"შენ აიცერი თუ კაია". კოვიდის აცრის მოწინააღმდეგეთა მთავარი არგუმენტები
2019 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვაქცინებისადმი უნდობლობა შეიყვანა იმ ათ გლობალურ პრობლემებს შორის, რომელთა მოგვარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კაცობრიობისთვის.
ეს პანდემიამდე ერთი წლით ადრე იყო. კორონავირუსმა კი, ანტივაქსერების პრობლემა ნომერ პირველ პრობლემად აქცია.
საქართველოში ვირუსის უკვე მეოთხე ტალღა დაიწყო. ყოველდღიურად 5 ათასამდე ახალი შემთხვევა ვლინდება და დღეში 40-მდე ადამიანი იღუპება.
ამ ფონზე, მოსახლეობის ხუთი პროცენტიც კი არ არის ვაქცინირებული. ამის მთავარი მიზეზი, როგორც ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, ხელისუფლებაა, რომელმაც ერთი მხრივ ვაქცინის შემოტანა დაიგვიანა, მეორე მხრივ კი, არაფერი გააკეთა აცრის მოწინააღმდეგეთა გადასარწმუნებლად – არ ჩაატარა სათანადო კამპანია ვაქცინის პოპულარიზაციის მიზნით.
შესაბამისად, ქვეყანაში კვლავ ძალიან ბევრია ადამიანი, რომელიც არ აპირებს ვაქცინის გაკეთებას. IRI-ის მიერ, ივნისში ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 45 პროცენტი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებს.
JAMnews-მა შეაგროვა ყველაზე პოპულარული არგუმენტები, რომლებიც ვაქცინების მოწინააღმდეგეებს აქვთ.
_________________________________________________________________________
არგუმენტი 1: კორონავირუსის ვაქცინები ბოლომდე არ არის გამოკვლეული. ეს ექსპერიმენტული ვაქცინაა. რამდენიმე წელი სჭირდება, რომ ვაქცინამ ბოლომდე აჩვენოს თავისი ეფექტურობა.
გარდა იმისა, რომ ამ არგუმენტს ყველაზე ხშირად იმეორებენ ის ადამიანები, რომლებიც აზრზე არ არიან, რა არის „კლინიკური ცდების მესამე ფაზა”, მასში ლოგიკაც არ არის.
კორონავირუსმა ხომ დაამტკიცა თავისი ეფექტურობა?! 40-მდე ადამიანი იღუპება ყოველ დღე. ათი წლის შემდეგ კი არა, ხვალ შეიძლება მოგკლათ ვირუსმა.
თითქმის ხუთი მილიარდი დოზა ვაქცინა გაკეთდა მთელ მსოფლიოში და კიდე ექსპერიმენტულია?! რომელი ვაქცინა გაუკეთებიათ აქამდე ამ რაოდენობით ასე მოკლე დროში?!
არგუმენტი 2: ასე სწრაფად რომ გააკეთეს ვაქცინა, ესე იგი, რაღაცაშია საქმე.
რაღაცაში საქმე მართლაც არის – მეცნიერებს ძალიან ცოტა დრო ჰქონდათ, რადგან ვირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდებოდა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი ძალიან მაღალი იყო.
ვაქცინის სწრაფად მომზადებას ხელი შეუწყო იმანაც, რომ მეცნიერებს უკვე ჰქონდათ დაწყებული მუშაობა SARS ვირუსის სხვა სახეობის (ატიპიური პნევმონიის სახელით ცნობილი დაავადება) ვაქცინაზე. თუმცა, ეს პროცესი არ იყო ბოლომდე მიყვანილი, რადგან დაფინანსება არ ჰყოფნიდათ. ამჯერად კი, მსოფლიო პანდემიის ფონზე, ფულიც გამოინახა და მუშაობაც უფრო სწრაფად გაგრძელდა – ვაქცინის უკვე არსებული მოდელები გამოიყენეს ახალი ვაქცინის შესაქმნელად, რამაც პროცესი მნიშვნელოვნად დააჩქარა.
არგუმენტი 3: მერე რა, რომ ვაქცინის გართულებით მილიონში ერთი ადამიანი შეიძლება დაიღუპოს. მე რომ ვიყო ის ერთი?! ან ჩემი ახლობელი?!
და ამიტომ გადაწყვიტეთ, რომ კორონავირუსით სიკვდილი სჯობია? რაღაც თეორიული „მილიონში ერთი“ კი არა, სრულიად რეალურად დღეში რამდენიმე ათეული ადამიანი კვდება. და მარტო დაღუპულები კი არ არის მხოლოდ პრობლემა. გადარჩენილებიც პრობლემაა – იცით, რა გართულებები შეიძლება დატოვოს კორონავირუსმა?! ძალიან საშიში. თინა ხიდაშელის ისტორია იცით? თინამ კოვიდი დაამარცხა, მაგრამ ვირუსმა ძალიან დიდი პრობლემები დაუტოვა – მას სიარულიც უჭირს. ახლა იგი რეაბილიტაციას გადის გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში და ყველას მოუწოდებს, რომ აუცილებლად აიცრან. ჩვენ მას გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ!
არგუმენტი 4: “შენ გაიკეთე თუ კაია”
კი, ასეთი “არგუმენტიც” არსებობს. არადა, პირველ რიგში, ეს ვაქცინა სწორედ იმ ხალხმა გაიკეთა, ვინც „კაის ჭამს და კაის სვამს“ – სამყაროს ყველაზე გავლენიანმა, მდიდარმა და განათლებულმა ადამიანებმა – მეცნიერებმა, ქვეყნების მმართველებმა, მილიარდერებმა. ყველა აიცრა. აუცრელები დარჩნენ მხოლოდ არაინფორმირებული, შეთქმულების თეორიებს აყოლილი და ყალბი ამბების მსხვერპლი ადამიანები. ასევე უნიათო ქვეყნების და მთავრობების მოქალაქეები.
არგუმენტი 5: “კოვიდი აცრილებსაც ემართებათ და რატომ უნდა გავიკეთო”.
კი, ორი დოზით აცრილებიც შეიძლება დაინფიცირდნენ. მაგრამ მთავარი ის არის, რომ არ კვდებიან! აცრილები არ კვდებიან. განა, სიცოცხლე არ არის საკმარისი არგუმენტი იმისთვის, რომ აცრა გაიკეთოთ?! არ არის განსხვავება მსუბუქ ფორმასა და რეანიმაციაში აპარატზე შეერთებას შორის?
არგუმენტი 6: “ექიმებიც არ იცრებიან და მე რატომ უნდა ავიცრა”.
რომელი ექიმები არ იცრებიან? გააჩნია, თქვენ ვის ეძახით ექიმს.
სამწუხაროდ, ექიმი, იმ გაგებით, რა გაგებაც დევს ამ სიტყვაში თანამედროვე სამყაროში, საქართველოში ძალიან ცოტაა.
ექიმი, არის ის, რომელიც მუდმივად იმაღლებს თავის კვალიფიკაციას, არ ჩამორჩება სიახლეებს და იცნობს და მზად არიას იმოქმედოს თანამედროვე პროტოკოლების გათვალისწინებით.
მედიცინა დღეს ახალი ამბების გამოშვებასავითაა. გუშინდელი ამბავი დღეს უკვე შეიძლება მოძველებული იყოს. წამალი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, დღეს უკვე შეიძლება ჩანაცვლებული ყოს სხვა, უფრო ეფექტური საშუალებით. ამიტომ, ექიმი, რომელიც არ მისდევს საერთაშორისო გაიდლაინებს, ის ექიმი სანდო არ არის.
რაც შეეხება ნამდვილ ექიმებს, რომლებსაც სჯერათ პროგრესის და მეცნიერების, ისინი უკვე ყველანი აიცრნენ დიდი ხანია.
არგუმენტი 7: მე არ დამემართება, არსად არ დავდივარ და თან სულ პირბადე მიკეთია.
ეგ ყველაფერი ძალიან კარგია და ასეც უნდა გააგრძელოთ, ვიდრე პანდემია არ დასრულდება. მაგრამ, განა არ გსმენიათ უამრავი ისტორია იმაზე, რომ ადამიანი თითქმის სრულად იზოლირებული იყო და კოვიდი მაინც დაემართა?!
კოვიდის მთელი სივერაგეც იმაშია, რომ ათასობით ადამიანს ვირუსი სრულიად უსიმპტომოდ გადააქვს. ისინი სხვებს ისე გადასდებენ ვირუსს, რომ ვერც ხვდებიან.
ახლა, როცა მოსახლეობის გარკვეული ნაწილი აცრილია, უსიმპტომო კოვიდ-დადებითების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან აცრილებს ვირუსი თუ შეხვდათ, ხშირად უსიპტომოდ გადააქვთ.
ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა უფრო მეტი უსიმპტომო გაავრცელებს ვირუსს – აცრილები მსუბუქად გადაიტანენ და მთავარი დარტყმა მოვა სწორედ თქვენზე, აუცრელებზე.