ჩვენ და „ვარსკვლავური ომები“
ჩვენ
– უყურე ბოლო „ვარსკვლავურ ომებს“?
– არა. და არც ვაპირებ.
– რატომ?
– იმიტომ, რომ სიბრიყვეა.
კიანანი 40 წლისაა, მე _ 34-ის, და ეს განსხვავება თვალშისაცემია. ამ ეპოპეის ამერიკელ და ევროპელ თაყვანისმცემლების დიდ ნაწილს უკვე 60 წელი შეუსრულდა, ჩვენ კი _ საბჭოთა ‘მეძველმანეები’ ჯერ 30–ზე ცოტა მეტის ვართ.
ვიკიპედიას მიხედვით, ამ კინოეპოპეის პირველი ფილმის პრემიერა 1977 წლის მაისში შედგა, ჩვენ კი „ვარსკვლავური ომები“ 1990 წელს ვნახეთ, როდესაც საბჭოთა კავშირმა რამდენიმე კინოსტუდიასთან გააფორმა ხელშეკრულება და ყველა ცნობილი ამერიკული ფილმის ნახვის საშუალება მოგვეცა. 77 წლიდან სამი ფილმი გამოვიდა, 87 წელს კი მელ ბრუკსმა „ვარსკვლავური ომების“ პაროდია გადაიღო. რეჟისორის რანჩო ფანებისთვის წმინდა ადგილად იქცა. ამ თემაზე შეიქმნა უამრავი სათამაშო. ჩვენ კი ეს ფილმი (კარგი ხარისხით) მხოლოდ 90 წელს ვნახეთ. იმ პერიოდში კინოთეატრ „ნიზამიში“ 20-30 ფილმს უჩვენებდნენ და, ყველა გამოტოვებული კინოშედევრის ნახვა რომ მოგვესწრო, თითო ფილმს მხოლოდ ერთხელ, ან ორჯერ „ატრიალებდნენ“.
მთელ საბჭოთა კავშირში ასე ხდებოდა. ჩვენთან ომი იყო,კინოთეატრში _ „ვარსკვლავურ ომები“, გარეთ კი _ ტანკები. ჩვენ, საბჭოთა ბავშვებმა, რომლებიც „მოსკოვი-კასიოპეას“ სტილის სპეცეფექტებს ვიყავით მიჩვეულები, უცებ ისეთი ფილმი ვნახეთ, რომელიც იმ პერიოდში ვიზუალური ეფექტების მწვერვალი იყო მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მოზრდილი ადამიანები ამ კინოეპოპეას სხვანაირად აღიქვამდნენ. 50 წლის ერთ ადამიანსაც არ ვიცნობ, ვისაც ეს საგა მოსწონს. კიანანი 40 წლისაა, მისი მეგობარი ისმაილი კი _ სამოცის. ისმაილს საერთოდ არ მოსწონს „ვარსკვლავური ომები“. რატომ? იმიტომ, რომ მისი ახალგაზრდობის დროს ამ ფილმებს ჩვენთან არ უჩვენებდნენ. ჩემ აზრს, რომ ლუკასი („ვარსკვლავური ომების“ ავტორი) კუროსავას შემოქმედებითი გზის გამგრძელებელია (და ამას თავადაც ადასტურებს), ისმაილი არ იზიარებს. მას კუროსავა მოსწონს. სწორედ ამ რეჟისორის ფილმებს აჩვენებდნენ ჩვენთან მისი ახალგაზრდობის პერიოდში. მეტიც, „დერსუ უზალა“ კუროსავამ „მოსფილმში“ გადაიღო.
კიანანის კიდევ ერთმა მეგობარმა, ფუადმა კი „ფეისბუკში“ ასეთი გზავნილი გამოაქვეყნა: „მოიწონეთ ეს გზავნილი ყველამ, ვისაც „ვარსკვლავური ომები“ არ გიყვართ, რომ ვიცოდე, ვინ უნდა შევკრიბო ერთ გემზე ჩასაძირად“. ფუადი 30 წელს გადაცილებული კაცია. ასეთების რიცხვი არც ისე ცოტაა და ყველა ჩემი თაობისაა, ჩემზე უფროსი _არც ერთი.
ჩვენში ეს ფრანჩაიზა–რელიგია ფეხს ვერ იკიდებს. აზერბაიჯანში არ არის „ვარსკვლავური ომების“ თემაზე შექმნილი სათამაშოების სპეციალური მაღაზიები, ჯონ უილიამსი კი (ბლოგბასტერის მუსიკის ავტორი), რომელიც სიმფონიურ კონცერტებს თითქმის მთელს მსოფლიოში მართავს, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში არ ჩამოდის.
ბაქოში არ ეწყობა არც კოსტუმირებული ფლეშმობები, რომლებიც ბევრგან ტრადიციადაა ქცეული. ამის შესახებ წერა მაშინ მომინდა,როდესაც 17 დეკემბერს ბაქოში (ისევე როგორც მთელ მსოფლიოში) ამ კოსმოსური ოპერის მორიგი ფილმი, „ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება“ გამოვიდა. ჩემთვის და ჩემი ბევრი ნაცნობისთვის ეს მოვლენა წლის ყველაზე მნიშვნელოვან და, მანათის კურსის ვარდნის, უმუშევრობისა და საცხოვრებელი სახლისა თუ ნავთობის ჭაბურღილის ხანძრების ფონზე, ალბათ ერთადერთ სასიხარულო ამბადაც იქცა.
„ვარსკვლავური ომები“
ჯ.ჯ. აბრამსი შტამპებსა და კლიშეებს ყოველთვის ოსტატურად იყენებდა, მაგრამ თუკი მის სადებიუტო ფილმ „არმაგედონში“ აღნიშნული ხერხები სიუჟეტს კომედიურობას ჰმატებდა და უფრო ღირებულს ხდიდა, ამ შემთხვევაში ყველაფერი პირიქით გამოუვიდა.
„ძალის გამოღვიძებაში“ კლიშეების გამოყენება სამიდან ერთ-ერთი ძირითადი მხატვრული ხერხია. ამ ფილმში ხშირად ახსენებენ ბნელ და ნათელ ძალას, თუმცა ზოგადი და გაცვეთილი ფრაზებით კმაყოფილდებიან, რაც სრულიად ვერ შეედრება ობი-ვანისა და იოდას სწავლებებს, საიდანაც ოფიციალურ რელიგიად ცნობილი ‘ჯედაიზმი’ წარმოშვა.
კიდევ ერთი მხატვრული ხერხია _ ნოსტალგიის აღძვრა, რასაც ავტორები ზედმეტად ხშირად მიმართავენ. გმირები ბევრჯერ იმეორებენ ძველ ფრაზებს და ინტერნეტმემების გათამაშებას ცდილობენ. ერთგან ინდიანა ჯონსის პირველი ფილმის იმ ეპიზოდსაც იმეორებენ, სადაც მთავარი გმირი (რომელსაც „ვარსკვლავური ომების“ გმირის, ჰან სოლოს როლის შემსრულებელი, ჰარისონ ფორდი განასახიერებს) ლოდს გაურბის. ძველი ფილმების პერსონაჟები დროულად, მოსალოდნელად და პომპეზურად ჩნდებიან. ამ ძველ პერსონაჟებს თითქოს ძალით სჩრიან მაყურებელს სახეში და თან სულში ჩამწვდომად ჩასჩურჩულებენ: „მიდით, იგრძენით ნოსტალგია!“
მესამე ხერხია „ ყველაფერი ძველებურად იყოს, ოღონდ _ უფრო მეტი“ . სიუჟეტის სტრუქტურის მიხედვით „ძალის გამოღვიძება“, ფაქტობრივად, მთლიანად იმეორებს კინოეპოპეის პირველ ფილმის, 1977 წელს გამოსული „ახალი იმედის“ ფაბულას. ჰანს ამჯერადაც ვალები აქვს და ამ შემთხვევაშიც მოსაკლავად დასდევენ; თუმცა, აქ არა ერთი, არამედ ბევრი მკვლელი დაეძებს. უდაბურ პლანეტაზე ამჯერადაც ნაგავს აგროვებენ; მაგრამ ახლა გაცილებით მეტი ნაგავია, პლანეტა კი უფრო გამოფიტული და უდაბური. და ბოლოს, ისევ _ „სიკვდილის ვარსკვლავი“, რომელიც წინაზე ხუთჯერ დიდია და, ერთს კი არა, ერთდროულად ხუთ პლანეტას ანადგურებს. ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც „ახალ იმედში“, ოღონდ _ ხუთი ერთის ფასად!
ძალიან ხშირად ეს სამივე ხერხი (ნოსტალგია, კლიშე და ექსპლუატაცია) ფილმში ერთად გვხვდება ხოლმე.როდესაც ძველი ლიუკის მსგავსად, მისი მემკვიდრე რეიც ძველ, ლაზერულ ხმალს იღებს, ისმის რეპლიკა: „ეს ხმალი, მას, თვით ლიუკ სკაიუოკერს ეკუთვნის“. 1977 წლის ფილმის ამ ეპიზოდში კი გენიალური ალეკ გინესი წარმოთქვამდა: „ ეს ელეგანტური იარაღი უფრო ცივილიზებული პერიოდს განეკუთვნება“.
სულ ესაა. თუმცა, „ვარსკვლავური ომების“ ფანი თუ ხარ, ამ ფილმის ნახვა მაინც ღირს.