მრავალათასიანი მიტინგი თბილისში - ოპოზიცია არჩევნების გაყალბებას აპროტესტებს
ათასობით ადამიანი შეიკრიბა დღეს თბილისში 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად.
მათ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს – 8 ნოემბერს, საღამოს 20:00 საათამდე გადადგეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია, რომელსაც ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს.
ოპოზიცია ასევე ითხოვს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს და ასევე პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას.
წინააღმდეგ შემთხვევაში, მიტინგი დაშლას არ აპირებს. პარლამენტის წინ მიიტანეს კარვებიც.
სიტუაციას ართულებს ის, რომ ხვალიდან, 9 ნოემბრიდან, საქართველოში საღამოს 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე კომენდანტი საათი ამოქმედდება, რომელიც ქუჩაში ნებისმიერ გადაადგილებას ართულებს.
ხელისუფლება ოპოზიციის ულტიმატუმს აბსურდულს უწოდებს, ოპოზიცია კი ამბობს, რომ კომენდანტი საათის მიუხედავად არ დაიშლება.
________________________________
თბილისის ცენტრალურ გამზირზე მიტინგი დღის სამ საათზე დაიწყო. რუსთაველი გადაიკეტა. ოპოზიციურმა პარტიებმა საკუთარი მხარდამჭერები თბილისის სხვადასხვა ნაწილში შეკრიბა და შემდეგ ისინი მსვლელობით რუსთაველისკენ გაემართნენ.
პროტესტში ქართული ოპოზიციური სპექტრი თითქმის სრულად მონაწილეობს – ათეულობით დიდი თუ პატარა პარტია, რომლებსაც განსხვავებული პლატფორმა და მსოფლმხედველობა აქვთ. აქ დგანან ისეთები, რომლებმაც გადალხეს 1 პროცენტიანი ბარიერი, ასევე ისეთებიც, რომლებსაც ბარიერის გადასალახად ხმები არ ეყოთ.
31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ცესკომ ბიულეტენების 100 პროცენტი დაითვალა. ოფიციალური შედეგები ასეთია:
1. მმართველი პარტია “ქართული ოცნება” – 48,24%
2.”ნაციონალური მოძრაობა -გაერთიანებული ოპოზიცია” – 27.15%
3. “ევროპული საქართველო – 3,79%
4. “პატრიოტთა ალიანსი” – 3.14%
5. “ლელო” – 3.16%
6. “სტატეგია აღმაშენებელი” – 3.15%
7. “გირჩი” – 2.89%
8. მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი – 1.33%
ოპოზიცია არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას. შვიდივე ოპოზიციური პარტია, რომელიც პარლამენტში გავიდა, უარს ამბობს სადეპუტატო მანდატებზე და ხელახალ არჩევნებს ითხოვს.
მიტინგში არ მონაწილებდა მხოლოდ “პატრიოტთა ალიანსი”, ირმა ინაშვილისა და დავით თარხან-მოურავის პრორუსული ძალა, რომელიც ასევე აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა და პარლამენტში შესვლას არ აპირებს (პარტიამ არჩევნებში ხმათა 3.14 პროცენტი მიიღო), თუმცა საყოველთაო პროტესტს არ უერთდება.
მომიტინგეებს სამი ძირითადი მოთხოვნა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გააცნო:
1. ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები;
2. გადადგეს თამარ ჟვანია და კომისიები სამართლინი წესით დაკომპლექტდეს;
3. გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები;
ხოშტარიას თქმით, წამზომი ჩართულია და “ივანიშვილს 20:00 საათამდე აქვს დრო”.
ტრიბუნასთან გამომსვლელი პოლიტიკოსები ძირითადად ბიძინა ივანშვილს მიმართავდნენ, როგორც ქვეყნის არაფორმალურ მმართველს:
“ივანიშვილო, საქართველო არ ხარ შენ, შენ ხარ უზურპატორი და უზურპატორი წავა და თუ არ წახვალ, გაგიშვებთ! უკან დასახევი გზები ჩახერგილია,” – აღნიშნა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ.
“მ პარლამენტში არავინ შევა – მოღალატეებთან, ხმის ქურდებთან საქმე არასდროს უნდა დაიჭირო,” – აღნიშნავდა “ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე.
“მე ვარ ამაყი, რომ ამ სცენაზე ვდგავარ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც უარი თქვა პრივილეგიებზეც, პარლამენტარობაზეც, ამ შენობაში შესვლაზეც იმიტომ, რომ არ შეიძლება უსამართლოდ აიწყო შენი ცხოვრება, არ შეიძლება დადგე ტყუილის მხარეს, შენი ქვეყნის დანგრევის მხარეს და ის, რაც გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, ეს არის ამ ქვეყნის და ამ ქვეყნის მომავლის დანგრევა,” – აღნიშნა “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ.
რესპუბლიკელმა დავით ბერძენიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს მიმართა ოპოზიციას ქართველი ხალხის არჩევანის დაცვაში დაეხმარონ:
“ამოიწურა ივანიშვილის დრო და როდესაც ქართველი ხალხი ხელისუფალს ეუბნება „ნახვამდის“, ან ისწავლე ოპოზიციაში ყოფნა, ან გაგვეცალე!… მივმართავ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს – მოგვეხმარეთ ქართველი ხალხის არჩევანის დაცვაში!“
პოლიტიკოსებს ტრიბუნასთან დრო და დრო მუსიკოსებიც ცვლიდნენ და მომიტინგეებს სიმღერით ამხნევებდნენ.
ტრიბუნასთან დიდი პლაკატი იყო გამოფენილი, რომელზეც საქართველოს არაფორმალური მმართველი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან დგას ხელჩაკიდებული.
მიტინგი მწვავე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე ჩატარდა, ამიტომ მომიტინგეები ერთმანეთთან დისტანციით იდგნენ და პირბადეები ეკეთათ.
არჩევნებამდე ხელისუფლება აცხადებდა, რომ კოვიდვითარებას მართავს და მკაცრი შეზღუდვების დაწესებას არ გეგმავს, თუმცა არჩევნებიდან ერთ კვირაში კომენდანტი საათი გამოაცხადა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მიმართული ოპოზიციური პროტესტის შესაჩერებლად.