Covid-19-ის მეოთხე ტალღა - რა ხდება საქართველოში. ბოლო მონაცემები
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ყოველდღიურად უკვე 6000-მდე ინფიცირების და 50-მდე გარდაცვალების შემთხვევაა.
და ეს ჯერ კიდევ არ არის პიკი, ამბობენ ეპიდემიოლოგები.
18 აგვისტოს ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ ინფიცირების ტემპი ისევ მაღალია და სტაბილიზაციის ნიშნები არცერთ რეგიონში არ არის.
NCDC ამბობს, რომ თუ დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტზე დაბლა არ იქნება, სწავლის დაწყების რეკომენდაციას ვერ გასცემენ.
ბოლო ერთი კვირაა, ეს მაჩვენებელი 10-12 პროცენტია.
როგორ შეხვდა ქვეყანა მეოთხე ტალღას და სად არის სუსტი წერტილები:
ტესტირება: დიდი რიგები, არაორგანიზებულობა, დროში გაწელილი პროცესი
კოვიდის სამი ტესტი არსებობს:
ანტიგენის, ე.წ. სწრაფი ტესტი, PCR-ი და ანტისხეულების ტესტი (ეს უკანასკნელი ადგენს, ხომ არ გადაიტანა ადამიანმა კოვიდი).
აქედან კოვიდ-დიაგნოსტიკაში ორი ტესტი – სწრაფი ტესტი და PCR ტესტი გამოიყენება. ამ ორიდან გაცილებით უფრო სანდო PCR ტესტია. სწრაფ ტესტს კი მაღალი ცდომილება აქვს.
ტესტებს ადამიანები მაშინ იკეთებენ, თუ ვირუსის სიმპტომები აქვთ, ან კოვიდინფიცირებულის კონტაქტები არიან. (არის შემთხვევა, როცა ზოგს სამსახურებრივად სჭირდება ან სამოგზაუროდ და ამიტომ იკეთებს).
ქართული პროტოკოლით, იმისთვის, რომ უფასო ტესტირებით ისარგებლო, თავდაპირველად კეთდება სწრაფი ტესტი, რომელიც პასუხს 15 წუთში აჩვენებს. მისი ცდომილება დაახლოებით 15 პროცენტია. 72 საათის შემდეგ პასუხი განმეორებითი სწრაფი ტესტით მოწმდება.
18 აგვისტოს მონაცემებით Covid -19 ციფრებში ასე გამოიყურება. ამ დროისთვის ქვეყანაში არის:
● ბოლო 24 საათში 5 914 ახალი შემთხვევა გამოვილნდა და 49 ადამიანი გარდაიცვალა (სულ საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე დადასტურებულია 496 376 შემთხვევა და გარდაცვლილია 6 532 ადამიანი)
● 57 312 აქტიური შემთხვევა;
● 7 029 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს;
● 1461 პირი მძიმე პაციენტია;
● 327 ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება;
● 3 450 პირი მკურნალობს კოვიდ-სასტუმროში;
● 46 833 მკურნალობის კურსს ბინაზე გადის
თუ ორივე ტესტი უარყოფითია, მაგრამ, სიმპტომები მაინც გრძელდება, მოქალაქე მიმართავს ოჯახის ექიმს (ოჯახის ექიმს გამოგიყოფენ 112-ზე დარეკვის შემდეგ) და მხოლოდ ოჯახის ექიმის მიმართვის საფუძველზე გაიკეთებს უფასო PCR ტესტს. პასუხი მეორე დღეს მოდის. მისი ცდომილება 5 პროცენტია.
მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ-ტესტები თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ტარდება (ინფექციურ საავადმყოფოში, საუბნო პოლიკლინიკებში, კერძო კლინიკებსა და ლაბორატორიებში) ბოლო დღეებია, ტესტირებაზე ასობით ადამიანი დგას და უზარმაზარი რიგებია.
სოციალურ ქსელებში ადამიანები ჩივიან, რომ საუბნო პოლიკლინიკების უმეტესობაში ტესტირების პროცესი არაორგანიზებულია – არ არის დაცული დისტანცია, არ იცავენ რეგულაციებს, არის ჩხუბი, ქაოსი და ინფიცირების დამატებითი რისკი.
გარდა ამისა, ფეისბუკზე ადამიანები ჩივიან, რომ ორჯერ უწევთ სწრაფი ტესტის რიგში დგომა სამდღიანი ინტერვალით, ტესტი კი, ხშირად ცდება და უარყოფით პასუხს აჩვენებს, რაც მნიშვნელოვნად ართულებს ვითარებას: ერთი მხრივ, ცრუ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ადამიანები არ იზოლირდებიან და სხვების აინფიცირებენ. მეორე მხრივ, თუ ადამიანი თავს ცუდად გრძნობს, სწრაფი ტესტი კი უარყოფითია (ასეთი რამ ხშირია), მას არც ერთი კოვიდ-კლინიკა არ მიიღებს. კოვიდ-კლინიკებში მხოლოდ ისინი ხვდებიან, ვისაც კოვიდ-დადებითი ტესტის პასუხი აქვს.
ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, ვახტანგ კალოიანი ფიქრობს, რომ ტესტირების ასეთი სისტემა დროში ძალიან იწელება და ვირუსის გავრცელების რისკს ზრდის. მისი თქმით, უფრო ლოგიკური იქნება სიმპტომების შემთხვევაში ადამიანს თავიდანვე PCR ტესტით ამოწმებდნენ:
“აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დროს, როდის იკეთებ, სიმპტომების გამოვლენიდან რამდენ დღეში და ა.შ.”
თუ ადამიანს უფასო ტესტირების ამ გრძელი ჯაჭვის (ორჯერ სწრაფი ტესტი და მესამედ PCR) გავლა არ უნდა, მას შეუძლია კერძო ლაბორატორიაში ფასიანი ტესტი გაიკეთოს.
სწრაფი ტესტის ფასი, სხვადასხვა კლინიკაში 35-დან 50 ლარამდე მერყეობს; PCR-ის ღირებულება კი 75-დან 100 ლარამდეა. ამ სერვისით ბინაზე სარგებლობის შემთხვევაში, ფასებს მომსახურების ღირებულება 10-დან 20 ლარამდე ემატება.
ვაქცინაციის დაბალი ტემპი
18 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამურად 857 056 აცრაა ჩატარებული. სრულად ვაქცინირებულია 251 447 ადამიანი.
ბოლო დღეებში ვაქცინაციის ტემპმა იმატა. მაგალითად, ბოლო 24 საათში 25 241 ადამიანი აიცრა. მაგრამ, ჯანდაცვის ექსპერტების თქმით, ეს ტემპი მაინც დაბალია.
აცრების პოლიტიკა საქართველოში ისევ ნებაყოფლობითია. ამ დროისთვის რომელიმე ჯგუფისთვის აცრების სავალდებულოდ გამოცხადება არ განიხილება. აცრაზე ჩაწერა ხდება საიტზე https://booking.moh.gov.ge/. 18 აგვისტოსთვის საქართველოში ოთხ ვაქცინაზე შეიძლება რეგისტრირება:
პროცესის დასაჩქარებლად, ამ დრომდე სამინისტრომ მხოლოდ რამდენიმე პროცედურა გაამარტივა – დაამატა რამდენიმე პუნქტი, სადაც აცრები წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი. ხვალიდან ასეთი პუნქტი თბილისში, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუს) ტერიტორიაზეც გაიხსნება (წინანდლის #9).
იმ პირებისთვის, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლია, ვაქცინაცია ბინაზეც იქნება ამიერიდან ხელმისაწვდომი. სახლში აცრის მსურველმა ცხელ ხაზზე – 1522 – უნდა დარეკოს.
14 აგვისტოდან საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ აცრის გაკეთების მსურველები ვაქცინაციის პუნქტებამდე ან კერძო ტრანსპორტით უნდა მივიდნენ ან ტაქსით.
მართალია, მთავრობის გადაწყვეტილებით, ამცრელ პუნქტებამდე სპეციალური ავტობუსებია დანიშნული, თუმცა მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ მათ ამ ავტობუსებისს განრიგი არ იციან და ამ ტრანსპორტით ვერ სარგებლობენ.
პარალელურად, მოქალაქეები აქვეყნებენ ფოტო-სქრინებს, როგორ გაძვირდა თბილისში ტაქსის მომსახურება და რა უჯდებათ მათ სახლიდან საავადმყოფომდე მისვლა, რათა აცრა გაიკეთონ.
ჯერჯერობით, სახელმწიფოს ვაქცინაციის პიარსტრატეგია არ შეუცვლია. აცრის გაკეთების მოწოდებები მხოლოდ სამთავრობო ბრიფინგებზე ისმის, მთავრობის წევრებისა და ეპიდემიოლოგების მხრიდან. მთელი საქართველოს მასშტაბით, გარე-რეკლამის ადგილას გაკრულია ბანერები, სადაც წერია, რომ ვაქცინაცია გვიცავს. სხვა რაიმე მასშტაბურ კამპანიას ვაქცინაციის სასარგებლოდ ხელისუფლება არ აწარმოებს.
გაცილებით ეფექტურად მუშაქობენ ამ მიმართულებით კერძო პირები, ზოგიერთი მედია-საშუალება და რამდენიმე ორგანიზაცია. მაგალითად, UNICEF, რომელიც ჯანდაცვის ექსპერტებთან და ეპიდემიოლოგებთან ერთად საქართველოს რეგიონებში დადის და აცრებთან დაკავშირებულ მოქალაქეების ყველა კითხვას პასუხობს.
ფეისბუკზე ვაქცინაციის მომხრეებსა და აცრების მოწინააღმდეებს შორის ნამდვილი ომია გაჩაღებული. ანტივაქსერული კამპანია ქართულ სოციალურ ქსელე3ბში რომ მართული და ორგანიზებულია, ამას ისიც მოწმობს, რომ ანტივაქსერულ პოსტებს ხშირად ტროლები ავრცელებენ და აგრეთვე ფეისბუკ-გვერდები, რომლებიც საკუთარ კონტექტს ბუსტავენ ანუ რეკლამის სახით ავრცელებენ და ამაში საკმაოდ დიდ თანხებს იხდიან.
შევსებული საწოლფონდი
17 აგვისტოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ საქართველოში კორონავირუსის მართვისთვის საჭირო საწოლფონდი სრულად შევსებულია.
თუმცა, მანვე დაამატა, რომ ამ დრომდე არც ერთი პაციენტი, რომელსაც სტაციონარში მკურნალობა ესაჭიროებოდა კლინიკის გარეთ არ დარჩენილა.
18 აგვისტოს მინისტრმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის მართვის პროცესში კერძო კლინიკების აქტივობა გართულებულია, რადგან კლინიკებს ადამიანური რესურსის ნაკლებობა აქვთ, რადგან ჭარბი რაოდენობის პაციენტრების მართვა უწევთ.
ამის პარალელურად, სოციალურ ქსელში შექმნილ სხვადასხვა ჯგუფებში დღეში ათობით პოსტი იწერება იმაზე, რომ პაციენტებისთვის კლინიკებში ადგილები არაა. ადამიანები დახმარებას ითხოვენ.
ყველაზე პოპულარული ამგვარი ჯგუფი “მედგიდია”, სადაც ამჟამად 70 ათასზე მეტი წევრია. დღეში რამდენჯერმე აქ იდება პოსტი, სადაც ადამიანი ამბობს, რომ მისი ახლობელი ან ოჯახის წევრი ძალიან ცუდად არის, მაგრამ კლინიკაში ვერ ხვდება, რადგან ადგილები არ არის.
პირველი საველე ჰოსპიტალი
საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კლინიკებში დამატებითი საწოლების მობილიზების პარალელურად, პანდემიის მეოთხე ტალღის სამართავად ხელისუფლებამ ქვეყანაში პირველი საველე ჰოსპიტლი მოაწყო.
ჰოსპიტალი თბილისში, დიღმის ოლიმპიურ სოფელში მდებარე ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში განთავსდა. ის რამდენიმე დღეში ამოქმედდება, აქ 500-მდე საწოლი გაშალეს.
მინისტრმა ტიკარაძემ თქვა, რომ საწოლების უმეტესობა ჟანგბადით იქნება აღჭურვილი. სამინისტრო კი ყველაფერს გააკეთებს, რომ საველე ჰოსპიტალი უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენოს.
საველე ჰოსპიტლის ირგვლივ საზოგადოებაში ბევრი კითხვები და სკეპტიციზმია. მაგალითად, რამდენად არის ამ ჰოსპიტლის ინფრასტრუქტურა გამართული.
ჯანდაცვის ექსპერტი ვახტანგ კალოიანი ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე, საველე ჰოსპიტლის გახსნა, სწორი გადაწყვეტილებაა:
„მე რაც მადარდებს, ეს არის პერსონალის წვრთნა. საველე ჰოსპიტალში მუშაობას თავისი წესები აქვს. მათთვის, ვინც აპირებს საველე ჰოსპიტალში მუშაობას, ახლა უნდა მიდიოდეს რეალური წვრთნა ადგილზე – სიმულაციებით, ტრენინგებით, თამაშობებით და ასე შემდეგ. ეს არის ჩემი აზრით ყველაზე დიდი გამოწვევა“.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ვახტანგ კალოიანს აღელვებს ის, რომ მან რაც ნახა, იმის მიხედვით, 500-საწოლიანი ჰოსპიტლისთვის ჟანგბადის წარმოება არასაკმარისია. კალოიანი ამბობს, რომ ჰოსპიტალს დროულად უნდა დაამატონ ჟანგბადის ქარხანა.
„ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ – საველე ჰოსპიტალი არის გამოუვალი მდგომარეობისთვის, როცა სხვა გზა არ არის და იქ პირველი დახმარების აღმოჩენის შანსი გვაქვს. სწორედ ეს არის საველე ჰოსპიტლის იდეა.
მნიშვნელოვანია მოქალაქეებმაც იცოდნენ, რომ ეს არის პირველადი დახმარების ადგილი. იქ კომფორტი, როგორც ცალკე პალატაშია, არ იქნება, მაგრამ როცა ადამიანს ჟანგბადი სჭირდება სწრაფად და საავადმყოფოში ადგილი არ არის, ამ შემთხვევაში საველე ჰოსპიტალმა სიცოცხლის გადამრჩენის როლი შეიძლება შეასრულოს“.
ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვები
კორონავირუსის მეოთხე წინა სხვა ტალრებზე მძლავრი აღმოჩნდა. 17 აგვისტოს საქართველოში პანდემიის დაწყების დღიდან ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი (ინფიცირების 6208 დღიური შემთხვევა გამოვლინდა 17 აგვისტოს) დაფიქსირდა. დღიური სიკვდილიანობის რეკორდიც ჯერჯერობით ამ ტალღაზე მოდის (54 ადამიანი დაიღუპა 10 აგვისტოს).
ამ ყველაზე მძლავრი ტალღის დროს საქართველოში იმაზე გაცილებით მსუბუქი შეზღუდვები მოქმედებს, ვიდრე ეს მაგალითად, პირველი ტალღის დროს იყო. მაშინ ინფიცირების დღიური მაჩვენებელი სამნიშნა რიცხვსაც კი ვერ აღწევდა.
ქვეყანაში ახლა მოქმედი შეზღუდვებია:
- 14 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს ყველა ქალაქში შეზღუდულია მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა;
- აკრძალულია ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები. შეზღუდულია ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა;
- კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00 საათამდე აქვთ;
- აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვა, როგორიცაა ქორწილი და ქელეხი;
- საჯარო უწყებებს აქვთ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე. იგივე რეკომენდაცია აქვს კერძო სექტორს;
- როგორც გარე, ისე ღია სივრცეში, სავალდებულოა პირბადის ტარება.