საქართველოს ფინანსთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა ვანო მაჭავარიანმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუკზე დაწერა.
მაჭავარიანის თქმით, თანამდებობიდან წასვლას ის ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში გეგმავდა:
“თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ წინ გველოდა 2021 წლის კრიზისული ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურა, ასევე, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის დასრულების თაობაზე, გადავწყვიტე ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვით გადამედო.”
მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც გლობალური პანდემიის დაწყებიდან მალევე, პარტნიორებისგან (მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ევროკავშირი) მიიღო მნიშვნელოვანი მხარდაჭერა.
“ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ მქონდა შესაძლებლობა, აქტიური მონაწილეობა მიმეღო ამ მოლაპარაკებებში”, – წერს ყოფილი მინისტრი.
მან წარმატება უსურვა პრემიერსა და მთავრობის წევრებს, ასევე პოლიტიკურ გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“, რომლის დროსაც მაჭავარიანს მოუწია მუშაობა.
მაჭავარიანი გადადგომას გამოეხმაურნენ “ქართული ოცნების” დეპუტატები. ნინო წილოსანის თქმით, საქართველოში საჯარო მოხელეობა საკმაოდ მძიმე ტვირთია.
“მას გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჰქონდა რამდენჯერმე ეს მოსაზრება, თუმცა ასე გადაწყვეტილი არ იყო. გარკვეულწილად, ალბათ, ანგარიში გაუწია იმ ეკონომიკურ მოცემულობას, რომელშიც ქვეყანა არის. თუმცა ვიცი, რომ მას საჯარო სექტორში მოღვაწეობა აღარ უნდოდა. სხვა დამატებითი დეტალები ჩემთვის უცნობია“, – ამბობს წილოსანი.
ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ ეს გადაწყვეტილება მთავრობის მძიმე კრიზისზე მიუთითებს.
“ჯერ პრემიერის, ახლა ფინანსთა მინისტრის გადადგომა ღრმა კრიზისზე მეტყველებს”, – განაცხადა პარტია “ევროპული საქართველოს” წევრმა აკაკი ბობოხიძემ.
ბობოხიძის თქმით, გამოსავალი არ არის მინისტრების გადადგომა და მას გაცილებით უფრო ეფექტური ქმედებები სჭირდება, რათა ქვეყანამ თავი დააღწიოს ხელისუფლების მიერ შექმნილ პრობლემებს.
_______________________________
● ევროკავშირში საქართველოს ელჩმა თანამდებობა დატოვა
● შს მინისტრის მოადგილე გადადგა
● მესამე ძალა თუ ივანიშვილის სატელიტი? ვინ როგორ აფასებს გახარიას პოლიტიკაში დარჩენას
______________________________
რამდენიმე დღის წინ თანამდებობა დატოვა ევროკავშირში საქართველოს ელჩმა ნატალია საბანაძემ, ხოლო მანამდე, პოსტიდან გადადგა საქართველოს პრემიერი გიორგი გახარიაც.
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ოპოზიციამ არჩევნების შედეგები არ აღიარა და სადეპუტატო მანდატებზე უარი თქვა.
ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა თებერვალში ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტიის, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ.
პოლიტიკური პროცესები ახლა ქუჩაში ვითარდება, სადაც ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები აწყობენ პერმანენტულ მიტინგებს ორი მთავარი მოთხოვნით: გათავისუფლდნენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები და დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ქვეყანას კი ისტორიაში პირველად ჰყავს თითქმის ერთპარტიული პარლამენტი.
პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავლის პოვნა ვერ შეძლეს ქვეყანაში აკრედიტებულმა დიპლომატებმა, რომლებმაც პროცესებში ფასილიტატორის როლს ასრულებდნენ და ვერც ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა – საქართველოში ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი იყო ჩამოსული, ასევე ბრიუსელში იყო მიწვეული ვითარების განსახილველად პრემიერი ღარიბაშვილი. ყველა შეხვედრა და რაუნდი უშედეგო აღმოჩნდა.
საქართველოში ჩამოვიდა მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონიც, თუმცა მისი 5-დღიანი ვიზიტი ჩავარდა – ხელისუფლებამ და ოპოზიციამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
დანიელსონი საქართველოში მეორეჯერაც ჩამოვიდა, თუმცა მოლაპარაკება ამჯერადაც უშედეგო აღმოჩნდა.