კურორტის აჩრდილი
ტიპური კერძო ორსართულიანი სახლი სოხუმში. ბაზრის სიახლოვეს. ზღვიდან 10 წუთის სავალ მანძილზე. ასეთი სახლი ერთგვარ ოცნებას წარმოადგენს ნებისმიერი ‘ველური ტურისტისთვის’, ვისაც შვებულების გატარება ზღვაზე აქვს გადაწყვეტილი. უარყოფითი მხარეებიდან აღსანიშნავია ბაზრისათვის დამახასიათებელი ხმაური და კურორტისთვის შეუფერებელი გარემო. სამაგიეროდ იაფია. ერთი დამსვენებელი დღე-ღამის მანძილზე დაახლოებით 500 რუბლს იხდის.
აქ სასტუმროს სული ტრიალებს. დიასახლისი ლარისა ხასია ამბობს რომ ოთახებს მხოლოდ მეორე სართულზე აქირავებს. თუმცა, სეზონის პიკის დროს მოთხოვნა მკვეთრად აჭარბებს მიწოდებას და ასეთ დროს პირველი სართულის ოთახებსაც უთმობს ტურისტებს. აქ ყველა ცდილობს კლიენტების მოზიდვასა და შენარჩუნებას.
ეს ბიზნესი მარტივ ლოგიკას ეფუძნება-ის სასტუმრო სახლები, რომლებსაც მუდმივი კლიენტები ჰყავთ, ფინასნსურ და ეკონომიკურ აღმავლობას განიცდიან.
აქ ერთი ადამიანის ცხოვრება საშუალო დონის სასტუმროს ნომერზე დაახლოებით ორჯერ, ან სამჯერ უფრო იაფი ჯდება; ეს კი სამჯერ, ან ოთხჯერ უფრო იაფია, ვიდრე ძველ საბჭოურ სანატორიუმებში, სადაც კოსმეტიკურ რემონტს სამ წელიწადში ერთხელ აკეთებენ, საერთო მოხმარების სველი წერტილები კი დერეფნის ბოლოშია განთავსებული.
აქ ნამდვილად უკეთესია. ამასთან, თითოეული დამსვენებლის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა აქვთ. გასაქირავებელი სახლების მფლობრლების მიერ გამომუშავებული ფული, ხარჯისა და საოჯახო საჭიროების გამოკლებით, მთლიანად ბიზნესის გაფართოებისთვის იხარჯება.
ამ მხრივ გამონაკლისს არც ხასიების ოჯახი წარმოადგენს, რომელსაც საკუთარ სახლზე მესამე სართულის დაშენება აქვს გადაწყვეტილი. ‘გადაწყვეტილი მაქვს, სამი ოთახი და ერთი აბაზანა მოვაწყო, რომლებსაც საკურორტო პერიოდში დამსვენებლებზე, წელიწადის სხვა დროს კი ადგილობრივებზე გავაქირავებ. გადასახადები? არაფერს ვიხდი და არც ვაპირებ გადახდას. როდესაც სახლს ვაშენებდი, სახელმწიფო არ მეხმარებოდა. რატომ უნდა ვიხადო ახლა ფული?’ კითხულობს ლარისა ხასია.
ფულის შესახებ
ტურისტული სფეროს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის კერძო სექტორზე, რომლის დიდი ნაწილიც მთლიანად ‘ჩრდილშია’ მოქცეული.
ეს მთელი ინდუსტრიაა, რომელშიც არა მხოლოდ უძრავი ქონების მეპატრონეები, არამედ შუამდგომლებიც არიან ჩართულები. სწორედ ეს მედიატორები უზრუნველყოფენ სახლების მფლობელებს კლიენტურით. ლარისა ხასია ამბობს. რომ ერთ სეზონზე ათი დღის მანძილზე სახლის სრულად დატვირთვის შემთხვევაში 35 ათასი რუბლის [დაახ. 500 დოლარი] გამომუშავება შეიძლება. დაახლოებით ამდენივეს გამოიმუშავებენ შუამდგომლებიც.
ადამიანების ცნობიერებაში ‘ჩრდილოვანი ბიზნესი’ ხშირად ‘კრიმინალურ ბინზესთან’ ასოცირდება, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ტურისტული სფეროს განვითარების მაგალითთან გვაქვს საქმე.
თუმცა, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ კერძო მეწარმეებს შორის ფულის მიმოქცევის დონე ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე სასტუმრო მომსახურების ოფიციალურ ბაზარზე.
ეს მიმართულება ათასობით სამუშაო ადგილს ქმნის და ადგილობრივი მოსახლეობისათვის შემოსავლის განსაკუთრებულ წყაროს წარმოადგენს. ზღვაზე ჩამოსულ დამსვენებლებზე ბინებისა თუ სახლების გაქირავებითა და სუვენირებისა თუ მწვადის გაყიდვით მიღებული შემოსავალი მათი ოჯახებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, გაქირავებული ბინებიდან გადასახადების სახით ძალიან ცოტა ირიცხება ბიუჯეტში.
ყოველ წელს, საკურორტო სეზონის დასაწყისში, ხელისუფლება ამ ბიზნესის კანონის ფარგლებში მოქცევას ისახავს ხოლმე მიზნად, თუმცა, ყველა ასეთი მცდელობა, ფაქტობტივად, უშედეგოდ მთავრდება.
საგადასახადო სამსახურის ცნობით, წლევანდელი მაჩვენებლები, წინა წლების მონაცემებთან შედარებით, ბევრად უკეთესია. ა.წ. ივლის-აგვისტოში ზემოაღნიშნულ სფეროში მომუშავე კერძო მეწარმეებმა და პატარა სასტუმროებმა 13 მილიონ 716 ათასი რუბლი შეიტანეს ბიუჯეტში [დაახლოებით 202 000 აშშ დოლარი] ამ თანხიდან 4 მილიონ 340 ათასი [დაახლოებით 64 000 დილარი] კერძო მეწარმეებმა გადაიხადეს. ‘გასულ წელს ორჯერ ნაკლები შევიდა მათგან ბიუჯეტში’,- ამბობს გადასახადებისა და შენატანების სამინისტროსთან არსებული ფიზიკური პირების დაბეგვრის სამმართველოს უფროსი ვადიმ გაბუნია,-‘თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, შარშანდელთან შედარებით, წელს დამსვენებლების რაოდენობა ბევრად მეტია’.
ერთი თვეში ერთი საწოლიდან ინდმეწარმეები გადასახადის სახით 400 რუბლს უნდა იხდიდნენ [დაახლოებით 6 დილარი], მიუხედავად იმისა, თუ რამდენი დამსვენებელი ეყოლებათ. პატარა სასტუმროები და სასტუმრო სახლები, სადაც 10 საწოლზე მეტია, გადასახადის სახით 2000 რუბლს [30 დოლარს] უნდა იხდიდნენ. მიუხედავად ამისა, მთელი ამ სეგმენტიდან ხაზინის პირდაპირი საგადასახადო შემოსულობების წილი მეტისმეტად მცირეა.
წყალი და დენი
მართლაც, აქამდე ტურისტების ასეთი მოზღვავება ომისშემდგომ აფხაზეთში არ ყოფილა. ყველაზე დიდი კურორტი-გაგრა საზაფხულო ხალხმრავლობის პრობლემის წინაშე დადგა. დამსვენებელთა დიდი რაოდენობის გამო რამდენჯერმე გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება. ტრანსფორმატორებმა ვერ გაუძლო დატვირთვას და დაზიანდა. შედეგად, შეფერხდა წყლის მიწოდებაც. საბოლოოდ რაიონის ხელმძღვანელობას გაგრაში ‘მარაოსებრი გათიშვის’ რეჟიმის დანერგვა მოუწია.
ჩინოვნიკები ირწმუნებიან, რომ თუკი ინდივიდუალური მეწარმეები გადასახადებს გადაიხდიან, ასეთი პრობლემები არ შეიქმნება. როდესაც ყველა ‘ჩრდილში’ მუშაობს და კომუნალურ გადასახდელებს არა კომერციული, არამედ ჩვეულებრივი, სამომხმარებლო ტარიფით იხდიან, ბუნებრივია, რომ პრობლემები წარმოიშობა არამხოლოდ ენერგეტიკასთან, არამედ ქალაქის პლაჟებიდან ნაგვის გატანასთან დაკავშირებითაც კი.
‘კარგი იქნება, თუ აქტიურ სეზონზე ინდმეწარმეებს კომერციული ტარიფები დაუწესდებათ, წლის დანარჩენ პერიოდში კი ჩვეულებრივად გადაიხდიან გადასახადებს,’ -ფიქრობს ეკონომისტი სერგეი ვოლკოვი.
მისი თქმით, საჭიროა, ტურისტული ობიექტების მფლობელების დარწმუნება იმაში, რომ მათ მიერ გადახდილი გადასახადები დიდწილად განსაზღვრავს ტურისტების დასვენების ხარისხსა და იმ შთაბეჭდილებებს, რომლებსაც ისინი თან გაიყოლებენ. ამდენად, აღნიშნული ფაქტორი მომდევნო სეზონზე ჩამოსული დამსვენებლების რაოდენობასაც განსაზღვრავს. სწორედ საბიუჯეტო სახსრები იხარჯება გზების მშენებლობაზე, ნაგვის გატანაზე, პლაჟების კეთილმოწყობაზე, ქალაქის გარეგნულ იერსახესა და მართლწესრიგის დაცვაზე.
‘უნდა ვუბიძგოთ ინდივიდუალურ მეწარმეს, გამოვიდეს ბინდბუნდიდან, იმიტომ რომ ეს მის ინტერესებს წაადგება.’