ნიკა მუსავი, ბაქო
ქალებს ახასიათებთ – იყიდიან ძვირფას კაბას და მერე ერთხელაც არ იცვამენ. ამიტომაც, ალბათ არც არის გასაკვირი, რომ აზერბაიჯანელ ქალებს, რომლებმაც მუსლიმურ აღმოსავლეთში პირველებმა მიიღეს ხმის მიცემის უფლება (ახერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დროს, 1918 წელს), ამ უფლებებით მომავალში თითქმის აღასდროს უსარგებლიათ. საერთოდაც, აზერბაიჯანში ქალის უფლებებთან დაკავშირებით გაურკვეველი რამ ხდება. კონსტიტუციის მიხედვით, რა თქმა უნდა, ქალი სრულიად თანასწორია მამაკაცის. თუმცა, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, არსებობს შეზღუდვების დაუწერელი ჩამონათვალი, რომლის სიგრძე და დახვეწილობა სოცილური შრეების მიხდვით იცვლება. “მამაკუცურ პროფესიებზე” ვეტოდან დაწყებული, გამცილებლის გარეშე შინიდან გასვლის აკრძალვით დასრულებული. რა გაეწყობა, კონსერვატიული საზოგადოებაა.
უფრო სწორად, შეიძლება რაღაც მოიმოქმედო. ბოლოსდაბოლოს, გასული საუკუნის დასაწყისში, როდესაც კიდევ უფრო უარესი სიტუაცია იყო, აზერბაიჯანელმა ქალებმა სახიდან ჩადრის ჩამოძრობა შეძლეს. სხვათა შორის, სწორედ იმ ჩადრის, რომელსაც ახლა ისევ იკეთებენ – უკვე ნებაყოფლობით. მაგრამ ამჯერად სხვა სათქმელი გვაქვს. მაშინ, 100 წლის წინათ ოფიციალურ დონეზე ქალები სრულფასოვან ადამიანებად აღიარეს, არაოფიციალურად კი მათ წინაშე დღემდე სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის ფართო ველია გადაშლილი.
ასე რომ, აზერბაიჯანელ ამორძალებს, რომლებსაც სექსიზმის წინააღმდეგ საბოლოოდ სურთ გალაშქრება, აუღებელი სიმაღლეები და კომფორტული სანგრები ელოდებათ – მით უმეტეს, რომ დღეს ეს ძალიან მოდურია მთელ მსოფლიოში. ფემინიზმი და ამგვარი რაღაცები დღეს ტრენდულია. სწორედ დროულია, რომ ქალებმა კვლავ ისარგებლონ ამ სიტუაციით, როგორც თავის დროზე ეს დიდმა ბებიებმა გააკეთეს. მაგრამ რომ არ სარგებლობენ? და არც ისარგებლებენ. თანასწორუფლებიანობის მხრივ აზერბაიჯანს რაიმე სერიოზული ცვლილებების ნიშნაწყალიც არ ეტყობა.
თუნდაც იმიტომ, რომ ქალების ერთ კატეგორიას ეს უბრალოდ არ სჭირდება. ისინი სიამოვნებით ხდებიან დიასახლისები, თავს მთლიანად ოჯახს უძღვნიან, ქმარს ყველაფერს უჯერებენ, კვირაში სამჯერ სილამაზის სლონში დადიან და შემდეგ Facebook-ზე აქვეყნებენ სურათებს, სერიიდან: “მე გოგო ვარ და არ მინდა, რაიმეს ვწყვეტდე, მე კაბა მინდა!”
იმავე დროს, ქალების მეორე კატეგორია ბარიკადებზე ძვრება, ყოფითი ძალადობის სხვადასხვა შემთხვევას ამხელს, სარეაბილიტაციო ცენტრებს ხსნის, სოციალურ აქციებს მართავს და უშედეგოდ ცდილობს, ხმა მიაწვდინოს პირველ კატეგორიას: “ეი, დებო, გარეთ 21 საუკუნეა!”
მესამე კატეგორიას ვერ გადაუწყვეტია, უნდა თუ არა იმდენად ეს “თანასწორუფლებიანობა”, რომ კაფეში ფული თავად გადაიხადოს, კარი თვითონ გააღოს და არანაირი გენდერული თავის მართლების და დათმობის მიღების საშუალება არ ჰქონდეს – შეცდომის, ჩხუბის ან ემოციური სისუსტის გამოვლენის შემთხვევაში. ასეთი ქალების აზრით, მამაკაცთან თანასწორობა, რასაკვირველია, კარგია, მაგრამ – ზომიერად.
მეოთხე კატეგორიას, რომელიც ბევრ ფსიქოლოგიურ, ეზოთერულ და სხვადასხვა შამანურ ლიტერატურას ეცნობა, ქალი თითქმის ქალღმერთად ჰყავს წამოსახული, და საკუთარი თავის მიმართ შესაბამის დამოკიდებულებას მოითხოვს; რაც აპრიორი გამორიცხავს თანასწორუფლებიანობას. მით უფრო, რომ აფროდიტეს მართალია, ეთაყვანებოდნენ, მაგრამ, იმაზე აზრს არავინ ეკითხებოდა, თუ როგორ ემართათ საბერძნეთი.
და ბოლოს, მეხუთე კატეგორია, რომელმაც საერთოდ არც იცის (ან არ უნდა, რომ იცოდეს) იმ მოვლენის არსებობაც კი, რაც არის სქესთა თანასწორობა, ქალისთვის საკუთარი აზრის ქონის უფლება და ა.შ. იმიტომ, რომ დედაქალაქიდან შორს გაიზარდნენ, პატრიარქალურ ატმოსფეროში, თითქმის სრულ საინფორმაციო იზოლაციაში, და მამაკაცისადმი სრულ მორჩილებას ნორმად აღიქვამენ, ხოლო პროტესტის ლამის ერთადერთი ხელმისაწვდომი ფორმა მათთვის – შეყვარებულთან ერთად სახლიდან გაქცევაა.
და რადგანაც ერთობა – ნებისმიერი ბრძოლის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინდარია, აზერბაიჯანს ნამდვილი სქესობრივი თანასწორობა ახლო მომავალში აშკარად არ ემუქრება. და სხვათა შორის, ვინ იცის, იქნებ ის ჩვენი დიდი ბებიებიც არ მიილტვოდნენ მაიცდამაინც იმ საარჩევნო უფლებების მისაღებად. იქნებ, უბრალოდ, “საჩუქარზე” უარის თქმა მოერიდათ.
გამოქვეყნდა: 05.12.2016