ჰუმანურობა ჯალათისთვის
საქართველო ცხოველის მიმართ უპრეცედენტო სისასტიკის ფაქტმა გააოგნა – რუსთავში ორმა მოზარდმა ძაღლის ლეკვი წამებით სიკვდილამდე მიიყვანა.
ასეთი ფაქტები მანამდეც ხდებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ მოვლენამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა – ძირითადად იმის წყალობით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში მრავალი ახალგაზრდული სამოქალაქო მოძრაობა გაიზარდა და გაძლიერდა – მათ შორის აღსანიშნავია ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციებიც.
“საქართველოში ცხოველების მიმართ სადისტური დამოკიდებულების შემთხვევებს ნებისმიერ ადგილას შეიძლება, გადააწყდეთ,”
– ამბობს “ცხოველების მეგობართა ფონდის” რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ირინა ლიკლიკაძე.
ლეკვის შესახებ ირინამ საღამოს შეიტყო, როდესაც რუსთავის ერთადერთი ვეტერინარული კლინიკა უკვე დაკეტილი იყო. იძულებული გახდა, ცხოველი თბილისში წაეყვანა.
“ლეკვი ხელში ავიყვანე და იქ შეკრებილ ადამიანებს ვუთხარი, რომ პატრული უნდა გამოეძახებინათ. როგორც ჩანს, იქ მყოფთაგან არავის სურდა, რომ ამ საქმეში პოლიცია ჩარეულიყო.”
თბილისში ლეკვი მიუყვანეს ვეტერინარ არტურ ლაგოვსკის, რომელმაც ძაღლს რამდენიმე ოპერაცია გაუკეთა. მომდევნო დღეს გაირკვა, რომ ღამით ლეკვი მოკვდა.
“ნაცემი ძაღლებიც მიმიღია, და დაჭრილიც (როგორც ცეცხლსასროლი, ისე ცივი იარაღით). სამწუხაროდ, ბევრი რამ მინახავს ცხოვრებაში; მაგრამ ასეთ სიმხეცეს მანამდე არასდროს შევხვედრივარ. ლეკვს სწორი ნაწლავი არ ჰქონდა, საშვილოსნო კი გახეული აღმოჩნდა. დღემდე შოკში ვარ.”
სავარაუდოდ, სასიკვდილო ჭრილობები ხის ჯოხის შერჭობით მიაყენეს.
რუსთავის ერთ-ერთმა სამოქალაქო აქტივისტმა, გ.ბ.-მ იმ მოზარდთან შეძლო საუბარი, რომელიც ცხოველის წამებაშია ეჭვმიტანილი.
“ეზო-ეზო დავდიოდი და ინფორმაციას ვაგროვებდი. ერთ-ერთი მოზარდი ვიპოვე. მხოლოდ მასთან შევძელი საუბარი. მეორე სომხეთში გაემგზავრა – საზაფხულო არდადეგებზე იყო ჩამოსული რუსთავში.”
ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 259-ე მუხლით, რომელიც ცხოველების მიმართ სისასტიკეს ეხება.
“დაკითხვაზე ვიყავი და ჩვენება მივეცი, – ამბობს გ.ბ. – მაგრამ არ მინდა, რომ ეს ბავშვები დასაჯონ. მინდა, რომ მიხვდნენ, რა საშინელება ჩაიდინეს. ალბათ, ამისათვის საჭიროა, რომ მათთან ფსიქოლოგებმა იმუშაონ.”
ფსიქოლოგი მაია ცირამუა აღნიშნავს, რომ ფსიქოთერაპიასთან ერთად სოციალური სამსახურების ჩართვაც აუცილებელია. და ამ შემთხვევაში, უმჯობესია, თავიდან ავცილოთ წინასწარი პატიმრობა, რომელსაც კანონი ითვალისწინებს.
“საქართველოში დღეს საკმაოდ მკაფიო საზოგადოებრივი დაკვეთა არსებობს – ეს ბავშვები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ, – ამბობს ფსიქოლოგი მაია ცირამუა, – თუმცა, მათ მომავალზეც უნდა ვიფიქროთ. პროკურორი, სოციალური მუშაკი და მედიატორი ის ადამიანები არიან, რომლებმაც ბევრი უნდა იფიქრონ იმ გადაწყეტილებაზე, რომელსაც მიიღებენ.”
საქართველოში 22 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას, რომლის ავტორებიც ამ შემთხვევის გამოძიებასა და დამნაშავეების კანონის შესაბამისად დასჯას ითხოვენ.
პეტიციაში ამ აქტს “ძაღლის გაუპატიურების” კლასიფიკაცია ეძლევა. ცნება “გაუპატიურების” იმ განსაზღვრებაზე დაყრდნობით, რომელიც ინტერპოლის, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ევროპის საბჭოს მიერაა მიღებული, ავტორები საკმაოდ დასაბუთებულად ამტკიცებენ, რომ ძალადობის სწორედ ამ ფორმას ჰქონდა ადგილი.
შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მიხედვით, ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობა, რომელიც მსხვერპლის სიკვდილს, ან ხეიბრობას იწვევს (ასევე ცხოველთა წამება) ჯარიმით, ან ერთწლიანი გამოსასწორებელი სამუშაოებით ისჯება. თუკი იგივე დანაშაული ჩადენილია არა ერთი ადამიანის, არამედ ჯგუფის მიერ; დასტურდება, რომ ეს პირველად არ მომხდარა; თუკი ეს არასრულწლოვნების თანდასწრებით მოხდა, დამნაშავე ისჯება ჯარიმით, ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობა საქართველოში სერიოზული პრობლემაა. ხშირად პატრონები ცხოველებს სახლიდან აგდებენ, ან შეუფერებელ პირობებში ამყოფებენ (მაგალითად, დახურულ ავტოფარეხებში კეტავენ, რომელშიც შუქი არ აღწევს, ან აივანზე, მზეში ტოვებენ). სოფლებში ბევრი ადამიანი ცხოველთა კვებას საჭიროდ არ მიიჩნევს და ამიტომ, მათი ოთხფეხა მეგობრები, საკვების დამოუკიდებლად მოპოვების მიზნით, სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაძრწიან. ხშირია ასევე ცხოველების ცემის, წამებისა და მკვლელობის ფაქტები.
შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების მოგროვებას მხოლოდ აქტივისტები და პროფილური ორგანიზაციების წარმომადგენლები ცდილობენ. ცხოველთა უფლებების დამცველი კანონი აქამდე ან არ მუშაობდა, ან წარმოუდგენელ ლმობიერებას იჩენდა დამრღვევების მიმართ.
“საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების”(GSPSA) მონაცემებით, 2014 წელს სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სამი ბოროტგანმზრახველის წინააღმდეგ, რომლებმაც იმავე რუსთავში ლეკვს სცემეს. პროკურორმა გადაწყვიტა, პატიმრობა არ მოეთხოვა და სასჯელად საზოგადოების სასიკეთოდ 100- საათიანი იძულებითი შრომა მოითხოვა მხოლოდ.
თუმცა, ამ შემთხვევაში, ქართულმა საზოგადოებამ, შესაძლოა, კანონს არ მისცეს საშუალება, რომ ასეთი ჰუმანური იყოს… ადამიანის მიმართ.
გამოქვეყნდა: 25.07.2016