ტრამპმა პალესტინა- ისრელის კონფლიქტში პრინციპზე „ორი სახელმწიფო ორი ხალხისთვის“ უარი თქვა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარი თქვა პალესტინა-ისრაელის კონფლიქტთან დაკავშირებით ვაშინგტონის პოზიციის გაგრძელებაზე, რომელიც „ორი ხალხისთვის ორი სახელმწიფოს“ შექმნას გულისხმობს. ამის შესახებ მან ვაშინგტონში ისრაელის პრემიერთან ბინიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
პრინციპი „ორი სახელმწიფო ორი ხალხისთვის“ საფუძვლად დაედო ახლო აღმოსავლეთში დარეგულირების პროცესს, რომლის ირგვლივ მოლაპარაკებები მრავალი წელია, მიმდინარეობს. ამ პრინციპს ემხრობოდა ისრაელი (გარკვეული პირობებით), პალესტინა, აშშ და ასევე გაერო, არაბული ქვეყნების ლიგა, ევროკავშირი და რუსეთი.
ამგვარი მიდგომის არსი ისაა, რომ სამშვიდობო პროცესის საბოლოო შედეგი პალესტინის დამუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა უნდა გახდეს – დასავლეთ სანაპიროზე, ღაზას სექტორსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში 1967 წელს ცეცხლის შეწყვეტის ხაზის საზღვრებში, რომელიც ისრაელთან მშვიდობიან თანაარსებობას გააგრძელებს.
თუმცა, მრავალი წლის განმავლობაში სამშვიდობო მოლაპარაკებები მუდამ იშლებოდა იმ ტერაქტებისა და თავდასხმების ნიადაგზე, რომლებშიც ისრაელი პალესტინის ადმინსტრაციას ადანაშაულებდა, ასევე ისრაელის მხრიდან პალესტინის ყოფილ ტერიტორიებზე ახალი დასახლებების მშენებლობის გამო.
ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას ტრამპმა განაცხადა, რომ მისთვის ორი სახელმწიფოს პრინციპს დაჟინებით აღარ ემხრობა, – იტყობინება ВВС. „ერთხანს კიდეც ვფიქრობდი, რომ ორი სახელმწიფო ყველაზე იოლი გამოსავალია. მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვა, თუკი ბიბი (ბენიამინ ნეთანიაჰუ) და პალესტინელები, თუკი ისრაელი და პალესტინელები კმაყოფილები იქნებიან, მაშინ მეც კმაყოფილი ვიქნები იმ სახელმწიფოთი, რომელიც მათ უფრო მოსწონთ“, – თქვა ტრამპმა და აღნიშნა, რომ საბოლოოდ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ორი დაპირისპირებული მხარის საქმეა.
ტრამპმა პირობა დადო, რომ „დიდი“ სამშვიდობო შეთანხმების დადებას მიაღწევს, თუმცა აღნიშნა, რომ ამისთვის კონფლიქტის ორივე მხარეს მოუწევს კომპრომისზე წასვლა. აშშ-ის პრეზიდენტმა ნეთანიაჰუს ისიც კი სთხოვა, რომ ახალი დასახლებების მშენებლობა „ცოტა დამუხრუჭოს“.
ობამას ადმინისტრაცია ძალიან კრიტიკულად ეკიდებოდა ისრაელის მიერ ახალი დასახლებების მშენებლობას. ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ კი ისრაელში დასავლეთ სანაპიროზე რამდენიმე ათასი ერთეული საცხოვრებლის აგებას დაუჭირეს მხარი.
„ორი სახელმწოფოს შესახებ“ კითხვის პასუხად ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ „ისურვებდა საქმის არსს მეტი ყურადღება დათმობოდა, ვიდრე სახელწოდებებს“. “მშვიდობისთვის ორი წინაპირობაა საჭირო, – აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, – პირველი ის, რომ პალესტინელებმა უნდა აღიარონ ისრაელის სახელმწიფო. და მეორეც, ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების პირობებში, ისრაელმა უნდა შეინარჩუნოს მდინარე იორდანის დასავლეთით მთელ ტერიტორიაზე უსაფრთხოების კონტროლი.“
2016 წლის არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემდეგ ეს იყო პირველი პირადი შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს შორის.
დონალდ ტრამპის მიერ თეთრი სახლის მრავალწლიანი პოლიტიკური კურსიდან გადახვევამ, რომელსაც რესპუბლიკელებიც იზიარებდნენ და დემოკრატებიც, პალესტინელების ძლიერი შეშფოთება გამოიწვია.
მათ ახალ ადმინისტრაციას მოუწოდეს, უარი არ თქვან პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის ამოცანაზე „თუკი ტრამპის ადმინისტრაცია ამ პოლიტიკაზე უარს განაცხადებს, ეს მშვიდობის ყველანაირ შანსს მოსპობს და შეარყევს ამერიკის ინტერესებს, პოზიციებსა და მისდამი ნდობას. ისრაელისა და თეთრი სახლი ყველაზე უპასუხისმგებლო ელემენტებისთვის კვერის დაკვრა პასუხისმგებლიან საგარეო პოლიტიკასთან შეუთავსებელია“, – განაცხადა პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის თავმჯდომარემ ჰანან აშრაუიმ.