სკოლის მოსწავლე გოგონას ნიშნობა საქართველოში. როგორ მოხდა ეს?
შესწორება: თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გოგონა 11 წლის იყო. მათ შორის ასეთ ინფორმაციას ავრცელებდა შს სამინისტრო, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ გოგონა 14 წლისაა, რაც თავისთავად პრობლემის არსს არ ცვლის. JAMnews
8 თებერვალს სოციალურ ქსელებში – ფეისბუკსა და ტიკტოკზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს ახალგაზრდა გოგონას და ბიჭის ნიშნობის ცერემონიალი. აშკარაა, რომ ისინი არასრულწლოვანები არიან.
ვიდეოში აზერბაიჯანულად ლაპარაკობენ. თუმცა, დიალექტიდან იკვეთება, რომ ისინი საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები არიან. კერძოდ კი, თბილისის გარეუბნიდან – სოფელ ფონიჭალიდან, სადაც კომპაქტურად ცხოვრობს აზერბაიჯანული მოსახლეობა.
მცირეწლოვანი ბავშვის ნიშნობის ფაქტზე უკვე აღიძრა საქმე. გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულებას გულისხმობს.
შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ მიმდინარეობს გამოძიება “სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალა, 11 წლის არასრულწლოვანი გოგონას შესაძლო ნიშნობის ფაქტზე”.
_____________________________________________________________________________
● როგორ ათხოვებენ საქართველოში არასრულწლოვან გოგონებს
● “დედამთილი სულ მითითებებს მაძლევს. შეპასუხება არ შეიძლება” – ქალები პანდემიაში. ექვსი ამბავი
_____________________________________________________________________________
ფაქტს თავის მხრივ იძიებს საქართველოს სახალხო დამცველის ოფისიც.
ბავშვის შესაძლო ნიშნობის ვიდეოებმა და ფოტოებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულ საზოგადოებაში.
ფოტოებში კარგად ჩანს, თუ როგორ ურიგებს გოგონა ტკბილ ჩაის მოსულ სტუმრებს. ეს ნიშნობის აზერბაიჯანული ტრადიციაა – გოგონა ტკბილი ჩაით ქორწინების შეთანხმების პირველ ეტაპზე ანუ ნიშნობაზე უმასპინძლდება სტუმრებს.
პარალელურად, გოგონას ოჯახი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ დანიშნული გოგონა 14 წლის არის, ხოლო მისი საქმრო 19 წლის.
„სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია, 11 წლის გოგოს არავინ აქორწინებს. ეს ქორწინება არაა. უბრალოდ გოგოს ოჯახისგან დასტური აიღეს, თვითონ ნათესავები არიან. ქორწილის გადახდას კი, სამი წლის მერე გეგმავენ როდესაც გოგო 18 წლის გახდება“, – უთხრა ოჯახის ნათესავმა აზერბაიჯანული ტელეკომპანიის კორესპონდენტს, რომელიც სიუჟეტის მოსამზადებლად ფონიჭალაში ჩავიდა.
მარნეულელმა სამოქალაქო აქტივისტებიმა და უბრალო მოქალაქეებმა ეს ამბავი დაგმეს.
ისინი საქართველოს კანონმდებლობის გამკაცრებას ითხოვენ, სადაც ნიშნობის შესახებ არაფერი წერია. არადა, მათი თქმით, ნიშნობა ჩვეულებრივი პრაქტიკაა საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანულ თემში – პატარა ბავშვებს ნიშნავენ და როცა ცოტას წამოიზრდებიან, ორ-სამ წელიწადში ათხოვებენ. დანიშნულ ბავშვს, აქვს უფლება შემდგომ უარი თქვას ქორწინებაზე.
საქართველოს კანონმდებლობით, პირთან, რომელიც არასრულწლოვან გოგონას მოიტაცებს, შესაძლოა გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება და იგი რეალურ სასჯელს ასცდეს. სამოქალაქო აქტივისტები ითხოვენ სასჯელის გამკაცრებას გოგონების ქორწინებაზე იძულებისთვის.
“ჩვენთან კანონმდებლობაში ნიშნობის შესახებ არაფერია, პატარა ბავშვების ნიშნავენ და მერე ათხოვებენ. ნაადრევ ქორწინებასთან ერთად ნიშნობაც უნდა იყოს აკრძალული, ეს ნაადრევ ქორწინებას ხელს აწყობს. უნდა გაუქმდეს საპროცესო შეთანხმებაც”, – წერს ქვემო ქართლელი სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა.
კიდევ ერთ თავის სტატუსში სამირა საკუთარი ბავშვობიდან ისტორიას იხსენებს და ამით ხაზს უსვამს, რომ აზერბაიჯანულ ტრადიციულ საზოგადოებაში გოგონებს ხშირად ბავშვობას ართმევენ:
“10 წლის ვიყავი და დედაჩემს ვთხოვე, რომ თოჯინა ეყიდა, – შენ დიდი გოგო ხარ, რად გინდა თოჯინაო. ამასობაში არასოდეს მქონდა თოჯინა, მაგრამ უკვე მზითვები კი მქონდა. დღემდე ეს ჩემს გულში შავი ჭრილობაა”.
არასრულწლოვანთა ქორწინება – მოუგვარებელი პრობლემა
საქართველოში ყოველწლიურად რამდენიმე ათეულ გოგონას ოჯახის შექმნის მიზნით სკოლის მერხიდან იტაცებენ.
სტატისტიკა: შსს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2019 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით 175 დანაშაული გამოვლინდა, რომლის მოტივიც ბავშვთან ქორწინება იყო. აღნიშნული მაჩვენებელი თითქმის იდენტურია 2018 წლის მონაცემების, რაც 176 შემთხვევას შეადგენს.
განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა საქართველოს რამდენიმე რეგიონში – მაღალმთიან აჭარაში და ასევე რაიონებში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ეთნიკური აზერბაიჯანელები. აქ ნაადრევი ქორწინება ჩვეულებრივი ამბავია და როგორც ადგილობრივები აცხადებენ, აზერბაიჯანული ტრადიციის ნაწილია.
• საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის მიხედვით, დასჯადია სრულწლოვანი პირის სქესობრივი კავშირი 16 წელს მიუღწეველ პირთან. მიუხედავად საკანონმდებლო ცვლილებებისა, ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტები კვლავ ხდება. ხშირად, გამტაცებელთან საპროცესო შეთანხმება ფორმდება გოგონას ოჯახის თანხმობით.
მოტაცებულ გოგონას, ხშირ შემთხვევაში, მხარს არ უჭერს საკუთარი ოჯახი, რომელიც მოტაცებულ გოგოს სახლში არ აბრუნებს, რადგან ის “შერცხვენილად” ითვლება; გოგონას არ იცავს სახელმწიფო, რომელიც გამტაცებელთან გარიგებაზე მიდის, არასრულწლოვანს ზურგს აქცევენ თემების უხუცესები, ნათესავები და მეზობლებიც.