აზერბაიჯანში ყველა ავიაბილეთების ფასებზე ჩივის: სადაა ვითარებიდან გამოსავალი?
საიდუმლო არავისთვისაა, რომ ბაქოდან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გადასაფრენი ბილეთები ძალიან ძვირია. ბოლო დღეებში ეს თემა მთელი სიმძაფრით შევიდა დღის წესრიგში. რა არის ამგვარი მოვლენის მიზეზი და სად ხედავენ ექსპერტები შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს?
რამდენად ძვირია ბაქოდან გადასაფრენი ბილეთები?
ბაქოდან ავიარეისების სიძვირის თაობაზე მოსმენილის შესამოწმებლად, JAMnews-მა მცირე კვლევა ჩაატარა, და თავის მკითხველებს მის შედეგებს გააცნობს.
ერთ-ერთ პოპულარულ საერთაშორისო საიტზე, რომელიც ბილეთებს ონლაინ ყიდის, ჩვენ გადავწყვიტეთ, გაგვეგო სხვაობა ბაქოდან და თბილისიდან სტამბოლში გადასაფრენი ბილეთების ფასებში. ამისათვის შევარჩიეთ დაშორებული თარიღი, თითქმის ერთი თვის შემდეგ, რათა თარიღს ფასზე გავლენა არ მოეხდინა. როგორც ცნობილია, უახლოეს დღეებზე ბილეთები ყოველთვის ცოტათი ძვირია. გაფრენისა და ჩამოფრენის დღეებად ორშაბათი შევარჩიეთ, რადგან შაბათ-კვირას მოგზაურთა რაოდენობა ჩვეულებრივ მეტია, და ბილეთის ფასზე ეს ფაქტორიც შეიძლება აისახოს.
მაშ ასე, ჩვენ ავირჩიეთ გაფრენა 2 აგვისტოს და ჩამოფრენა 9 აგვისტოს. ამ დღეებში ბაქო-სტამბოლი–ბაქოს ბილეთი ღირს 354 ამერიკული დოლარი. ამავე დღეებში თბილისი-სტამბოლი-თბილისის ბილეთი 2,5-ჯერ იაფი დაგიჯდებათ, ანუ სულ 139 აშშ დოლარი.
პარლამენტის დეპუტატის მოწოდება
აზერბაიჯანის პარლამენტის ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე დეპუტატმა განირა ფაშაევამ უკმაყოფილება გამოთქვა ავიარეისების ბილეთების მაღალი ფასების გამო.
მან AZAL-ის (სახელმწიფო კომპანია „აზერბაიჯანული ავიახაზები“) ხელმძღვანელობას ხელმისაწვდომი ფასების დაწესების თხოვნით მიმართა:
„ძალიან ბევრ ადამიანს სურს თურქეთიდან აზერბაიჯანში ჩამოსვლა. სოციალური მედიის გვერდებზე ყოველდღიურად ვიღებთ მრავალ ასეთ მომართვას. გვწერენ, რომ სურთ აზერბაიჯანში ჩამოსვლა, მაგრამ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ქვეყნებიდან ჩამოსაფრენი ბილეთები უფრო იაფია, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში. რატომაა ბილეთები ასე ძვირი? ამის თაობაზე აზერბაიჯანის მოქალაქეებიც ლაპარაკობენ.
აზერბაიჯანელები თურქეთში მხოლოდ დასასვენებლად არ მიემგზავრებიან. ასობით ჩვენი სტუდენტი იღებს იქ განათლებას და მათი საზღვარგარეთ სწავლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგჯერ ჩვენს ავადმყოფებს უწევთ სასწრაფოდ გამგზავრება თურქეთში. ამიტომ, გთხოვთ, გადახედოთ ავიაბილეთების ფასებს. ეს ტურიზმის განვითარებისთვისაც კი არაა საჭირო. ჩვენმა ახალგაზრდობამ უნდა მიიღოს განათლება, ჩვენმა ხალხებმა უკეთ უნდა გაიცნონ ერთმანეთი.
მივმართავ AZAL-ის ხელმძღვანელობას. ბილეთების ფასები გახადეთ ხელმისაწვდომი“.
საინტერესო ციფრები ოპოზიციონერი პოლიტიკოსისგან
ეკონომისტს, აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტია „რესპუბლიკური ალტერნატივის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნატიკ ჯაფარლის საინტერესო ციფრები მოჰყავს:
„2021 წლის 1 ივლისს, კომპანია Wizzair-მა განაახლა ფრენები საქართველოში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. რეისები შესრულდება ექვსი მიმართულებით – მილანი, პრაღა, ათენი, სალონიკი, ლარნაკა, მენინგენი (გერმანია).
შევხედე 4 და 11 ივლისის ბილეთების ფასებს. მაგალითად, მითითებულ თარიღებში ქუთაისიდან პრაღის მიმართულებით ბილეთები 165 დოლარი ღირს. ამავე დღეებში ბაქოდან პრაღაში ბილეთი 694 დოლარი ღირს. სხვაობა 529 დოლარია.
ძვირფასო ხელისუფლებავ, ხელისუფლებისთვის ძვირფასო AZAL-ის ხელმძღვანელობავ, როდემდე უნდა გვშურდეს საქართველოს ფასები? ამ კომპანიასთან თქვენი ახლო ურთიერთობის გამო, როდემდე უნდა აფინანსონ ადამიანებმა ის საკუთარი ჯიბიდან, შემდეგ კი გაიკვირვონ, როგორ მუშაობს მინუსებში, თანაც ხელისუფლებიდან დოტაციის პირობებში?! ნუთუ ასე რთულია ერთადერთი საკითხის გადაჭრა?! ასეთი მაღალი ფასების მიზეზი ისაა, რომ AZAL-ი არა მხოლოდ ფრენებშია მონოპოლისტი, არამედ მონოპოლისტია სახმელეთო მომსახურებაშიც“, – დაწერა ნატიკ ჯაფარლიმ.
ტურიზმის სექტორი იაფი ბილეთების მოლოდინში
ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული აზერბაიჯანის ტურისტული ბიუროს მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ფლორიან ზენგსტშმიდი ასევე უკმაყოფილოა შექმნილი ვითარებით:
„სხვა ქვეყნებში ავიაბილეთები უფრო იაფია. ონლაინპლატფორმებზე ბილეთების ფასებს რომ შეხედოთ, ნახავთ, რომ თურქეთიდან აზერბაიჯანში ფრენის ფასები ბევრად უფრო ძვირია თურქეთ-ევროპასა და თურქეთ-საქართველოს ფასებთან შედარებით.
ტურისტების რაოდენობის გასაზრდელად უნდა არსებობდეს კონკურენტული გარემო. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ვთანამშრომლობთ სახელმწიფო უწყებებთან. მათ შორის, AZAL-თან. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში საკითხი გადაწყდება“.
და სადაა შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი?
ეკონომისტ ნემატ ალიევის აზრით, სახელმწიფომ სერიოზული სამუშაო უნდა გასწიოს AZAL-ის საფასო პოლიტიკის კონტროლის მიმართულებით და ფასები ქვეყნის მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობასთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს.
„რომ დავფიქრდეთ, AZAL-ის ფასები ძალიან მაღალია, შესაბამისად, კომპანიის მოგებაც მაღალი უნდა იყოს. ამ მოგებას უზრუნველყოფს განსხვავება ფასებსა და მოქალაქეების მიერ შეძენილი ბილეთების რაოდენობას შორის.
მეორე მხრივ, AZAL-ი კვლავაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს დოტაციას, კომპანიის საინვესტიციო ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ავიაგადამზიდის მოგება მის საკუთარ საინვესტიციო პროექტებზეც კი არ მიდის. აქედან გამომდინარე, იბადება საინტერესო კითხვა: და სადაა ეს სახსრები? სად მიდის?
კიდევ ერთი საინტერესო კითხვა: სხვა ქვეყნების ავიაკომპანიები როგორ ახერხებენ თავის გადარჩენას? თუ მათ ბევრად დაბალი ფასები აქვთ, და თანაც, ეს კომპანიები სახელმწიფოსგან დამოუკიდებელ საინვესტიციო პოლიტიკას ატარებენ. როგორ მუშაობენ?
და მაშინ იხატება საკმაოდ უცნაური სურათი: რითაა დაკავებული AZAL-ი?“ – კითხულობს ეკონომისტი.
ექსპერტი საგონებელში ვარდება, როცა იხსენებს, რომ აზერბაიჯანის ბევრი მოქალაქე, ავიაბილეთების სიიაფის გამო, საქართველოში მიემგზავრება, რათა იქიდან გაფრინდეს სხვადასხვა ქვეყანაში. ამასთან, ისინი არ სარგებლობენ თავიანთი ქვეყნის აეროპორტებით.
„ჯერ ერთი, სახელმწიფომ მკაცრად უნდა აკონტროლოს სახელმწიფოსვე კომპანიის საფასო პოლიტიკა. მეორეც, უნდა შეიქმნას კონკურენტული გარემო: აზერბაიჯანში უნდა მუშაობდნენ სხვა ავიაკომპანიები, და სთავაზობდნენ ალტერნატიულ ფასებს. და მესამე, აზერბაიჯანის პარლამენტმა ბოლოს და ბოლოს უნდა მიიღოს კანონი კონკურენციის შესახებ. ის ჩვენ ჯერაც არ გვაქვს. ასეთი კანონი რომ არსებობდეს, კომპანია AZAL-ის განუკითხაობას წერტილი დაესმებოდა“, – აღნიშნა ეკონომისტმა.