როგორ ჩაიარა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამ - ფოტორეპორტაჟი
აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და 49-ე ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ოფიციალურად შეუდგნენ საქმიანობას.
ინაუგურაციის ცერემონია ტრადიციულად კაპიტოლიუმის დასავლეთ ვერანდაზე ტარდებოდა.
კორონავირუსის პანდემიისა და უსაფრთხოების ზომების გამო, ღონისძიებას სტუმრების მხოლოდ შეზღუდული რაოდენობა დაესწრო, რომელბიც ერთმანეთისგან დისტანციით ისხდნენ.
მათ შორის იყვნენ კონგრესის წევრები, ყოფილი პრეზიდენტები და ვიცე-პრეზიდენტები მეუღლეებით.
დონალდ ტრამპი არ დაესწრო ცერემონიალს. დილით მან დატოვა თეთრი სახლი და გაფრინდა ფლორიდაში Air Force One საპრეზიდენტო თვითმფრინავით. თუმცა, ცერემონიალს ტრამპის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი დაესწრო და დამსწრე საზოგადოების ხაზგასმული ტაშიც კი დაიმსახურა.
ყოფილი პრეზიდენტებიდან ინაუგურაციას კიდევ ჯიმი კარტერი ვერ დაესწრო – მიზეზი მისი ხანდაზმული ასაკია, ის 96 წლისაა.
აშშ-ის სახელმწიფო ჰიმნი ლედი გაგამ შეასრულა. ის მივიდა ცერემონიალზე მტრედის ფორმის უზარმაზარი მოოქროვილი ბროშით.
პირველმა ერთგულების ფიცი დადო კამალა ჰარისმა, აშშ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ქალმა და ეთნიკური უმცირესობის პირველმა წარმომადგენელმა ამ თანამდებობაზე.
შემდეგ სცენაზე გამჩნდა ჯენიფერ ლოპესი და იმღერა “This Land is Your Land” (ეს მიწა შენი მიწაა). ჯეი ლომ ასევე ესპანურად წარმოთქვა სტრიქონი ამერიკული დროშის ერთგულების ფიციდან: ”Con libertad y justicia para todos”.
ჯო ბაიდენმა ფიცი დადო ვაშინგტონის დროით შუადღემდე რამდენიმე წუთით ადრე. კონსტიტუციისადმი ერთგულების ფიცი მან დადო დიდ, ტყავის ყდიან ბიბლიაზე, რომელზეც გამოსახული იყო კელტური ჯვარი. ამ ბიბლიას მისი ოჯახი 1893 წლიდან ინახავდა. სწორედ ამ ბიბლიაზე დებდა ის ფიცს მანამდეც, როდესაც სხვა არჩევით თანამდებობებზე – სენატორად და ვიცე-პრეზიდენტად ინიშნებოდა.
ფიცის დადებიდან ნახევარ საათში ბაიდენმა გამოიყენა თავისი ერთ-ერთი პირველი უფლებამოსილება: პირველი პოსტი დადო ტვიტერზე @POTUS-ის სახელით.
There is no time to waste when it comes to tackling the crises we face. That’s why today, I am heading to the Oval Office to get right to work delivering bold action and immediate relief for American families.
— President Biden (@POTUS) January 20, 2021
თავის საინაუგურაციო სიტყვაში ჯო ბაიდენმა მოუწოდა ამერიკელ ხალხს ერთიანობისკენ და დაჰპირდა, რომ იქნებოდა ყველა ამერიკელის პრეზიდენტი. მან თხოვა ხალხს, რომ დასრულებულიყო “ეს უხამსი ომი, რომელშიც წითელი გამოდის ლურჯის წინააღმდეგ, ქალაქელი სოფელში მცხოვრების და კონსერვატორი ლიბერალის”.
ინაუგურაციის ცერემონიის ბოლოს, ტრადიციის თანახმად, სცენაზე გამოდის “პოეტი-ლაურეატი”, რომელიც კითხულობს სპეციალურად ამ დღისთვის დაწერილ ლექსს.
როგორც წესი, ინაუგურაციაზე იწვევდნენ ხოლმე აღიარებულ და გამორჩეულ ლიტერატორებს, მაგალითად, ხანდაზმულმა რობერტ ფროსტმა დაწერა ლექსი ჯონ კენედის ინაუგურაციისთვის, მაია ანჯელოუმ კი ბილ კლინტონისთვის. ბაიდენის შტაბმა კი აშშ – ს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პოეტი-ლაურეატი აირჩია – 22 წლის აფრო-ამერიკელი ამანდა გორმანი.
მიუხედავად იმისა, რომ ცერემონიას არ ესწრებოდა, ტრამპმა თავისი პრეზიდენტობის ბოლოს ერთი საინაგურაციო ტრადიცია მაინც არ დაარღვია და ჯო ბაიდენს წერილი დაუტოვა.
ტრადიციის თანახმად, ყოველი მიმავალი პრეზიდენტი მომავალს თეთრ სახლში მოკლე წერელს უტოვებს. რა წერია ტრამპის გზავნილში უცნობია. თუმცა, ბაიდენმა თქვა, რომ ტრამპმა მას “დიდსულოვანი წერილი” დაუტოვა.
ამ წერილზე ინტერნეტში მემებიც გავრცელდა. ინტერნეტმომხმარებლებმა ივარაუდეს, რომ წერილში ეწერა:”ჯო, შენ ხომ იცი, რომ მე მოვიგე”.