გერმანიის ელჩის თქმით, ქართველი დასაქმებულების პრობლემა მალე მოგვარდება
გერმანიაში დასაქმების პროგრამით ჩასული ქართველები ამბობენ, რომ ადგილზე ჩასულებს შეუსაბამო პირობები დახვდათ. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს. მოგვიანებით განცხადება გაავრცელა გერმანიის საელჩომაც და ქართველ დასაქმებულებს პრობლემების მალე მოგვარებას შეპირდა.
როგორც “ფორმულას” სიუჟეტიდან ირკვევა, დასაქმებულების ხელფასი სამჯერ ნაკლებია, ვიდრე ეს კონტრაქტში წერია. პრობლემაა კვებაც – “დილის 6-ზე ვიწყებდით მუშაობას. საჭმელს საღამოს 8-ზე გვაჭმევდნენ”, – ჰყვება ერთ-ერთი დასაქმებული.
ცუდი პირობებია საცხოვრებელშიც – ქართველების თქმით, საცხოვრებელი პირობები შეუსაბამოა და რამდენიმე კვადრატულ მეტრში 24-მდე ადამიანს უწევს ყოფნა. როგორც ისინი აღნიშნავენ, არ ხდება ისე, როგორც კონტრაქტში ეწერა:
“რასაც ველოდი, 100%-დან 2%-ია. პირადად, მოტყუებული ვარ. კონტრაქტით გვპირდებოდნენ 9,5 ევროს საათში და კვირაში 6 სამუშაო დღეს. აქ ჩამოსვლისას, დაგვხვდა რეალობა, რომ გვაძლევენ 3 ევროს საათში. თან გვამუშავებდა 4 საათს, დილის 6 საათზე გავდიოდით”.
გერმანიაში დასაქმებულებმა დახმარებისთვის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს და გერმანიაში საკონსულოს ჩასვლისთანავე მიმართეს, თუმცა მათ მიმართვას სააგენტო მხოლოდ 11 დღის შემდეგ, “ფორმულას” სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ გამოეხმაურა.
სააგენტოში აცხადებენ, რომ სრულად იზიარებენ იმ წუხილს, რომელიც გამოითქვა გერმანიაში დასაქმების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში გამგზავრებული ერთი ჯგუფის მხრიდან:
“ისე, როგორც ყველა წამოწყებას, შეთანხმების განხორციელების ამ ეტაპზე არის, როგორც პოზიტიური გამოხმაურებები, ასევე, ცალკეული საკითხები, რომელიც გერმანულ მხარესთან ერთად საჭიროებს გადაჭრას. გიდასტურებთ, რომ ერთი ჯგუფის წარმომადგენელთა მხრიდან იყო უკმაყოფილება დამსაქმებლის მხრიდან სამუშაო აღწერილობაში შეთავაზებული პირობების დარღვევის გამო. აღნიშნულის თაობაზე, ინფორმაციის მიღებისთანავე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მხრიდან მოხდა პირველი კომუნიკაცია გერმანულ მხარესთან. თავის მხრივ, გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტომ, პროცესში ჩართო სხვა შესაბამისი უწყებებიც, რომლებიც დაინტერესდნენ ამ თემით და რასაც დასჭირდა რამდენიმე დღე”
სააგენტოს განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ გერმანელი დამსაქმებლის მიცემული პირობა საათობრივ ანაზღაურებაზე არ იქნება დაკმაყოფილებული, ქართული მხარე მოითხოვს ამ კონკრეტული ჯგუფის წევრების გადანაწილებას სხვა დამსაქმებლებთან.
“პასუხი უნდა მოეთხოვოს მკაცრად იმ დასაქმების სააგენტოს, ვინც კონტრაქტი გააფორმა. წერია რეალურად სხვა ხელფასი და იდეაში, როდესაც ჩადიხარ და დგახარ მწარე რეალობის წინაშე, გაქვს 2 ევრო საათში ან 2,50 ევრო საათში, აუცილებლად უნდა მოეთხოვოს პასუხი”, – ამბობს საქართველოს ემიგრანტთა ასოციაციის პრეზიდენტი ლევან სიმონიშვილი.
მედიაში გავრცელებული ცნობების შემდეგ, განცხადება გაავრცელა გერმანიის საელჩომ საქართველოში. როგორც ელჩი, ჰუბერტ ქნირში აღნიშნავს, “პრობლემები შეიძლება ყველგან იყოს. მთავარია, მათი მოგვარება მალე მოხდეს”.
“ქართული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომელიც ეხებოდა მარწყვის ფერმაზე სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ ჯგუფს, გერმანულ უწყებებთან მქონდა საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით. წესისამებრ, უწყებების მიერ მოხდა იმის უზრუნველყოფა, რომ შესრულდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა, მათ შორის შესაფერისი საცხოვრისით უზრუნველყოფა. გერმანიაში გარანტირებულია 9,5 ევროს ოდენობის მინიმალური ხელფასი.
პრობლემები შეიძლება ყველგან იყოს.მთავარია, მათი მოგვარება მალე მოხდეს. კარგია, რომ მედიაში ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა. იმედი მაქვს, რომ პროგრამის წარმატებით განხორციელებაც იგივე ყურადღებით გაშუქდება”, – წერია განცხადებაში.
_________________________________
● საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმებას ლეგალურად შეძლებენ
● საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში ლეგალური დასაქმება შეეძლებათ
● ისტორიული ვარდნა: 1994 წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა ყველაზე მეტად 2020 წელს შემცირდა
_____________________________
საქართველოდან გერმანიაში დასაქმების მსურველები 1-ლი აპრილიდან გაემგზავრნენ. 100 ათასამდე მსურველის მიუხედავად, ამ დრომდე გერმანიაში მხოლოდ 54 ადამიანია ჩასული.
როგორც საქართველოში გერმანიის ელჩი ამბობს, საქართველო არის პირველი ქვეყანა, ვისთანაც გერმანიამ აღნიშნული მიმართულებით მუშაობა დაიწყო.
სეზონური სამუშაოებისთვის კონკრეტულად სოფლის მეურნეობის სექტორია გათვალისწინებული. ანუ საქართველოს მოქალაქეები ძირითადად, სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებაში მიიღებენ მონაწილეობას.
პროგრამის მიხედვით, დასაქმების ხანგრძლივობა და პირობები რეგლამენტირებულია: საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში ერთიდან სამ თვემდე დაჰყოფენ და თავდაპირველი კონტრაქტის მიხედვით, მათ კვირაში ხუთი ან ექვსი დღე უნდა ემუშავათ და სამუშაო დღის ხანგრძლივობა 8-10 საათი უნდა ყოფილიყო.
მინიმალური ხელფასი კი, საათში 9.50 ევრო (დარიცხული). ამ თანხას უნდა გამოკლებოდა გადასახადები, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები.