მიტინგი და მოლაპარაკებები ერთ დღეს - საქართველოში პოლიტიკური კრიზისი გრძელდება
თბილისში, საქართველოს პარლამენტის წინ მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით.
რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა რუსთაველის გამზირზე. ქალაქის ცენტრში გადაიკეტა საავტომობილო მოძრაობა.
მომიტინგეებს უკეთიათ პირბადეები და იცავენ დისტანციას, რადგან ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა.
“ქართული ოცნება” და ოპოზიცია სალაპარაკოდ დასხდნენ. რა პერსპექტივა აქვს ამ დიალოგს
„მე ხმა ქართულ ოცნებას მივეცი“ VS „მე ხმა ოპოზიციას მივეცი“. ქართველ ამომრჩეველთა მონოლოგები
მიტინგი პარლამენტთან და აქციის დაშლა ცესკოსთან. ვიდეოისტორია
დღევანდელ მიტინგზე ოპოზიციურმა პარტიებმა მხარდამჭერები რეგიონებიდანაც ჩამოიყვანეს.
მიკრიფონთან ერთმანეთს ცვლიან სხვადასხვა პარტიების ლიდერები. ისინი ერთმანეთს მოუწოდებენ ერთიანობისკენ და აცხადებენ, რომ არც ერთი მათგანი არ აპირებს გაყალბებული არჩევნების შედეგად შემდგარ პარლამენტში შესვლას.
მიუხედავად იმისა, რომ უცხოელი დიპლომატების შუამავლობით ოპოზიციამ და ხელისუფლებამ დიალოგი დაიწყეს და მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასხდნენ, ოპოზიციის მოთხოვნები კვლავ უცვლელია – ისინი ითხოვენ ახალ არჩევნებს, ასევე მოითხოვენ ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადაყენებას, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის დანიშვნას და ასევე პოლიტპატიმრის გათავისუფლებას.
„თქვენი, ხალხის დამსახურებაა, რომ არჩევნებიდან 12 დღეში, ვითომ წელში გამართული ხელისუფლება ოპოზიციასთან ჯდება და ისმენს მის მოთხოვნებს“, – ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს.
“ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა ეს ქვეყანა შუაზე გაყო, ჩვენი ერი დააპირისპირა და ამას საფუძველს უკვე ბოლო 8 წელიწადია ნაბიჯ-ნაბიჯ უყრის,” – განაცხადა მიკროფონთან “ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.
აქცია ექვსი საათისთვის დაიშალა. ოპოზიცია შეთანხმდა, რომ 17 ნოემბერს, იმ დღეს, როდესაც საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩამოდის, მდუმარე აქციას გამართავენ.
31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელთა ლეგიტიმაციასაც ოპოზიცია არ ცნობს. უკლებლივ ყველა ოპოზიციური პარტია, რომელმაც ერთპროცენტიანი ბარიარი გადალახა და მეათე მოწვევის პარლამენტში მოხვდა, უარს ამბობს სადეპუტატო მანდატებზე.
არჩევნებიდან ორ კვირაზე მეტი გავიდა და მას შემდეგ ეს უკვე ოპოზიციის მეოთხე მასშტაბური მიტინგია. გასულ კვირას, ხელისუფლებამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქცია წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.
მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან
პოლიტიკური კრიზისის განსამუხტავად სიტუაციაში აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლები ჩაერივნენ და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შუამავლობა დაიწყეს.
პირველი შეხვედრა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 12 ნოემბერს შედგა, მეორე შეხვედრა კი, დღეს, 14 ნოემბერს, მიტინგის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში.
ამ დიალოგის ორივე რაუნდი წარუმატებელი იყო – ორივე მხარე საკუთარ პოზიციებზე რჩება, თუმცა მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ წყვეტს.
პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძე თავის კომენტარში ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ხელისუფლება არ აპირებს ხელახალი არჩევნების დანიშვნას:
„საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულია. ჩვენ მივესალმებით დიალოგის ფორმატს და მაქსიმალურად ვცდილობთ დავაახლოვოთ პოზიციები… მზად ვართ, რომ ეს დიალოგი განვაგრძოთ მე-10 მოწვევის პარლამენტში. ვფიქრობ, ახლა ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებში არის პოლიტიკური სტაბილურობა“, – განაცხადა თალაკვაძემ.
“ქართული ოცნების” მდივნის, კახი კალაძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა ოპოზიციას ბიულეტენების გადათვლა და ვიდეოჩანაწერების ნახვა შესთავაზა, “თუმცა ოპონენტებმა ორივე წინადადებაზე უარი თქვეს”, აღნიშნა კალაძემ.
მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე ოპოზიციის განწყობებზე წინა დღით ცესკოში გამართულმა შემაჯამებელმა სხდომამაც იმოქმედა – ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ არც ოპოზიციის და არც არასამთავრობო ორგანიზაციების არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით.
„ ცესკოს ეს გადაწყვეტილება იყო ფაქტორი, რომელმაც ძალიან დაავიწროვა ჩვენი მოლაპარაკების თემა და შესაბამისად, მოლაპარაკების მაგიდაზე დარჩა ერთადერთი საკითხი – ოპოზიციის შეთავაზება ახალი არჩევნების შესახებ. ჯერჯერობით, პოზიციები ერთმანეთისგან დაშორებულია, მხარეები განსხვავებულ პოზიციაზე დგანან, მაგრამ ჩვენ შევთანხმდით, რომ დიალოგი და პროცესი გაგრძელდება,” – აღნიშნა დავით ბაქრაძემ, “ევროპული საქართველოს” ლიდერმა.