საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი საგანგაშოდ იზრდება. რა სტრატეგია აქვს ქვეყანას
საქართველოში ყოველ დღე კოვიდ-ინფიცირებულთა რიცხვი ორ ასეულზე მეტით იმატებს.
24 სექტემბერს კორონავირუსის ახალი ანტირეკორდი დამყარდა – 259 ახალი შემთხვევა. ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 259 პირს დაუდასტურდა. ამით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 399-მდე გაიზარდა. ამავე პერიოდში 62 ადამიანი განიკურნა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვია 1 705. კორონავირუსით საქართველოში 26 პირია გარდაცვლილი.
ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა ოთხჯერ აჭარბებს გამოჯანმრთელებულთა რიცხვს. 20-24 სექტემბერს გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტი.
სულ უფრო მეტი კითხვა რჩება პროცესის მართვასთან დაკავშირებით. რა მდგომარეობაა საავადმყოფოებში, არის თუ არა ტესტების საკმარისი რაოდენობა და არის თუ არა მზად სამედიცინო პერსონალი?
გიორგი გახარია ამბობს, რომ ამ ეტაპზე ქვეყნის ჯანდაცვა უმკლავდება ვითარებას, თუმცა მისი თქმით, მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ ილუზია, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა განვითარებული ქვეყნების მსგავსია, ამიტომ “უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ მკაცრი წესებით, დისციპლინით, თუმცა არა შეზღუდვით და ეკონომიკის გაჩერებით, ჩვენ ხელი უნდა შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას“,- განაცხადა პრემიერმა.
კოვიდარითმეტიკა
23 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, კოვიდინფიცირებული პაციენტებისათვის, 35 კლინიკაში, 2522 საწოლია მობილიზებული, მათგან 1342 საწოლი უკვე დაკავებულია.
ეპიდსიტუაციის გართულების შემთხვევაში, გარდა 2522 საწოლისა, კოვიდინფიცირებულთათვის დამატებით გამოიყოფა კიდევ 700 საწოლი.
რაც შეეხება აჭარას – 23 სექტემბრის დილის მონაცემებით, აჭარაში კოვიდპაციენტების მისაღებად, მხოლოდ 102 საწოლი იყო თავისუფალი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში, 9 კლინიკაში, ჯამში, 584 საწოლია.
საქართველოს მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებული კრიტიკული პაციენტებისათვის, 82 რეანიმაციული საწოლი, ხელოვნური სუნთქვის აპარატია მობილიზებული. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის სამინისტრომ მიაწოდა.
ამჟამად კრიტიკულად ფასდება 18 პაციენტის მდგომარეობა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსს სახლში 200-მდე პირი პირი მკურნალობს. როგორც მან თქვა, მათი მდგომარეობა მსუბუქი ან უსიმპტომოა.
მოქალაქეების ნაწილი – 690 ინფიცირებული, კოვიდსასტუმროშია განთავსებული. ისინიც მსუბუქი ფორმის პაციენტები ან უსიმპტომოები არიან.
გამყრელიძის თქმით, კოვიდსასტუმროებში არ გადაჰყავთ ხანდაზმულები და ბავშვები.
რა ხდება აჭარაში?
აჭარა წითელი ზონაა – ყოველდღიურად ახალი შემთხვევების თითქმის ნახევარი აჭარაზე მოდის. ინფიცირებულებს შორის არიან პოლიციელები, სასამართლოს და სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომლები.
აქ უკვე დაწესდა შეზღუდვები – აჭარაში სრულად შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.
სამუშაო დღე შეამცირეს რესტორნებმა – 25 სექტემბრიდან რესტორნები 22 საათზე დაიხურებიან და დილამდე არ იმუშავებენ.
როგორია ხელისუფლების კოვიდსტრატეგია – კვლავ საყოველთაო კარანტინი იქნება?
ამ ეტაპზე – არა. როგორც პრემიერი ამბობს, საყოველთაო კარანტინი და საგანგებო მდგომარეობა არ იგეგმება.
მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემა ამ ეტაპზე მზად არის, თუმცა პრემიერი მეტ პასუხისმგებლობას მოქალაქეებს აკისრებს:
„როდესაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების და მკაცრი შეზღუდვების დაწესების შესახებ, რა თქმა უნდა, ჩვენ გავითვალისწინეთ, როგორც ქვეყნის რესურსი, ასევე ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობა. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ბევრ განვითარებულ სისტემასთან შედარებით სუსტია, მაგრამ ამ შემთხვევაში გამოწვევას კარგად გაუმკლავდა. არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ 6 თვეში ჯანდაცვის სისტემა რადიკალურად შეიცვალა და უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ მკაცრი წესებით, დისციპლინით, თუმცა არა შეზღუდვით და ეკონომიკის გაჩერებით, ჩვენ ხელი უნდა შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას“,- განაცხადა პრემიერმა.
გახარია არ გამორიცხავს, რომ მომავალში დამატებითი შეზღუდვები დაწესდეს, თუმცა ეს არ იქნება სისტემური და მხოლოდ ლოკალური ხასიათი ექნება, ამბობს იგი.
„ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც თეორიულად შეიძლება იყოს დაწესებული, იქნება მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივი და ლოკალური. ეს არ იქნება სისტემური შეზღუდვები ქვეყნის მასშტაბით, ეს ვერ იქნება სისტემური შეზღუდვები ჩვენი ცხოვრების ისეთ მიმართულებებზე როგორიც არის ეკონომიკა, განათლება ან თუნდაც საარჩევნო პროცესი“,- განაცხადა პრემიერმა.
ინფიცირებულების გაზრდილი ოდენობის სამართავად დღეს ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მზად, აღნიშნა გახარიამ.
მთავრობის სტრატეგიაა რისკების მართვის ადაპტაცია, ამბობს პრემიერი – ცხელების ცენტრები, 112-ის სისტემა, კონტაქტების სწრაფი დადგენის სისტემა, საკარანტინო სისტემა, ტესტირება. პრემიერი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ყველა ეს რგოლი გამართულად მუშაობს.
როგორც გახარია ამბობს, ქვეყანა ე.წ. ადაპტაციის ეტაპზე გადავიდა. პირველი და მთავარი ამ ეტაპზე არის გავრცელების შენელება – ინფიცირების შემთხვევების სწრაფი გამოვლენა ანუ ტოტალური ტესტირება.
მარტში საქართველოში PCR ტესტს მხოლოდ ერთი – ლუგარის ლაბორატორია აკეთებდა. დღეს ამგვარი ლაბორატორიების რიცხვი ქვეყნის მასშტაბით 22-მდე გაიზარდა.
მეორე მიმართულება ამ სტრატეგიის არის ის, რომ მოქალაქეებმა ვირუსთან თანაცხოვრება უნდა ისწავლონ.
გახარიას თქმით, ვირუსთან ერთად ცხოვრება მარტივი წესების დაცვას ნიშნავს: ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და ჰიგიენის ნორმები.
“რაც უფრო მაღალი დისციპლინა გვექნება ამ მოთხოვნების დაცვაში, მით უფრო ნაკლები გვექნება გავრცელება და დაწოლა ეკონომიკასა და ჯანდაცვის სისტემაზე. ჩვენ აქაც მართვისა და ადაპტაციის ეტაპზეც უნდა ვიყოთ მაქსიმალურად დისციპლინირებულები იმისთვის, რომ მოვიგოთ დრო, სანამ მსოფლიოში შეიქმნება ვაქცინა”, – განაცხადა გახარიამ.
სწავლა დაიწყება?
1 ოქტომბრიდან თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები ბრუნდებიან საკლასო ოთახში, თუმცა მშობლებს ექნებათ არჩევანის უფლება – მათ შეეძლებათ კვლავ დისტაცნიური სწავლების მეთოდი აირჩიონ.
იგივე წესი შეეხება გორისა და ფოთის სკოლებს. 1 ოქტომბრიდან გორისა და ფოთის ყველა სკოლის 12-ვე კლასში სწავლა სასწავლო ოთახებში განახლდება, თუმცა სურვილის შემთხვევაში მოსწავლის მშობელს შეუძლია დისტანციური სწავლება აირჩიოს. ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.