თბილისში, აფრიკის დასახლებაში მძიმე ტექნიკა საცხოვრებელ სახლებს ანგრევს. ათეულობით ოჯახი ქუჩაში რჩება
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში, უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო.
ფიზიკის ქუჩაზე ვითარება დილიდან დაძაბულია, იქ სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც უსახლკაროდ რჩება, აქციას მართავს და დახმარებას ითხოვს. მათ გზა საბურავებით ჩახერგეს.
მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როცა იქ თბილისის მერიის ზედამხედველობის თანამშრომლები, მძიმე ტექნიკასთან ერთად გამოჩნდნენ.
დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. პოლიციასთან წინააღმდეგობის გაწევისას დაშავდა ფეხმძიმე ქალი.
“ჩემნაირი ბევრი ცხოვრობს აქ, ჩემნაირად ვისაც უჭირს. კიბო მაქვს, წასასვლელი არსად მაქვს. ვიცი, მერიისაა. მოგვცეს მაშინ შესაძლებლობა, რომ ვიცხოვროთ”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
საპატრულო პოლიციას ცოცხალი ჯაჭვი აქვს გაკეთებული, ისინი ადგილობრივ მოსახლეობას მძიმე ტექნიკასთან მისვლის საშუალებას არ აძლევენ.
მუნიციპალური ინსპექციის თქმით, სამსახურის მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ამ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული, რის შემდეგაც მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო.
„ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე წელს მოკვლევა დაიწყო“, – წერია განცხადებაში.
დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, ეს არის მიწების მიზანმიმართული დატაცება და იქ გარკვეული შენობა-ნაგებობების განთავსება, რათა წლების შემდეგ მოახდინონ ამ მიტაცებული მიწების რაღაცნაირად მითვისება.
“ესენი არიან ადამიანები, ვისაც აქვთ სახლები, მიწები და ა.შ. ეს არის მიწების მიზანმიმართული დატაცება, მე არ გამოვრიცხავ, რომ ამის უკან იყოს გარკვეული ჯგუფები”, – აცხადებს კალაძე.
ფიზიკის ქუჩაზე მივიდნენ ოპოზიციის ლიდერებიც.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ წინასაარჩევნოდ ქართული ოცნების წევრები ადგილობრივ მოსახლეობას მიწების დაკანონებას დაპირდნენ:
“ქართული ოცნების” დიდი ნაწილი ფეხშიშველა დადიოდნენ აქ და ითხოვდნენ ხმებს. ევედრებოდნენ ადამიანებს და ეუბნებოდნენ, რომ ხმა მოგვეცითო და სახლებს კი არა, მიწები რომ გაქვთ, იმას დაგიკანონებთო”, – ამბობს ხაბეიშვილი.
სახალხო დამცველი: ზამთარში დემონტაჟი წარმოშობს არაადამიანური მოპყრობის რისკებს
დღევანდელ მოვლენებს გამოეხმაურნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც.
ორგანიზაცია “ღია საზოგადოების ფონდი” მერიას მოუწოდებს, შეწყვიტოს აფრიკის დასახლებაში შენობების ნგრევის პროცესი და არ დაარღვიოს ამ შენობებში მცხოვრებთა საცხოვრისის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, ასევე უზრუნველყოს ამ ადამიანების ღირსეული ცხოვრების გარანტიები.
“აღნიშნული, განსაკუთრებით მწვავეა დამძიმებული პანდემიური მდგომარეობის ფონზე. იმ პირობებში, როცა, შინ დარჩენის მოწოდების მიუხედავად, ათასობით ადამიანს არ გააჩნია თავშესაფარი”, – წერია განცხადებაში.
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ფეისბუკზე წერს, რომ ზამთრის პერიოდში დემონტაჟის ღონისძიებების განხორციელება წარმოშობს არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის რისკებს. აღნიშნულს ემატება, პანდემიიდან გამომდინარე საფრთხეებიც.
______________________________
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია “მმართველობის მონიტორინგის ცენტრი” (“ფლანგვის დეტექტორი”) კვლევაში აღნიშნავს, თბილისის მერიამ 2020 წლის დეკემბერში, ახალი წლის კონცერტების ჩასატარებლად 2,7 მილიონის ტენდერები გამოაცხადა, ხოლო საახალწლო განათებებზე 616 ათასი ლარი დახარჯა.
ამავე ორგანიზაციის ინფორმაციით, მთლიანობაში, სახელმწიფომ, საახალწლო განათებებზე 1,6 მილიონი დახარჯა (თბილისის მერიამ 616,000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა, ბათუმის მერიამ 500,000 ლარი, ხოლო ქუთაისის მერიამ 233,000 ლარი)