რატომ არ არის ცხინვალში ფსიქიატრიული საავადმყოფო
სამხრეთ ოსეთში ფსიქიატრიული საავადმყოფო არ არის. 2008 წლის ომის დროს ძველი საავადმყოფოს დაგნრევის შემდეგ, ახალი ჯერ არ აუშენებიათ. ხელისუფლებას ასეთი გეგმები აქვს, ექიმების შტატიც კი შეინარჩუნეს, მაგრამ პაციენტებისთვის სრულფასოვანი დახმარების პირობები არ არსებობს. სამხრეთ ოსეთში ფსიქიკური აშლილობებისა და მათი მკურნალობის თემა დელიკატური და არასაჯაროა. ჟურნალისტი, ბლოგერი და მეწარმე ალან პარასტაევი გვიყვება, თუ როგორ ცდილობენ ამ პრობლემის მოგვარებას.
არარსებული საავადმყოფო
ხშირად ცხინვალში, ძველი თაობის წარმომადგენლების საუბრებში იმის შესახებ, თუ ვინ რამდენი წლისაა და ვინ “რომელწლიანია”, ისმის ფრაზა – “ის საგიჟეთის თაობაა”. თავიდან არ მესმოდა რას ნიშნავდა ეს, მაგრამ დროთა განმავლობაში უფროსებმა ამიხსნეს, თანაც ჩემს საკუთარ ბაბუაზე საუბრისას.
გეჩა პარასტაევმა, სტალინირის (ცხინვალის ძველი სახელწოდება 1931-1961 წლებში) სამხედრო ჰოსპიტლის ხელმძღვანელმა, რომელმაც ომის შემდგომ წლებში სამხრეთ ოსეთში ფაქტობრივად გინეკოლოგია დააფუძნა, სამშობიარო სახლისთვის ცალკე შენობა ააშენებინა. ხოლო ძველი შენობა, სადაც ადრე სამეანო კაბინეტი იყო, ფსიქიატრიულ საავადმყოფოს გადაეცა, რომელმაც 2008 წლის ომამდე იმუშავა.
ამიტომაც, ცხინვალელები ხშირად ამ შენობაში დაბადებულებს “საგიჟეთის თაობას” უწოდებენ.
- მოსაზრება: რა აზიანებს ეკოლოგიას ცხინვალში
- ცხინვალი: საბაჟოს გამო გამოწვეული სურსათის კრიზისი
- როგორ ცვლის სტრიტარტი ცხინვალს
ფსიქიკურად დაავადებულთა საავადმყოფო სამხრეთ ოსეთში 2008 წლამდე არსებობდა, მაგრამ აგვისტოს ომის დროს მას ჭურვი მოხვდა ამ ეს ისტორიულ შენობა ებრაელთა უბანში მთლიანად დაიწვა. მამაცი პერსონალის საპატივსაცემოდ უნდა ითქვას, რომ მათ დამწვარი შენობიდან ყველა პაციენტის გაყვანა მოახერხეს. საინტერესოა, ვინმე თუ დააჯილდოვეს ამ ღვაწლისთვის. ამის შესახებ ზუსტად არ არის ცნობილი.
მაგრამ დანამდვილებით ცნობილია, რომ ფსიქიატრიული საავადმყოფო ჯერ კიდევ არ გვაქვს. თუმცა ჯერ კიდევ 2009 წელს რუსეთის რეგიონული განვითარების სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა ცხინვალის რიგი ჯანდაცვის დაწესებულებების, მათ შორის, რესპუბლიკური ფსიქიატრიული საავადმყოფოს მიმდინარე რემონტის დასრულების შესახებ.
შემდეგ, 2011 და 2012 წლებში, იყო საუბრები სამხრეთ ოსეთში არა მხოლოდ საავადმყოფოს, არამედ ფსიქოთერაპიის ცენტრის მშენებლობის გეგმებზე. მისი პროექტიც კი იყო წარმოდგენილი. ერთ-ერთი ნაცნობი ექიმის თქმით, ის ისეთი უზარმაზარი უნდა ყოფილიყო, რომ პაციენტებს მიღებას თითქოს მთელი ამიერკავკასიიდან შეძლებდა.
სინამდვილეში, რესპუბლიკური ფსიქიატრიული საავადმყოფოს პერსონალი, მიუხედავად საავადმყოფოს არარსებობისა, ამდენი წლის განმავლობაში სამსახურიდან არ გაუთავისუფლებიათ, მათ ხელფასები არ მოუხსნეს და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში გადაანაწილეს.
პირობა, რომ ექიმები სამსახურს კვლავ შეინარჩუნებენ, ანატოლი ბიბილოვმა ჯერ კიდევ ახლად არჩეული პრეზიდენტის რანგში, ორი წლის წინაც მისცა.
ამავდროულად, ჯანმრთელობისა და სოციალური განვითარების მინისტრმა გიორგი ტოტჩიევმა დაადასტურა, რომ საავადმყოფოს თანამშრომელთა უმეტესობა შესაძლოა სამედიცინო-სოციალურ ცენტრში დასაქმდეს, რომელიც ექსპლუატაციაში 2018 წლის აპრილში უნდა შესულიყო.
მაგრამ მან ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა ახალი ფსიქიატრიული საავადმყოფოს მშენებლობაც.
რამდენადაც ცნობილია, განსაკუთრებით სერიოზული პაციენტები ცხინვალიდან რუსეთში, ჩრდილოეთ ოსეთის სპეციალურ დაწესებულებებში გადაყავთ. მაგრამ აუცილებელია პროფილაქტიკა და დახმარების გაწევა მათთვის, ვისი ფსიქიკური აშლილობა შორს არ წასულა და ვისაც ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდება.
ამდენი წლის მუდმივი ომების და პოლიტიკური არასტაბილურობის შემდეგ, ჩვენში ფსიქიური აშლილობები, ნევროზები და სტრესი ძალიან გავრცელებულია. ერთ-ერთი ფსიქოთერაპევტის მტკიცებით, ჩვენს მოქალაქეებს შორის ამგვარი დარღვევების მაჩვენებელი ძალიან დიდია, ხოლო სპეციალისტები კატასტროფულად არ გვყოფნის.
ფსიქოლოგიური დახმარება
მაგრამ ამ მიმართულებით პოზიტიური ძვრებიც არსებობს. ფსიქიკური აშლილობები, როგორც წესი, ფსიქოლოგიური პრობლემებით იწყება. და ჩვენ პრაქტიკულად არ გვყავს პირადი ფსიქოლოგები, რომლებსაც რუსეთში ბევრი ადამიანი მიმართავს, რომ აღარაფერი ვთქვათ განვითარებული დასავლეთის ქვეყნების მაცხოვრებლებზე.
მაგრამ ბოლო ორი წლის განმავლობაში გაჩნდა ინფორმაცია ფსიქოლოგების კაბინეტების გახსნის შესახებ, კერძო სპეციალისტები იღებენ პაციენტებს, მუშაობენ ბავშვებთან. წელს ფუნქციონირება დაიწყო ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრმა, რომელიც ანატოლი ბიბილოვი მხარდაჭერით და კოსტა ძუგაევის [სამხრეთ ოსეთის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე] ინიციატივით, საზოგადოებრივი ორგანიზაციის “ადამონ ნიფსის” ბაზაზე შეიქმნა.
დაახლოებით ორი წლის წინ “ადამონ ნიფსმა” დაიწყო პროექტის “ფსიქოლოგები ერის ჯანმრთელობისთვის” განხორციელება. ამ ორგანიზაციის ოფისში უფასო ფსიქოლოგის კაბინეტი მოქმედებდა. პაციენტებს ჩრდილოეთ ოსეთიდან მოწვეული ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი, პრაქტიკოსი ფსიქოლოგი ლარისა ხაბაევა იღებდა. იგი ახლად დაარსებულ ცენტრშიც გააგრძელებს მუშაობას და დაეხმარება მათ, ვინც ამას საჭიროებს.
ინგა კუსრაევა ფსიქოლოგია, საბავშვო საქველმოქმედო ფონდის “გვაჩუქე ფრთები” მხარდაჭერით, ის უკვე მესამე წელია მუშაობს ე. წ. საკორექციო კლასში სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან, რომლებსაც დაუნის სინდრომი, აუტისტური სპექტრის აშლილობა, მეტყველების და გონებრივი განვითარების დარღვევა აქვთ. ამისთვის მან 2019 წელს საუკეთესო ახალგაზრდა სოციალური მუშაკის ჯილდოც დაიმსახურა.
ამ კლასის ბავშვებთან ასევე რუსეთიან ჩამოსული სპეციალისტები მუშაობდნენ. 2019 წლის დეკემბერში სამხრეთ ოსეთში ნეიროფსიქოლოგი დმიტრი ერმოლაევი და მისი კოლეგა, დეფექტოლოგი და ფსიქოლოგი ალექსეი ბულანცევი იმყოფებოდნენ. როგორც ალექსეი ბულანცევმა მაშინ თქვა, მშობლები ხშირად მალავენ შშმ ბავშვებს, მათთან ერთად საზოგადოებაში გასვლა არ უნდათ. ამ თემაზე საუბარი ბევრ მშობელს არ უნდა და ამიტომ არ იციან, რა გზა უნდა გაიარონ. ”ჩვენ მშობლებთან გვაქვს დიალოგი და ვურჩევთ, როგორ მოიქცნენ სახლში. ეფექტური შედეგისთვის მშობლების ქცევა ძალიან მნიშვნელოვანია”, – მიიჩნევს ფსიქოლოგი.
სტატია მომზადებულია ცხინვალის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო