კომენტარი: სჯობს, დამაჯერებლად იცრუო
“შენ თქვი – მე დაგიჯერე, გამიმეორე – და ეჭვი შემეპარა, მტკიცება დაიწყე და მივხვდი, რომ იტყუები” (ჩინური ანდაზა).
სტატისტიკამ ყველაფერი იცის. ყველაფერთან ერთად, მისთვის ცნობილია ყველა ქვეყნის ტერიტორიის ფართობი. კალკულატორით და ცნობარით აღჭურვილ ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია გამოითვალოს, ქვეყნის საერთო ტერიტორიის რამდენ პროცენტს შეადგენს რამდენიმე რაიონის ტერიტორია.
ელემენტარული გამოთვლების ჩატარებითაც კი ვრწმუნდებით, რომ აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის დაახლოებით 14% ოკუპირებულია, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის ჩათვლით. თუმცა, 1994 წლიდან მოყოლებული, ჰეიდარ ალიევის ხელდასხმით, ოფიციალური პირები და მათთან დაახლოებული პროსახელისუფლებო პრესა დაბეჯითებით ლაპარაკობენ ტერიტორიის 20%-ის ოკუპირებაზე.
• ყარაბაღი: რატომ აღადგენენ სომხები მეჩეთს?
ციფრების მაგია განვითრებული სოციალიზმის დიდებულ ტრადიციებს აგრძელებს. მახსოვს ეპიზოდი, როდესაც აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცეკას პირველმა მდივანმა ჰეიდარ ალიევმა ვალდებულება აიღო მომდევნო წელს 600 ათასი ტონა ბამბის ჩაბარების შესახებ; იმ დროს ბაქოში მყოფმა ბრეჟნევმა კი იქვე წარბშეუხრელად უთხრა: “მილიონამდე დაამრგვალეთ!” ( მქუხარე გაბმული აპლოდისმენტები ოვაციაში გადაიზარდა).
ერთხელ პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებრივ-პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელმა, ალი ჰასანოვმა ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმში გამოსვლისას განაცხადა: “აზერბაიჯანის ტერიტორიის 20%, მათ შორის აზერბაიჯანი -ირანის სახელმწიფო საზღვრის 132 კილომეტრი და აზერბაიჯანი-სომხეთი სახელმწიფო საზღვრის 132 კილომეტრი ოკუპირებულია სომხეთის სამხედრო ძალების მიერ”.
ეჭვი არ გვეპარება, რომ პროფესორმა ჰასანოვმა კალკულატორის გამოყენება კარგად იცის, და რომ ეს “20 პროცენტი” – ჰეიდარ ალიევის ხსოვნისადმი პატივის მიგებაა. არაფრით არ შეიძლებოდა “ულუ ონიადრი”(“დიადი მესაჭე”) შემცდარიყო, და ვისაც ამაში ეჭვი ეპარება, ის სხვის წისქვილზე ასხამს წყალს და ა.შ. მაგრამ, სომხეთთან ეს 733 კილომეტრიანი საზღვარი საიდანღა მოვიდა?
ისევ ცნობარს მივმართოთ. სომხეთთან აზერბაიჯანის საერთო საზღვარი 1007 კილომეტრს შეადგენს. მათ შორის 246 კმ. ნახიჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან არსებული საზღვარია. გამოდის, რომ სომხეთთან “მატერიკული” აზერბაიჯანის საზღვარი 1007-246=761 კმ -ია (აქ კალკულატორიც კი არ არის საჭირო).
მათ შორის, თუ პატივცემულ პროფესორ ჰასანოვს დავუჯერებთ, 733 კმ. სომხეთის მიერ არის ოკუპირებული. საბოლოოდ გამოდის, რომ საზღვრის სიგრძე კელბაჯარის რაიონის ჩრდილოეთი წერტილიდან (მურების ქედი) სოფელ სადახლომდე (სამი სამხრეთკავკასიური ქვეყნის საერთო წერტილი) სულ 28 კილომეტრს შეადგენს.
ამ რუკაზე ჩანს, რომ ამ მონაკვეთზე აზერბაიჯანის ხუთი რაიონი დაეტია და კიდევ 200 კილომეტრია წინ.
ან კიდევ ერთი მაგალითი. 1994 წელს ჯერ კიდევ არ იყო მოდური ისეთი სიტყვები, როგორიცაა “ტოლერანტულობა” და “მულტიკულტურალიზმი”.
დღეს არის, რომ ეს სიტყვები წითელ ზოლად გასდევს აზერბაიჯანის სახელმწიფო პროპაგანდას. ცალკე საკითხია, თუ რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს. მაგრამ ჯერ კიდევ იმ დროს ჩვენი დელეგატები სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმზე სიამაყით აცხადებდნენ, რომ ბაქოში, კონფლიქტის მიუხედავად, 30 000 სომეხი ცხოვრობს, როდესაც სომხეთში აღარც ერთი აზერბაიჯანელი არ არის დარჩენილი.
მართლაც, ბაქოში დღემდე ცხოვრობენ სომხები, თითოეულ ჩვენგანს, ყველა ბაქოელს ალბათ ჰყავს ასეთი ნაცნობი. ძირითადად, ესენი არიან ხანში შესული ქალბატონები, რომლებიც აზერბაიჯანელებზე არინ გათხოვილები. მეზობლები მათ იცნობენ და მათ თავს არავის დააჩაგვრინებენ.
მაგრამ კონფლიქტის დაწყების მომენტიდან უკვე თითქმის 30 წელიწადი გავიდა. ვითომ გასაკვირი არ არის, რომ ეს ციფრი – 30 000 – არ მცირდება? ნუთუ მას შემდეგ ბაქოელი სომხებიდან ან არავინ გამგზავრებულა, ან არ გარდაცვლილა? ახლახან ყური მოვკარი, რომ 30 000 უკვე 40 000 გამხდარა. თურმე, ამ პირობებში მრავლდებიან კიდეც.
კონფლიქტის პირველ წლებში ჩვენ სამართლიანად ვჩიოდით საინფორმაციო ბლოკადის გამო, და რომ აზერბაიჯანის ხმა არ ისმოდა არც რუსულ და არც საერთშორისო მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით.
მაშინ მოხერხებულად შეიქმნა “მრავალტანჯული სომეხი ხალხის” იმიჯი, რომელსაც თავისუფლებს სურს, ბოროტი “თურქი-მუსლიმები” და მათი პარტოკრატიული ხელმძღვანელობა კი მთ ამ თავისუფლებას არ აძლევს, პირიქით – ჭრიან და აძევებენ.
მაგრამ აი, დროება შეიცვალა. თავისი ენერგორესურსების წყალობით, აზერბაიჯანი მდიდარი ქვეყანა გახდა, და გაჩნდა ამ საინფორმაციო ბლოკადის გარღვევის საშუალება. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ამ სფეროში გარკვეული წარმატებები არსებობს. თუმცა, ამის მიღწევა ცალკეული ენთუზიასტების დამსახურებაა, ზოგჯერ – ცენტრალიზებული სახელმწიფო საინფორმაციო პოლიტიკის საპირისპიროდაც კი.
უზარმაზარი მატერიალური რესურსი იხარჯება აშკარად არაეფექტურ პროექტებზე. მაგალითად, რამდენი დაჯდა სამი მარგინალი სომეხი “აქტივისტის” ბაქოში ჩამოსვლის ორგანიზება, რომელთაგან ორი, დიდი ხანია, სომხეთში აღარ ცხოვრობს, მესამეს კი იქ არავინ იცნობს (სხვათა შორის, საინტერესოა, ახლა სად არის?). ნუთუ ჩვენს ხელისუფლებას სერიოზულად ეგონა, რომ ამ ღონისძიების დახმარებით მილიმეტრით მაინც მიუახლოვდებოდნენ ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტას? უბედურებაც ის არის, რომ ვშიშობ, მართლაც ასე ეგონათ.
აბსურდამდე მისულ შემთხვევებზე ბევრი წერით თავს აღარ შეგაწყენთ. მაგალითად, როდესაც სპორტული სახელმწიფო არხის წამყვანი დიდი ხნის განმავლობაში არ წარმოთქვამდა დორტმუნდის “ბორუსიის” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდის, მხითარიანის გვარს, და ამბობდა, რომ “გოლი გაიტანა ნომერმა 10-მა”, უკეთეს შემთხვევაში, “კუთხურს ჩააწვდის გენრიხი”. ანდა იმავე სპორტულ სიახლეებში: “აზერბაიჯანელმა მოჭიდავემ ორივე ბეჭზე დასცა სომეხი მეტოქე”.
გადამოწმების შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ აზერბაიჯანელი უკრაინას წარმოადგენს, სომეხი კი – იტალიას. მაგრამ თუ სომეხი ამარცხებს აზერბაჯანელს, ამაზე ხმას არ იღებენ.
კრიტიკოსებმა და ურა-პატრიოტებმა შეიძლება იკითხონ: ასეთ ხრიკებს სომხური მხარეც ხომ მიმართავს? მიმართავს, და მერე – როგორ.
განსხვავება ისაა, რომ მათი პროპაგანდა, როგორც წესი, უფრო დახვეწილია, და ჩვეულებრივი კალკულატორით მისი მხილება გაჭირდება. და თანაც, მე, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეს, ჩვენთან რა ხდება, ის უფრო მადარდებს. სომხურ პროპაგანდაზე კი, იმედია, ჩემი სომეხი კოლეგები დაწერენ ობიექტურად.
სტატიას მე-20 საუკუნის პოლიტიკური პროპაგანდის დიდოსტატის სიტყვებით ვასრულებ: “პროპაგანდას ძალა ეკარგება, როდესაც ის აშკარა ხდება.”