ფეხბურთი - გამაერთიანებელი და გამყოფი
ფეხბურთი გამაერთიანებელია, მაგრამ, რასაკვირველია, გამყოფიც არის. თუმცა, ძნელი წარმოსადგენია, რომ სამხრეთ კავკასიაში ის დრო მოვა, როდესაც ერთი და იგივე ქალაქის კლუბები სერიოზულად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. სრულიად წარმოუდგენელია ჩრდილოეთ-ერევნული ან სამხრეთ-თბილისური დერბი, როგორც ეს ლონდონში ხდება.
ფეხბურთი კი სულ უფრო მდიდრდება “ჯანსაღი კონკურენციის” წყალობით, თუმცა მას ზოგჯერ გადაჭარბებული ვნებებიც ახლავს. ახლგაზრდა თაობისთვის შეიძლება წარმოუდგენელი იყოს, მაგრამ ამიერკავკასიაში ნამდვილი დერბი იმართებოდა ხოლმე. “დინამო” თბილისი – ერევნის “არარატი”; “არარატი” – ბაქოს “ნეფთჩი”. საბჭოთა კავშირმა თავის დროზე თითქოს ამ გადაუწყვეტელი ამოცანის გადაჭრის ფორმულას მიაგნო.
თუმცა, თუ წინათ ამ ფორმულის ერთ-ერთი შემადგენელი აუცილებლობა იყო, რატომ არ შეიძლება დღეს ის რელური სურვილით შეიცვალოს? მოდით, ამ შემთხვევაში ამას “ფეხბურთის სიყვარული” დავარქვათ – ეს ინგლისური თამაში ხომ ყველას გვიყვარს!
რამდენიმე თვის წინათ, როდესაც ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის დროს ისე მოხდა, რომ ერთმანეთს სომხეთისა და საქართველოს ჩემპიონები შეხვდნენ – “ალაშკერტი” და “თბილისის დინამო”, ამან ბევრს ძველი დერბი მოაგონა.
საქართველოს დედაქალაქსა და ერევანში, იმ ორი შეხვედრის წყალობით, რომლებიც ამ დაპირისპირების ფარგლებში გაიმართა, ერთმანეთს ამ ორი ქვეყნის საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლები შეხვდნენ: ისაუბრეს და ყოფილი წარმატებებიც გაიხსენეს.
ნათელი და ნახევრად მივიწყებული მოგონებები მოგონებებად, მაგრამ ერთი რამ ყველასთვის ცხადი გახდა: ფეხბურთი ისეთი აღარ არის, როგორიც წინათ იყო. ადგილობრივი კლუბები სუსტი და არაკონკურენტუნარიანია, გულშემატკივრებს კი სტადიონზე სიარული აღარ უნდათ. შესაძლოა, ამ მხრივ, გამონაკლისი იყოს აზერბაიჯანი, რომლის კლუბები დროდადრო ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ხვდებიან.
საფეხბურთო კლუბების დიდი ნაწილისთვის ფინანსური პრობლემები სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. თუ ერთადერთ სპონსორს ან მფლობელს პრობლემები გაუჩნდა, პირველ რიგში, სწორედ კლუბები ზარალდება. ასე დაემართა გასულ წელს სომხეთში კლუბ “მიკას”, რომელიც მეწარმე მიკაელ ბაღდასაროვს ეკუთვნოდა.
თუ სომხეთში, უკვე რამდენიმე წელია, წარმოუდგენლად ეჩვენებათ უმაღლესი ლიგის კულისებიდან “არარატის” გამოყვანა, ბაქოში იმავე სიტუაციაში აღმოჩნდა “ნეფტჩი”. რა თქმა უნდა, ზოგიერთი ქართული კლუბი კარგ დაფინანსებას იღებს, და სახელმწიფო პროგრამაც კი ხორციელდება, მაგრამ სამწუხაროდ, ამას მოსალოდნელი შედეგები არ მოაქვს. ევროპული საკლუბო პირველობების ეტაპების გადალახვა ძირითადად ვერ ხერხდება.
მატჩი “ალაშკერტი”-“დინამო” იმის მიზეზად იქცა, რომ პრესაში გამოჩნდა ქართული ჩემპიონი-კლუბის პრეზიდენტის, რომან ფიფიას ხედვა რეგიონში ფეხბურთის განვითრების შესახებ; კერძოდ კი, ქართული, სომხური, აზერბაიჯანული და ირანული კლუბებისთვის საერთო ლიგის შექმნის იდეა. წარმოდგენილი იყო წინადადება, თუ როგორ უნდა ჩატარდეს სომხეთ-აზერბაიჯანის შეხვედრები – სავარაუდოდ, ნეტრალურ ტერიტორიაზე – საქართველოში ან ირანში. რა თქმა უნდა, ეს საკითხი შემდეგ არ განხილულა, თუმცა ის საკლუბო ფეხბურთის გაჯანსაღების შესაძლო ვარიანტებს უნდა მივაკუთვნოთ.
წარსულის გამოცდილება და იმავე საბჭოთა პერიოდში დაშვებული შეცდომები დღეს შეიძლება გამოსწორდეს. ბოლო წლებში სომხეთის პირველობაში რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი მონაწილეობდა და მონაწილეობს, ხოლო სომხეთის ნაკრების საკვანძო მოთამაშეები თავიანთი საფეხბურთო კარიერის მომავალს ირანში ხედავენ. ისე გამოდის, რომ მჭიდრო საფეხბურთო ურთიერთობა უკვე შედგა, და ფეხბურთის მცოდნეებმა სომხეთის მეზობელი სხვა ქვეყნებიდან შეიძლება კიდევ გააგრძელონ ეს სია.
ფეხბურთი საზღვრებს “ავლებს”, თუმცა შლის კიდეც. ასე მოხდა 2015 წელს, როდესაც “დიდი ფეხბურთი” მთელი თავის ბრწინვალებით თბილისში ჩამოვიდა. “ბარსელონას” და “სევილიას” გულშემატკივრები სომხეთშიც ჰყავთ, საქართველოშიც და აზერბაიჯანშიც. თუმცა ბევრი მათგანი ვერც დაიჯერებდა, რომ ერთ სტადიონზე გვერდიგვერდ ისხდებოდნენ, რომ დიდი ფეხბურთისთვის ეყურებინათ…
გამოქვეყნებულია: 25.11. 2016