქნება დედაქალქში „ხრუშჩოვკების” და საერთოდ, სახლების და ავარიული კორპუსების განვითარებასთან დაკავშირებული გეგმა. გამოვაცხადებთ ტენდერებს და მოვიზიდავთ დაინტერესებულ პირებს,” – აღნიშნავდა თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია 2014 წლის ივლისში, თავის კონკურენტთან დებატების დროს.
2014 წლის მარტში თბილისის საკრებულოს თავჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა არაბეთის გაერთიანებული საემიროების საერთაშორისო სავაჭრო-საინვესტიციო ჰოლდინგთან მემორანდუმი გააფორმა, რომლის თანახმად არაბულ კომპანიას თბილისში “ხრუშჩოვკების” ნაცვლად ახალი კორპუსები უნდა აეშენებინა. შიხიაშვილი მაშინ აცხადებდა, რომ უცხოური კომპანია მზად იყო 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაედო. არაბული კომპანიის წარმომადგენლებმა ამ პროექტთან დაკავშირებით კამპანია დაიწყეს მედიაში – დადიოდნენ სხვადასხვა გადაცემაში და ჰყვებოდნენ, რომ ხუთსართულიანი “ხრუშჩოვკების” ნაცვლად აშენდებოდა 15-სართულიანი კორპუსები თანამედროვე ინფრასტრუქტურით. თუმცა, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამ პროექტის შესახებ შიხიაშვილისა და არაბული კომპანიის გარდა საქართველოს ხელისუფლებაში არავინ არაფერი იცოდა. მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ამ პროექტის ფარგლებში არაფერი გაკეთებულა.
შიხიაშვილის პროექტს მაშინ “ქართული ოცნების” მთავრობის წევრები აკრიტიკებდნენ მისი არარეალურობის გამო. მაგალითად, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებდა, რომ ამის დრო და საშუალება საქართველოში ამ ეტაპზე არ იყო.
თბილისის მერობის კანდიდატის კახი კალაძის განცხადებას აქტიურად განიხილავენ სოციალურ ქსელში. თბილისელების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ეს კვლავ წინასაარჩევნო პოპულიზმია, რეალურად კი საბინაო ფონდის გასაახლებლად საჭირო რესურსი ქვეყანას არ აქვს და ხელისუფლება ცრუ მოლოდინებს ქმნის.
“ფეისბუკ” მომხმარებლები იმასაც წერენ, რომ კალაძემ იდეა მოსკოვის მერსა და პუტინს მოჰპარა (მოსკოვში ცოტა ხნის წინ ძალიან მტკივნეულად მიმდინარეობდა ხრუშჩოვკების დემონტაჟის პროცესი_JAMnews).
ბევრის აზრით, თბილისის მთავარი პრობლემა არა “ხრუშჩოვკები” არამედ, ბოლო წლებში ქაოსურად მიმდინარე მშენებლობებია, რომლებიც თბილისის იერსახეს ამახინჯებენ.
ზოგმა კი, კალაძის განცხადებაში “ეკონომიკური სარგებელი” დაინახა, რადგან ახალი კორპუსების აშენების მოლოდინმა, შესაძლოა, “ხრუშჩოვკებზე” ფასები გაზარდოს.
• ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში ოქტომბრის ბოლო კვირას ჩატარდება. თბილისის მერობისთვის კახა კალაძის გარდა ასევე იბრძოლებენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ზალიკო უდუმაშვილი, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია და დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი.
• ე.წ ხრუშჩოვკა, საბჭოთა კავშირში, მყარი აგურისგან ნაშენები, ხუთსართულიანი, სტანდარტული დიზაინის მქონე სახლია. კედლის სიგანე 35 სმ., ჭერის სიმაღლე 2.48, პირველი და ბოლოს სართული 20 სმ-ზე ნაკლები, ოთახების რაოდენობა – ერთი ან ორი. ხრუშჩოვკის შექმნის იდეა რუს ინჟინერ ვიტალი ლაგუტენკოს ეკუთნოდა. მისი განხორციელება კი ცეკას პირველ მდივანს ნიკიტა სერგოს ძე ხრუშჩოვს. პირველი ხრუშჩოვკა 1958 წელს ააშენა ქალაქ კიევში, ბოლო კი 1970 წელს ქალაქ მინსკში. მშენებლობამ თორმეტი წელი გასტანა და საბჭოთა კავშირის მთელი მოსახლეობის, მათ შორის საქართველოს, 54 პროცენტის დააბინავება მოახერხა. მათი ექსპლუატაცია 50 წელს იყო გათვლილი. დღეს მორყეულმა და მოდიდან გადასულმა დაბალჭერიანმა სახლებმა, გადამწყვეტი როლი ითამაშა იმდროინდელი დიდი ქალაქების ურბანიზაციაში. თითო ადამიანზე 8 კვადრატული მეტრი იყო გათვლილი. არქიტექტორების გათვლით, ერთი და იგივე ოთახი დღისით სასადილოდ და სამუშაოდ გამოიყენებოდა, ღამით კი, დასაძინებლად.
• “ხრუშჩოვკების” წყალობით საკუთარი საცხოვრებელი მაშინდელ საბჭოთა კავშირში 127 მილიონ ადამიანს გაუჩნდა. ეს უხარისხოდ ნაშენები სახლები მასშტაბური ურბანიზაციის მიზეზიც გახდა – 1961 წელს პირველად საბჭოთა კავშირში ქალაქის მოსახლეობამ სოფლის მოსახლეობას გადააჭარბა.