სამხრეთი კავკასია. რეგიონი ვიწრო კოსტიუმში
ფოტო: გევორგ ყაზარიანი
კომუნიკაციების მხრივ, სამხრეთ კავკასიის რეგიონი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დახურულ ნაწილს წარმოადგენს. ეს რეგიონი გაზრდილ ყმაწვილს ჰგავს, რომელსაც ძველი კოსტიუმის ტარებას აიძულებენ.
რამდენიმე დღის წინ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯავად ზარიფი თბილისში ჩავიდა და ხმამაღალი განცხადება გააკეთა. მან განაცხადა, რომ ირანი კომუნიკაციის რეგიონული სისტემის შექმნის ინიციატივით გამოდის. ეს პროექტი სპარსეთის ყურისა და შავი ზღვის დაკავშირებას ისახავს მიზნად. შემოთავაზებული გეგმის მიხედვით, საკომუნიკაციო სისტემამ სამხრეთ კავკასიაზე უნდა გაიაროს. ზარიფი ძირითადად ირანი-აზერბაიჯანი-საქართველოს მიმართულებაზე საუბრობდა, თუმცა, ამავდროულად, ირანი-სომხეთი საქართველოს გზაც განიხილება.
იმავე პერიოდში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აფხაზეთს ეწვია და განაცხადა, რომ რუსეთი და აფხაზეთი პრობლემას ვერ ხედავენ რუსეთისა და სომხეთის დამაკავშირებელი, აფხაზეთზე გამავალი საკომუნიკაციო ხაზის ამოქმედებასთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, რუსეთი ისევ ააქტიურებს იმ ინიციატივას, რომელიც არაღიარებული აფხაზეთის გავლით კომუნიკაციის გახსნას გულისხმობს.
რთული სათქმელია, უკავშირდებოდა თუ არა ეს ორი წინადადება ერთმანეთს, მაგრამ ის, რომ ეს განცხადებები, ფაქტობრივად, სინქრონულად გახმიანდა, იმის ნიშანია, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში კომუნიკაციების გააქტიურებისათვის მძაფრი გეოპოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს.
საქართველომ ორივე წინადადება უპასუხოდ დატოვა, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონული კომუნიკაციების გახსნის იდეას, ერთი შეხედვით, პერსპექტივა არ აქვს, როგორც ჩანს, სიტუაცია“მომწიფდა“ და მალე დადგება დღე როდესაც პიჯაკი, რომელიც რეგიონს ყველაზე უხერხულ ადგილებში უჭერს, ნაკერებში გაიხევა.
სამხრეთ კავკასიაში ყველა ყველას ბლოკავს:
1. აზერბაიჯანი და თურქეთი ღიად ახდენენ სომხეთის იზოლირებას და ამ მიდგომას სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილად მიიჩნევენ;
2.საქართველო რუსეთსა და სომხეთს შორის კომუნიკაციების (განსაკუთრებით სამხედრო კომუნიკაციების) ბლოკირებას ახდენს;
3. რუსეთი (სომხეთის საშუალებით) ირანს შავ ზღვაზე და ევროპაში გასვლის პერსპექტივას უბლოკავს;
4. თეირანი ირანული და აზერბაიჯანული რკინიგზის დაკავშირებას არ ჩქარობს და ასტარა-რეშტის მცირე მონაკვეთის მშენებლობაზე უარს ამბობს, რის გამოც აზერბაიჯანი ერთგვარ „ჩიხად“ იქცა;
5. დასავლეთი არ მიესალმება ყარსი-თბილისი-ბაქოს ხაზის მშენებლობას და თურქეთის ბლოკირებით სომხეთის საბოლოო იზოლაციას ეწინააღმდეგება.
და ეს რეგიონში არსებული გორდიას კვანძის მხოლოდ ხილული ნაწილია. ამ პრობლემების ხლართის გახსნა არც რომელიმე ცალკეულ სახელმწიფოს შეუძლია და არც რამდენიმე ქვეყნის ალიანსს. რეგიონის არცერთ ქვეყანას არ სურს, საბოლოოდ მოაგვაროს რეგიონში არსებული კონფლიქტები, ან უფრო მაღალ დონეზე აიწიოს და კომუნიკაციების ზესახელმწიფოებრივი, რეგიონული სისტემა შექმნას.
როგორც ჩანს, ირანს სურს, კომუნიკაციების გახსნის იდეა კონფლიქტების (ყარაბაღის, აფხაზეთისა და სხვა დაპირისპირებების) საბოლოო მოგვარებამდე გააქტიუროს. მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ თბილისი ამ ინიციატივას დუმილით შეხვდა, შეიძლება ითქვას, რომ რეგიონი საკმარისად ვერ გაიზარდა და მაინც ძველ პიჯაკს ანიჭებს უპირატესობას.
ამას გარდა, თურქეთი და აზერბაიჯანი ფრთხილად ეკიდებიან ირანის გეგმებს და საკუთარ პროექტებზე მუშაობენ – კერძოდ, დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად, ყარსი-თბილისი-ბაქოს რკინიგზის ხაზი ზაფხულში გაიხსნება. თუმცა, ამ გზის გახსნის ცერემონიალი არაერთხელ გადაიდო და ძნელი სათქმელია, შეძლებენ თუ არა რეგიონის სახელმწიფოები ამ პროექტის დასრულებას.
ირანის წინადადებების მიმარტ სკეპტიკური დამოკიდებულება, მეტწილად, გამოწვეულია იმით, რომ ოფიციალური ბაქო ირანს არ ენდობა. შემთხვევითი არ არის, რომ უკვე დიდი ხანია, რაც აზერბაიჯანი ირანის მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის დაწესებაზე უარს აცხადებს. ამას გარდა, არსებობს მოსაზრება, რომ ბაქო- ნახიჭევანზე გამავალი სარკინიგზო ხაზის ამოქმედების წინადადებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და ირანს უცხადებს, რომ ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებიამდე ამ გზას არ გახსნის. თუმცა, ოფიციალურად თეირანს ამ ინიციატივის შესახებ არაფერი უთქვამს.
ირანისათვის არამხოლოდ აზერბაიჯანი და საქართველო, არამედ სომხეთიც პრობლემურ ქვეყანას წარმოადგენს. ირანის კომუნიკაციების პოლიტიკას სხვა მიმართულებებიც აქვს. აზერბაიჯანის გზით ირანს შეუძლია, რუსეთს დაუკავშირდეს, მაგრამ შავ ზღვაზე – საქართველოს სანაპირო ზოლზე – გასასვლელად ირანი სომხეთს უნდა მოურიგდეს.
თუმცა, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების შემდეგ სომხეთმა ასეთი საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტის უფლება დაკარგა. ირანის ყველა შემოთავაზებას ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ სომხეთი ერთი და იმავე თეზისით პასუხობს და აცხადებს რომ მზადაა, ერთგვარ ხიდად იქცეს ევრაზიულ კავშირსა და ირანს შორის. ეს განცხადება იმდენად ხშირად ისმოდა, რომ ირანმა გადაწყვიტა, გაეფორმებინა შეთანხმება ევრაზიულ კავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. გეგმის მიხედვით, თეირანსა ევრაზიულ კავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობები სომხეთის საშუალებით უნდა დამყარებულიყო. ეს შეთანხმება 14 აპრილს, ევრაზიული კავშირის ბიშკეკის სამიტზე უნდა გაფორმებულიყო, მაგრამ მოგვიანებით განაცხადეს, რომ მხარეებმა დეტალები ვერ შეათანხმეს.
ამასთან, 19 აპრილს გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ სომხეთმა პირველი ნაბიჯი გადადგა ირანთან თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის გზაზე. სომხეთის ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტირების მინისტრმა, სურენ კარაიანმა სს „სიუნიკის თავისუფალი სავაჭრო ზონის“ დირექტორმა, ერვანდ გუკასიანმა გააფორმეს შეთანხმება, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას არეგულირებს იმ თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში, რომელიც ირანის საზღვარზე იქმნება. მაგრამ ამ ნაბიჯის უმნიშვნელობა იმაზე მეტყველებს, რომ სომხეთი არ ჩქარობს.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ირანსა და სომხეთს (შემდეგ კი საქართველოს) შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას აქტიურად ეწინააღმდეგება რუსეთი. მოსკოვში მიაჩნიათ, რომ ირანის ინიციატივები რეგიონული კომუნიკაციების შექმნის შესახებ რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება. გაზეთი «Взгляд» გამოეხმაურა ზარიფის ვიზიტს თბილისში და გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „ირანის სატრანსპორტო პროექტი რუსეთის გეგმებს უქმნის საფრთხეს“. გაზეთის მიერ გამოკითხული ექსპერტები ამბობენ, რომ ირანი-სომხეთი-საქართველოს სატრანსპორტო დერეფანი არამხოლოდ რუსეთის, არამედ თურქეთის ინტერესებსაც ეწინააღმდეგება.
მოუგვარებელი პრობლემების კვანძი იმაზე მიუთითებს, რომ სამხრეთი კავკასია შამპანურის ბოთლის საცობის როლში დარჩება. ვერავინ იტყვის, როდის იქნება „აფეთქება“ – მითუფრო ახლა, როდესაც შეერთებული შტატები ირანთან დადებული „ბირთვული გარიგების“ გადახედვას აპირებს. შესაძლოა, რეგიონში სამხედრო პოლიტიკური დაპირისპირების ახალი კერა გაჩნდეს.