აფხაზეთში ოქტომბრიდან ელექტროენერგიის გათიშვას დაიწყებენ
აფხაზეთს ელექტროენერგია არ ჰყოფნის. ამ მიზეზის გამო, მალე შუქის გათიშვას დაიწყებენ. გაზრდილი მოხმარების ერთ-ერთი მიზეზი – კრიპტოვალუტის მაინინგია, რომლის შეჩერება აკრძალვის მიუხედავად ვერ მოხერხდა. პრობლემის სწრაფად გადაჭრა არ ხერხდება, – ამბობს აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი.
აფხაზეთში, ელექტროენერგიის მარაოსებრ გათიშვებს 1 ოქტომბრიდან დაიწყებენ. ამის მიზეზი ელექტროენერგიის დეფიციტი და ქსელის გადატვირთულობაა. აფხაზეთი სულ უფრო და უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს.
ენგურჰესის (ერთადერთი ელექტროსადგური, რომელიც აფხაზეთს ამარაგებს) დირექტორის, ლევან მებონიას განცხადებით, 2021 წლის 15 თებერვლისთვის – ჰესის სარემონტო სამუშაოების სამთვიანი გაჩერების მომენტისთვის, აფხაზეთში, ელექტროენერგიის დეფიციტმა, შესაძლოა, 150 მილიონი კვტ.სთ შეადგინოს. მისი თქმით, თუკი ახლა არ დაიწყებენ მარაოსებრ გათიშვებს, ცივ თვეებში, მოხმარების ზრდასთან ერთად, ელექტროგადამცემი ხაზები უბრალოდ ვერ გაუძლებს დატვირთვას.
• ტყვარჩელი – ქალაქი აფხაზეთში, რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის
• მოსაზრება: აფხაზეთს რეფორმები სჭირდება. მშიერი დრო შესაფერისი პერიოდია გასარისკად
ასლან ბჟანია: პრობლემა სწრაფად ვერ გვარდება
პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოსახლეობის ელექტრომომარაგებას სერიოზული პრობლემა უწოდა, რომლის გადასაჭრელადაც უნდა მომზადდეს „საგზაო რუკა“.
ოჩამჩირის რაიონის ხელმძღვანელებთან სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ დეპუტატობის პერიოდში, კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ენერგეტიკის შესახებ კანონის მიღებას, რომელიც კერძო პირებს ენერგეტიკის სფეროში ინვესტირებას უკრძალავს. ნებადართულია ინვესტირება ჰიდროელექტროსადგურებში არაუმეტეს 5 მეგავატი სიმძლავრისა, მაგრამ აკრძალულია ინვესტირება გადაცემაში, გამანაწილებელ ქსელსა და ელექტროენერგიის გაყიდვაში.
„ელექტროენერგია – ეს არის საქონელი, ჩვენთან ელექტროენერგიის საფასური კაპიკებია და ჩვენ არ შეგვიძლია თავს მისი გაზრდის უფლება მივცეთ. ამიტომ ჩიხში აღმოვჩნდით. ეს პრობლემა ასევე სერიოზულ მიდგომას საჭიროებს.
რამდენიმე თვე, ნახევარ წლამდე დაგვჭირდება იმისათვის, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელი „საგზაო რუკა“ გვქონდეს. უამრავი შეცდომაა დაშვებული. ახლა, ხელისუფლება ანტიკრიზისული ზომების შემუშავებითაა დაკავებული“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მაინინგი – პრობლემის წყარო
ამას გარდა, ბჟანიას აზრით, ქვეყნისთვის დიდი პრობლემა გახდა კრიპტოვალუტის მაინინგი, რომელმაც ელექტროენერგიის მწვავე დეფიციტის პროვოცირება მოახდინა.
ოფიციალურად, აფხაზეთში, მაინინგი 2018 წლის დეკემბრიდან აკრძალულია, თუმცა, რეალური საჯარიმო სანქციების არარსებობის გამო, აკრძალვა არ მუშაობს, რის შედეგადაც უკანასკნელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში, იქ მოქმედი მაინინგის ფერმების რაოდენობა ოთხჯერ გაიზარდა.
წარუმატებელი აკრძალვის შემდეგ, აფხაზეთის ხელისუფლება მაინინგის ლეგალიზებას გეგმავს.
„მიმდინარეობს მუშაობა დასათვლელად და იმ ადგილების გამოსავლენად, სადაც ეს მაინინგის მანქანებია დამონტაჟებული და რაიმეს დამალვა ვერ მოხერხდება. ამავდროულად, მზადდება მთავრობის დადგენილება, სადაც გაწერილი იქნება ყველაზე ოპტიმალური მექანიზმები, რათა ეს პროცესი დარეგულირდეს. ჩვენ მას არ ავკრძალავთ, მაგრამ სახელმწიფო შესაბამისად მოახდენს ამ პროცესზე რეაგირებას. ეს ენერგეტიკასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი ეტაპია“, – განაცხადა ასლან ბჟანიამ.