ვისია მედია საქართველოში
მასალა პირველად გამოქვეყნდა 2017 წლის იანვარში. JAMnews გთავაზობთ განახლებულ ინფორმაციას საქართველოს მედიასივრცის შესახებ. მასალაში გამოყენებულია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო-ს მიერ 2019 წლის 2 აპრილს გამოქვეყნებული კვლევის მონაცემები.
საქართველოს პარლამენტის მოახლოებული შუალედური არჩევნების წინ ტელეკომპანია რუსთავი-2 მორიგი მედია სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა. კომპანიის 9% წილის მფლობელი, დანარჩენი მფლობელების და დირექტორის მიერ კომპანიისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა ამას მორიგ პოლიტიკურ თავდასხმად აფასებს.
როგორ შეიცვალა მედია ლანდშაფტი საქართველოში ბოლო წლებში და ვინ აკონტროლებს ქართულ ტელესივრცეს.
2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 5-პროცენტიანი სავალდებულო ბარიერის გადალახვა და პარლამენტში მოხვედრა სამმა პოლიტიკურმა პარტიამ მოახერხა – მმართველმა გუნდმა “ქართულმა ოცნებამ”, “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “პატრიოტთა ალიანსმა”. სამივე პარტია განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა ერთი საერთო მათ მაინც აქვთ – სამივე ფლობს სატელევიზიო მედიარესურსს, რამაც, ექსპერტების აზრით, არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.
პარლამენტის დღევანდელი კონფიგურაცია აჩვენებს, რომ მიუხედავად სოციალური ქსელებისა თუ ინტერნეტრესურსების მომრავლებისა, საქართველოში სწორედ ტელევიზია რჩება საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისა და პოლიტიკური ბრძოლის უმნიშვნელოვანეს იარაღად.
როდესაც 2012 წელს ხელისუფლება შეიცვალა, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც საზოგადოება “ქართული ოცნებისგან” ელოდა, მედიის სახელისუფლებო ზეწოლისგან გათავისუფლება იყო.
სააკაშვილის მმართველობის წლებში სამი ცენტრალური ტელევიზია “იმედი”, “რუსთავი2” და საზოგადოებრივი მაუწყებელი ხელისუფლების დაკვეთას ასრულებდა და მთლიანად კონტროლირებადი იყო.
“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თავდაპირველად ვითარება აშკარად უკეთესობისკენ შეიცვალა. ქართველმა მაყურებელმა პოლიტიკური ინტერესებისგან სრულიად გათავისუფლებული მედია არა, მაგრამ ტელეეთერში მოსაზრებათა მრავალფეროვნება მაინც მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ მთავარ ოპოზიციურ არხს – “რუსთავი2”-ს ხელისუფლებამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა, ის მაინც მაუწყებლობდა. ოპოზიციის ხმა ისმოდა სხვა არხებზეც. “ქართული ოცნების” მთავარ მონაპოვრად მედიაპლურალიზმი სახელდებოდა.
თუმცა, როგორც, ჩანს, სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. პროცესები, რომლებიც მედიაში ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო, საბოლოოდ სახეს იღებს დღეს…
ხელისუფლებამ მედიაპოლიტიკას შეცვლა დაიწყო და საქართველო ახალ მედიარეალობაში შევიდა. 2016 წლის ბოლოს ცნობილი ხდება, რომ სამი მსხვილი არხი ერთი ფრთის ქვეშ გაერთიანება, საზოგადოებრივი მაუწყებელის დირექტორად კი, ხელისუფლების მიმართ ლოიალური მენეჯერი ინიშნება. ამ ნაბიჯებით მნიშვნელოვნად გაძლიერდება ხელისუფლების კონტროლი სატელევიზიო სივრცეზე. ცვლილებები უკვე ამ არხების სარედაქციო პოლიტიკასაც დაეტყო.
ამას ემატება დავა ოპოზიციური ტელეკომპანიის “რუსთავი 2”-ის გარშემო.
აქ ძალიან მოკლედ მოვყვებით, ვის ხელშია დღეს ქართული სატელევიზიო სივრცე.
ჰოლდინგი “ტელეიმედი”
ჰოლდინგ „ტელეიმედში“ სამი ტელევიზიაა გაერთიანებული – “იმედი”, “მაესტრო” და GDS.
2012 წელს, ხელისუფლების სათავეში “ქართული ოცნების” მოსვლისთანავე, მნიშვნელოვანი ცვლილება ტელეკომპანია “იმედში” მოხდა. “ტელეიმედი” დაუბრუნდა მისი დამფუძნებლის, ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს, რომელსაც ეს ტელევიზია წლების წინ საეჭვო და ბუნდოვანი პროცესების შედეგად ჩამოერთვა და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ პირებს გადაეცა.
ახალი ხელისუფლების პირობებში, “იმედმა” მყისიერად შეიცვალა სარედაქციო პოლიტიკა. ერთ დროს სააკაშვილის ხელისუფლების პროპაგანდით დაკავებული ტელეკომპანია “ქართული ოცნების” მხარდამჭერ მედიად ტრანსფორმირდა.
მედიამონიტორინგების თანახმად, 2016 წლიდან “იმედის” ეთერში მმართველი პარტიის და მთავრობის მიმართ დადებითი ტონი სულ უფრო და უფრო დაუფარავი ხდებოდა. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, “იმედის” პოლიტიკურ თოქ-შოუებში ძირითად დროს “ქართული ოცნების” წევრებს უთმობდნენ.
“იმედის” ისტორია ამით არ დასრულებულა. 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებამ მედიასივრცის გადალაგების ახალი ტალღა წამოიწყო, და ამჯერად პირველი ცვლილებები “იმედს” შეეხო.
2016 წლის ბოლოს ოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ “იმედმა” ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელევიზია GDS და ასევე ტელეკომპანია “მაესტრო” შეიერთა. ეს სამი ტელევიზია ერთი მფლობელის ხელში იქნება, და ამ სამეულში ივანიშვილის GDS-ის არსებობა, არ ტოვებს ეჭვს, თუ ვინ არის ეს “ხელი”.
“იმედი” დღეს ხელისუფლების მთავარი საინფორმაციო დასაყრდენია. ეს არხი უწევს კონკურენციას ოპოზიციურ “რუსთავი 2”-ს რომელსაც ხელისუფლება, როგორც ჩანს, თავის მთავარ თავის ტკივილად განიხილავს.
ტელეკომპანია “მაესტრო”
მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს “მაესტრო” იყო ერთ-ერთი შედარებით მსხვილი სატელევიზო არხი, რომელსაც ხელისუფლება არ აკონტროლებდა.
როდესაც სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებს მედიაზე ზეწოლაში ადანაშაულებდნენ, მათ სწორედ “მაესტრო” მოჰყავდათ იმის მაგალითად, რომ საქართველოში ოპოზიციური მედია არსებობს.
დრამატული ცვლილებები “ქართული ოცნების” მოსვლისთანავე დაიწყო. მფლობელებს შორის იურიდიულად ჩახლართული დავის პარალელურად, არხზე იცვლებოდნენ დირექტორები, იხურებოდა გადაცემები, არხს მასობრივად ტოვებდნენ წამყვანები, ჟურნალისტები და პროდუსერები, რომლებიც პოლიტიკურ გავლენასა და სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევაზე საუბრობდნენ. გვიანდებოდა ხელფასების გაცემა.
“მაესტროს” ეპოპეაში ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი გიორგი რუხაძე გახდა. პატარკაციშვილების ოჯახთან დაახლოებული ბიზნესმენი, რომელიც საჯაროდ იშვიათად ჩნდება, თუმცა მისი, როგორც ხელისუფლების ნდობით აღჭურვილი პირის, სახელი მედიაში ბოლოს მომხდარ თითქმის ყველა გახმაურებულ გადაჯგუფებას უკავშირდება.
“იმედის” მსგავსად, მაესტროს სარედაქციო პოლიტიკაც მკვეთრად შეიცვალა. და არჩევნების წინ მმართველი პარტიას აქაც მხოლოდ დადებით კონტექსტში მოიხსენიებდნენ. ტოქშოუებშიც ძირითადად “ქართული ოცნების” წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, წამყვანები საკუთარ შეფასებებსაც არ ერიდებოდნენ.
2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ამ არხზე პოლიტიკური თოქ შოუები დაიხურა, შემცირდა საინფორმაციო გამოშვებების სიხშირე. დეკემბრის ბოლოს კი ცნობილი გახდა, რომ არხს პროსახელისუფლებო “იმედი” ყიდულობს.
ჰოლდინგში „მაესტრო“ ახალ ამბებზეა ორიენტირებული.
ტელეკომპანია GDS
“მაესტროს” შემდეგ, “იმედმა” 2017 წლის დასაწყისში ტელეკომპანია GDS-იც იყიდა. საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროფილის ეს ტელევიზია ბიძინა ივანიშვილის ოჯახს ეკუთვნოდა.
საჯარო რეესტრში არსებულ ხელშეკრულებაში წერია, რომ წილის ღირებულებასა და გადახდის წესს მხარეები წილის გასხვისებიდან 7 თვეში დაადგენ, თუმცა რა ფასად იყიდა “იმედმა” ივანიშვილის ოჯახისგან GDS, საზოგადოებისთვის ამ შემთხვევაშიც უცნობი დარჩა. დღეისათვის ტელევიზია გასართობ არხად ფუნქციონირებს.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”
“რუსთავი 2” ერთადერთი არხი აღმოჩნდა, რომლის შენარჩუნებაც სააკაშვილის ხელისუფლებამ 2012 წელს არჩევნებში დამარცხების შემდეგ მოახერხა.
“რუსთავი 2” წლების განმავლობაში ყველაზე პოპულარული და რეიტინგული ქართული ტელეარხია, რომელიც “იმედის” მსგავსად მთელ საქართველოს ფარავს. ამდენად, ამ არხის შენარჩუნებისა და ხელში ჩაგდებისთვის ბრძოლა სამკვდრო-სასიცოცხლო აღმოჩნდა.
ამ ტელეკომპანიის მფლობელების ისტორია ვრცელი და ბუნდოვანია, რადგან წლების განმავლობაში არხმა რამდენჯერმე გამოიცვალა მფლობელი.
2012 წელს, როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა, დაიწყო გრძელი და ამ დრომდე დაუსრულებელი დავები “რუსთავი 2”-ის მფლობელთა შორის. დღეს “რუსთავი 2”-ისთვის იბრძვიან მისი თავდაპირველი მფლობელები და დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, ასევე ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, რომელიც არხის მფლობელი 2004-2006 წლებში იყო.
ეს პროცესი მწვავე ფაზაში 2015 წელს შევიდა. მაშინ სასამართლომ “რუსთავი 2”-ის ქონება დააყადაღა. 2015 წლის ბოლოს საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, რაც მოგვიანებით სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებმაც დაადასტურეს.
ხელისუფლება ცდილობდა, ეს პროცესი “კერძო პირებს შორის დავად” წარმოეჩინა, თუმცა არც ადგილობრივ და არც საერთაშორისო დამკვირვებლებს ეჭვი არ შეპარვიათ, რომ “კერძო პირთა” მიღმა ხელისუფლება მოქმედებდა, რომლისთვისაც რეიტინგული ოპოზიციური არხი საკმაოდ არაკომფორტული მოცემულობაა.
საბოლოოდ, სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო, დროებით შეაჩერა რა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
2019 წლის 6 მაისს „რუსთავი 2-ის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლება ტელეკომპანიის წინააღმდეგ ახალ სამართლებრივ შეტევას იწყებს.
მისი თქმით, „რუსთავი-2“-ში შემოვიდა 9% წილის მქონე ნინო ნიჟარაძის სარჩელი „რუსთავი 2-ის“ სხვა მეწილეების, პირადად გვარამიას და ტელევიზიის გაყიდვების სახლის წინააღმდეგ. ნინო ნიჟარაძე ჯამში, დაახლოებით 26 მილიონ ლარს ითხოვს სოლიდარულად – მისგან და მეწილეებისგან.
გვარამიას თქმით, მათთვის ნათელია, რომ მიზანი „რუსთავი 2-ის“ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა და სწორედ ამიტომ ეხება იმ ადამიანს, ვინც არის სარედაქციო პოლიტიკის გარანტი.
დღეს არხის ოფიციალური მფლობელები უკრაინაში მომუშავე ქართველი ბიზნესმენები, სააკაშვილის ახლო მეგობრები – გია და ლევან ყარამანიშვილები არიან.
ნიკა გვარამია ღიად აცხადებს, რომ “რუსთავი 2” ოპოზიციური არხია. ის დღეს ოპოზიციური “ნაციონალური მოძრაობის” მთავარი დასაყრდენია და ხელისუფლების მიმართ მწვავე კრიტიკით გამოირჩევა.
არასამთავრობო სექტორი და საქართველოს საერთაშორისო მეგობრები თანხმდებიან იმაზე, რომ “რუსთავი 2”-ის, როგორც ოპოზიციური არხის არსებობა, უმნიშვნელოვანესია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, ამიტომ “რუსთავი2”-ის საქმეში სიფრთხილის გამოჩენისკენ ხელისუფლებას მაღალი საერთაშორისო ტრიბუნებიდანაც მოუწოდებენ.
“პატრიოტთა ალიანსთან” დაკავშირებული არხები
ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეულ “პატრიოტთა ალიანსს”, პარლამენტში 6-კაციანი ფრაქციით შესულ პარტიას ორი არხი უკავშირდებოდა – “ობიექტივი” და “იბერია”. “ობიექტივის” სარედაქციო პოლიტიკა მთლიანად პარტიის ინტერესებსაა მორგებული – წინასაარჩევნოდ წამყვანები პირდაპირ მოუწოდებდნენ ამომრჩეველს, რომ ხმა “პატრიოტთა ალიანსისთვის” მიეცათ, თითქმის ყველა გადაცემაში ამ პარტიის წევრები იყვნენ მოწვეულნი და წამყვანები აქებდნენ მათ.
“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერთა ქებასთან ერთად, ამ არხზე ხშირად ისმის დასავლეთის კრიტიკა და რუსული ნარატივი.
“პატრიოტთა ალიანსს” უკავშირდებოდა ტელეკომპანია “იბერიაც”.
“იბერია ტვ”-მ მაუწყებლობა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ შეწყვიტა. ტელევიზიის მფლობელების განცხადებით, მაუწყებელი ხელისუფლებამ “დახურა”, ვინაიდან პოლიტიკური მიზნით ხელოვნური პრობლემები შეუქმნა მფლობელის კუთვნილ სხვა ბიზნესს, რომელიც ტელევიზიის მთავარი დამფინანსებელი იყო. ფაქტია, რომ ტელევიზია ფინანსურად წამგებიანი იყო და ძირითადად, სუბსიდირების ხარჯზე ფუნქციონირებდა. მაუწყებლობის შეწყვეტის გამო, რამდენიმე თვეში “იბერიას” ავტორიზაცია შეუჩერდა.
“პატრიოტთა ალიანსი” ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ოპოზიციაა, შესაბამისად, ეს არხები ხელისუფლებას ამ მიმართულებით დისკომფორტს არ უქმნიდა.
საზოგადოებრივი მაუწყებელი
ამ პოლარიზებულ გარემოში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც წლების განმავლობაში სახელმწიფო არხად აღიქმებოდა, მისი სამართლებრივი სტატუსის ცვლილების მიუხედავად.
2012 წლამდე, სააკაშვილის დროს, არხი სამთავრობო პოზიციის გამტარებელი იყო და “იმედთან” და “რუსთავი2”-თან ერთად ხელისუფლების მიერ კონტროლდებოდა.
თუმცა, არხს არც 2012 წლის შემდეგ უცხოვრია მშვიდად. ბუნდოვანი პროცესები მიმდინარეობდა დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის გარშემო, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ორჯერ გაათავისუფლა თანამდებობიდან და მან ორჯერვე სამართლებრივი გზით შეძლო დაბრუნება. თუმცა, თანამდებობის შესანარჩუნებლად ამ თავგადაკლული ბრძოლის მიუხედავად, 2016 წლის არჩევნების შემდეგ ბარათაშვილმა რატომღაც გადაწყვიტა, თავად დაეწერა განცხადება და დირექტორობიდან წასულიყო.
ახალი დირექტორი საბჭომ გაუმჭვირვალე კრიტერიუმებით შეარჩია. იგი გახდა ვასილ მაღლაფერიძე, მენეჯერი, რომელიც ივანიშვილის ტელეკომპანიებში – “მეცხრე არხსა” და “GDS-ში” მაღალ პოზიციებზე მუშაობდა. მაღლაფერიძის პოლიტიკურ მიუკერძოებლობასთან და ბორდის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებას დიდი კითხვის ნიშნები აქვს.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის აპრილში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ ხმათა უმრავლესობით დირექტორის თანამდებობიდან ვადამდელ გათავისუფლებას მხარი დაუჭირა.
საბჭოს ხუთი წევრიდან 4-მა წევრმა ხმა მისცა ნათია კაპანაძის თანამდებობიდან ვადამდელ გათავისუფლებას მის მიმართ უნდობლობის გამოცხადების გზით. მედია ექსპერტების აზრით, ეს ნაბიჯი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებელ და დაბალანსებულ სარედაქციო პოლიტიკას უკავშირდება. კაპანაძემ გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.