ყარაბაღი: 20 ოქტომბრის მოვლენები, შეტაკებების სამი კვირა
ღამით და მთელი 20 ოქტომბრის განმავლობაში, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, სომხეთისა და აზერბაიჯანის არმიებს შორის სასტიკი შეტაკებები, რამდენიმე მიმართულებით გრძელდებოდა.
2020 წლის 27 სექტემბრიდან, როდესაც ეს ესკალაცია დაიწყო, ოფიციალურად, ორივე მხრიდან დაიღუპა უკვე ათასზე მეტი სამხედრო და მშვიდობიანი მოსახლე. არაოფიციალურად – გაცილებით მეტი. ორივე მხარე იტყობინება მოწინააღმდეგის ტექნიკის დიდი დანაკარგების შესახებ და ერთმანეთს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
ორჯერ გაფორმდა ზავი – 10 და 18 ოქტომბერს, მაგრამ ორივეჯერ მაშინვე დაირღვა. მხარეები ზავის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
20 ოქტომბრის 16:00 საათისთვის არსებული ვითარების შესახებ
ინფორმაცია ბაქოდან
მონაცემები ბრძოლების შესახებ
• აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას აღდერე-აღდამის, ფუზული-ჰადრუთი-ჯებრაილისა და გუბადლი-ზანგილანის ფრონტის მიმართულებით მიმდინარე ბრძოლების შესახებ. სომხური მხარე იყენებს ცეცხლსასროლ იარაღს, ნაღმტყორცნებსა და ქვემეხებს.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, სომეხი სამხედროების მიერ, ტერტერისა და აღდამის რაიონების დაბომბვის შესახებ.
• აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მიმართა სიტყვით ხალხს. მისი განცხადებით, აზერბაიჯანის არმიამ კონტროლი დაამყარა კონფლიქტის ზონაში, კიდევ 24 სოფელსა და ქალაქ ზანგილანზე.
• აზერბაიჯანის რუსული მართლმადიდებელი ეკლესია განცხადებით გამოვიდა:
„ჯარი ებრძვის ჯარს, ნამდვილი მებრძოლი არასოდეს აღმართავს ხელს ბავშვებზე, ქალებსა და მოხუცებზე. სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილ დანაშაულს შეგვიძლია ღიად ვუწოდოთ ტერორისტული აქტები. მსოფლიო თანამეგობრობამ აუცილებლად უნდა დაგმოს ეს აღმაშფოთებელი აგრესიის აქტები და დასაჯოს დამნაშავეები“.
განცხადებაში საუბარია ქალაქ ტერტერში, დაკრძალვის პროცესიისა და ღამით, ქალაქ განჯის საცხოვრებელი რაიონების დაბომბვის შესახებ. ორივე თავდასხმის შედეგად, ათობით ადამიანი დაიღუპა და ასამდე დაიჭრა.
• ახალი მონაცემები მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის შესახებ: 61 ადამიანი დაიღუპა, 291 – დაიჭრა.
ინფორმაცია ერევნიდან და სტეპანაკერტიდან
• სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩრდილოეთ მიმართულებაზე მოწინააღმდეგე ავიაციასა და არტილერიას იყენებს, გრძელდება ინტენსიური ბრძოლები სამხრეთითაც (ირანის საზღვართან ახლოს).
• სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მთიანი ყარაბაღის ყოფილ პრეზიდენტებს, არკადი გუკასიანსა და ბაკო სააკიანს შეხვდა და განიხილა „იმ სიტუაციის საწინააღმდეგო ნაბიჯები, რომელიც მთიან ყარაბაღში აზერბაიჯან-თურქეთის აგრესიის შედეგად განვითარდა“.
• იგივე დღის წესრიგი გამოქვეყნდა ფაშინიანის იმ პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრასთან დაკავშირებით, რომლებსაც არ ჰყავთ პარლამენტში წარმომადგენლები და ხელისუფლების მკაცრ ოპოზიციას წარმოადგენენ.
• შეხვედრის შემდეგ, პარტია „დაშნაკცუტუნის“ წარმომადგენელმა, იშხან საგატელიანმა განაცხადა, რომ სომეხ ხალხს უკან დახევის უფლება არ აქვს, რადგან ამ ომში სახელმწიფოს არსებობის საკითხი წყდება.
„“დაშნაკცუტუნისთვის“ მიუღებელია დარეგულირება არცახის დამოუკიდებლობის აღიარების გარეშე. და, როგორც ადრე, ისე ახლაც, მიუღებელია ეტაპობრივი გადაწყვეტის ნებისმიერი ვარიანტი“.
• სომხეთის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა, ედუარდ შარმაზანოვმა განაცხადა, რომ „მთიანი ყარაბაღი არასოდეს იქნება აზერბაიჯანის შემადგენლობაში. არცახელი ხალხის თვითგამორკვევის უფლების რეალიზაციას ალტერნატივა არ გააჩნია“.
• სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შავრაშ კოჩარიანმა პარლამენტში განაცხადა:
„ყველაფერი ბრძოლის ველზე წყდება. რაც შეეხება მსოფლიო თანამეგობრობის რეაქციას, გაეროსა და ა.შ. – ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია ამ ყველაფრის ყურება. მაგრამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ თუკი საუბარია უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, პირველ რიგში, ეს ჩვენი ვალი და მოვალეობაა.
სომხეთი საომარ მდგომარეობაშია, რომელშიც ასევე ჩართულია თურქეთი, რაც გენოციდის საფრთხეს ნიშნავს“.
• სომხეთის პრემიერ-მინისტრმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობისას, ყარაბაღის თავდაცვის არმიამ, დაახლოებით, ათი თურქული უპილოტი თვითმფრინავი „ბაირაქტარი“ ჩამოაგდო და რომ სომხურ მხარეს, „როგორც ჩანს, აქვს „ბაირაქტარის“ ფრაგმენტები“.
სომხეთის პრემიერმა ამას ყარაბაღის წინააღმდეგ ტერორისტულ ომში თურქეთის ჩართულობის მტკიცებულება უწოდა და მოუწოდა ქვეყნებს, რომლებიც თურქეთს „ბაირაქტარისთვის“ საჭირო კომპონენტებს აწვდიან, კანადას მიბაძონ და შეაჩერონ სამომავლო მიწოდება.