მოსაზრება: ყარაბაღში მოვლენათა განვითარების სამი სცენარი - ხედვა ბაქოდან
„ყარაბაღის მეორე ომი“ – ასე უწოდებენ საბრძოლო მოქმედებებს, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე 27 სექტემბერს დაიწყო და 44 დღის განმავლობაში გაგრძელდა.
მხოლოდ ოფიციალური მონაცემებით, ამ ომმა ორივე მხრიდან 5 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ალბათ, რიცხვი გაცილებით გაიზრდება, როდესაც მხარეები ახალ მონაცემებს წარმოადგენენ.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი შაჰინ რზაევი პასუხებს გვთავაზობს კითხვებზე იმის შესახებ, რა და რატომ მოხდა, შესაძლებელი იყო თუ არა ომის თავიდან აცილება და რა იქნება შემდეგ.
რა მოხდა
„გამარჯვება მოგვპარეს!“ – მითხრა ნათესავმა, როდესაც 10 ნოემბრის სამმხრივი ზავის შესახებ შეიტყო.
მართლაც, აზერბაიჯანის არმია „ორ ნაბიჯში“ იყო ხანქენდის აღებიდან, მთიანი ყარაბაღის ცენტრის, ყოფილი ავტონომიური ოლქის, რომელიც საბჭოთა აზერბაიჯანის შემადგენლობაში შედიოდა და რომლის გარშემოც ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი ომი გაჩაღდა მე-20 საუკუნის ბოლოს.
9-დან 10 ნოემბრის ღამეს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მმართველებმა რუსეთის პრეზიდენტის შუამავლობით ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელმაც ომი შეაჩერა და მშვიდობიანი დარეგულირების სამომავლო კონტურები გამოკვეთა.
ამ დოკუმენტს აზერბაიჯანში და განსაკუთრებით სომხეთში მწვავედ და მტრულად შეხვდნენ.
აზერბაიჯანში „ბოლომდე“ ომს ითხოვდნენ, სომხეთში ხელისუფლება „ღალატში“ დაადანაშაულეს.
სულ რაღაც ერთი თვე გავიდა ისტორიაში პირველი „ონლაინ სამშვიდობო შეთანხმებიდან“. დრო, რა თქმა უნდა, ცოტაა გასული, მაგრამ, პირველადი დასკვნების გაკეთება მაინც შეიძლება.
აზერბაიჯანში, უმრავლესობის თავდაპირველმა ეიფორიამ ეტაპობრივად ვარდნა დაიწყო. რა თქმა უნდა, ტანჯვა და უკმაყოფილება, რომელიც, დაახლოებით, 30 წელს გაგრძელდა, ერთიანად არ გაივლის.
ბევრი ადამიანი აგრძელებს სხვადასხვა მედიასა და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული დაცინვის გახსენებას, განსაკუთრებით, აი, ამას: „პირველ ომში, თურქებს სირბილი ვასწავლეთ, მეორეში – ცურვას ვასწავლით“.
ამას ამბობდა სომეხი გენერალი, პირველი ომის გმირი. „თურქებად“ ის აზერბაიჯანელებს მოიხსენიებდა, „ცურვაში“ – კასპიის ზღვაში გადაყრას გულისხმობდა.
ახლა ჩვენ ძალა უნდა მოვიკრიბოთ და ერთობლივად გადავლახოთ ზიზღი და სიძულვილი.
მესმის სომეხი კოლეგების, მეც ასეთი გაბრაზებული და გაღიზიანებული ვიყავი იქედნური კომენტარებით 1994 წელს, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ინტერნეტი დიდად არ იყო.
სამი წელი დამჭირდა, რომ წყენის გრძნობა გადამელახა. იმედი მაქვს, ახლა უფრო ადვილად მოხერხდება. გარღვევა გვექნება.
რატომ სწორედ ახლა
პირველ რიგში, მახსენდება საკმაოდ სადავო გამონათქვამი: „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“.
უცხოელები ხანდახან კითხულობენ: „მართალია, რომ აზერბაიჯანმა დაიწყო საბრძოლო მოქმედებები?“.
ზუსტად არ ვიცი, ვინ ისროლა პირველმა 27 სექტემბერს. მაგრამ ასეთი გასროლები 1994 წლიდან მოყოლებული ძალიან ხშირად ხდებოდა, ასეთი შედეგები კი არასოდეს მოჰყოლია.
ეჭვგარეშეა, აზერბაიჯანი დიდი ხანია ემზადებოდა ამ საბრძოლო მოქმედებებისთვის. თანმიმდევრულად ზრდიდა სამხედრო ბიუჯეტს, ყიდულობდა უახლეს სამხედრო ტექნიკას, აწარმოებდა აქტიურ დიპლომატიურ მუშაობას.
და პატიოსნად ვამბობ, ამის უფლება ჰქონდა. აზერბაიჯანი თავის ტერიტორიაზე და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად მოქმედებდა.
პერიოდიც ასევე სწორად იყო შერჩეული. სომხეთის ახალმა ხელისუფლებამ მოახერხა და დაღალა უახლოესი მოკავშირე (მფარველი) რუსეთი.
მეორე ომამდე, რუსულ სამთავრობო მედიაში (Russia Today) დაიწყო მძიმე „საარტილერიო მომზადება“ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მისამართით.
მას ფაქტობრივად ყველა ცოდვაში ადანაშაულებდნენ და ყველაზე საშინელში – სოროსის ფონდთან თანამშრომლობაში ხელისუფლებაში მოსვლის გეგმის განსახორციელებლად.
ამას გარდა, სომხეთში გადაიარა 2018 წლის „ხავერდოვანი რევოლუციის“ პირველი ტალღის ეიფორიამ და ხალხი ახალი ხელისუფლებისგან უკვე კონკრეტულ შედეგებს ელოდა – მაგრამ ამის ნაცვლად იღებდა ყოველკვირეულ დემაგოგიას ფეისბუკზე.
როგორც ჩანს, ფაშინიანისა და მისი ფრაქციის, „ჩემი ნაბიჯის“ რეიტინგმა ვარდნა დაიწყო.
ამავდროულად, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობდა, ტრამპს კავკასიისთვის არ ეცალა. ევროპა კორონავირუსში იყო გახვეული. მხოლოდ საფრანგეთი იღებდა არასავალდებულო რეზოლუციებს, მაგრამ ის დიდად არავის გაუთვალისწინებია.
რუსეთსა და თურქეთთან, როგორც ჩანს, ყველაფერი ადრევე იყო შეთანხმებული.
შეიძლებოდა თუ არა ომის თავიდან აცილება?
ტერიტორიებისთვის ბრძოლა 21-ე საუკუნის დასაწყისში, მე-20 საუკუნის ბოლოსაც კი ანაქრონიზმად ჩანს. მაგრამ, ამის მიუხედავად, სომხეთის თავდაცვის მინისტრი, დავიდ ტონოიანი 2019 წლის მარტში ამბობდა: „ფორმულის, „ტერიტორიები მშვიდობის სანაცვლოდ“ პერიფრაზი მოვახდინე ფორმულად „ახალი ომი – ახალი ტერიტორიები“.
თეორიულად, რა თქმა უნდა, შეიძლებოდა ახალი ომის თავიდან არიდება. და ყველაზე ჭკვიანური გზა ამ მხრივ სომხეთის პირველმა პრეზიდენტმა, ლევონ ტერ-პეტროსიანმა 1997 წლის შემოდგომაზე წარმოადგინა:
„კომპრომისის უარყოფა და მაქსიმალიზმი არის ყველაზე მოკლე გზა სიტუაციის გამწვავებისთვის სომხეთში და ყარაბაღის სრული კრახისკენ. საუბარია არა იმაზე, დავუბრუნოთ თუ არა ყარაბაღი. საუბარია იმაზე, რომ შევინარჩუნოთ სომხური ყარაბაღი: სამი ათასი წლის განმავლობაში ის სომხებით იყო დასახლებული და კიდევ სამი ათასი წელი უნდა იყო სომხებით დასახლებული.
ჩემ მიერ არჩეული გზა ამ პერსპექტივას უზრუნველყოფს. სომხეთი და ყარაბაღი დღეს ისეთი ძლიერები არიან, როგორც არასდროს, მაგრამ დარეგულირების გარეშე, ერთი-ორი წლის შემდეგ, შეუდარებლად დასუსტდებიან. ის, რასაც დღეს უარვყოფთ, მომავალში სახვეწარი გაგვიხდება – როგორც ეს არაერთხელ მომხდარა ჩვენს ისტორიაში“.
სომხეთს შეეძლო უარი ეთქვა მაქსიმალურ მოთხოვნებზე, გაეთავისუფლებინა მთიანი ყარაბაღის ირგვლივ არსებული აზერბაიჯანული ოლქები და შეთანხმებულიყო სტატუსზე, რომელიც ერთნაირი უფლებებით უზრუნველყოფდა როგორც სომხურ უმრავლესობას, ისე რეგიონის აზერბაიჯანულ უმცირესობას.
მაგრამ ტერ-პეტროსიანი ჩამოაგდეს, სომხეთის ახალმა ხელისუფლებებმა კი მოლაპარაკებების უსასრულოდ გაჭიანურება გადაწყვიტეს. როგორც აღმოსავლეთში ამბობენ, „ან ვირი მოკვდება, ან ვირის პატრონიო“ (ან, როგორც საფრანგეთში ამბობენ, „ჩვენ შემდეგ ქვა-ქვაზე არ დარჩენილაო“).
ნიკოლ ფაშინიანის „შვიდმა პირობამ“ კი საერთოდ ჯვარი დაუსვა მოლაპარაკებების პროცესს.
შეეძლო აზერბაიჯანს ომის თავიდან არიდება?
რა თქმა უნდა. საჭირო იყო „სულ რაღაც“ მთიანი ყარაბაღის სომხეთისთვის მიცემა, სასურველია ბონუსის სახით კიდევ ორი რაიონის – ქალბაჯარისა და ლაჩინის. და კიდევ შეიძლება ნახიჩევანიც.
„მოდი, ვიცხოვროთ მეგობრულად, ოღონდ ომი არ იყოს?“. რა თქმა უნდა, ეს ირონიაა.
სინამდვილეში, შეიძლებოდა და საჭირო იყო ომის თავიდან არიდება, თუკი ორივე მხარე უარს იტყოდა პრინციპზე „Vae Victis!“ („ვაი დამარცხებულთ“).
სომხეთი და ეუთოს მინსკის ჯგუფი, განსაკუთრებით, თანათავმჯდომარე რუსეთიდან, რამდენჯერ მოუწოდებდა აზერბაიჯანს, შეგუებოდა „კონფლიქტის საომარ შედეგებს“, ეღიარებინა „ტყვიებით კენჭისყრის“ შედეგები.
რაც უნდა მწარე იყოს ამის აღნიშვნა, „ტყვიებით კენჭისყრის“ პირველმა ტურმა გადამწყვეტი უპირატესობა არავის არ მისცა, სამწუხაროდ, საჭირო გახდა მეორე ტურის ჩატარება, რომლის შედეგებიც განსხვავებული აღმოჩნდა.
მოწოდებები „ომის შედეგებისა“ და „ტყვიებით კენჭისყრის“ შესახებ, იმედი მაქვს, ამის შემდეგ, არქივში გადაინაცვლებს.
რა იქნება შემდეგ?
მომავალში ჩვენ ანუ აზერბაიჯანს განვითარების სამი სცენარი გველოდება: სენსაცია, კონსერვაცია ან ინტეგრაცია.
ან მარტივი ენით რომ ვთქვათ: გაყოფა, გაყინვა ან გაერთიანება.
განვიხილოთ აზერბაიჯანული მხარისთვის ყველა პლუსი და მინუსი.
სენსაცია
მთიანი ყარაბაღის ტერიტორია, უფრო ზუსტად, მისი ის ნაწილი, რომელიც რუსი სამშვიდობოების დაცვის ქვეშ აღმოჩნდა, სომხეთის კონტროლქვეშ გადადის.
რა თქმა უნდა, არა უსაფასუროდ, შესაბამისი ტერიტორიის სანაცვლოდ, მაგალითად, სომხეთ-ირანის საზღვრის გასწვრივ ტერიტორია ნახიჩევანის ავტონომიური ოლქის აზერბაიჯანის დანარჩენ ნაწილთან სახმელეთო კავშირისათვის.
ეს ახალი გეგმა არ არის, მას 2001 წელს, აშშ-ში, კი-ვესტში გამართული მოლაპარაკებებისას განიხილავდნენ.
პლუსები ნათელია:
მოიჭრება ორგანიზმის ის ნაწილი, რომელმაც ამდენი უსიამოვნება მოიტანა და დანამდვილებით მოიტანს მომავალშიც.
შეიძლება მშვიდად, ფრონტის ხაზზე გახედვის გარეშე დავკავდეთ ყარაბაღის ძირითადი ნაწილის აღდგენითა და განვითარებით, მათ შორის, დაბლობის (აღდამი, ფუზული და სხვა).
ნახიჩევანის დერეფანი გადმოდის აზერბაიჯანის სუვერენიტეტის ქვეშ და არ რჩება სამშვიდობოების კონტროლქვეშ, როგორც ეს გათვალისწინებულია 10 ნოემბრის შეთანხმების ტექსტში.
მინუსი ერთია, მაგრამ ის ხაზს უსვამს ყველა პლუსს:
რისთვის იღუპებოდნენ ჯარისკაცები და ოფიცრები, თუკი მაინც ტერიტორიის მიცემა მოგვიწევს?
კონსერვაცია
მდგომარეობა „არც მშვიდობა, არც ომი“ გრძელდება გაურკვეველი დროით, ახლა უკვე რუსი სამშვიდობოების მონაწილეობით.
თუკი ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, ეს ნიშნავს, რომ აზერბაიჯანმა და რუსეთმა ყარაბაღი ერთმანეთში გაიყვეს.
პირადად მე ეს ვარიანტი უფრო ცუდად მეჩვენება, ვიდრე წინა – იქ ნათელი მაინც არის ყველაფერი.
მაინც, მთიანი ყარაბაღის დანარჩენ ნაწილში, დავუშვათ, ხოჯალიში, აზერბაიჯანელი დევნილები მოვლენათა ასეთი განვითარების შემთხვევაში, დაბრუნებას ვერ შეძლებენ. მაშინ, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ არის მასპინძელი, სომეხი თუ რუსი.
ისტორია ამტკიცებს, რომ რუსები, როდესაც რაიმე ტერიტორიაზე შედიან, ფაქტობრივად არასოდეს გადიან იქიდან.
ეს ვარიანტი არის სომხეთსა და აზერბაიჯანზე მუდმივი ზეწოლის საშუალება და, ჩემი აზრით, არც ერთ მხარეს არ უნდა აძლევდეს ხელს. მაგრამ, ამის მიუხედავად, ჯერჯერობით ყველაზე რეალურია.
ინტეგრაცია
ეტაპობრივად, მთიანი ყარაბაღის დანარჩენი ნაწილი ერთიანდება დანარჩენ აზერბაიჯანთან, რომელთანაც ის მჭიდროდ არის დაკავშირებული გეოგრაფიულად.
მაგრამ ინტეგრაცია არ უნდა ნიშნავდეს ასიმილაციას. სრულფასოვანი და უმტკივნეული ინტეგრაციისთვის აუცილებელია განსაკუთრებული სტატუსი მთიანი ყარაბაღის დანარჩენი ნაწილისთვის. სტატუსი, რომელიც ყველანაირ პოლიტიკურ და ადამიანურ გარანტიებს მისცემს როგორც სომხურ უმრავლესობას, ისე აზერბაიჯანულ უმცირესობას.
დღეს, პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამბობს, რომ არანაირ განსაკუთრებულ სტატუსზე საუბარი არ შეიძლება იყოს (სამწუხაროდ, ის ამას უფრო უხეში ფორმით ამბობს).
მაგრამ საინტერესო დეტალი: ბოლოს მან დასძინა „სანამ მე ვარ პრეზიდენტი“. პრეზიდენტი კი 2025 წლის ბოლომდეა. იმავე წელს იწურება რუსი სამშვიდობოების ხუთწლიანი მანდატიც.
როგორც ჩანს, 2025 წელი იქნება ახალი ნიშანსვეტი (milestone) მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში.