ტერორი თუ არაკომპეტენტურობა? ტყის ხანძრები თურქეთში
ტყის ხანძრები თურქეთში და ტერორისტები
თურქეთის ხელისუფლება ქვეყნის პოპულარულ ტურისტულ ზონებში – შავი და ეგეოსის ზღვების სანაპიროებზე, სადაც უკვე ერთ კვირაზე მეტია ტყის ხანძრები მძვინვარებს – მიზანმიმართული ცეცხლის წაკიდებისა და ტერორის ვერსიისკენ იხრება.
ოპოზიცია ამ ვარაუდებს არ იზიარებს და აცხადებს, რომ უბედურების მიზეზი ხელისუფლების არაკომპეტენტურობა გახდა.
ამ დროს კი დაიღუპა სულ მცირე 10 ადამიანი და უთვალავი ოდენობის ცხოველი, განადგურდა ათობით შენობა, ტურისტების ევაკუაცია განხორციელდა ბოდრუმიდან და ანტალიიდან.
რა ხდება?
თურქეთში, 2021 წლის 28 ივლისს დაწყებული ტყის ხანძრების მეშვიდე დღეს, ისევ გრძელდება ცეცხლის ჩაქრობის ოპერაცია. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 125-ზე მეტი კერა ჩამქრალი ან ლოკალიზებულია, ჯერ კიდევ გრძელდება შვიდამდე ხანძარი. ამის შესახებ თურქეთის სოფლის მეურნეობისა და ტყეების მინისტრმა, ბექირ ფაქდემირლიმ განაცხადა.
ხანძრის ჩაქრობის ძირითადი სამუშაო ვერტმფრენებზე მოვიდა. ცეცხლით მოცულ ტერიტორიებზე მეხანძრე-მაშველთა გუნდის ვერტმფრენებმა იმუშავეს. თურქეთის ხელისუფლებას გარკვეულწილად შეუმსუბუქა ამოცანა ვერტმფრენებმა, რომლებიც რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და ირანიდან ჩავიდა.
ჰაჯეთეფეს უნივერსიტეტის პროფესორი, ჩიგათაი თავუშოღლუ ამბობს, რომ ხანძრის მიზეზი, შესაძლოა, კლიმატური კრიზისი იყოს: „ცენტრალურ ანატოლიაში გვალვაა. ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე კი – ძლიერი ხანძრები“.
უახლოესი დღეების მეტეოროლოგიური პროგნოზი დამამშვიდებელი არ არის – ჰაერის ტემპერატურა სეზონურ ნორმაზე 4-8 გრადუსით მეტი იქნება და ეს მხოლოდ გაართულებს მეხანძრეთა სამუშაოს. ყველაზე მაღალი ტემპერატურა მოსალოდნელია მუღლაში (34-41 გრადუსი) და ანტალიაში (40-43 გრადუსი).
მხოლოდ 6 აგვისტოდან დაიწყებს ჰაერის ტემპერატურა სეზონურ ნორმასთან დაახლოებას.
„ცეცხლის შვილები“ და ხელისუფლების ვერსია საბოტაჟის ან ტერორის შესახებ
1 აგვისტოს, ტყის ხანძრებზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო ჯგუფმა სახელწოდებით „ინიციატივა ცეცხლის შვილები“, რომელიც თურქეთსა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ქურთების მუშათა პარტიის (PKK) ერთ-ერთ განშტოებად მიიჩნევა.
მედიასა და სოციალურ ქსელებში შემდეგი განცხადება გავრცელდა:
„თურქეთის რეჟიმს სხვა ენა არ ესმის და მოვიდა დრო, ცეცხლის დახმარებით დავაჩოქოთ“.
1990-იანი წლებიდან PKK აწარმოებს ბრძოლას თურქეთის შემადგენლობაში ქურთების ავტონომიის შესაქმნელად და ამ დროის განმავლობაში, არაერთხელ აუღია საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა ტერორისტულ აქტებზე, მათ შორის, ტყის ხანძრებზე. 2020 წელს, ხანძარი იყო ჰათაის პროვინციაში, რომელსაც მძიმე შედეგები მოჰყვა და მაშინაც პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე „ინიციატივა ცეცხლის შვილებმა“ აიღო.
იმავე წელს, PKK-ს მაღალჩინოსანმა, მურათ ქრაილანმა საჯაროდ განაცხადა, რომ „ტყის დაწვის“ ბრძანება მან გასცა.
ხელისუფლება ემხრობა საბოტაჟისა და ტერორის ვერსიის მიღებასაც კი. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ, ხანძრის ადგილზე, პოპულარულ საკურორტო ქალაქ ანტალიაში ვიზიტის დროს, ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში ხანძრის საეჭვოდ გაჩენის შესახებ განაცხადა:
„შექმნილია სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც ხანძრებში ტერორის ნიშნებს ეძებს. უკვე გვყავს დაკავებული ეჭვმიტანილები“.
ერდოღანი ტრაგედიის ზონაში ჩაის პაკეტებს ისვრის
მედიასა და სოციალურ ქსელებში ბევრი აკრიტიკებს ეპიზოდს, რომელიც ტყის ხანძრების შედეგად დაზარალებულ მარმარისის პროვინციაში, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოსახლეობასთან შეხვედრისას მოხდა.
გამოსვლის დასრულების შემდეგ, ერდოღანმა პირდაპირ ტრიბუნიდან დაიწყო ხალხისთვის ჩაის პაკეტების სროლა.
Erdoğan, afet bölgesi Marmaris’te halka çay fırlattıhttps://t.co/xFD54DWv7I pic.twitter.com/R2bt8Y2Qzc
— Diken (@DikenComTr) July 31, 2021
„ნუთუ, არავინ აძლევს რჩევას გარემოცვიდან? ადამიანებს ასეთი ტრაგედია შეემთხვათ. რაში სჭირდებათ მათ ჩაი? გონს მოდით“, – წერენ კომენტარებში.
მოპარული მილიონი დოლარი და ტყის ხანძარი
ოპოზიციას სანდოდ არ მიაჩნია ხანძრებთან დაკავშირებით საბოტაჟისა და ტერორის ვერსია. ამ წრეში დომინირებს მოსაზრება, რომ ქურთების მუშათა პარტია ცდილობს საკუთარ თავს ავტორიტეტი შეჰმატოს და დააშინოს მოსახლეობა, ხელისუფლება კი იყენებს მათ განცხადებას, რათა ყურადღება გადაიტანოს თავისი არაკომპეტენტურობიდან.
ძირითადი ოპოზიციური ძალის – სახალხო რესპუბლიკური პარტიის (CHP) ლიდერმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ ხელისუფლება იმაში დაადანაშაულა, რომ მათ არ გააჩნიათ „ჯანსაღი და ეფექტიანი პოლიტიკა ტყის ხანძრების წინააღმდეგ, რომელიც ყოველწლიურად ხდება“.
ქილიჩდაროღლუმ განაცხადა, რომ ერდოღანის მმართველობის წლებში, თურქეთის საჰაერო ძალები და შეიარაღებული ძალები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ტყის ხანძრების ჩაქრობაზე, გამოუსადეგარი გახდა: „2002 წელს (ერდოღანის ხელისუფლების სათავეში მოსვლის) თურქეთში დაფიქსირდა 176 ტყის ხანძარი და ისინი გაჩენისთანავე ჩაქრა“.
ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლისათვის გამოყოფილი სახსრების გაქრობის ბრალდებით გამოვიდა ოპოზიციური გამოცემა Sözcü-ში გამოქვეყნებულ სტატიაში პოლიტიკური მიმომხილველი, საიგ ოზთურქი.
„2018 წელს, თურქეთის საჰაერო ადმინისტრაციის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, ქურშათ ათილგანმა სოფლის მეურნეობისა და ტყეების მინისტრთან, ბექირ ფაქდემირლისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სახანძრო ვერტმფრენების გასარემონტებლად საჭირო იყო ერთი მილიონი დოლარი. მინისტრმა ეს თხოვნა დააკმაყოფილა და თანხა გამოყო.
მაგრამ ეს ფული სხვა საჭიროებებზე წავიდა. და ახლა, იმავე ვერტმფრენების რემონტისთვის უკვე სამი მილიონი დოლარია საჭირო.
ახლა ეს საფრენი აპარატები აეროდრომზე დგას, სახელმწიფო კი მილიონობით დოლარს ხარჯავს სხვა ქვეყნებიდან თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების არენდით შემოსაყვანად“.