ექვსი ქართული სტარტაპი, რომელსაც პანდემიის დროს კარგად მისდის საქმე
კორონავირუსით გამოწვეულმა კრიზისმა საქართველოში ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროს დიდი ზარალი მიაყენა.
თუმცა, არიან გამონაკლისები – ბიზნესები, რომლებსაც პანდემიის პირობებში, პირიქით, შემოსავლები ეზრდებათ.
JAMnews-ი ექვს ასეთ ამბავს მოგიყვებათ:
ნოდარ ბაღიშვილი, ღვინის ბიბლიოთეკის დამფუძნებელი:
ღვინის ბიბლიოთეკა უკვე სამი წლისაა. ნიშა თავიდანვე ძალიან კონკრეტული შევარჩიეთ – ვყიდით მცირე და საშუალო მეწარმეების მიერ გაკეთებულ მაღალი ხარისხის ღვინოს.
გვინდოდა მეღვინეებისთვის შეგვექმნა სივრცე, სადაც ღვინოს სიამოვნებით ჩააბარებდნენ. ვთვლით, რომ თუ მეღვინე იქნება კმაყოფილი, მას ექნება კარგად მუშაობის მოტივაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელიც კმაყოფილი იქნება.
ამ ეტაპზე ჩვენს ბიბლიოთეკა ძალიან გაფართოებულია – 170 მეღვინე აბარებს 750 სახეობის ღვინოს. ეს ნიშნავს, რომ კონცეფციამ გაამართლა.
თავიდანვე გადავწყვიტეთ მომხმარებლებთან ინტერაქცია. შევქმენით კლუბი, სადაც ვაწყობდით შეხვედრებს. ყოველ ხუთშაბათს, ერთი რომელიმე მეღვინე წარადგენდა თავის ღვინოს, რომელიც იმ დღეს სპეციალურ ფასად გაიყიდებოდა. ამ შეხვედრებს ბევრი ესწრებოდა. ერთი სიტყვით, ყველაფერი კარგად მიდიოდა.
თუმცა, მალევე 2020 წლის მარტი წამოგვეწია. ურთულესი პერიოდი დაიწყო. ერთი მაღაზია დავხურეთ. ვხვდებოდით, რომ თუ რამეს არ მოვიფიქრებდით, ვეღარ გადავრჩებოდით.
ვმსჯელობდით, რომ 80 საუკუნეა საქართველოში ღვინის წარმოება მიდის, ამ ხნის განმავლობაში რა აღარ ყოფილა და კორონავირუსმა როგორ უნდა შეაჩეროსო. ამ ფილოსოფიურმა ფიქრების მყარად გადაგვაწყვეტინა, რომ საქმე არ შეგვეჩერებინა.
დავსხედით და დავიწყეთ ფიქრი – რა ვქნათ?
ჩავიკეტეთ თუ არა ეგრევე, გადავწყვიტეთ ჩვენი მეღვინის ხუთშაბათები ონლაინ მოგვეწყო. თავიდან მწარმოებლები არ იყვნენ ონლაინ წარდგენაზე კარგი აზრის, თუმცა პირველივე ზუმ-ტრანსლაცია რომ გამოვიდა და ბევრი ღვინო გაიყიდა, მერე სხვებსაც მოუნდათ.
„ზუმში“ შეხვედრები რეგულარული გახდა. მომხმარებლები წინასწარ, ონლაინ ყიდულობდნენ ღვინოს, რომ ხუთშაბათისთვის უკვე სახლში ჰქონოდათ. მეღვინესთან ზუმის შეხვედრაზე ყველანი ერთად მივირთმევდით სასმელს, ვლაპარაკობდით, ვხუმრობდით.
მოდერატორიც კარგი გვყავდა, რომელიც ამხიარულებდა საღამოს და ახალისებდა დალევას. ასე გავატარეთ გაზაფხულის კარანტინის მძიმე საღამოები.
საერთოდ, სტატისტიკურად, კრიზისების დროს ალკოჰოლის მოხმარება არ მცირდება. საღამოს სახლში ჯდომისას ერთი ბოთლი ღვინის დალევა დროის სასიამოვნოდ გატარებას ნიშნავდა სტრესში მყოფი ადამიანებისთვის.
შედეგად, ჩვენი შემოსავალი 2020 წელს ორნახევარჯერ გაიზარდა. ძალიან ბევრი ღვინო დაილია ეკრანთან. საბოლოო ჯამში, წინა ორ წელთან შედარებით, ეს კარგი წელი აღმოჩნდა ჩვენი ბიზნესისთვის.
რა თქმა უნდა, იყო რისკი, რომ გაყიდვები ჩავარდებოდა. ბევრი ახალი სირთულე გაჩნდა – მიტანის სერვისის მენეჯმენტი, საშვების აღება, ზუმ შეხვედრების ორგანიზება და ა.შ. თუმცა, ბიზნესში მთავარია არ გაჩერდე. შეცდომების არ უნდა შეგეშინდეს, ჩვენ შეცდომების დაშვების უფლება გვაქვს, კარდიოქირურგები ხომ არ ვართ?! გადავრჩით იმიტომ, რომ არ გავჩერებულვართ და გამოვიდა, რომ სწორი გზით ვიარეთ.
ნინო ჩხიკვიშვილი, Home Cooking Adventures
ვირუსი გავრცელდა თუ არა, დავჯექი სახლში. სამსახური აღარ მქონდა. რა მეკეთებინა?
კულინარია ძალიან მიყვარს და სულ მიმიწევდა გული ამ სფეროსკენ. ამიტომ უსაქმურობისას ავდექი და ფეისბუქ ჯგუფი გავაკეთე.
საოცრება იყო. დაარსების წუთიდან არ გაჩერებულა ჯგუფი. კვირაში 2 და 3 ათასი ადამიანი ემატებოდა და ახლა, მხოლოდ 8 თვის თავზე, უკვე 50 ათასამდე მომხმარებელი გვყავს.
მე თვითონაც მიკვირს, რომ არ მოგატყუოთ. ფეისბუქზე ძალიან ბევრი კულინარიული ჯგუფია, რომელიც წლებია არსებობს და ჩემმა ჯგუფმა ასეთი აჟიოტაჟი რატომ გამოიწვია, არ ვიცი.
საიდუმლო ალბათ იმაშია, რომ ძალიან მოვინდომე და მართლა დიდი შრომა ჩავდე. 24 საათი ამ საქმეს დავუთმე. ვკითხულობდი ყველა კომენტარს, ვფილტრავდი ყველა პოსტს, პირადად ვწერდი ყველა მომხმარებელს, ვინც ნეგატიურ კომენტარს დაწერდა, ვბლოკავდი ყველა არარელევანტურ პოსტს. დილით ადრე, ღამით გვიან – სულ ონლაინ ვიყავი. ერთი მომხმარებელი ამერიკიდან პოსტავდა და მისი პოსტებიც რომ მაშინვე ქვეყნდებოდა, არასოდეს გძინავსო, მკითხა.
შემიძლია ვთქვა, რომ ჯგუფის თითქმის ყველა წევრს ვიცნობ.
როგორც კი ჯგუფმა ტემპი აკრიფა, წამოვიდა რეკლამა.
თავიდან, რეკლამების გამოქვეყნებისგან ძალიან ვიკავებდი თავს. უმეტესობას უარს ვეუბნებოდი. მინდოდა ადამიანებს ამ ჯგუფში მხოლოდ გემრიელი კერძები, კარგი გარემო და დადებითი აურა დახვედროდათ. არანაირი კამათი, ჩხუბი, აგრესია და გაუთავებელი, უხარისხო რეკლამები.
თუმცა, ახლა რეკლამებსაც ვდებ, ოღონდ ძალიან ცოტას და საგულდაგულოდ გაფილტრულს. უარს ვეუბნები ყველა ბრენდს, რომლის პროდუქციაც თავად არ მაქვს გამოცდილი ან ხარისხი არ მომეწონება. მხოლოდ იმას ვაქვეყნებ, რაშიც დარწმუნებული ვარ.
დღეს ჩემი შემოსავალი მთლიანად ეს ჯგუფია და იგი ბევრად აღემატება ხელფასს, რომელიც პანდემიამდელ სამსახურში მქონდა.
კარანტინში აღარ ვართ, მაგრამ ჯგუფი ახლაც ძალიან აქტიურია, დღეში მინიმუმ 30 პოსტი იდება, კვირაში კი დაახლოებით 500 ადამიანი ემატება.
ჩემი აზრით, ჯგუფის წარმატების საიდუმლო იმაშია, რომ სწორ დროს გავაკეთე, როდესაც ყველა სახლში ჩაჯდა და დეპრესიამ მოიცვა. კარანტინში კულინარია ძალიან პოპულარული გახდა და შესაბამისად, ამ ჯგუფმაც ამის ხარჯზე მოიპოვა წარმატება.
შემოსავლის ზრდასთან ერთად, ამ ჯგუფის სახელით უკვე სხვა, ახალ პროექტებსაც უფრო მარტივად ვაკეთებ.
სულ ახლახანს მეგობართან, ნესტან მამაცაშვილთან ერთად ახალი პროექტი წამოვიწყე – Cool To Cook. სამზარეულოს ხელნაკეთ აქსესუარებს ვამზადებთ.
ასევე, მინდა Home Cooking Adventures საიტი გავაკეთო, რომელიც ჯგუფში გამოქვეყნებული რეცეპტების ერთგვარი ბაზა იქნება, საიდანაც ინგრედიენტების გამოწერა იქნება შესაძლებელი. შემდეგ Home Cooking Adventures Day მინდა მოვაწყო და მოკლედ, კიდევ ბევრი იდეა მაქვს, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებ.
ქეთი თოფურიძე, სალომე არაბიძე, Person / Easymask
ჩვენ 2016 წლიდან ვარსებობთ. თავიდან წელის ჩანთების გაყიდვით დავიწყეთ. ახლა თავისუფალი სტილის, კომფორტულ ტანსაცმელს ვყიდით. თავიდან მთლიანად ონლაინ გვინდოდა გვემუშავა, მაგრამ მერე გამოჩნდა, რომ საქართველო ამისთვის მზად არ იყო. ამიტომ 2019 წლის დეკემბერში მაღაზია გავხსენით.
მაღაზიამ მხოლოდ რამდენიმე თვე იარსება, დაიწყო პანდემია. როგორც კი მივხვდით, რომ პანდემია ერთ და ორ თვეში არ დასრულდებოდა, გადავწყვიტეთ, რამე ახალი მოგვეფიქრებინა.
ბაზარი შევისწავლეთ, ქსოვილი და აქსესუარები შევარჩიეთ და აგვისტოს შუა რიცხვებში პირბადეების გამოშვება დავიწყეთ.
ჩვენ ვაკეთებთ მრავალჯერად პირბადეს, სარქველით, რომელშიც ადამიანს თავისუფლად შეუძლია სუნთქვა.
მომხმარებლებს ისე მოეწონა ჩვენი პირბადე, რომ მალე ვეღარ ვეწეოდით მოთხოვნას და სხვა სამკერვალოსთანაც დავიწყეთ თანამშრომლობა.
ნელ-ნელა, ხარისხი კიდევ უფრო დავხვეწეთ, ჩამოვიტანეთ სპეციალური ფილტრები.
სულ ვაკვირდებოდით ბაზარს, მომხმარებლებს. შევამჩნიეთ, რომ ადამიანებს პირბადეები ხელზე ან ნიკაპზე ჰქონდათ ჩამოკიდებული, რაც ძალიან არაჰიგიენური და არაპრაქტიკულია. ამიტომ შევქმენით პირბადის ჩასადებები. შვიდი სხვადასხვა ფერის ჩასადები გვაქვს.
მერე პირბადეების საკიდებიც გამოვუშვით – როდესაც პირბადეს ცოტა ხნით იხსნი, შეგიძლია კისერზე ჩამოიკიდო. საბავშვო პირბადეებიც გვაქვს, ფერა-ფერადი ქსოვილით და სარქველით. კორპორატიული, ბრენდირებული ხაზიც გავაკეთეთ. მაგალითად, საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელებს ერთ-ერთ ტურნირზე ჩვენი პირბადეები ეკეთათ.
მართალია, ჩვენი კომპანიის გაყიდვები პირბადის ხარჯზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა მთელი სულით და გულით ვგულშემატკივრობთ პანდემიის დასრულებას. გვინდა დროზე შემოვიდეს აცრები, ამუშავდეს ეკონომიკა და კოვიდი აღარ არსებობდეს.
გიორგი თუშურაშვილი, echolize.com
Echolize.com არის ინფლუენსერების პლატფორმა, სადაც შესაძლებელია დაგეგმო ინფლუენსერ-მარკეტინგის კამპანია, გაიგო ბიუჯეტი, რა შეიძლება ესა თუ ის კამპანია ღირდეს, ვინ არიან ინფლუენსერები და ა.შ.
პანდემია რომ დაიწყო, ძალიან ბევრმა კომპანიამ შეამცირა მარკეტინგული ხარჯი, ამიტომ ეს ჩვენს საქმიანობაზეც აისახა. ბევრი შეკვეთა გადაგვედო, ქვეყანა ჩაიკეტა. სრული გაუგებრობა იყო როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში – რა დაიკეტებოდა და რა გადარჩებოდა არავინ ვიცოდით.
მივხვდით, რომ კარგი დრო იყო რაღაც ახალი მოგვეფიქრებინა, ბაზარზე სიახლე შემოგვეტანა და მოლოდინის რეჟიმში არ ვყოფილიყავით.
ამიტომ, დავუკავშირდით “საქართველოს ბანკს” და მივაწოდეთ იდეა, შეგვექმნა პლატფორმა, სადაც ადამიანები შეიძენდნენ ვაუჩერს, რომლის გამოყენებასაც რეგულაციების მოხსნის შემდეგ შეძლებდნენ.
მაგალითად, ყიდულობ სასტუმროს ვაუჩერს. ახლა ვერ მიდიხარ, მაგრამ დღეს კომპანიას ეხმარები რომ გადარჩეს, შენ კი ამ ვაუჩერს პირველივე შესაძლებლობისთანავე გამოიყენებ.
ამ პლატფორმამ, რომელიც უშუალოდ ლივინგსტონმა შექმნა, 100 ათას ლარზე მეტი თანხის შეგროვება შეძლო ზაფხულში.
პარალელურად, ჩვენ მაქსიმალურად შევამცირეთ ჩვენი კომპანიის ხარჯები, ახალ იდეებზე დავიწყეთ მუშაობა, დისტანციურად ახალი თანამშრომლები ავიყვანეთ და მაქსიმალურად ვეცადეთ ჩვენი მომსახურება გაგვეუმჯობესებინა.
ეს ყველაფერი ძალიან კარგად აისახა ჩვენს შემოსავალზე – ნოემბრის და დეკემბრის თვეში ყველაზე მაღალი შემოსავალი გვქონდა და კომპანია 2020 წელს ყველა კუთხით გაიზარდა.
ჩვენ სტარტაპი ვართ, ექსპერიმენტი, ამიტომ პანდემიის გარეშეც სულ განვითარებაზე ვფიქრობთ, პანდემიამ უბრალოდ დააჩქარა ეს პროცესი.
რაც 2020-ში ვისწავლეთ და გავაუმჯობესეთ, ის მომავალშიც უნდა გამოვიყენოთ. რაც არ ამართლებს, უნდა გადავაგდოთ. სულ წინ უნდა ვიაროთ. სწავლა სიკვდილამდეო, ხომ გაგიგიათ. ასეა ჩვენი ამბავი.
ეკატერინე მდივანი, E2clean
პანდემიამდე ჩვეულებრივი სამსახურები მქონდა, რუტინულად ვცხოვრობდი.
თებერვალში, როდესაც ვირუსის გავრცელება ჯერ მხოლოდ იწყებოდა, შევამჩნიე, რომ პირბადეები და სადეზინფექციო ხსნარები გაძვირდა და მოთხოვნადი გახდა. მე და ჩემს ქმარს გაგვიჩნდა იდეა, რომ საშუალო ფასის, კარგი ხარისხის, ქართული ანტისეპტიკური ხსნარი შეგვექმნა.
მე სამედიცინო განათლება მაქვს, ამიტომ ფორმულა ჩემით გამოვიყვანე. პირველი ნიმუში საკუთარი ხელით გავაკეთე და მომენტალურად ლაბორატორიაში წავიღე.
ლაბორატორიამ ჩვენი ხსნარი დაამტკიცა და ერთ კვირაში უკვე წარმოება დავიწყეთ. ვიქირავეთ ადგილი, შევარემონტეთ და ე.წ. პატარა ქარხანა გავაკეთეთ.
ორ კვირაშივე დავინახეთ შედეგი. ეს არცაა გასაკვირი, რადგან სადეზინფექციო საშუალებები ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი იყო. თანაც, ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც ეს საქმე წამოიწყო.
თავიდან 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობდით. აპრილში მანქანებით მოძრაობა რომ აკრძალეს, საშვის აღება გაგვიჭიანურდა, არადა ძალიან დიდი შეკვეთა მივიღეთ, რაც ქარხანაში 24 საათიან შრომას ნიშნავდა.
რადგან საშვი ჯერ არ გვქონდა და ინტენსიური მუშაობა გვიწევდა, სრული ერთი კვირა ქარხანაში გავატარეთ, სახლში ვერ მივდიოდით უსაშვოდ. ერთი კვირის განმავლობაში ქარხანაში ვცხოვრობდი. საბედნიეროდ, ის საკმაოდ მსხვილი შეკვეთა მოვასწარით.
ახლა, შემცირებულია მოთხოვნა, რადგან სხვა კომპანიებმაც დაიწყეს ანტისეპტიკური ხსნარების წარმოება. ისედაც, ვფიქრობ, რომ უკვე ბოლოსკენ მიდის ეს ყველაფერი, ვირუსიც და ჩვენი საქმიანობაც. ეს მხოლოდ მახარებს.
თუმცა, ახლა უკვე ვიცი, რომ მომავალ საქმიანობასაც ამ კუთხით გავაგრძელებ. რამდენიმე საინტერესო იდეა მაქვს.
დავით გაბუნია, გიორგი გველესიანი, ვახო მძინარიშვილი, თენგო ჩიკვაიძე. 180 გრადუსი
დავით გაბუნია: მე თავად ვიყავი დამოკიდებული ბევრი წელი და ახლა, უკვე ორწელიწადნახევარია სრულიად სუფთა ვარ. ჩემი გამოცდილების სხვისთვის გაზიარება მინდოდა, ამიტომ ისრაელსა და ამერიკაში დისტანციურად ვისწავლე რა არის დამოკიდებულება და რა მეთოდებით შეიძლება ადამიანმა ამ მდგომარეობას დააღწიოს თავი.
პანდემია რომ დაიწყო, სამსახური, სადაც სეანსებს ვატარებდი აღარ მქონდა და სრულიად უიმედოდ დავრჩი.
საბედნიეროდ, მალევე ორი კერძო პაციენტი გამოჩნდა. მათთან სახლში დავდიოდი . ნელ-ნელა, კიდევ რამდენიმემ მომმართა. ყველასთან სახლში ხომ ვერ ვივლიდი? სკვერებში ვატარებდით სეანსებს. ტრანსპორტი არ იყო, მანქანები არ დადიოდა.
ამასობაში შევხვდი გიორგის, რომელსაც ამ საქმეში ჩართვა მოუნდა, თენგომ საკუთარი სივრცე დაგვითმო, ვახოც შემოგვიერთდა და ასე შევქმენით 180 გრადუსი – ადგილი, სადაც ადამიანებს სხვადასხვა დამოკიდებულებისგან თავის დაღწევაში ვეხმარებით.
დღეს მომართვიანობა უკვე იმდენად მაღალია, რომ საკმარისი რესურსი არ გვაქვს, ვერ ავუდივართ. ეს ნათლად მიანიშნებს, რამდენად პრობლემურია ეს საკითხი ჩვენთან.
საქართველოში არ არის ბევრი სივრცე, სადაც ასეთ სეანსებს იგივე გამოცდილების მქონე ადამიანები ატარებენ. თუ ადამიანს თავად არ აქვს გამოვლილი გზა დამოკიდებულებიდან თავისუფლებამდე, ის ისე ეფექტურად ვერ დაეხმარება სხვას. მხოლოდ თეორია არ არის საკმარისი. აქ მთავარ ეფექტს ქმნის გამოცდილება, რომელმაც მე აქამდე მომიყვანა.
ასევე, პანდემიის პირობებში, კიდევ უფრო წარმოჩინდა ის პრობლემები, რომელთა წინაშეც დამოკიდებული ადამიანები დგანან. თუ მანამდე თავს ადვილად იტყუებდნენ, ახლა პირისპირ დარჩნენ საკუთარ თავთან მარტო, ან ოჯახის წევრებთან ერთად, სახლებში გამოკეტილები.
ამიტომ, ძალიან სწორ დროს, ბევრი ადამიანისთვის ძალიან საჭირო აღმოვჩნდით. ჩვენი ცენტრი მხოლოდ ნარკოტიკზე ან ალკოჰოლზე დამოკიდებულებაზე არ ფოკუსირდება. ჩვენ ვებრძვით ზოგადად “დამოკიდებულებას”, რომელიც თავად არის დაავადება.
ნარკოტიკი, ალკოჰოლი, ან თამაშზე დამოკიდებულება, ეს ყველაფერი ამ დაავადების სიმპტომებია. ადამიანი არაჯანსაღ დამოკიდებულებას მიჰყავს ნარკოტიკთან ან ალკოჰოლთან და არა პირიქით. თუ ადამიანს ეს დაავადება პირველადი ფორმით არ აქვს, მან შეიძლება ორჯერ, სამჯერ მოიხმაროს ნარკოტიკი და მერე უარი თქვას მასზე.
ჩვენ კი მათ ვმკურნალობთ, ვინც უარს ვერ ამბობს. ასევე, ვმუშაობთ დამოკიდებული ადამიანების ოჯახის წევრებთანაც, რადგან მათაც სერიოზული რეაბილიტაცია სჭირდებათ.
შედეგი ძალიან კარგი გვაქვს. ახლა სულ 100 კვადრატულია ჩვენი ოფისი, მაგრამ იმედი გვაქვს ნელ-ნელა გავფართოვდებით. გვინდა იმ ადამიანებმაც მიიღონ პაციენტები, ვინც ახლა თვითონ გადიან მკურნალობას ჩვენთან.