საფრანგეთი პრეზიდენტს ირჩევს
ფოტო: Getty Images
23 აპრილს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 19.00 საათზე (თბილისის დროით 21:00 საათზე დაიხურება).
პრეზიდენტობისთვის სულ 11 კანდიდატი იბრძვის, მათგან ოთხი ფავორიტია: პარტია En Marche!-ს (წინ!) ლიდერი ემანუელ მაკრონი, საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რესპუბლიკელიფრანსუა ფიიონი, “ნაციონალური ფრონტის” ლიდერი მარინ ლე პენი და მოძრაობა “დაუმორჩილებელი საფრანგეთის” ლიდერი ჟან-ლუკ მელანშონი.
მარინ ლე პენი ულტრანაციონალისტური, პოპულისტური პროგრამით გამოდის: მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრება, ევროკავშირიდან გამოსვლა, პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობები.
ფრანსუა ფიიონი მემარჯვენე კონსერვატორია: სახელმწიფო ხარჯების მკვეთრ შემცირებას (60 მილიარდი ევროთი) ემხრობა.
ემანუელ მარკონი ცენტრისტია: ევროკავშირში საფრანგეთის დარჩენის მომხრეა, თუმცა ამ ორგანიზაციის მიმართ საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას ითხოვს.
ჟან-ლუკ მელანშონი რადიკალი მემარცხენეა: წინასაარჩევნო კამპანია ძირითადად აშშ-ის ლანძღვაზე და გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის კრიტიკაზე ჰქონდა აგებული.
ფოტოზე: ფრანსუა ფიიონი, მარინ ლე პენი, ემანუელ მაკრონი, ჟან-ლუკ მელანშონი
სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, პირველ ტურში ეს კანდიდატები 20 პროცენტზე ოდნავ მეტ ხმას მიიღებენ. დიდი ალბათობით მეორე ტურში ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენი გავლენ. მეორე ტური ორ კვირაში – 7 მაისს უნდა გაიმართოს. საბოლოო გამარჯვებას ანალიტიკოსები და სოციოლოგები მაკრონს უწინასწარმეტყველებენ.
ამასთან, კვლევები აჩვენებს, რომ ფრანგების დიდი ნაწილი არც ისე აღფრთოვანებულია კანდიდატებით -არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ყოველი მესამე ფრანგი აცხადებდა, რომ ჯერ არ იცის თუ ვის მისცემს ხმას არჩევნებზე.
წინასაარჩევნო კამპანია ხმაურიანი და სკანდალებით სავსე აღმოჩნდა. სამ მთავარ კანდიდატზე საქმეც კი აღიძრა.
ფრანსუა ფიიონი საბიუჯეტო სახსრების ფლანგვაში ამხილეს – ფიიონი მილიონებს უხდიდა თავისი ოჯახის წევრებს, რომლებიც ფიქტიურ სამსახურებში იყვნენ დასაქმებული.
ფინანსურად გაუმჭვირვალე მივლინება ჰქონია 2016 წელს ლას ვეგასში ეკონომიკის ყოფილ მინისტრს ემანუელ მაკრონს. ფრანგული პრესა წერს, რომ ლას ვეგასში გამართული ღონისძიების ორგანიზებისთვის მაკრონმა ტენდერის გამოცხადების გარეშე შეარჩია კომპანია.
ფიქტიური მუშაკები, რომლებიც ხელფასის სახით ათასობით ევროს იღებდნენ, ლე პენის გარემოცვაშიც იპოვეს. გარდა ამისა, კითხვის ნიშნებს აჩენს ის 9 მილიონი ევრო, რომელიც მარინ ლე პენს ერთ-ერთი რუსულ ბანკიდან კრედიტის სახით აქვს გამოტანილი.
ზოგადად რუსეთის და პრეზიდენტ პუტინის თემა წინასაარჩევნო პერიოდში საფრანგეთში საკმაოდ აქტუალური იყო. ამ ოთხი კანდიდატიდან მხოლოდ ერთი – ემანუელ მაკრონი არ არის შემჩნეული ვლადიმირ პუტინის მიმართ სიმპათიებში.