გადასახლებულები
სერია “პოლიტიკა – ეს ადამიანებია”. ისტორია პირველი – ყარაბაღიდან
ეს ოგანიანების ოჯახია, რუბენი და სოფია. აი ისინიც
ისინი, 20 წელია, სოფელ ვაზგენაშენში ცხოვრობენ, ყარაბაღის, მატურინის რაიონში, პატარა მდინარისპირა გორაკზე მდგომ სახლში. ღუმელისთვის შეშის მოსატანად რუბენი ყოველდღიურად ციცაბო ბილიკზე ადის.
სოფია 18 წლისა გათხოვდა, ახლა 52-ის არის. კონფლიქტი, ომი და ყარაბაღის გადუწყვეტელი კონფლიქტი – მისი და რუბენის ცხოვრებაც ეს არის.
საბჭოთა დროს ამ ადგილას ორი სოფელი იყო – ავდალი და გიულაპლუ. მაშინ აქ დაახლოებით 600 კაცი ცხოვრობდა. ეს აზერბაიჯანული სოფლები იყო. ომის დაწყებისთანავე აზერბაიჯანელი მოსახლეობა გაიქცა და სოფლები რამდენიმე წლით დაცარიელდა.
კონფლიქტის საომარი ფაზის დასრულების შემდეგ აქ აზერბაიჯანიდან დევნილი სომხების ჩასახლება დაიწყეს. ჩამოდიოდნენ სომხეთის რაიონებიდანაც. ორი სოფლის ადგილას გაჩნდა – ერთი, რომელსაც ვაზგენაშენი დაარქვეს, და დღეს აქ 300-მდე ადამიანი ცხოვრობს.
რუბენი და სოფია 1996 წელს აქ პირველები დასახლდნენ.
“ჩვენ სომხეთის ქალაქ ჩარენცავანში ვცხოვრობდით. როდესაც ომი დაიწყო, მამაჩემი მოხალისედ წავიდა ყარაბაღში საომრად. მას მე და ჩემი ძმაც გავყევით. შემდეგ ისინი გაემგზავრნენ, მე კი აქ დარჩენა გადავწყვიტე,”- ჰყვება რუბენი.
იმ ტყეში, რომელიც სოფელს გარს აკრავს, დღემდე ყუთები და “გრადის” ჭურვის მასრებია მიმოფანტული.
საერთოდ, გასული ოცი წლის განმავლობაში აქ მხოლდ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა – ელექტროობა გაიყვანეს. სხვა ყველაფერი ისეა, როგორც იყო – ბუნებრივი აირის მილები აქამდე არ აღწევს, სახლებს ღუმლებით, შეშით და ნახშირით ათბობენ, და საჭმელსაც ზედვე ამზადებენ.
არც წყალგაყვანილობაა – სასმელ და სარწყავ წყალსაც დაბლობიდან სახედრებით ეზიდებიან. “შაბათ-კვირას, როცა სარეცხს ვრეცხავთ, წყალზე ჩასვლა დღეში სამჯერაც გვიწევს. მესამე ჯერზე სახედარს უკვე ძლივს მვიერეკები წყარომდე – იღლება,”- ამბობს რუბენი. გმირული შრომისთვის სახედარს უქმეებზე თივით აჯილდოებენ ხოლმე.
თავის დროზე რუბენმა და სოფიამ თავიანთი ერთსართულიანი სახლი ლამის ცარიელ ადგილას ააშენეს. სახურავი სულ დაძველდა და წყალიც ჩამოდის. “მიწური კედლები გვაქვს; ყოველ წელს კი ვათეთრებთ, მაგრამ მაინც შავდება”, – ამბობს სოფია.
ძველ დაჟანგებულ ავტობუსს, რომელიც უხსოვარი დროიდან დგას მათი ჭიშკრის უკან, ოჯახი ბოსლად იყენებს.
მათ აქ გააჩინეს, სანთლების შუქზე გაზარდეს, დააქორწინეს და გაათხოვეს ოთხი შვილი. და ასე დიდ ოჯახად ცხოვრობდნენ კიდეც 2016 წლის აპრილამდე, როდესაც თითქმის ახალი ომი გაჩაღდა. მაშინ შვილიშვილები გამყოფი ზოლიდან შორს გაამგზავრეს, სომხეთში, ჩარენცევანში; და მიუხედავად იმისა, რომ ახლა სიტუაცია გაცილებით დაწყნარებულია, შვილიშვილები ისევ იქ ცხოვრობენ.
თავად გამგზავრებ არ უნდათ. რამდენიმე წლის წინათ მათი ერთ-ერთი ვაჟი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. პატარა სასაფლაო მათ სახლთან სულ ახლოსაა. იქ მხოლოდ 5 საფლავია, და ერთ-ერთი მათი შვილისაა.
“ჩერენცევანში გადასვლას გვთავაზობენ, მაგრამ ჩემი შვილი მიწაში როგორ მივატოვო?” – ამბობს სოფია.
მთავრობა სოფლელებს ხშირად ეხმარება სახლის აშენებასა და სახურავის შეკეთებაში, თუმცა უფრო ცენტრის მხარეს; პერიფერიამდე დახმარება იშვიათად აღწევს. ვაზგენაშენის ცენტრში ბუნებრივი აირი გაიყვანეს და წყალიც უკვე სახლებამდეა მიყვანილი. მაგრამ, ოგანიანები სოფლის ცენტრიდან დაახლოებით კილომეტრის მოშორებით ცხოვრობენ.
რუბენი ამბობს, რომ, წყალი ბუნებრივ აირზე უფრო მნიშვნელოვანია. “თუ წყალი არის, ფულის შოვნა ყოველთვის შეიძლება. ძროხაც გვყავს, ღორებიც და კურდღლებიც, თუ საჭიროა, ვკლავთ და ვყიდით კიდეც. აი, სახლამდე წყლის გაყვანა კი მე თვითონ ნამდვილად არ შემიძლია.”
გადსახლებაზე კი სოფიამ თქვა: “აქ თავისუფლებაში ვართ, თითქოს ყველაფერს თავად ვწყვეტთ. მაგრამ მაინც – თითქოს გადასახლებაში ვართ”. იქნებ იმიტომ, რომ თავისუფლება ფარდობითი ცნებაა.
· შეიარაღებული კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, მთიანი ყარაბაღის გამო, 1991-1994 წლებში მოხდა. ზავის დადების შემდეგ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა არსებობს როგორც დე- ფაქტო დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელიც მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ უღიარებია, მათ შორის – არც სომხეთს. აზერბაიჯანი ყარაბაღსა და ომის დროს დაპყრობილ მიმდებარე ტერიტორიებს ოკუპირბულად მიიჩნევს, და მათ დაბრუნებას მოითხოვს.
· გაეროს მონაცემებით, დევნილებისა და იძულებით გადასახლებულ პირთა რაოდენობა კონფლიქტის ყველა მხარეს მილიონზე მეტ ადამიანს შეადგენს.
· 2016 წლის 2-5 აპრილს, 1994 წელს დადებული ზავის შემდეგ პირველად, ყარაბაღის კონფლიქტის გამყოფ ხაზზე საომარი შეტაკებები განახლდა.
· 6 აპრილს ბაქოს თავდაცვის სამინისტროც და სტეფანაკერტიც აცხადებდნენ დაზავების რეჟიმის განახლების შესახებ.
· ოფიციალური მონაცემებით, გამწვავების პერიოდში აზერბაიჯანის მხრიდან 31 სამხედრო დაიღუპა. თუმცა, სამხედრო კვლევების ცენტრი “ხაზარი” სხვა ციფრს იტყობინებოდა – 93 ადამიანს; ოფიციალური მონაცემებით, დაღუპული სამხედროების რიცხვი სომხეთში – 92 ადამიანია.
· ინფორმაცია, რომელსაც კონფლიქტის მხარეთა ოფიციალური წყაროები ავრცელებდნენ, ურთიერთსაწინააღმდეგოა და არ იძლევა საშუალებას, პასუხი გაეცეს კითხვას – თუ ვინ წამოიწყო საომარი მოქმედებები, და ვინ მოახდინა რეგირება. ამ კითხვისთვის პასუხი ჯერ არც საერთაშორისო ორგანიზაციებს გაუციათ.
· 1994 წელს დადებული ზავის შემდეგ, მთელი ამ ხნის განმავლობაში კონფლიქტის მხარეები მუდმივად იტყობიანებიან გამყოფ ზოლზე მიმდინარე ბრძოლების შესახებ, და პროვოკაციის მოწყობაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.
გამოქვეყნებულია: 17.11.2016