აფხაზეთში დენის გრაფიკი დაწესდა. ელექტროენერგიის დეფიციტი კრიპტოვალუტის მიზეზით შეიქმნა
აფხაზეთში ელექტროენერგიის გრაფიკით გამორთვა დაიწყეს. მთელ ტერიტორიაზე დენი საერთო ჯამში დღეში ექვსი საათით ითიშება. ელექტროენერგიის დეფიციტის მიზეზი კრიპტოვალუტის მაინინგია. ხელისუფლებამ ის ჯერ აკრძალა, თუმცა აკრძალვა ვერ განახორციელა. მოგვიანებით მაინინგის ლეგალიზაცია მოხდა, თუმცა ამან პრობლემა ვერ მოაგვარა.
ენგურჰესი აფხაზეთში ელექტროენერგიის ერთადერთი წყაროა. მისი გენერაციის 40 პროცენტი, რაც აფხაზეთს ეკუთვნის, ოქტომბრის დასაწყისისთვის ამოიწურა.
ენერგეტიკოსების აზრით, დეფიციტი კრიპტოვალუტის მაინერების გამო შეიქმნა. მათი შეფასებით, ენერგიის დაახლოებით 30 პროცენტს ე.წ. კრიპტოფერმები მოიხმარენ.
2018 წლის დეკემბრიდან, მთავრობის გადაწყვეტილებით, მაინინგი აფხაზეთში აიკრძალა. თუმცა, ადმინისტრაციული დასჯის რეალური სისტემის არარსებობის გამო, ამან ვითარება ენერგოსექტორში არათუ გააუმჯობესა, არამედ კიდევ უფრო გაამწვავა.
- ლეგალიზაცია აკრძალვის შემდეგ – აფხაზეთში კრიპტოვალუტის მაინინგი ისევ დაუშვეს
- კრიპტოვალუტის ბუმი – ფული “ჰაერიდან” თუ მომავლის ტექნოლოგია?
- მოსაზრება: ვინ გადაიხდის აფხაზეთის ელექტროენერგიის საფასურს?
მანინიგის ბიზნესი, რომელიც ”ჩრდილში” გადავიდა, წელიწადნახევარში გაორმაგდა, რადგან “ფერმების” მოწყობილობების იმპორტი აფხაზეთში არ აუკრძალავთ.
2020 წლის ოქტომბერში მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მაინინგის ლეგალიზაციის შესახებ, მოხმარებული ენერგიის ტარიფი მათთვის კვტ – ზე 1.5 რუბლამდე (დაახლოებით 2 ცენტი) გაზარდა, ხოლო დროებით, ორი თვის განმავლობაში, ქვეყანაში კრიპტომოწყობილობების იმპორტი აკრძალა. ამ გადაწყვეტილებით, ხელისუფლება ამ ბიზნესის გაკონტროლებას და მაინერების რაოდენობის შემცირებას აპირებდა.
მაგრამ არც ამან უშველა. შედეგად, აფხაზეთს ელექტროენერგიის დაზოგვის რეჟიმზე გადასვლა მოუხდა – მთელ აფხაზეთში დენის გათიშვის ექვსსაათიანი გრაფიკი შემოიღეს.
ხელისუფლების ქმედებებმა ოპოზიცის უკმაყოფილება გამოიწვია.
”ამ გადაწყვეტილების (მაინინგის ლეგალიზაცია) მოტივი საეჭვოა – სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდა და საგადასახადო დისციპლინის დანერგვა მაინერებს შიორის. მაგრამ, ყველასთვის უკვე აშკარაა, რომ ასეთი სანახევრო ზომები სიტუაციას მკვეთრად ვერ შეცვლის”, – ნათქვამია ოპოზიციური ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.
ოპოზიციის აზრით, ლეგალიზაციას მაინერების არაუმეტეს 20 პროცენტი დათანხმდა. ოპოზიციონერებს მიაჩნიათ, რომ ამ ბიზნესში სხვადასხვა დონის ჩინოვნიკები და მათი გარემოცვა მონაწილეობენ.
ამასთან დაკავშირებით, გაერთიანებული ოპოზიცია ქვეყნის ხელისუფლებას მკაცრი ზომების მიღების მოთხოვნით მიმართავს კრიპტოვალუტის მოპოვების უკანონო ქმედებების აღსაკვეთად, ”რომელმაც აფხაზეთის ენერგოსისტემას უზარმაზარი ზიანი მიაყენა და ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობა გააუარესა ”.