შესარჩევიდან შესარჩევამდე
ზუსტად 22 წლის წინ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის პირველ ოფიციალურ მატჩი, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი პირველი თამაში, რომელსაც გადმოცემით ასი ათასზე მეტი გულშემატკივარი ესწრებოდა და რომელსაც უდიდესი იმედით ელოდა აბსოლუტურად ყველა: ბნელი, არეული, ნაომარი, გაყინული და გაღატაკებული ქვეყნიდან – ვინმე ეპურიანუმ ჩაშალა – ამ კაცის გვარი არც მანამდე და არც ამის მერე არავის გაუგია; მეტიც, საერთოდ წარმოდგენა არავის ჰქონდა, ვინ იყო და საიდან მოვიდა. უბრალოდ ვიცოდით ის, რომ ის არაფრით გამორჩეული მოლდოვის ნაკრების ერთი, არაფრით გამორჩეული ფეხბურთელი იყო, რომელმაც წინასწარ დაგეგმილ ეროვნულ ზეიმში, პირდაპირი მნიშვნელობით – მოგვისაქმა. მაშინ მოლდოველები მხოლოდ ერთხელ თუ ორჯერ გადმოვიდნენ ჩვენს ნახევარზე და აქედან ერთხელ გოლი გაგვიტანეს.
მაგრამ მაშინ გუნდი გვყავდა, მომავლის გუნდი – უნიჭიერესი და უდიდესი პერსპექტივის მქონე უამრავი ფეხბურთელის ერთობა, უცებ აფეთქებული თაობა, გამოკვეთილი ინდივიდუალისტები თუ გუნდური მეომრები. ამ პატარა ბიჭებმა შემდეგ ევროპის დიდი სტადიონები მოიარეს, დიდ გუნდებში ითამაშეს – თან ისე მოიარეს და ისე ითამაშეს, რომ მათზე აუგი არავის დასცდენია – ისინი დღემდე ახსოვთ და უყვართ. ჰკითხეთ ინგლისელებს, გერმანელებს, იტალიელებს, ჰოლანდიელებს, შოტლანდიელებს და სხვებს.
მიუხედავად იმ ავადსახსენებელი დღისა, მაინც ყველა თამაშზე დიდი იმედითა და ოპტიმიზმით დავდიოდით სტადიონზე. თითქმის ყველა თამაში დღესასწაული იყო, მაშინაც კი, როცა ვაგებდით – შანსი არ იყო თამაში ისე დამთავრებულიყო, გიორგი ქინქლაძეს რამე ისე არ “ემაიმუნა”, რაზეც მერე ყველა ერთხმაში არ ილაპარაკებდა, სტადიონიდან ასფალტის მოედნებზე მიბრუნებული ბავშვები კი მას არ მიბაძავდნენ და”გიო ქინქლაძეობა” არ მოუნდებოდათ. გამორიცხული იყო, რომელიმე გულშემატკივარს შეუმჩნეველი დარჩენოდა თემურ ქეცბაიას თავდადება და ომი, რასაც ის სტადიონზე აწყობდა, მაგარი იყო ძმები არველაძეები, ცხადაძე-შელიას დუეტი დაცვის ცენტრში და სხვა უამრავი.
მაგრამ მაშინ სულ რაღაც გვაკლდებოდა, რაღაც სულ ხელს გვიშლიდა – ამ გადასახედიდან ალბათ ეს “რაღაც” მწვრთნელი და ე.წ. ქართული ხასიათი იყო. მაშინ ხშირად საყვედურობდნენ ფეხბურთელებს – თავიანთ გუნდებში თავს იკლავენ და აქ რა ემართებათო. მე თუ მკითხავთ, არაფერიც არ ემართებოდათ, ზუსტად ისევე უნდოდათ გამარჯვება, როგორც ჩვენ ყველას.
გავიდა წლები და თითქოს ყველაფერი ერთიანად ჩაქრა.
ვიღას ახსოვს ის პერიოდი, როცა ერთბაშად სამი ქართველი ბუნდესლიგაში თამაშობდა, ან ისე პერიოდი, როცა კახა კალაძემ ორჯერ ასწია ჩემპიონთა თასი, ან ის დიდებული პერიოდი, როცა გიორგი ქინქლაძე მრავლისმნახველ ინგლისელ ფანებსაც კი აგიჟებდა და შოთი არველაძე, რომელიც სეზონს ისე არ ჩაამთავრებდა, ბომბარდირი არ გამხდარიყო.
დღეს სხვა დროა.
რუსეთები, უკრაინები, ყირგიზეთები, სომხეთები, აზერბაიჯანები და ა.შ. და თქვენ წარმოიდგინეთ, აქ მოთამაშე ჩვენი ფეხბურთელებიც კი ვერ ხვდებიან ძირითად შემადგენლობაში – რა უნდა მოსთხოვო და რანაირად უნდა აჩვენოს შედეგი ნაკრებმა, რომლის ძირითადი ფეხბურთელების უმეტესობა, საკუთარ გუნდებშიც კი სკამს ხეხავს? ვერც ვერაფერი.
თუმცა ციკლიდან-ციკლამდე იმედებით ვცოცხლობთ. ისევ დავდივართ სტადიონზე, ისევ გვესახება იმედი, როცა ერთ მწვრთნელს მეორე შეცვლის:
“თითქოს გუნდს დავემსგავსეთ”;
“რა შედარებაა ტო, ბევრად ჯობია იმას, რაც იყო”;
“აბა ვნახოთ, წინა მაგრად ვითამაშეთ”;
ხან ის გვიკვირს, რომ მეორე ტაიმების ნორმალურად თამაში ვისწავლეთ და ხან ის, რომ 60 წუთის მერე ქშენა და ოხვრა არ დაიწყეს და მოედანზე არ წაიქცნენ, ხანაც ის გვიხარია, რომ მწვრთნელის მითითებები ზუსტად და ხარისხიანად შეასრულეს. ამ პატარა იმედებით იწყება და მთავრდება ყველა შესარჩევი ციკლი, მთავრდება ერთნაირად – ხან ბოლოდან მეორე ადგილზე, ხან მესამეზე და ერთხელ საერთოდ ყველანაირი რეკორდი მოვხსენით – თან მაშინ ჰექტორ რაულ კუპერი იყო ეროვნული ნაკრების მწვრთნელი. ამ ლოგიკით, მწვრთნელშიც არ უნდა იყოს პრობლემა, თუმცა პრობლემა სადაა, უკვე აღარვინ აღარ იცის.
ასე იყო წელსაც, მიმდინარე შესარჩევ ციკლში. ბოლო ორი თამაში ითამაშეს კარგად, ირლანდიასთან, რომ იტყვიან, დასანანი მარცხი განიცადეს და უელსის ძალიან ძლიერ ნაკრებს (რომელსაც ერთ დროს 5:0 მოვუგეთ) ფრე ეთამაშნენ. უფრო მანამდე კი, ზაფხულში, ზედ ევროპის ჩემპიონატის წინ, ამხანაგურში ესპანეთს თორნიკე ოქრიაშვილის გოლით მოუგეს. გამოჩნდნენ ახალი ფეხბურთელებიც – იგივე გვილია, კვერკველია, კაკაბაძე და სხვები.
გულშემატკივრებს იმედი მიეცათ. 12 ნოემბერს, მოლდოვასთან მატჩის დროს ყველა ერთად დაირაზმა და სტადიონზე წავიდა. ამდენი ხალხი სტადიონზე, ბოლოს როდის ვნახე, არც მახსოვს. არა, როგორ არ მახსოვს – ესპანეთთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან – ისიც იმიტომ, რომ ინიესტა, გიოტცე, პოგბა და სხვები ცოცხლად ენახათ.
12 ნოემბერს კი სტადიონი სწორედ საქართველოს ნაკრების ბოლო თამაშებით დაიმედებული ხალხით იყო სავსე.
ზუსტად ვერ ვიხსენებ და, საქართველოს ნაკრებს მგონი არც არასდროს მოუგია თამაში, რომელიც ჰაერივით სჭირდებოდა, სხვისთვის კი გაუფუჭებია – აი, მაგალითად, შოტლანდიისთვის. ვერც ახლა მოიგეს. თან ვის ვერ მოუგეს? მსოფლიოში დღეს-დღეობით ალბათ ყველაზე სუსტ გუნდს. ეს ფრე იმაზე გულდასაწყვეტი იყო, ვიდრე 22 წლის წინ წაგებული პირველი ოფიციალური მატჩი.
მაშინ იმედი იყო, იმედი და თაობა, რომელიც საკუთარი ფულით ნაყიდი ბილეთებით ჩამოდიოდა საქართველოში, გაყინულ გასახდელებში და გაპარტახებულ ბაზაზე ვარჯიშობდა და მაინც უგებდა სტოიჩკოვის ბულგარეთს.
დღეს კი თითქოს საბოლოოდ ჩაქრა ყველა იმედი და გულისცემა. 12 ნოემბერს, მოლდოვასთან ფრეს შემდეგ სტადიონს გულშემატკივრები ჩუმად ტოვებდნენ. ასეთი სევდიანი სტადიონის დაცლა არასდროს მინახავს – ადამიანებს თითქოს გინება და ყვირილიც ეზარებოდათ, აქა-იქ თუ ამოიკნავლებდა ვინმე.
არ ვიცი, კიდევ რამდენი ციკლი, რამდენი თაობა და რამდენი ადამიანი ივლის ასე მოწყენილი თამაშიდან თამაშამდე, მაგრამ რთულია, არ დაეთანხმო ჩემი მეგობრის, ალექსანდრე ბაგრატიონ-დავიდოვის ფეისბუკ-სტატუსს: “საქართველოს ნაკრები არის დავით კლდიაშვილის და მურაკამის მოთხრობების ნაზავი. სავსე ცრუ აქტიურობებით და უზარმაზარი უიმედობით.”
გამოქვეყნებულია:18.11.2016