ვაქცინაცია აზერბაიჯანში: რით არიან ადამიანები უკმაყოფილოები?
უკვე ორთვე-ნახევარია, რაც აზერბაიჯანში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს. ამ დრომდე, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის აცრა მოხერხდა, მაგრამ საზოგადოებაში ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით მოსახლეობის დამოკიდებულება კვლავინდებურად არაერთგვაროვანია.
არიან ისეთები, რომლებიც პროცესს ეჭვის თვალით უყურებენ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც მხარს უჭერენ ვაქცინაციას, მაგრამ უკმაყოფილოები არიან პროცესის ორგანიზებით. თუმცა, ზოგიერთები საწინააღმდეგოს ამტკიცებენ: მათი აზრით, ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს. რასთან არის დაკავშირებული ადამიანების უკმაყოფილება?
აზერბაიჯანში, ჩინური წარმოების Sinovac-ის ვაქცინა გამოიყენება. ოფიციალური მონაცემებით, შეთანხმება ვაქცინის 4 მილიონი დოზის მოწოდებაზეა გაფორმებული. ეს ქვეყანაში ორი მილიონი ადამიანის აცრისთვის იქნება საკმარისი.
ვის ცრიან?
დღეისათვის, აზერბაიჯანში ვაქცინაციის პროცესის მეოთხე სტადია მიმდინარეობს. თავად პროცედურა უფასო და სრულიად ნებაყოფლობითია.
პირველი სტადიის დროს, რომელიც 2021 წლის 18 იანვარს დაიწყო, ექიმები და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები აცრეს, რომლებიც კარანტინის რეჟიმის დაცვის კონტროლით არიან დაკავებულები.
მეორე სტადიამ 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები მოიცვა, მესამემ – 50 წელზე უფროსი, მიმდინარე, მეოთხე სტადიამ კი – 40 წელზე უფროსი.
როგორ ტარდება ვაქცინაციის პროცედურა?
ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ერთ-ერთ ზემოჩამოთვლილ კატეგორიას ეკუთვნის, შეუძლია სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე შევიდეს, სადაც ვაქცინაციის ადგილს, თარიღსა და ზუსტ დროს ირჩევს.
ამასთან, სავალდებულო არ არის იმ სამედიცინო დაწესებულების არჩევა, რომელზეც საცხოვრებლის მიხედვით არის მიმაგრებული ადამიანი.
მოქალაქე თავად ირჩევს ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების თარიღს, მეორე დოზის შეყვანის დღე კი ავტომატურად განისაზღვრება და ადამიანი SMS-ს იღებს ტელეფონის მის მიერვე მითითებულ ნომერზე.
როგორ შეყავთ ვაქცინა
უშუალოდ ვაქცინაციის პროცედურა Facebook-ის საკუთარ გვერდზე აღწერა JAMnews-ის ერთ-ერთმა თანამშრომელმა:
„დღეს, პოლიკლინიკაში ამცრეს (პირველი დოზა).
ყველაფერი ძალიან ნორმალურად, კულტურულად და ყველანაირი რიგების გარეშე იყო (წინასწარ შევარჩიე თარიღი).
პოლიკლინიკის შენობაში შევედი, ხელების დეზინფიცირებისა და ტემპერატურის გაზომვის შემდეგ, გამოკვლევების ოთახში გამგზავნეს. იქ არტერიული წნევა გამიზომეს, მკითხეს ალერგიულ რეაქციებსა და ქრონიკულ დაავადებებზე. შემდეგ, რეგისტრაციის ნომერში გამგზავნეს, სადაც ჩემი სახელი და გვარი აღრიცხვის სისტემაში შეიყვანეს. ამ ყველაფრის შემდეგ, ინექციის ოთახში შევედი და კუნთის ქვეშ გამიკეთეს ვაქცინა. მანამდე, ჩემ თვალწინ ამოიღეს ამპულა სპეციალური ყუთიდან და მასში მყოფი სითხე ერთჯერადი შპრიცით ამოიღეს.
ინექციის შემდეგ, ნახევარი საათით მოცდა მთხოვეს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ვაქცინაციის შემდეგ შოკი არ მომცა. 30 წუთის მოცდის შემდეგ, სახლში წავედი.
ახლა, ისღა დამრჩენია, მეორე დოზას დაველოდო“.
რიგები და „უცნობი“ ვაქცინა
მაგრამ ყველა პოლიკლინიკაში ასე კარგად არ არის ყველაფერი. ჟურნალისტმა ნაილა ბალაევამ აღწერა ისტორია, რომელიც მასსა და მის ქმარს გადახდათ, როდესაც უბნის პოლიკლინიკაში წავიდნენ ვაქცინაციისთვის.
ჟურნალისტის თქმით, იმის მიუხედავად, რომ მათ პროცედურისთვის კონკრეტული თარიღი შეარჩიეს, პოლიკლინიკაში, „ცოცხალ რიგში“ მოუწიათ ჩადგომა.
„ოპერატიული შტაბის ინსტრუქციების მიხედვით, ვაქცინაციის დრო შევარჩიეთ. მაგრამ პოლიკლინიკაში მისვლის შემდეგ, ვნახეთ, რომ დერეფნები სავსე იყო მოქალაქეებით. როდესაც კართან მდგომ ქალს მივმართეთ, მოგვცეს რიცხვით დანიშნული ფურცელი, რომელიც ჩვენს რიგის ნომერს აღნიშნავდა – 48 და 49. და დასძინეს, რომ ვებგვერდზე რეგისტრაციის მიუხედავად, აქ „ცოცხალი“ რიგია“, – წერს ბალაევა.
ჟურნალისტმა ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინის ამპულა მისი თანდასწრებით არ გაუხსნიათ და არც ის უნახავს, როგორ შეიყვანეს ის შპრიცში:
„ამის შესახებ ვიკითხე, მაგრამ მიპასუხეს, რომ ვიტყუებოდი და ვაქცინა ჩემი თანდასწრებით გახსნეს. ერთი სიტყვით, ვერ გავიგე, რა გამიკეთეს – ვაქცინა თუ ჩვეულებრივი წყალი, იმაშიც კი არ ვარ დარწმუნებული, ვინმემ გამოიყენა თუ არა ეს შპრიცი ჩემამდე“.
ბალაევამ დასძინა, რომ სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელობამ ყურადღება არ მიაქცია არც მის ჩივილს.
ვაქცინის ერთი ამპულა ორისთვის?
ცნობილმა ჟურნალისტმა აინურ ელგიუნეშმა სოციალური ქსელების საკუთარ გვერდზე ექიმების გაფრთხილება განათავსა, რომლებმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვეს.
„მინდა თქვენამდე მოვიტანო მათი გაფრთხილება, ვისაც სამსახურის დაკარგვის შიშით, თავად არ შეუძლიათ ამის თქმა.
მათი თქმით, ვაქცინაციის პირველი სტადია ყველა წესის დაცვით მიმდინარეობდა, ანუ ექიმებსა და სხვებს სრული დოზა გაუკეთეს. ახლა კი პოლიკლინიკები ვაქცინების საჭირო დოზას ვერ იღებენ და მათ ეუბნებიან, რომ რაც აქვთ, იკმარონ. ამიტომ, ვაქცინის ერთი დოზა თანაბრად იყოფა და ორ ადამიანს უკეთდება. იყო შემთხვევები, როდესაც ექიმები პირდაპირ ეკითხებოდნენ ადამიანებს – ვაქცინა სჭირდებოდათ თუ ცნობა იმის შესახებ, რომ აიცრნენ“, – დაწერა ელგიუნეშმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
მისი თქმით, ექიმები ამტკიცებენ, რომ ხშირად ვაქცინები კერძო კლინიკებს ეძლევათ და ამიტომ იქმნება მათზე დეფიციტი.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ შევძლებთ ამ ზნედაცემულთა ხროვასთან ბრძოლას. მაგრამ, მოდი ვცადოთ. მაგალითად, რომ ამპულა თქვენ თვალწინ გახსნან“, – მოსახლეობას რეკომენდაცია მისცა ჟურნალისტმა.
კომენტარები
სოციალური ქსელების აზერბაიჯანულ სეგმენტში, ვაქცინაციის პროცესი ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემაა. აი, რამდენიმე სახასიათო კომენტარი:
„სულ 10 წუთი ველოდე, მაგრამ მითხრეს, რომ პოლიცია არ იძლევა ვაქცინაციის პროცედურის გადაღების უფლებას“.
„ჭკუა თუ გაქვთ, არ აიცრათ. იმიტომ, რომ კორონავირუსი არ არსებობს და ეს ყველაფერი სიცრუეა“.
„ქვეყანას თავად სჭირდება სერიოზული ვაქცინა“.