ლიფტების სიმღერა
ფეხით ჯობს ასვლა, თუ იმ ლიფტით, რომელმაც თავის დრო უკვე მოჭამა? სტეფანაკერტის 22 მრავალსართულიანი სახლის მაცხოვრებლებს ამ კითხვაზე ყოველდღიურად უწევთ პასუხის გაცემა.
32 წამი
ორი წლის წინათ მშობლებმა ახალი ბინა შეიძინეს, მე-9 სართულზე. ლიფტს უკვე ჩემი ხუთი თითივით ვიცნობ. თუ გამოსაძახებელ ღილაკზე თითის დაჭერის შემდეგ ჩვეული გუგუნი არ ისმის – ესე იგი, ლიფტი გაფუჭებულია, ან როგორც ჩვენი ხანში შესული მეზობელი ამბობს: “არც აქეთ, არც იქით, შინა პატიმრობაა!”
იღება კარი. მართალია, ღილაკებზე ციფრების კვალიც აღარ არის დარჩენილი, მაგრამ მე დახუჭული თვალებითაც ვაგნებ საჭირო სართულის ღილაკს. თუ ნახევარი თითი ღილაკში ჩაეფლო – ეს პირველი სართულის ღილაკია. მერე უკვე სულ ბოლო ღილაკამდე უნდა აიტანო თითი, და მერე ოდნავ მარჯვნივ – და აი ისიც, მეცხრე სართულის ღილაკი.
თუმცა თვალების დახუჭვაც აღარ არის საჭირო. ლიფტში, უკვე ორი თვეა, რაც შუქი არ არის. კიდევ კარგი, ტელეფონი მაინც ანათებს. როგორც კი ღილაკს დააწვები – ზუსტად 32 წამია საჭირო, რომ ლიფტი ჩემთვის სასურველ, მე-9 სართულზე ავიდეს.
15-წუთიანი ჯაზი
დილაა, ლიფტში ჩვეული სიბნელეა, აი უკვე კაბინაში ვარ. ყურსასმენებით ვუსმენ მაილზ დევისის სტუდიურ ალბომს “Kind of Blue”. აკორდებისა და იმპროვიზაციის რთული თანმიმდევრობა ზოგჯერ ახშობს კიდეც ლიფტის გორგოლაჭების ჭრიალს. ლიფტში გატარებული 32 წამი ჯაზს ეძღვნება.
მაგრამ არ ვიცი, ძრავის მექანიზმში ძაბვამ იმატა, თუ ხანგრძლივი ხმარებისგან გორგოლაჭები გაცვდა, კონტაქტებს შორის ნაპერწკალმა გაიელვა და 33-ე წამზე ლიფტის კარი არ გაიღო, როგრც ეს მთელი ორი წლის განმავლობაში ხდებოდა ხოლმე.
ლიფტი 15 წუთით დადუმდა. ეს იყო ჯაზის დრო, 15-წუთიანი ჯაზი. ამის შემდეგ მაშველებმა ჩაჭედილი კარი ნაწილობრივ გახსნეს და მე ღრიჭოდან გამოძრომა მოვახერხე.
მუსიკალური ლიფტი
დღეს ბევრი ადამინი ცხოვრობს მრავალსართულიან სახლებში და ლიფტით სარგებლობენ. არსებობენ ისეთი გმირებიც, რომლებსაც არ ეზარებათ და მეათე სართულზე, ფეხით ადიან. მაგრამ ასეთი სპოტსმენი თოთოოროლაა. განსაკუთრებით სახალისოა, ვინმე თუ ნასვამი ბრუნდება ქორწილიდან. სულ ახლახან სწორედ ასეთი სიტუაცია იყო ჩვენთან.
საღამოს ათი საათი იყო, როდესაც სტეფანაკერტში ჩვენი მრავალსართულიანი სახლის მაცხოვრებლებმა შეიტყვეს, რომ ლიფტი ისევ გაფუჭებული იყო. რადგან უკვე გვიანი იყო, ლიფტის ხელოსანთან არ დაურეკავთ. დილამდე მაინც არ მოვიდოდა. მაგრამ…
საათნახევრის შემდეგ – 23:20 – მე-7 სართულის მცხოვრები, გალინა, რომელსაც განუწყვეტელი სიმღერის ხმამ თავი მოაბეზრა, სადარბაზოში გამოვარდა. ნასვამების სიმღერა ლიფტიდან ისმოდა.
5 წუთში ყველა მეზობელი შეიკრიბა. 20-30 წუთის განმავლობაში ცდილობდნენ დახმარების გაწევას, შემდეგ გალინას თავის ტელეფონზე დაურეკეს და უთხრეს, რომ ლიფტის ხელოსანი მალე მოვიდოდა.
მალე მართლაც მოვიდა მაშველი, რომელმაც თქვა, რომ ლიფტის კაბინა ზუსრად მე-7 სართულზე იყო გაჭედილი და სწრაფად გააღო კარი.
აღმოჩნდა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ლიფტში განუწყვეტლივ მღეროდა ნასვამი გრანტი, რომელიც ნათესავის ქორწილიდან იყო მოსული.
მას შემდეგ ტიგრან მეცის ქუჩაზე მდებარე სახლის ლიფტმა სახელი გაითქვა, მას ყველა “მუსიკალურ ლიფტს ეძახის”.
შეუცვლელები
სტეფანაკერტის ყველაზე ახალგაზრდა ლიფტი 30 წლისაა. ლიფტის წყობიდან გამოსვლის შემთხვევები ყოველდღიურად თუ არა, კვირაში რამდენჯერმე მაინც აღინიშნება. თუმცა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უბედური შემთხვევა არ მომხდარა.
კერძო მეწარმე “გ. დოლუხანიანი” ნაწილობრივი გარემონტებით ცდილობს, მაცხოვრებელთა უსაფრთხოება უზრუნველყოს. ლიფტები შეკეთების პროცესში უფრო მეტ ხანს არის, ვიდრე – სამუშაო მდგომარეობაში; და მათი ამწევი ძალის კოეფიციენტი დღითიდღე კლებულობს.
ლიფტების გამოცვლა სახელმწიფო ბიუჯეტდან ფინანსდება. ერთი ლიფტის შესაცვლელად 15 მილიონი დრამია საჭირო (დაახლოებით $31,000). ყოფითი-კომუნალური მეურნეობა იტყობინება, რომ 2017 წლიდან წელიწადში თითო ლიფტის გამოცვლას გეგმავს. ნეტავ, ჩვენი კორპუსის ჯერი როდის მოვა?
სტეფანაკერტში სულ 22 მრავალსართულიანი სახლია. მოსახლეობას კი კიდევ დიდხანს მოუწევს მკითხაობა – კიბით ავიდნენ შინ, თუ იმ ლიფტით, რომელმაც თავისი დრო უკვე მოჭამა.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინოლოგია ავტორის შეხედულებებს ასახავს და არ არის აუცილებელი, ემთხვეოდეს რეადქციის პოზიციას
გამოქვეყნებულია: 24.11.2016