ონლაინ-შოპინგი: 22 წლის გამოცდილება
სომხეთის რადიო გეკითხებათ:
– რა არის საბჭოთა სკლეროზი?
– ესაა, როდესაც საბჭოთა მოქალაქე საყიდლებზე მიდის, მაგრამ გზად ჩანთას რომ გახსნის, ვეღარ ხვდება, ჯერ კიდევ მიდის მაღაზიაში, თუ უკვე უკან ბრუნდება.
იმ თაობისთვის, რომელმაც საბჭოთა დეფიციტი გამოიარა, დღევანდელი უსაზღვრო არჩევანი შეიძლება ზედმეტად ჭარბიც იყოს. იმ პროცესს, როდესაც შვილიშვილი “მაუსზე” ხელის რამდენიმე დაჭერით, ორ წუთში რეალური ნივთებით გაავსებს ვირტუალურ კალათას, ისე, რომ ტახტიდან არც წამოდგება, ჩვენი ბებია-ბაბუები ფანტასტიკური ფილმივით უყურებენ.
არადა, შვილიშვილისთვის ონლაინ-შოპინგი – ყოფის ჩვეული ნაწილია: ფული იყოს და, საქონლის შოვნა ტექნიკის ამბავია. სხვათა შორის, პირველი ონლაინ-შენაძენი 1994 წელს გაკეთდა, და ეს იყო სტინგის ალბომი “Ten Summoner’s Tales”.
სერიოზული კვლევების მიხედვით, ადამიანი ონალინ-შოპინგზე დამოკიდებული ხდება. საკმარისია, ერთხელ მოსინჯო, და ისევ და ისევ გინდება… საბოლოოდ კი “ინტერნეტშოპაჰოლიკად” ქცევის საფრთხე გემუქრება. თქვენ წარმოიდგინეთ, წელს ადამიანებმა უფრო მეტი ონლაინ შენაძენი გააკეთეს, ვიდრე რეალურ მაღაზიებში.
ონლაინ-შოპინგს მრავალი თვალშისაცემი უპირატესობა აქვს, ნაკლი კი – თითოოროლა და არცთუ თვალსაჩინო.
აშკარა უპირატესობები:
კომფორტული პირობები: ტახტი, ლუდი ან ყავა – თქვენი გემოვნების მიხედვით. და ეს ყველაფერი ზედმეტი წანწალის და ფეხსაცმლის გაცვეთის გარეშე. საქონელს სურათებისა და დაწვრილებითი აღწერილობის მიხედვით ირჩევთ;
დროის დაზოგვა: იმის ნაცვლად, რომ სავაჭრო ცენტრის ერთი სართულიდან მეორეზე ირბინოთ და თაროებზე ეძებოთ ის, რაც გჭირდებათ, “მაუსზე” ხელის რამდენიმე დაჭერით უკვეთავთ იმას, რაც გსურთ. თანაც ამის კეთება “24 საათი/7 დღე” რეჟიმში შეიძლება.
ხელსაყრელი შენაძენი: წუთებში შეგიძლიათ რმდენიმე ინტერნეტ მაღაზიის ფასები ერთმანეთს შეადაროთ, და საჭირო ნივთები თქვენთვის ხელასაყრელ ფასად აირჩიოთ;
მოწოდება: საქონელი თავისით მოედინება თქვენკენ პლანეტის ნებისმიერი წერტილიდან, ზოგჯერ – უფასოდაც კი;
ამ ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლებოდა, თუმცა მედალს მეორე მხრეც აქვს:
ფარული ნაკლები:
უსაფრთხოება: ონლაინ გადახდის განსახორციელებლად აუცილებელია საკუთარი პირადი მონაცემების დაწვრილებით მითითება – ამის გარეშე არ გამოდის. და თუკი ის ვებ-გვერდი, რომელზეც შენაძენებს აკეთებთ, არასაკმარისად დაცულია, ეს ინფორმაცია შეიძლება ნებისმიერს ჩაუვარდეს ხელთ, მათ შორის – თაღლითებსაც.
ასე რომ, ფრთხილად იყავით: სანდო ვებ-გვერდებით ისარგებლეთ, მაგალითად, რომლებზეც ასეთი ნიშანია “Verified by VISA, MasterCard Secure Code”.
შეუსაბამობა: ინტერნეტ მაღაზიის საქონელს ხელით ვერ მოსინჯავ, ზომას ვერ მიხვდები და ვერც ხარისხს შეამოწმებ. დახელოვნებულ გამყიდველს შეუძლია ნივთს ისეთი ფოტოები გადაუღოს, რომ მომხიბლავად და ხარისხიანად მოგაჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში შეიძლება სრულიად საპირისპირო რამ შეგრჩეთ ხელში. ის, რომ გამოსახულება ნივთის რეალური იერისგან განსხვავებულია, შესაძლოა, წვრილი შრიფტით სადმე შეუმჩნევლად იყოს მიწერილი.
ასე რომ, ყურადღებით იყავით – გაქნილ თაღლითებს რა გამოლევს.
საჭიროა ნივთის აღწერილობის ყურადღებით წაკითხვა, თორემ შეიძლება იგივე შეგემთხვეთ, რაც – ჩემს ერთ მეგობარს, რომელმაც E-Bay -ზე 4-ადგილიანი კარავი შეუკვეთა (ძალიან იაფად, რაც უკვე საეჭვო იყო – უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია). ჩემი მეგობარი ინგლისურს, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ სრულყოფილად ფლობს. სურათები დაათვალიერა, აირჩია, გადაიხადა, თუ არ ვცდები, 30 დოლარი, და ორ კვირაში ამანათი მიიღო. ნივთი სრულად ემთხვეოდა აღწერილობას, გარდა ზომისა. იმ კარავში ჩემი მეგობარი მხოლოდ თავის ოთხ თითს თუ ჩაატევდა – აღმოჩნდა, რომ ეს კარვის მაკეტი იყო.
გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ ინტერნეტ-მაღაზიებით მამაკაცები უფრო მეტად და ხშირად სარგებლობენ. ქალები რეალურ შოპინგს ამჯობინებენ, რადგან ეს კომპლექსური მოვლენაა, რომელიც მთელი რიგი უაღრესად სასიამოვნო “პროცედურებისგან” შედგება. მაგალითად, გუშინ ყური მოვკარი, როგორ ეპატიჟებოდა ჩემი მეზობელი თავის დაქალს მაღაზიებში სასიარულოდ, და თან დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მიღებას ჰპირდებოდა.
და მაინც, გამოკვლევები ონლაინ-შოპინგს ბრწყინვალე მომავალს უწინასწარმეტყველებენ – წლიდან წლამდე მზარდ მონაცემებსა და ბრუნვას. ის გამყიდველები კი, რომლებმაც თავიანთი რეალური საქონელი გუშინ ვირტუალურ სამყაროში განათავსეს, ვაჭრობის სფეროში დღეს უკვე უპირატესობას ფლობენ.
გამოქვეყნებულია: 03.12.2016