რა სჭირს ლარს?
ლარი ანტირეკორდებს ამყარებს. ხელისუფლება მიზეზებს გარეთ ეძებს. რა ხდება სინამდვილეში?
რა მოხდა?
30 ნოემბერს ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა დოლარის მიმართ 2.53-ს მიაღწია. ეს რეკორდია, უფრო სწორად კი – ანტირეკორდი. 1995 წლის ოქტობრიდან დღემდე ანუ თავისი არსებობის ისტორიის განმავლობაში, საქართველოს ეროვნული ვალუტა ასეთი გაუფასურებული არასდროს ყოფილა.
აქამდე ლარის რეკორდული კურსი 2.50 იყო, რომელიც მიმდინარე წლის 28 იანვარს დაფიქსირდა.
ლარმა პირველი გაუფასურება 2013 წლის ბოლოდან დაიწყო. მაშინ ერთი დოლარი 1.66 ლარი ღირდა. მას შემდეგ ლარი 51%-ით გაუფასურდა.
აგვისტოს ბოლოს, როცა ერთი დოლარი 2,28 ლარი ღირდა, ლარის გაუფასურების უკვე მეორე, ახალი ტალღა დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება – 1 დეკემბრის მონაცემებით, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2.61-ია.
როგორ ყალიბდება ლარის კურსი
ქართულ ლარს ე.წ. თავისუფალი გაცვლითი კურსი აქვს. ეს ნიშნავს, რომ ლარის კურსს არ ადგენს და არ მართავს მთავრობა ან ეროვნული ბანკი.
ლარის კურსს დოლარზე მოთხოვნა-მიწოდება აყალიბებს. თუ მოსახლეობას მეტი დოლარი სჭირდება, ვიდრე მიმოქცევაში არის, მაშინ დოლარი ძვირდება და ლარი უფასურდება. რამდენი დოლარია ქვეყანაში, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი დოლარი შემოდის ქვეყანაში და პირიქით, გადის ქვეყნიდან. დოლარის საჭიროება ძირითადად იმპორტირებული პროდუქტის შეძენით და ვალების მომსახურებითაა განპირობებული.
ლარს გაუფასურებისკენ ისიც უბიძგებს, თუ დოლარის მოცულობა არ შეიცვლება, მაგრამ ქვეყნაში ლარის მოცულობა გაიზრდება. ეს ნიშნავს, რომ ხალხს დოლარის შესაძენად დამატებითი ლარი გაუჩნდება.
ასევე, გაცვლით კურსზე მნიშვნელოვნად მოქმედებს მოსახლეობაში არსებული მოლოდინი კურსის ცვლილების მიმართ. მაგალითად, მოსახლეობა თუ მოელის, რომ მომავალში ლარი კიდევ უფრო გაუფასურდება (დოლარი გაძვირდება), დღესვე იყიდის იმაზე მეტ დოლარს, ვიდრე დღეს სჭირდება და ამით თავად შეუწყობს ხელს ლარის გაუფასურებას.
რატომ უფასურდება ლარი
მნიშვნელოვანწილად საგარეო ფაქტორებზეა დამოკიდებული, თუ რამდენი დოლარი შემოვა საქართველოში და რამდენი გავა. თავის მხრივ, დოლარის ნაკადებს განსაზღვრავს: საგარეო ვაჭრობა (ექსორტ-იმპორტი), ტურიზმი, ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხები, უცხოური გრანტები, ინვესტიციები და სესხები.
ქვეყნიდან დოლარის გასვლა-შემოსვლას სტატისტიკურად სრულად აღრიცხავს ე.წ. საგადასამხდელო ბალანსი, რომელიც საქართველოში მხოლოდ კვარტალურად და ისიც 3 თვის დაგვიანებით ქვეყნდება. მაგალითად, დღეს ვიცით, რა ხდებოდა მიმდინარე წლის ივნისის მდგომარეობით. თუმცა, რა ხდებოდა ნოემბერში, ამას მხოლოდ მომავალი წლის მარტის ბოლოს გავიგებთ.
საქართველო ყველაზე მეტ დოლარს საქონლით საგარეო ვაჭრობაში კარგავს. 2014 წელს იმპორტმა ექსპორტს 4.2 მილიარდი დოლარით გადააჭარბა, ანუ ვაჭრობის შედეგად ქვეყნიდან 4.3 მილიარდი დოლარით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა. 2015 წელს ვაჭრობის უარყოფითი ბალანსი 4.4 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში კი – 4.15 მილიარდ დოლარამდე. 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის მოცულობა 1.1 მილიარდი დოლარით შემცირდა.
საქართველოში იმპორტი ექსპორტს მანამდეც აჭარბებდა და ქვეყნიდან მილიარდობით დოლარი გადიოდა, თუმცა ეს დანაკლისი სხვა წყაროებიდან იფარებოდა. ბოლო 2 წელიწადში, დაახლოებით, წლიურად 400 მილიონი დოლარით შემცირდა საქართველოსთვის შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო – საზღვარგერეთიდან ფულადი გზავნილები. ექსპორტის შემცირებასთან ერთად, ფულადი გზვნილების შემცირება არის ის ორი მთავარი მიზეზი, რამაც საქართველოს დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარი დააკარგვინა და ლარის გაუფასურება გამოიწვია.
2013 წელთან შედარებით, 2015-2016 წლებში საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობა, უცხოური ინვესტიციების და სესხების მოცულობა გაიზარდა, მაგრამ სხვა წყაროებიდან დოლარის გაზრდილი დანაკარგების დასაფარად საკმარისი არ აღმოჩნდა და ლარი გაუფასურდა.
2016 წლის გაზაფხულზე ლარმა გამყარება დაიწყო და კურსი 2.13-ზეც კი ჩამოვიდა. საგადასამხდელო ბალანსის გამოქვეყნების შემდეგ ცხადი გახდა, რომ ლარის გამყარების ძირითადი მიზეზი გაზრდილი საგარეო ვალი იყო. ამას თან ერთვოდა მიმოქცევაში არსებული ლარის მოცულობის შემცირება, ანუ მოსახლეობას შეუმცირდა დოლარის შესაძენად საჭირო ლარის მოცულობა.
რა ხდება აგვისტოს შემდეგ, რატომ უფასურდება ლარი ისევ?
ამაზე ამომწურავი პასუხის გასაცემად საჭირო ინფორმაცია ჯერ ცნობილი არ არის.
თუმცა გარკვეული დასკვნების გაკეთება უკვე შეგვიძლია – ცნობილია, რომ 2015 წელთან შედარებით, ბოლო თვეებში საგარეო ვაჭრობის ბალანსი და ფულადი გზავნილები არ გაუარესებულა. გაიზარდა ტურისტების რაოდენობაც. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოდ, რომ პრობლემა უცხოურ ინვესტიციების და დაფინანსების (სესხები, გრანტები) შემცირებაშია. დაფინანსების შემცირებაზე მიანიშნებს ისიც, რომ მთავრობამ დონორების მიერ გამოყოფილი 200 მილიონ დოლარამდე ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტი და კრედიტი ვერ აითვისა. ვინაიდან ქვეყნის ბიუჯეტს 200 მილიონ დოლარამდე შემოსავალი დააკლდა, მთავრობამ ეს თანხა დაგეგმილზე მეტი საშინაო ვალის აღებით და ნაშთებიდან ფულის გამოყენებით დახარჯა, რამაც ლარის კურსზე უარყოფითად იმოქმედა.
ბოლო 7 თვეში ლარის მოცულობა დაახლოებით მილირდი ლარით გაიზარდა, რამაც დოლარზე მოთხოვნა გაზარდა. ხელისუფლებამ იცის, რომ ლარის მოცულობის ზრდა გაცვლით კურსს აზიანებს, თუმცა სხვა გზა არ აქვს. თუ ლარის მასას არ გაზრდის, ქვეყნის ეკონომიკა არ გაიზრდება და მეტიც, შესაძლოა რეცესიაში (კლებაში) გადავიდეს, რაც მოსახლეობის შემოსავლების შემცირებას და უმუშევრობის ზრდას გამოიწვევს.
სიტუაციას ართულებს ისიც, რომ ლარის პარალელურად, ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებიც უფასურდება, რაც ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას და დამატებითი შემოსავლის მიღებას აბრკოლებს.
ლარის გაუფასურების შედეგები
ლარის გაუფასურებას რამდენიმე ნეგატიური შედეგი აქვს:
1. იმ ადამინებს, ვისაც სესხი დოლარში აქვთ და შემოსავალი ლარში, სესხის მომსახურება უძვირდებათ;
2. საქართველოს საგარეო ვალის მომსახურება უძვირდება;
3. პროდუქციაზე ფასები მატულობს და
4. იზრდება გაურკვევლობა, ქვეყანაში მატულობს რისკის დონე, რაც აზიანებს ქვეყნის განვითარებას.
საქართველოში სესხების 65% დოლარშია გაცემული. დღეს ყოველი 100 დოლარის დასაფარად ფიზიკურ ან იურიდიულ პირს 95 ლარით მეტის გადახდა უწევს, ვიდრე 2013 წლის ბოლომდე უწევდა.
საქართველოს 4.4 მილიარდი დოლარის საგარეო სახელმწიფო ვალი აქვს, რომელსაც ქვეყნის ბიუჯეტიდან ვიხდით. ბიუჯეტის შემოსავლები ლარშია, შესაბამისად ახლა უფრო მეტი შემოსავლის მობილიზებაა საჭირო ვალის დასაფარად.
გაიზარდა ფასები როგორც იმპორტირებულ, ასევე ადგილობრივ პროდუქციაზე, რადგან ხშირად ადგილობრივ წარმოებაში ნედლეული იმპორტირეულია, ან სხვა ხარჯი აქვს მწარმოებელს დოლარში (მაგალითად, სესხი). ბოლო 3 წელიწადში ფასები დაახლოებით 12%-ით არის გაზრდილი.
რა უნდა გააკეთოს მთავრობამ
29 ნოემბერს მთავრობამ ახალი სამოქმედო გეგმა წარმოადგინა, რომელმაც ლარის გაუფასურება უნდა შეაჩეროს. მთავრობა,აქციზის გადასახადის მატების გზით (მოიმატებს აქციზი თამბაქოს ნაწარმზე, ნავთობპროდუქტებზე), იმპორტს და საბანკო სესხების დოლარში გაცემას შეზღუდავს. ასევე, ბანკები ვალდებული იქნებიან, უკვე გაცემული სესხები მოსახლეობას დოლარიდან ლარში გადაუტანონ.
ეს ღონისძებები ლარის კურსზე დადებითად იმოქმედებს, თუმცა ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მხოლოდ შემაფერხებელი იქნება.
მთავრობამ ვერ შეძლო ისეთი ღონისძიებების შემოთავაზება, რაც უფრო სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას მოგვიტანდა და ამ გზით გაამყარებდა ლარს.
მთავრობას ლარის კურსზე გავლენა ორი მხრიდან შეუძლია:
1. სახელმწიფო ბიუჯეტით. უნდა გვქონდეს დაბალანსებული ან რაც შეიძლება დაბალი დეფიციტის მქონე ბიუჯეტი, უნდა შეიზღუდოს მიმდინარე ხარჯები (მაგ, ადმინისტრაციული ხარჯები) და არ უნდა ავიღოთ შიდა სახელმწიფო ვალი;
2. ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებით. უნდა მოვიზიდოთ მეტი უცხოური ინვესტიცია და დავაჩქაროთ საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ზრდა.
გამოქვეყნებულია:1.12.2016