უძრავი ქონება უცხოელებისთვის აფხაზეთში: გაიყიდოს თუ არა
უცხოელებზე უძრავი ქონების გაყიდვა აფხაზეთში – ეს საკითხი ერთ – ერთი ყველაზე მტკივნეული თემაა აფხაზური საზოგადოებისთვის. უცხოელებზე საცხოვრებლის გაყიდვის აკრძალვის მოხსნის საკითხი დღის წესრიგში პერიოდულად დგება და მწვავე პოლიტიკური დებატების საგანი ხდება. გარდა ამისა, რუსეთთან ურთიერთობების შემდგომი განვითარება დიდწილად ამ საკითხის გადაწყვეტაზეა დამოკიდებული. ზოგიერთი პოლიტიკოსისა და საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილების მიუხედავად, აფხაზეთში ამ შეზღუდვის შემსუბუქების ვარიანტები განიხილება.
მოქმედი კანონის თანახმად, უცხოელებს აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენა არ შეუძლიათ – ამის უფლება მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქეებს აქვთ. ამის მიუხედავად, ასეთი გარიგებები მუდმივად სხვადასხვა “ნაცრისფერი” სქემების გამოყენებით ფორმდება, რომლებშიც ახალი მფლობელის უფლებები იმთავითვე საკმაოდ ბუნდოვანია. საკმაოდ ბევრი შემთხვევაა, როდესაც მყიდველი (მათ შორის ძირითადად რუსები არიან) საბოლოოდ უბრალოდ “გადაგდებული” რჩება იმათი მხრიდან, ვისზეც ეს ქონება გააფორმა.
რუსული მედია რეგულარულად აშუქებს სკანდალურ “ბინების საკითხს” აფხაზეთისთვის უარყოფით ტონში და შედეგად, ეს პრობლემა, ალბათ, ყველაზე მტკივნეული გახდა მოსკოვისა და სოხუმის ურთიერთობებში.
- მოსაზრება: აფხაზეთს რუსული ფული სჭირდება, მაგრამ ის შეიძლება ძალიან ძვირი დაუჯდეს
- აფხაზეთი: ბინები როგორც „ომის ნადავლი“ – დაუბრუნებენ თუ არა მათ მფლობელებს?
- „ბინადრობის უფლება“ აფხაზეთში მცხოვრები ქართველებისთვის – პრობლემის გადაწყვეტა თუ ახალი თავსატეხი?
კრემლი რეგულარულად უგზავნიდა სიგნალებს აფხაზეთის ხელისუფლებას რუსებისათვის უძრავი ქონების შეძენის აკრძალვის მოხსნის აუცილებლობის შესახებ და, როგორც წესი, ოფიციალური სოხუმი მათ უყურადღებოდ არ ტოვებდა. თუმცა, როგორც კი აფხაზი მაღალჩინოსნები არსებული ტაბუს გადახედვაზე საუბარს ფრთხილად დაიწყებდნენ, ხელისუფლება დაუყოვნებლივი სერიოზული წინააღმდეგობას ხვდებოდა, როგორც პოლიტიკურ წრეებში, ასევე საზოგადოებრივ დონეზე, რის შემდეგაც საკითხის გადაწყვეტა ისევ გადაიდებოდა ხოლმე.
რისი ეშინიათ აფხაზეთში
ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი იმის სასარგებლოდ, რომ აკრძალვის გაუქმება შეუძლებელია, აფხაზების მცირე რაოდენობაა.
საბჭოთა პერიოდის ბოლოს ეთნიკური აფხაზები მოსახლეობის მხოლოდ 17% -ს შეადგენდნენ. თუ უცხოელებს აქ უძრავი ქონების შეძენის უფლება ექნებათ, აფხაზებს ეშინიათ, რომ რუსები ჩამოვლენ და სახლებს და ბინებს იყიდიან და ამით შესამჩნევად შეცვლიან აფხაზეთის ეთნიკურ სურათს, რომელიც 1992-93 წლების აფხაზეთის ომის შემდეგ ჩამოყალიბდა.
”რუსების ერთმა პროცენტმაც რომ იყიდოს სახლი აფხაზეთის სანაპიროზე, ეს უკვე თითქმის მილიონნახევარი ადამიანია. ამ ხალხში ისე დავიკარგებით, ძნელი მოსაძებნები გავხდებით. ბოლოს და ბოლოს, აფხაზეთის მთლიანი მოსახლეობა მხოლოდ 240 ათასი ადამიანია ”, – ამბობს ჟურნალისტი ინალ ხაშიგი.
რა უნდა რუსეთს
აფხაზების შიშების მიუხედავად, მოსკოვი თავისას დაჟინებით ითხოვს.
2020 წელს უძრავი ქონების თემამ ახალ კონტექსტში გაიჟღერა. აფხაზეთის პარლამენტმა პრეზიდენტ ასლან ბჟანიასგან მიიღო აფხაზეთისა და რუსეთის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის წინადადებების სია, რომელიც თითქმის ორმოცდაათი პუნქტისგან შედგებოდა. ეს სია მოსკოვმა მოამზადა და როგორც აფხაზეთის ხელისუფლებაში ამბობენ, აფხაზეთის შემდგომი ფინანსური დახმარების ზომა პირდაპირ დამოკიდებულია იქ არსებული პრობლემების მოგვარებაზე.
ამ დღის წესრიგში ერთ – ერთი საკითხი ასე ჟღერს: ”აფხაზეთის მოქმედი კანონმდებლობის ცვლილებები, აფხაზეთის ტერიტორიაზე უძრავი ქონების უფლების მინიჭების ნაწილში იმ სახლმწიფოთა მოქალაქეებისთვის, რომლებიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ“.
ოპოზიციამ, პარლამენტის წევრის ნატალი სმირის პირით, ამ კანონპროექტს აფხაზეთის ეროვნული უშიშროებისთვის საფრთხე უწოდა. ამას ეთანხმებიან არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ ამჟამინდელი ხელისუფლების მხარდამჭერებიც.
ამიტომ, შეზღუდვების უპირობოდ მოხსნაზე არავინ საუბრობს, მაგრამ არსებობს წინადადებები აკრძალვის ოდნავ შესუსტების თაობაზე.
კერძოდ, ნათელა აკაბა, რომელიც ამჟამად საკონსტიტუციო რეფორმის კომისიას ხელმძღვანელობს, მიიჩნევს, რომ აფხაზეთის ყველაზე დეპრესიულ აღმოსავლეთ რეგიონებში გარკვეული ტერიტორიების გამოყოფა უცხოელებისთვის აპარტამენტების მშენებლობისთვის დადებითად აისახება სამუშაო ადგილების შექმნაზე და ეკონომიკური ზრდაზე ამ რეგიონებში:
”ამავე დროს, აფხაზეთის თავისებურებების გათვალისწინებით, აუცილებელია ამ საკითხისადმი ძალიან პასუხისმგებლობით მიდგომა: აპარტამენტებზე კვოტების დაწესებადა თითოეული პოტენციური მყიდველის ინდივიდუალურად განხილვა.”
ფრთხილი მიდგომის მიუხედავად, აკაბას იდეა მწვავედ გააკრიტიკეს სოციალურ ქსელებში, თუმცა, ეს თემა არაერთ მრგვალ მაგიდაზე განიხილებოდა.
აგარაკი ზღვაზე
დენის ბელოზოროვი (სახელი შეცვლილია) თავის სახლში სოხუმში წელიწადში ორჯერ ჩადის. ის სოხუმის ულამაზეს ადგილას, ბორცვზე დგას, რომელიც სოხუმის ყურეს გადაჰყურებს. სახლი მეზობლის, ადგილობრივი მკვიდრის სახელზე გაფორმებული, რომელიც მას უვლის, როდესაც ფაქტობრივი მფლობელი რეგისტრაციის ადგილზე – მოსკოვში იმყოფება.
პირველად დენისი აფხაზეთში ტურისტად ჩამოვიდა. მისი თქმით, იგი მაშინვე მიხვდა, რომ აფხაზეთში უფრო მეტი დროის გატარება და შესაზოა სამსახურის პოვნაც სურდა.
”ორი ბინა მაქვს მოსკოვში, ორივე მემკვიდრეობით მაქვს მიღებული. ერთს ვაქირავებ, მეორეში მშობლებთან ერთად ვცხოვრობთ. რუსეთის დედაქალაქში გაქირავებული ბინით მიღებული თანხა საკმარისია, რომ საერთოდ არ ვიმუშაო. ეს თანხა საკმარისი იქნებოდა როგორც სოხუმში ბინის ქირაობისთვის, ასევე საცხოვრებლად. მაგრამ მინდოდა მქონოდა საკუთარი ბაღი, ბოსტანი, ადგილი, სადაც პენსიონერ მშობლებს დიდი ხნით ჩამოსვლა შეეძლებოდათ და თავიანთ სახლად ჩათვლიდნენ “, – ამბობს დენისი.
კარგ ვარიანტს იგი დიდხანს ეძებდა, სოხუმში ერთ წელზე მეტი ხნით დარჩა და დიდ ნაკვეთს მიაგნო, რომელზეც ძველი სახლი იდგა. მეგობრების დახმარებით, რომელიც მან ერთ წელიწადში აფხაზეთში შეიძინა, მან პატარა ორსართულიანი სახლი დიდი აივნით ააშენა. ეს ზუსტად 10 წლის წინ იყო. დღეს მას აყვავებული ბაღი აქვს ხეხილითა და დეკორატიული ხეებითა და ბუჩქებით.
ახლა დენისი თავის სოხუმის “ფაზენდას” მოიკლე დროით სტუმრობს ხოლმე. მისი შვილი სკოლაში წავიდა და დენისმა და მისმა მეუღლემ გადაწყვიტეს, რომ ვაჟმა, რომელცი სოხუმში დაიბადა, მოსკოვში ისწავლოს.
სოხუმის სახლში ახლა მუდმივად დედამისი ცხოვრობს. იგი მეზობლებს დაუმეგობრდა, რომლებიც ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტნი არიან. ისინი ძირითადად ჩამოსულები არიან.
”გასულ წელს ბევრი მათგანი მურმანსკის რეგიონიდან ჩამოვიდა, – ამბობს დენისი – იქ ძალიან მაღალ, “ჩრდილოეთის” პენსიას უხდიან, ამიტომ სახლებს აქ ყიდულობენ, სადაც სიიაფე, ზღვა და სითბოა მთელი წლის განმავლობაში.”
ჯერ პასპორტი, შემდეგ საცხოვრებელი
დაახლოებით ოთხ თვეში ერთხელ, აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოქალაქეობის მიმნიჭებელი კომისია იკრიბება. აფხაზური პასპორტის აღების მსურველთა უმეტესობა რუსი პენსიონერია.
ყველა მათგანი ადმინისტრაციის შენობაში დანიშნულ დღეს მიდის და ინტერვიუზე მოწვევას ელოდება.
“მესამედ მოვდივარ, – ამბობს 70 წლის პენსიონერი ქალი პეტერბურგიდან. – აფხაზურ ენაში გამოცდას ვერ ვაბარებ“.
კითხვაზე, თუ რისთვის სჭირდება ეს ყველაფერი ამ ასაკში, იგი აღიარებს, რომ სამოთახიანი ბინის საკუთერებაში გაფიორმება სურს, რომელიც მან სოხუმის ცენტრში შეიძინა, რათა შემდეგ შვილიშვილს დაუტოვოს.
მხოლოდ სასამართლოთი
აფხაზეთში ჩამოსულებს შორის საცხოვრებლის საკითხი იმდენად მწვავედ დგას, რომ ხშირია სასამართლო დავები, რომელშიც მოსარჩელე და მოპასუხე ნათესავები ან ახლო მეგობრები არიან.
მაგალითად, ბინის გამო ერთმანეთს ორი უახლოესი მეგობარი ოლგა ბრიუხანოვა და იულია ტეტერინა დაუპირისპირდნენ.
ტეტერინა აფხაზეთში 2009 წელს მეუღლე ანატოლისთან ერთად ჩამოვიდა. მათ სოხუმში სახლის გაყიდვის შესახებ რეკლამა ნახეს, სახლის დაბალი ფასით მოიხიბლნენ და მის პატრონს დაუთ კვიცინიას ერთი მილიონ 700 ათასი ათასი რუბლი (დაახლოებით 23 ათასი დოლარი) გადაუხადეს.
შემდეგ კვიცინიამ მათ სახლის მართვისა და განკარგვის უფლებაზე მინდობილობა გაუფორმა, მაგრამ მათ არც ფულის გადაცემაზე ხელწერილი და არც ნასყიდობის ხელშეკრულება გაუფორმებიათ.
ოჯახმა გადაწყვიტა, რომ გარიგება შედგა, სახლი გაარემონტა, შეიძინეს ავეჯი და ცხოვრება, როგორც ნამდვილმა მფლობელებმა, ისე დაიწყეს. ექვსი წლის შემდეგ კვიცინიამ სთხოვა, სახლი რომელიმე მათი ნაცნობისთვის გაეფორმებინათ.
იმ დროისთვის იულია ტეტერინა თავის მეზობელ ოლგა ბრიუხანოვასთან მეგობრობდა, რომელმაც სახლის მის სახელზე დარეგისტრირება შესთავაზა. იულიამ ყველა საჭირო საბუთი შეაგროვა და კვიცინიამ და ბრიუხანოვამ ნოტარიუსთან ფიქტიური გარიგება დადეს.
2019 წლის მარტში ოლგა ბრიუხანოვამ შეიტანა სარჩელი სოხუმის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა სახლის დაბრუნება იულია ტეტერინასგან, რომელიც მას თითქოს უკანონოდ ფლობდა.
აფხაზეთის სასამართლოებში ბევრი ასეთი ამბის ნახვა შეიძლება.
რამდენიმე ინსტანციის გავლის შემდეგ, ბრაუხანოვა თავად აღმოჩნდა სასამართლოს წინაშე, როგორც თაღლითობაში ბრალდებული.
მომხრეები და მოწინააღმდეგეები
ნაწილობრივ ამის გამოც აფხაზეთში უცხოელებზე უძრავი ქონების გაყიდვის თემის საჯაროდ განხილვას ისევ დაუბრუნდნენ. მაგრამ დათქმებით, რომ საუბარია ბინის გაყიდვაზე ჩაწერის უფლებისა და მოქალაქეობის მიღების გარეშე.
უძრავი ქონების გაყიდვის საკითხს განიხილავენ საზოგადოებრივი პალატის (პრეზიდენტის საკონსულტაციო ორგანო) წევრები, მეცნიერები, ბიზნესმენები და საზოგადო მოღვაწეები.
ბიზნესმენი, საზოგადოებრივი პალატის წევრი აბესალომ კვარჩია მიიჩნევს, რომ დეპრესიული რეგიონების განვითარება და უძრავი ქონების რეალიზაცია ერთმანეთისგან განუყოფელი ცნებებია. ვინაიდან შეუძლებელია ინვესტორების მოზიდვა, თუ მათ არ მიეცემათ შესაძლებლობა შეიძინონ საცხოვრებელი უძრავი ქონება აფხაზეთში, თუნდაც აპარტამენტების სახით. ანუ ისეთი კომპლექსების, რომლებშიც ბინები უცხოელებზე ჩაწერისა და მოქალაქეობის მიღების უფლების გარეშე გაიყიდება.
მისივე თქმით, მსგავსი პრაქტიკა ევროპის ბევრ ქვეყანაში არსებობს.
”იმის ყურება, თუ როგორ კვდება ოდესღაც მაღაროელთა ქალაქი ტყვარჩელი, როგორ იზრდება ხეები მაღლივ კორპუსებზე და ამ დროს უმოქმედო ყოფნა არანაკლებ დანაშაულია, ვიდრე უძრავი ქონების გაყიდვა”, – ამბობს კვარჩია.
კვარჩიას კოლეგა საზოგადოებრივ პალატაში, რისმაგ აჯინჯალი დარწმუნებულია, რომ უცხოელებზე უძრავი ქონების გაყიდვა სტრატეგიული რესურსის გაფლანგვაა.
რისმაგ აჯინჯალის აზრით, პირველ რიგში, აუცილებელია ანტიკორუფციული კანონის მიღება და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შემუშავდეს განვითარების ნებისმიერი სტრატეგია და განხორციელდეს ინვესტიციური პროექტები.
„დეპრესიული ტყვარჩელი არავისთვის საინტერესო არ არის, – ამბობს აჯინჯალი, – ყველას უნდა გაგრაში, ბიჭვინთასა და სოხუმში. თუ ტაბუ მოიხსნება, ტყვარჩელში სინამდვილეში არაფერი შეიცვლება, მაგრამ ჩვენი მაღალჩინოსნები პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასაც სასტუმროდ გაყიდიან. ”
აქტივისტი, ფერმერი და ქალაქ ტყვარჩელის მკვიდრი კადირ არგუნი მიიჩნევს, რომ უძრავი ქონების თემა ახლა საერთოდ არ უნდა განიხილებოდეს, რადგან დღეს უფრო აქტუალური საკითხებია დღის წესრიგში. მაგალითად, მედიცინა, დასაქმება და საცხოვრებელი ფართი აფხაზი ახალგაზრდა ოჯახებისთვის.
”მუდმივად გვეუბნებიან, რომ უნდა დავუშვათ უძრავი ქონების უცხოელებზე გაყიდვა, რადგან მათი ინვესტიცია გვჭირდება. ჩვენ დიდი დიასპორა გვაქვს და აფხაზებს შორის ბევრი მსხვილი ბიზნესმენია, მოდით, მათ პროექტები შევთავაზოთ. თუ მათ მოუნდებათ, მათ შეუძლიათ შეიძინონ მთელი აფხაზეთი. მაგრამ ისინი ამას არ აკეთებენ. ასე რომ, პრობლემა სხვაგანაა ”, – მიიჩნევს კადირ არგუნი.
მისი თქმით, თუ ხელისუფლებას ნამდვილად სურს განვითარება, მან მხარი უნდა დაუჭიროს სოფელს, სოფლის მეურნეობას და ადგილობრივ მწარმოებლებს.
იურისტი ფრიდა ლაზბა ნაკლებად კატეგორიულია. იგი მიიჩნევს, რომ მოქალაქეობის გარეშე ბინების გაყიდვაში არაფერია ცუდი.
”დღეს ჩვენთან უძრავი ქონების არალეგალური ბაზარი ყვავის. რუსები ყიდულობენ ბინებს, აფორბემენ ადგილობრივ აფხაზებზე ან საერთოდ არ აფორმებენ. შედეგად, ბიუჯეტში გადასახადების სახით არაფერი შედის”, – ამბობს ლაზბა.
იგი მიიჩნევს, რომ საცხოვრებელი ფართის გაყიდვის მექანიზმი რუს სპეციალისტებთან ერთად უნდა შემუშავდეს. გარდა ამისა, ლაზბას თქმით, უძრავი ქონების ბაზრის ლიბერალიზაცია გადაჭრის სხვადასხვა დარგში სპეციალისტების სიმცირის პრობლემასაც გადაჭრის.
”ჩვენ გვაქვს კარგი საბჭოთა გამოცდილება. როდესაც სპეციალისტები, რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიის განვითარებისთვის ჩამოდიოდნენ, ბინებს იღებდნენ. ასე შეიქმნა სოხუმის ფიზიკისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტი, სადაც კოსმოსური მასშტაბის პროექტები ხორციელდებოდა”, – ამბობს ლაზბა.
პოლიტიკური საკითხი
თუმცა, უძრავი ქონების პრობლემაზე აფხაზეთში შიდა დისკუსიის მორიგი რაუნდის მიუხედავად, ხელისუფლებას აშკარად ესმის, რომ შეუძლებელია ამ პრობლემის მოგვარება სერიოზული შიდაპოლიტიკური ძვრების გარეშე.
აფხაზეთი მრავალი წლის განმავლობაში მწვავე შიდაპოლიტიკურ კრიზისს განიცდის, რის შედეგადაც ორი წინა პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი და რაულ ხაძიმბა თანამდებობიდან ვადაზე ადრე გადააყენეს. ამჟამინდელი პრეზიდენტი ასლან ბჟანია აშკარად არ აპირებს წინამორბედების ბედის გაზიაერებას აკრძალვის მოხსნის გამო.
თუმცა, რუსებისთვის აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის უფლების მინიჭების საკითხი მოსკოვის მთავარი “სურვილების” სიაში კვლავაც იქნება.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო