რატომ არ არის აზერბაიჯანში წიგნები ონლაინ და რატომ არის ეს კარგი გამომცემლებისთვის
აზერბაიჯანში, ბაზარზე, ფაქტობრივად არ არის ელექტრონული წიგნები. გამომცემლობები არ ჩქარობენ ონლაინვაჭრობის დაწყებას და ამის წინააღმდეგ ძლიერი არგუმენტები მოჰყავთ.
ამ საკითხზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია არც კორონავირუსის გამო გამოცხადებულ მრავალთვიან ლოკდაუნს, გარეთ კი უკვე შემოდგომა და მორიგი ჩაკეტვის პერსპექტივაა.
აზერბაიჯანმა COVID-19-ის პანდემიის გამო გამოცხადებული კარანტინი გადაიტანა და ამ იზოლაციის თვეების დროს, ადამიანებმა ისწავლეს აუცილებელი ნივთების ინტერნეტით შეძენა. ქსელში ფაქტობრივად ყველაფერი იყიდება, ტანსაცმლიდან დაწყებული, საკვები პროდუქტებით დასრულებული.
არ იყიდება მხოლოდ ელექტრონული წიგნები.
წიგნები შეგიძლია შეუკვეთო, მაგრამ მხოლოდ ბეჭდური სახით
აზერბაიჯანული წიგნების მაღაზიათა ქსელები საკუთარ ვებგვერდზე მომხმარებლებს სხვადასხვა გამოცემის შეძენას სთავაზობენ. აუცილებელია საფასურის საბანკო ბარათით გადახდა და მიწოდებისთვის დალოდება.
მაგრამ შეკვეთილი წიგნის სწრაფად მოტანის გარანტიას არავინ გაძლევთ.
ერთხელ, ამ სტატიის ავტორს მის მიერ შეძენილი წიგნის ლოდინი 20 დღე მოუწია. გამყიდველები ასეთ დაგვიანებას შეკვეთების დიდი რაოდენობით, თანამშრომელთა სიმცირით და მიწოდებასთან დაკავშირებული ბანალური სირთულეებით ხსნიან.
კარანტინის დღეებში, როდესაც ბაქოში აკრძალული იყო გარეთ იმ ავტომობილებით გამოსვლა, რომლებიც სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე არ იყო დარეგისტრირებული, პოლიცია მსოფლიოში ცნობილი საფოსტო სამსახურების ავტომობილებსაც აკავებდა, რომ არაფერი ვთქვათ წიგნების მიმწოდებელ კურიერებზე.
მსოფლიოში, ფაქტობრივად ყველგან არის შესაძლებელი სულ რაღაც წამებში წიგნის ელექტრონულ ფორმატში შეძენა და არა იმის ლოდინი, თუ როდის მოგიტანენ წიგნის ბეჭდურ ვერსიას.
რა უშლის აზერბაიჯანელ გამომცემლებს ხელს ამ საკითხის მოგვარებაში?
წიგნების ელექტრონული ვერსიები არის, მაგრამ…
საგამომცემლო სახლ „განუნის“ ხელმძღვანელის, შაჰბაზ ჰუდუოღლუს თქმით, ამ შემთხვევაში ტექნიკური პრობლემა არ არსებობს. საბედნიეროდ, ჩვენს დროში, ყველა წიგნი არსებობს ელექტრონულ ფორმატში, რჩება მხოლოდ გასაყიდად მათი ვებგვერდებზე განთავსება. მაგრამ აქ სხვა ტიპის პრობლემა ჩნდება.
„ჩვენს ქვეყანაში, არ მუშაობს კანონი საავტორო უფლებების შესახებ. ელექტრონული წიგნების გაყიდვის დაწყების ჩვენი მოკრძალებული მცდელობებიც კი ყოველთვის ბაზრის ამ გამოცემების „მეკობრული“ ასლებით გადავსებით მთავრდებოდა“, – ჩივის JAMnews-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ჰუდუოღლუ.
მან დასძინა, რომ, ადრე თუ გვიან, აზერბაიჯანი უნდა გადავიდეს წიგნის გაყიდვის ამ მსოფლიოში ფართოდ გავრცელებულ მეთოდზე. მაგრამ თავდაპირველად „მეკობრეობასთან“ ბრძოლის საკითხი უნდა მოგვარდეს.
ძვირადღირებული წიგნები
აზერბაიჯანში, წიგნის ბევრი მოყვარული საუბრობს მათ მაღალ ფასზე. პოპულარული გამოცემების საშუალო ღირებულება 10-დან 20 მანათს (6-12$) შორის მერყეობს. არსებული მინიმალური ანაზღაურების, 250 მანათის (147$) პირობებში, როგორც ჩანს, ეს ბევრი ადამიანისთვის მიუღებელი ფუფუნებაა.
„სტუდენტი ვარ და როგორც ფრიადოსანი, ვიღებ სტიპენდიას 130 მანათის (76.5$) ოდენობით. არ შემიძლია საკუთარ თავს წიგნების შეძენის უფლება მივცე, ისინი ჩემთვის ძალიან ძვირია. რა თქმა უნდა, ელექტრონული წიგნები ბეჭდურ ანალოგებზე სამ-ოთხჯერ იაფია, მათ ყიდვას მოვახერხებდი“, – ამბობს ჟალია, ბაქოს ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტი.
„ფასდაკლებულსაც არ ყიდულობენ“
„ჩვენ ხშირად ვაკეთებთ ხოლმე წიგნებზე ფასდაკლების აქციებს. ხდება ხოლმე, რომ ადამიანი ინტერესდება წიგნით, რომელიც სულ რაღაც 1 მანათად (0.6$) იყიდება. მე პირადად ვუყვები თემებზე, რომელსაც აღნიშნული წიგნი ეხება. და ამ ყველაფრის შემდეგ, ის მთხოვს, წიგნი კიდევ უფრო იაფად მივყიდო“, – გვიყვება შაჰბაზ ჰუდუოღლუ.
მისი აზრით, ქვეყანაში ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა წიგნის სიყვარულის კულტურა. და ამ შემთხვევაში ელექტრონული წიგნების გაყიდვა ბეჭდურ ვერსიებთან ერთად, არც ისე კარგი იდეაა:
„ვცადეთ ელექტრონული წიგნების გაყიდვა. ახლაც არის ჩვენს ვებგვერდზე რამდენიმე კარგი შეთავაზება. ვაკვირდები სტატისტიკას. თვეში, 3-4 წიგნზე მეტი არ იყიდება“.
ბაზარი საკუთარ პირობებს გვკარნახობს
საგამომცემლო სახლ „განუნის“ ხელმძღვანელი ეთანხმება იმას, რომ მიუხედავად წინააღმდეგობებისა, ელექტრონული წიგნების გაყიდვის საკითხი უნდა მოწესრიგდეს:
„ეს მსოფლიო ტენდენციაა და ჩვენ ადრე თუ გვიან მივალთ ამასთან. ადამიანები უკვე ეჩვევიან ყველაფრის ინტერნეტში შეძენას. წიგნები არ უნდა დარჩეს ამ გარემოში მიუწვდომელი“.
იმავეს იმეორებენ საგამომცემლო სახლ TEAS Press-ში.
„ვფიქრობთ ელექტრონული წიგნების გაყიდვის დაწყებას. მაგრამ არა უახლოეს მომავალში. აუცილებელია, რომ ამ საქმეში ყველა ნიუანსი შეესაბამებოდეს საერთაშორისო ნორმებსა და ელექტრონული ვაჭრობის მოთხოვნებს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უნდა მოვემზადოთ ამ ნაბიჯისთვის“, – განუცხადეს JAMnews-ს გამომცემლობაში.