ბირჟა-მაიდანი
ორი დაკავებული რეპერის გათავისუფლების მოთხოვნით 10 ივნისს გამართულმა ხალხმრავალმა აქციამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ნაწილი აღნიშნავდა, რომ ეს ახალგაზრდების (და არა მხოლოდ მათი) სტიქიური გამოსვლა იყო. იყვნენ ისეთებიც, ვინც ეს აქცია “კრიმინალისა და ნარკომანების” მხარდაჭერად მონათლა.
ზოგი მთელ აქცენტს რაღაც რთულ, ჩახლართულ კომბინაციაზე აკეთებს, რომლის მიზანი ხელისუფლების, ბერა ივანიშვილისა თუ კახა კალაძის ავტორიტეტის გაზრდა იყო.
ფაქტია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ეს იყო პირველი მასობრივი აქცია, რომელიც არ იყო ორგანიზებული პოლიტიკოსების მიერ და რომელმაც შედეგი გამოიღო.
რომ გავიგოთ, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე, ორი წლის წინადელი ამბები უნდა გავიხსენოთ, როდესაც თბილისის წყადიდობის შედეგების ლიკვიდაციისთვის ათასობით ახალგაზრდა ქუჩაში თავისით, ყველანაირი მოწოდების გარეშე გამოვიდა. ამ სურათმა კიევის მაიდანზე ნანახი გამახსენა – როდესაც მოხალისეებს “მაიდნელებისთვის” საჭმელი და შეშა მოჰქონდათ და ხალხის ამხელა მასა თვითორგანიზებას ახერხებდა. მაშინ ვფიქრობდი, რომ საქართველოში ასეთი რამ შეუძლებელი იყო.
თუმცა, როდესაც ზოოპარკიდან გაქცეულმა ვეფხვმა ადამიანი დაგლიჯა და ამის გამო დაკითხვაზე ზოოპარკის დირექტორი დაიბარეს, ხელისუფლებამ ხალხისგან შემაშფოთებელი სიგნალი მიიღო. საქმე ისე ჩანდა, რომ ხელისუფლება ხელების შეხოცვას ზოოპარკის დირექტორისთვის აპირებდა. ამ ფაქტის გასაპროტესტებლდ სულ რაღაც ორ-სამ საათში სახელმწიფო კანცელარიის წინ რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა.
და იქ არ იყვნენ მხოლოდ საზოგადოებრივად აქტიური ადამიანები, რომლებიც ყველა აქციაზე დადიან და ერთმანეთს უკვე სახეზე ცნობენ. კანცელარიასთან 20-25 წლის ახალგაზრდები მივიდნენ, რომლებსაც მანამდე ვერცერთ საპროტესტო შეკრებაზე ვერ ნახავდი.
მაშინ ხელისუფლება მიხვდა, რა საფრთხესთან ჰქონდა საქმე და უკან დაიხია.
ფაქტია, 2012 წლის შემდეგ თბილისში 10 ივნისის აქციაზე დიდი აქციებიც გამართულა, თუმცა ხელისუფლებას “ნაციონალური მოძრაობის” თუ სხვა პოლიტიკური ოპოზიციის მიერ შეკრებილი მიტინგების არ შეშინებია, რადგან მიიჩნევდა, რომ მათ მხარდამჭერთა რესურსი შეზღუდული აქვთ.
სხვა საქმეა უეცრად, სტიქიურად აფეთქებული სამოქალაქო პროტესტი – დაახლოებით იმის ანალოგი, რითაც უკრაინული მაიდანი დაიწყო. რამდენიმე დღის წინანდელი მოვლენებიც ადასტურებს, რომ ხელისუფლებას ამ პროცესის მნიშვნელობა გაცნობიერებული აქვს და მას მაქსიმალურად უფრთხის.
სულაც არ მინდა საპროტესტოდ გამოსული ახალგაზრდების იდეალიზება. და ამის მიზეზიც მაქვს. ეს ახალგაზრდები ქუჩაში არ გვინახავს ენგურის ხიდზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის შემდეგ. არც მაშინ, როდესაც ხელისუფლებამ ყოფილი ქართველი სამხედრო მოსამსახურე გია ცერცვაძე, ფაქტობრივად, რუსეთისთვის გადასაცემად გაიმეტა. ახალგაზრდები არც ყველაზე გავლენიანი ოპოზიციური ტელეკომპანიის გარშემო დატრიალებულ მოვლენებს აუღელვებია, როდესაც ხელისუფლება აშკარად ცდილობდა ამ ტელეკომპანიის ხელში ჩაგდებას. ანუ ბევრი ის საკითხი, რომელსაც ქვეყნის სუვერენიტეტისთვის, მისი უსაფრთხოებისთვის და დემოკრატიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ქართველი ახალგაზრდების ყურადღების მიღმა დარჩა.
წყალდიდობისგან დაზიანებული ქალაქი, ზოოპარკის დირექტორის უსამართლოდ დევნა თუ ვიდეოკლიპის გამო მუსიკოსებისთვის ნარკოტიკების სავარაუდო ჩადება ახაგაზრდობამ საფრთხედ აღიქვა, თუმცა სხვა, თითქოს ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემები – არა.
ამას ერთი მთავარი მიზეზი აქვს. სრულიად ცხადია, რომ განათლებული ახალგაზრდების დიდი ნაწილი დღეს საქართველოში ხაზგასმით აპოლიტიკურია. ისინი არ ენდობიან არც ხელისუფლებას და არც რომელიმე ოპოზიციურ პარტიას.
არადა, წესით, სწორედ განათლებული, შემდგარი, პროდასავლურად განწყობილი ახალგაზრდობა უნდა იყოს პროდასავლური პოლიტიკური ძალების ბუნებრივი მოკავშირე, თუმცა ეს ასე არ არის.
ამ ნიჰილიზმს, რასაკვირველია, თავისი საფუძვლები აქვს. ამ საფუძვლებს კვალიფიციური კვლევა სჭირდება, თუმცა ამით ჯერ თავი არავის შეუწუხებია. მათ შორის არც პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც, პირველ რიგში, უნდა აინტერესებდეთ ამ თემის სიღრმისეული კვლევა. ისინი თითქოს შეგუებულები არიან, რომ ახალგაზრდები არჩევნებზე არ დადიან და ურჩევნიათ დაპირებები ისევ პენსიონერების და სოციალურად დაუცველების მისამართით დაარიგონ. ეს მიდგომა კიდევ უფრო აშორებს მათ ახალგაზრდა ამომრჩეველს, რომელთა საჭიროებებზე და პრობლემებზე ისინი საერთოდ აღარ საუბრობენ.
რა აწუხებთ დღეს ახალგაზრდებს? განათლება, სამსახური, კარიერა, სოციალური ლიფტები. გართობაც, რასაკვირველია, და მათ შორის ნარკოპოლიტიკაც. თუმცა, მხოლოდ ნარკოპოლიტიკის თემებზე კონცენტრირება, იგივე გირჩის მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, მთლად წარმატებული ვერ იქნება.
არადა, როგორც ბოლო მოვლენებმა აჩვენა, სწორედ ახალგაზრდობაა საზოგადოებაში ერთადერთი ჯგუფი, რომელსაც აქვს უნარი ცვლილებებისთვის იბრძოლოს და მიაღწიოს. და ეს ჯგუფი დღეს პოლიტიკიდან, ფაქტობრივად, გარიყულია და ქვეყნის განვითარებაში არანაირ როლს არ თამაშობს.
უბრალოდ, ხანდახან მოთმინება ამოეწურება ხოლმე, როგორც ეს დაკავებული რეპერების შემთხვევაში მოხდა.