დაღუპული თვითმფრინავი
სოჭის გასწვრივ შავ ზღვას შუქის ჯაჭვი გასდევს. სამძებრო ოპერაციაში 39 გემი და სამი ათსი ადამიანი მონაწილეობს – სამხედროების და საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს თანამშრომლები.
სამძებრო სამუშაოები დაწყებულია აფხაზეთშიც. ყველაზე შორეული ძებნის წერტილი – ნაპირიდან 8 კილომეტრშია, ყველაზე ახლო – ნახევარ კილომეტრის დაშორებით. წყალში 135 მყვინთავი მუშაობს, მოსკოვის გეოგრაფიული საზოგადოებიდან გამოგზავნილია ორი წყალქვეშა აპარატი.
ჯერჯერობით საერთო ძალებით შესაძლებელი გახდა 12 გვამის პოვნა; ამოღებულია 200 ფრაგმენტი და ფრუზელაჟის ნატეხები. ნაპოვნი ნამსხვრევები ანგარში გადააქვთ კვლევის ჩასატარებლად; ამოცნობისა და გენეტიკური იდენტიფიკაციის მიზნით, გვამებისა და სხეულის ნაწილების მოსკოვში გაგზავნას აპირებენ.
კვირას, 25 დეკემბერს, 5:27 ტუ-154, რომელიც სირიაში მიფრინავდა, რადარებიდან გაქრა. დაიღუპა 92 ადამიანი – 84 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი.
ნათესავები
დაღუპულების ნათესავებმა რამდენიმე საათში დაიწყეს სოჭში ჩამოფრენა. აეროპორტის დარბაზშივე მათ საგანგებო სიტუაციათა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომლები ხვდებიან და ფსოქლოგების კაბინეტებში მიჰყავთ. იქიდან კი აეროპორტის კუთვნილი ტრანსპორტით სამხედრო სანატორიუმ “ავრორაში” გადაჰყავთ.
მაგრამ, სამთვრობო კომისიის გადაწყვეტილებით, გვამების ამოცნობა მოსკოვში უნდა მოხდეს.
ზედა სართულზე მდებარე ფსიქოლოგის კაბინეტი სკოლის საკლასო ოთახს მოგაგონებთ – რიგებად ჩამწკრივებული საწერი მაგიდები. “მშვიდობიან დროს” აქ აეროპორტის თანამშრომლებს ლექციები უტარდებათ. ახლა კი გამჭვირვალე შირმის უკან წითელ-ნაცრისფერ ქურთუკებში გამოწყობილი საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს თანამშრომლები სხედან, აქვე არიან სამხედრო ფსიქოლოგებიც.
საშუალო ტანის ფორმიანი ქალი გოგონას ჭიქაში წყალს უსხამს. გოგონა თავშალშია გახვეული, და მის კიდეებს ხელით ისე ებღაუჭება, თითქოს ნაჭრის ხელიდან გაშვების ეშინია. ფსიქოლოგს ჭიქა გვერდით უკავია.
ნაცრისფერსვიტერიანი მამაკაცი დინჯად კარნახობს ნათესავების ტელეფონების ნომრებს. მისი ცოლის ძმა – ალექსანდროვის გუნდის სოლისტი, 25 წლის მიხაილ ვასინი თავის შეყვრებულთან, 22 წლის ბალერინა რალინა გილმანოვასთან ერთად ამ თვითფრინავით მიფრინავდა. სირიიდან დაბრუნების შემდეგ დაქორწინებას აპირებდნენ და უკვე მშობლებსაც უთხრეს.
– რალინას დედა ყაზანშია, არაფრის ძალა არ აშესწევს. ყველას ერთი მთავარი კითხვა აქვს – როგორ? – ამოოხვრით ამბობს იური. – რატომ? შეგიძლიათ მითხრათ?
– ყველ დაღუპულია, – ამბობს ფორმიანი ქალი, – ჯერ არავინ არაფერი იცის. ყველაფერი ბუნდოვანია.
– გვამების ძებნა – 10 კვადრატულ კილომეტრზეა. რომ ვერ იპოვონ… ზღვის წყალია. ვფიქრობ, იქნებ ჯობდეს, რომ მიშა ვერ იპოვნონ. ისე დარჩება, როგორც… ახალგზრდა წავა და მომღიმარი.
– ჯობს, იპოვონ, – მტკიცედ ამბობს ქალი, – თორემ რაღაც სხვანაირად იქნება, დამიჯერეთ. სხეულიც ძალიან მნიშვნელოვანია.
აეროპორტი
აეროპორტის თანამშრომლებს, სამსახურიდან გაგდების მუქარით, ჟურნალისტებთან ლაპარაკი ეკრძალებათ.
აეროპორტში გაძიერებული დაცვა და ოპერატიული შტაბი მოქმედებს, ამიტომ თანამშრომლები, საღი აზრის საპირისპიროდ, შეუსვენებლად მუშაობენ ორივე ცვლაში.
რაც ცნობილია: ნათელი დღე იყო, “ძალიან ზაფხულური”, ზღვა არ ღელავდა, წყლის ზედაპირზე გაუთვალისწინებელი ქარი არ ქროდა.
“კრასნოდარი და ანაპა თვითმფრინავებს არ იღებდნენ, ჩვენ კი ვიღებდით და ვამგზავრებდით”.
იმავე დილას – ტუ-154-ის წინ გაფრინდა სიმფეროპოლის რეისი, რომელსაც მანამდე, დაფრენის ადგილას ცუდი ამინდის მიზეზით, აკავებდნენ. დანარჩენი – ჭორების დონეზე.
დისპეტჩერები გამომძიებლებს და ФСБ-ს თანამშრომლებს დაკითხვაზე ჰყავთ, მათთან კონტაქტი შეუძლებელია. ამიტომაც, ადლერის აეროპორტის თანამშრომლებს შორის მომხდარზე საერთო აზრი არ არსებობს. სამაგიეროდ, ისინი 100%-ით გამორიცხავენ უხარისხო საწვავის ვერსიას. “ჩვენ პრეზიდენტს ვამარაგებთ საწვავით, ეს კი ხომ ხვდებით, რასაც ნიშნავს”.
როგორც ამბობენ, თვითმფრინავი მოზდოკში უნდა დაფრენილიყო საწვავის მოსამარგებლად, მაგრამ, მოზდოკში ცუდი კლიმატური პირობების გამო, აეროპორტმა არ მიიღო და თვითმფრინავი სოჭისკენ გამოუშვეს.
სოჭში თვითმფრინავიდან ჩამოვიდა ტექნიკოსი – მომმარაგებელი, ავიდა ორი მესაზღვრე – საზღვარგარეთის პასპორტების შესამოწმებლად. არც მგზავრებს და არც ეკიპაჟის წევრებს (ტექნიკოსის გარდა) თვითმფრინავი არ დაუტოვებიათ. თვითმფრინავში არც ახალი მგზავრი ჩამჯდარა და არც რაიმე ჩაუტვირთავთ. “ტერაქტი რომც იყოს – ჩვენგან არ ყოფილა”.
მძღოლი სერგეი კოჩერგინი სასტუმრო “აეროპორტს” ემსახურება. სასტუმრო ახლა საგანგებო ვითარებათა სამინისტროს თანამშრომლებით და სამხედროებით არის სავსე, საერთოდ კი, გადადებული რეისების მგზავრებისთვის არის განკუთვნილი. სერგეის, ისევე როგორც აეროპორტთან მომუშავე ყველა მძღოლს, საგანგებო პლანშეტი აქვს – lightradar24 – პროგრამა, რომელიც თვითმფრინავების მოძრაობასა და მარშრუტებს უჩვენებს. ეს პროგრამა მათ რეისზე დროულად მისწრებაში ეხმარებათ.
– სადღაც 5:30 მე და ერთი ყმაწვილი ქუჩაში ვიდექით და ვეწეოდით. აეროპორტი ჩვენს წინ იყო, ტურბინების ხმა ისმოდა. გავიგონეთ, როგორ აფრინდა თვითმფრინავი, მაგრამ ხმა… მთლად ისეთი არ იყო, როგორიც საჭიროა. თითქოს ბოინგი აფრინდა, ან რეაქტიული თვითმფრინავი. ტურბინები გამაყრუებლად ხმაურობდა. ცოტა დავიძაბეთ. ვუყურებთ Flightradar-ს – და გაფრინდა. მაგრამ მარშრუტის მიხედვით მარცხნივ უნდა გაეხვია, აფხზაეთის მხარეს, და შემდეგ უკვე სირიისკენ. ის კი მარჯვნივ წავიდა. და ორ წუთში – კუდეპსტასა და ხოსტას (ზღვისპირა დასახლებები) შორის რადარებიდან გაქრა.
დიდად არ გვინერვიულია. ვიფიქრეთ, რომ სამხედრო თვითმფრინავია, ამიტომ საერთო რადარებიდან გააქრეს, და მორჩა. ჩვენთან არც საპრეზიდენტო თვითმფრინავები აისახება ხოლმე. მოვწიეთ და დასაძინებლად წავედით. დილით კი შევიტყეთ, რომ ზღვაში ჩავარდნილა.
– ახლა, მგონია, პილოტი მალევე მიხვდა, რომ თვითმფრინავი წესრიგში არ იყო, მოხვევა და უკან დაბრუნება დააპირა, მაგრამ ვერ მოასწრო. შემხვედრი თვითმფრინავები არ იყო, კურსის შეცვლა არ სჭირდებოდა, რომ შეჯახება აეცილებინა; ჰოდა, სწორედ მოტრიალებას ცდილობდა. სამძებრო სამუშაოების მიდამოს თუ დაათვალიერებთ, ნამსხვრევების ტრაექტორიიდანაც ჩანს, რომ თვითმფრინავი ნაპირს უახლოვდებოდა, მიწაზე დაბრუნებას ცდილობდა. და კიდევ, თვითმფრინავი ზღვის თავზე ნაპირიდან მაქსიმუმ რვა კილომეტრზე შევიდა. მანამდე რომ აფეთქებულიყო, გავიგონებდით. ქალაქშიც გაიგონებდნენ, მაგრამ აფეთქება არ ყოფილა.
ამის შემდეგ, ძიების მიმდინარეობაში გათვითცნიბიერებულმა სხვა ადამიანმა კურსის შეცვლის შესახებ ვარაუდი უარყო.
“თვითმფრინავი ისე აფრინდა, როგორც საჭირო იყო. ახლა სირიაში თურქეთიდან აღარ დაფრინავენ, ახლა აზერბაიჯანიდან და ირანიდან მიფრინავენ, და იქიდან გადიან სირიაში. ის სქემის მიხედვით აფრინდა, როგორც დაგეგმილი იყო. დიპეტჩერებს არანაირი საგანგაშო სიგნალი არ მიუღიათ. თუმცა, ეს საერთოდ არაფერს არ ადასტურებს. ძალიან ბევრი კატასტროფა მომხდარა არამარტო რუსეთის, არამედ მსოფლიო ავიაციაშიც, როდესაც ეკიპაჟიანი თვითმფრინავი ძალიან დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდნილა, და დაცემამდე ეკიპაჟი ცოცხალი იყო, თვითმფრინავი არ აფეთქებულა, ჰაერში ნაწილებად არ დაშლილა, დროც ჰქონდათ, მაგრამ საგანგაშო სიგნალი არ მოსულა.
ლაპარაკია ეკიპაჟის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე, როდესაც კატასტროფა ხდება. ისინი სულ სხვა საქმით არიან ამ დროს დაკავებულები და არა იმაზე ფიქრით, თუ ვინ რას იტყვის მერე. ისინი ცდილობენ, ყველა ღონე იხმარონ, რომ თვითმფრინავი მიფრინავდეს, არ დაიმტვრეს, არ ჩამოვარდეს და არ გადაყირავდეს. ისეც მომხდარა, რომ ეკიპაჟები 10 000 მეტრის სიმაღლიდან ვარდებოდნენ, მაგრამ დიპეტჩერს არ დაკავშირებიან.
ამ დროს ხომ ფსიქოლოგია სულ სხვანაირად მუშაობს. ვიღაცას შეიძლება ისტერიკა დაემართოს, ზოგს იმაზე შეუძლია ფიქრი, თვითმფრინავი როგორ გასწოროს, ვიღაცები ერთმანეთს ეთათბირებიან, ეს სრულიად ნორმალურია – იცი, რომ 99%-იანი ალბათობით 30 წამში კვდები – არც ლოცვა გიშველის და არც არაფერი. ამ დროს დისპეტჩერი აღარ გახსოვს.
ახლა ვერსია არავის არ აქვს. უფრო სწორად – როგორც ყოველთვის, სტანდარტულად სამი ვერსია არსებობს – ტექნიკა, ადამიანები და გარეშე ძალა: ამინდი ან ტერაქტი. მაგრამ ზუსტად რა მოხდა, და როგორ? ვიდრე შავ ყუთებს არ ამოვიღებთ და არ გავშიფრავთ – ამას ვერ გავიგებთ”.
ქალაქი
სადღესასწაულო ილუმინაციის ჩაქრობა ვერ მოასწრეს. გლოვის მიუხედავად, მრავალფეროვანი “გილოცავთ ახალ წელს” აქაიქ გაიელვებს ხოლმე პალმების ფონზე. ღამის სოჭი ბრწყინავს, სამძებრო გემები ქუჩებიდან თითქმის არ ჩანს.
მომხდარს სოჭში “კატასტროფას” ეძახიან, ოღონდ იქვე აზუსტებენ, რომ შეიძლებოდა უარესიც მომხდარიყო.
– ყველა თვითმფრინავი აფრენის და დაფრენის დროსაც ადლერის თავზე გადაიფრენს. ამას უკვე მივეჩვიეთ, მიგვაჩნია… მიგვაჩნდა, რომ ეს უსაფრთხოა. ქალაქში რომ ჩამოვარდნილიყო…
სოჭელებს სათხილამურო სეზონი ადარდებთ, რომელიც 5 დღის წინ გაიხსნა. კრასნაია პოლიანაზე სასტუმროები 100%-ით შევსებულია, დანარჩენები სტუმრებს ელიან. “ტურისტულ ქალაქში ავიაკატასტროფა – ვერც კი წარმოგიდგენიათ, ეს რას ნიშნავს”.
ქალქის თავმა ადმინისტრაციის მოხელეებს და პოლიციელებს გათენებისთანავე ნაპირზე გასვლა უბრძანა – “იმის საძებნელად, რასაც წყალი გამორიყავს”.
ნავსადგურზე, საიდანაც სამძებრო გემები ზღვაში გადიან, ადამიანებს ყვავილები მიაქვთ. მაცესტას ნავსაყუდელი, საიდანაც სამძებრო მუშაკებს გვამები და თვითმფრინავის ნამსხვრევები ამოაქვთ, ცარიელია, შუქურა წითლად ანათებს, ტალღები სრიალა ქვებს ლოკავს.
თვითმფრინავი, რომლითაც დაღუპულთა აღმოჩენილი გვამები მოსკოვში გადაასვენეს, 9 საათზე დაფრინდა ჩკალოვის სამხედრო აეროპორტში, საიდანაც ერთი დღე-ღამის წინ ტუ-154 გამოფრინდა.
სამუშაო თათბირის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ტრანსპორტის მინისტრმა სოკოლოვმა განაცხადა, რომ ტერაქტის ვერსია პრაქტიკულად გამორიცხულია, აეროპორტების უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობა არ დგას. მომხდარის ძირითადი ვერსიებია – ტექნიკური გაუმართაობა ან პილოტირების შეცდომა.
გამოქვეყნებულია: 26.12.2016