მომაკვდავი ფლაგმანი
აზერბაიჯანში საფეხბურთო სეზონი აქტიურ ფაზაში შედის. პრემიერლიგის 6 ტურის შემდეგ საჩემპიონო რბოლის პირველი ფავორიტები, საშუალო რგოლის გუნდები და აუტსაიდერები გამოიკვეთნენ. ტურნირის აუტსაიდერებს შორის ქვეყნის უძველესი და ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, ბაქოს “ნეფტჩიც” შეიძლება მოვიაზროთ.
ფლაგმანს ციებ-ცხელება ჯერ კიდევ შარშან დაეწყო. სეზონის მიმდინარეობისას გუნდმა ორი მწვრთნელი გამოიცვალა, რის შემდეგაც სპორტული დირექტორის, ველი ჰასიმოვის ხელში გადავიდა. იგი მოსკოვის “დინამოს”, ესპანეთის “ბეტისისა” და პორტუგალიური “ვიტორიის” ყოფილი ფეხბურთელია და წარუმატებელი სამწვრთნელო კარიერა აქვს. მისი თავკაცობით გუნდმა გაჭირვებით დაასრულა გასული სეზონი, წარუმატებლად ჩაატარა ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი და ჩემპიონატის ახალ სეზონს ნახევრად დაშლილი შემადგენლობით შეხვდა. ის, რომ სეზონის მიმდინარეობისას ჰასიმოვს კიდევ უფრო მეტი უსიამოვნება ელოდა, ჯერ კიდევ ევროთასების მატჩებისას გახდა აშკარა. ამის შესახებ წერდა პრესა და ამავეს ამბობდნენ ექსპერტები და გულშემატკივრები, მაგრამ ამაოდ. “ნეფტჩის” ამბიციური და გამოუცდელი მწვრთნელი ყოველ ჯერზე პირობას დებდა, რომ გუნდი ათამაშდებოდა. ის ამბობდა, რომ “ბიჭებს უბრალოდ დრო სჭირდებათ”.
შედეგად, ფლაგმანი ჩიხში აღმოჩნდა და „გაბალასთან“ განცდილი დამამცირებელი მარცხის (ანგარიშით 0:8) შემდეგ კლუბის ხელძღვანელებმა გადაწყვიტეს, კარდინალური ზომებისთვის მიემართათ.
რაც შეეხება ხელმძღვანელობას, 2015 წლის მარტიდან აზერბაიჯანის ძირძველ კლუბს სამეთვალყურეო საბჭო ხელმძღვანელობს. აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციამ კლუბებს ასეთი სტრუქტურის შექმნის რეკომენდაცია მისცა, მაგრამ ამგვარ შიდა რეფორმას არც ისე ბევრი კლუბი დათანხმდა. “ნეფტჩიში” ეს შემოთავაზება სიამოვნებით გაითვალისწინეს და კლუბში მიმდინარე მოვლენების მეთვალყურეებად განსხვავებული ასაკის, სოციალური სტატუსისა და პროფესიის მქონე 7 ადამიანი დანიშნეს. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ცნობილი აზერბაიჯანელი მწერალი, ჩინგიზ აბდულაევი დაინიშნა, საბჭოს წევრებად კი ცნობილი “მანსანკანელი” ( КВН-ის წევრი) ბაჰრამ ბაგირზადე, სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი ფარჰად ბადალბეილი, ყოფილი ფეხბურთელი სამედ ყურბანოვი, “სოკარის” ორი თანამშრომელი და იუსტიციის სამინისტროს ერთი წარმომადგენელი აირჩიეს. ერთი სიტყვით, ელიტა!
თუმცა, ამის შედეგად გუნდის თამაშის ხარისხი არ გაუმჯობესებულა. შეიძლება ითქვას, რომ გაუარესდა კიდეც. საეთვალყურეო საბჭომ მაშინვე მოიხსნა პასუხისმგებლობა და აღნიშნა, რომ მისი ფუნქცია “გამჭვირვალე ანგარიშგების მქონე სერიოზული კლუბის მშენებლობის მონიტორიგი და კონტროლია”, შედეგებზე კი, პირველ რიგში, პასუხი მთავარ მწვრთნელს, ველი ჰასიმოვს, აღმასრულებელ დირექტორს, ელნურ მამედოვსა და მის მოადგილეს, მუბარიზ ხუდიევს უნდა ეგოთ. შედეგად, გაბალასთან ჩატარებულ საარცხვინო მატჩს ამ სამი ადამიანის კარიერა შეეწირა.
მათ შემცვლელებად სხვები მოვიდნენ – ახალი ამბიციებითა და დიდი მიზნებით. აღმასრულებელ დირექტორად 30 წლის ელნურ ეივაზოვი დაინიშნა, რომელიც სპორტულ წრეებში სრულიად უცნობი ფიგურა იყო. ახალი სპორტული დირექტორის, ორჰან ჰუსეინზადეს კანდიდატურა კი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. იგი ბაქოური კლუბი “ოლიმპიკის” ( მოგვიანებით ამ გუნდს სახელი შეეცვალა და “აზალი” დაერქვა) დამაარსებელი და აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის საერთაშორისო განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელია, რომელიც აქტიურ საფეხბურთო საქმიანობას დაუბრუნდა. ჰუსეინზადემ ამ სფეროში ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო მუშაობა და სხვადასხვა დროს “უეფას” დელეგატობა და კომისობაც მოასწრო. ამიტომ, კლუბში მასზე დიდ იმედებს ამყარებენ.
თუმცა, სამწუხაროა, რომ უმძიმესი კრიზისის დროს რამდენიმე ადამიანის გამოცდილება და ცოდნა საკმარისი არ არის. ზამთრის დადგომამდე “ნეფტჩის” სპორტსმენთა შემადგენლობაში კარდინალური ცვლილებების განხორციელება არ შეუძლია, რადგან ახალი ფეხბურთელების განაცხადების მიღების ვადა ჯერ კიდევ 31 აგვისტოს ამოიწურა, ძლიერი უცხოელი მწვრთნელის მოწვევას კი აზრი არ აქვს, იმიტომ, რომ ამ მასალისგან რაიმე ღირებულის გამოძერწვა არ გამოვა. მართლაც, რა შეიძლება მოუხერხო ფეხბურთელებს, რომლებმაც გუნდად ჩამოყალიბება ვერ შეძლეს? საბოლოოდ, ხელმძღვანელობამ მწვრთნელის პოსტზე ადგილობრივი სპეციალისტი, ელხან აბდულაევი მოიწვია, რომელიც პარალელურად, აზერბაიჯანის ნაკრებში, რობერტ პროსინეჩკის ასისტენტად მუშაობს.
ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით “ნეფტჩიმ” სამი თამაშიდან ორი წააგო. გუნდი მეშვიდე ადგილს იკავებს ჩემპიონატში, რომელშიც 8 გუნდი მონაწილეობს. მოკლედ, სიტუაცია ნამდვილად სამწუხაროა. ბაქოელების ახალი თავკაცი სამართლიანად ჩივის, რომ ფეხბურთელები არ ჰყოფნის. მის სადებიუტო მატჩში სათადარიგოთა სკამზე მხოლოდ ოთხი ფეხბურთელი იჯდა – სამი მცველი, სამი მეკარე! მეორე შეხვედრის წინ უკეთესი სიტუაცია შეიქმნა და შეცვლაზე შესასვლელად უკვე შვიდი ფეხბურთელი იყო მზად. იმ თამაშის წინ “ნეფტჩის” ფეხბურთელების ნაწილს ტრავმები მოუშუშდა, ნაწილი კი კონტრაქტის გარეშე მოიწვიეს.
შეკითხვები ხელმძღვანელობასთან და წინა მწვრთნელთანაც მრავლადაა. რთული ასახსნელია, რის საფუძველზე ხდებოდა გუნდის ფორმირება სეზონის დასაწყისში, რა კრიტერიუმებით შეირჩნენ ახლანდელი ფეხბურთელები, რატომაა მათი რაოდენობა ასე მცირე და, რაც მთავარია, ვინ აკონტროლებდა გუნდში მიმდინარე პროცესებს? სამეთვალყურეო საბჭომ, ჩვეულებისამებრ, ყველაფერი გათავისუფლებულ თანამშრომლებს დააბრალა, რომლებიც განზე დადგნენ და ელოდებიან, როდის ჩაცხრება ეს აურზაური.
ყველა შემთხვევაში, დღეს “ნეფტჩი” იმ სათამაშოს ჰგავს, რომელიც თავნება ბავშვებს ჩაუვარდათ ხელში. ბავშვები სათამაშოს იატაკზე დაათრევენ, ერთმანეთს ხელიდან გლეჯენ და თითოეული ცდილობს, ეს გასართობი სხვებზე დიდხანს ეკავოს ხელში; თუმცა სრულიად არ ზრუნავენ მასზე და არ ფიქრობენ, რომ ეს ძვირადღირებული სათამაშოა, რომელიც ასეთი მოპყრობით შეიძლება გატყდეს კიდეც. და თუ არ გატდება, ადრე თუ გვიან მაინც უსარგებლო ნივთად იქცევა – ან ბავშვები გაიზრდებიან, ან სათამაშო მობეზრდებათ. ამდენად, აზერბაიჯანის ფეხბურთის ფლაგმანს ისღა რჩება, რომ დაელოდოს იმ იმედით, რომ როდესმე შეწყვეტენ სათამაშოთი თამაშს; და რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით უკეთესი.
გამოქვეყნდა: 05.09.2016