მოლდოვა: სექს-სკანდალები, როგორც პოლიტიკის მოქმედი ინსტრუმენტი
შანტაჟი ინტიმური ცხოვრების კადრებით მოლდოვაში ჩვეულებრივი პოლიტიკური იარაღი გახდა, რომლის საშუალებითაც ანადგურებენ და აჩუმებენ პოლიტიკურ კონკურენტებს, ცდილობენ ოპონენტები დააშინონ და საერთაშორისო კონფლიქტებიც „მოაგვარონ“. მოლდოვური გამოცემა News Maker ჰყვება, თუ როგორ და რატომ გახდა სექსუალური სკანდალები მოლდოვის პოლიტიკური კულტურის ნაწილი.
მასალის სრული ვერსია News Maker– ის ვებ – გვერდზე
სექსუალური სკანდალების ქრონიკა
სექს-ტეიპების (ინგლისურად sex – სექსი, tape – ფირი, ჩანაწერი) ეპოქა 2009 წელს დაიწყო, როდესაც რუმინულმა გამოცემა Curentul- მა ინტიმური ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ნაჩვენები იყო კიშინიოვში რუმინეთის კონსული იონ ნუიკე, სავარაუდოდ, საკონსულოს თანამშრომელ ქალთან ერთად.
ორ ქვეყანაში ატეხილი სკანდალის შემდეგ ნუიკეს ნაჩქარევად გადადგომა მოუწია. ვიდეო მოლდოვაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე გამოქვეყნდა. მოლდოვის მაშინდელმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ვორონინმა რუმინეთი კიშინიოვში საპროტესტო გამოსვლების მხარდაჭერასა და ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციაში დაადანაშაულა.
• „ის თამთა მენატრება, 30 სექტემბრამდე რომ იყო“
• სექსუალური სკანდალები აზერბაიჯანულ სკოლებში
• მოლდოვა: “ცრუ” ლტოლვილთა საბადო ევროპაში
2015 წლის ოქტომბერში ერთ-ერთ პოპულარულ პორნო საიტზე გამოქვეყნდა ვიდეო ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის, ვლადიმერ ფილატის მონაწილეობით. პოლიტიკოსები იმ დროს ერთსულოვნები იყვნენ: ამით დასრულდა პოლიტიკური ანგარიშსწორება ფილატის მიმართ, რომელიც შემდგომში კორუფციის ბრალდებით გაასამართლეს და ციხეში ოთხი წელი გაატარა.
სექს-ტეიპები მოლდოვაში გახდა შანტაჟის იარაღი არა მხოლოდ პოლიტიკოსების, არამედ საზოგადო მოღვაწეებისა და ჟურნალისტების წინააღდეგ. 2016 წლის იანვარში, ჟურნალისტმა ნატალია მორარმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მას შეატყობინეს, რომ მის შესახებ ინტიმური ვიდეოს გამოქვეყნება იგეგმება.
მისი საჯარო განცხადების შემდეგ ვიდეოჩანაწერი არ გამოქვეყნებულა, მაგრამ მორარმა მუქარა არაერთხელ მიიღო.
კიშინიოვის მერი, ლიბერალური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დორინ კირტოაკე, 2017 წელს ფარული კამერების კიდევ ერთი მსხვერპლი გახდა – ქსელში მისი ინტიმური ხასიათის ფოტოებს და ვიდეოების სერია გამოქვეყნდა.
2018 წელს ოლიგარქისა და მმართველი დემოკრატიული პარტიის ლიდერის, ვლადიმერ პლახოტნიუკის მედიაჰოლდინგში შემავალმა რამდენიმე სატელევიზიო არხმა გაავრცელა რეპორტაჟი უფლებადამცველის, ლუდმილა კოზლოვსკაიას მონაწილეობით ინტიმური ვიდეოს გამოქვეყნების შესახებ. კოზლოვსკაიამ მაშინვე განაცხადა, რომ ვიდეო ყალბი იყო.
წელს სექ-ტეიპების მოლდოვის პოლიტიკაში დაბრუნების უკვე მინიმუმ ორი მცდელობა განხორციელდა.
ივნისში ჟურნალისტებს ელექტრონული ფოსტით გაუგზავნეს მოსაწვევები Telegram არხზე, სადაც მოგვიანებით გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც კაცი, რომელიც პრეზიდენტ იგორ დოდონის ძმას, ალექსანდრს ჰგავდა, დივანზე იჯდა გოგონასთან, რომელიც მასთან ფლირტაობდა. არხის ავტორებმა დოდონის შესახებ “სერიალის გაგრძელება” დააანონსეს.
რამდენიმე დღის შემდეგ, ბლოგერმა Jăka Banditu– მ თავის ფეისბუქ გვერდზე (36 ათასზე მეტი გამომწერით) გამოაქვეყნა ფარული კამერით გადაღებული ინტიმური ვიდეო მამაკაცისა და ახალგაზრდა გოგონას მონაწილეობით. ბლოგერმა დაწერა, რომ, მისი აზრით, ვიდეოზე აღბეჭდილი იყო დეპუტატი პარტია “შორ”-იდან დენის ულანოვი. თუმცა, ვიდეოზე სახეები არ ჩანდა.
დეპუტატმა მაშინვე განაცხადა, რომ ვიდეო ყალბია.
თამაშები წესების გარეშე
დისკრედიტაციის კამპანიის მსხვერპლნი სექს-ტეიპების გამოქვეყნებაზე განსხვავებულად რეაგირებენ. ბევრი პოლიტიკოსი თუ საზოგადო მოღვაწე დუმს, ზოგი პუბლიკაციების წაშლას წარუმატებლად ითხოვს.
მოლდოვაში ცოტა ვინმემ თუ სცადა სამართლიანობის მიღწევა სასამართლოს ან სამართალდამცავი ორგანოების საშუალებით. დორინ კირტოაკეს შემთხვევაში პროკურატურაში მიმართვა უშედეგო იყო. უფლებადამცველ ლუდმილა კოზლოვსკაია ორგანოებისთვის არ მიუმართავს და მედიას უჩივლა, რადგან ადგილობრივი მართლმსაჯულების სისტემას არ ენდობოდა.
”ჩვენი საზოგადოება, სამწუხაროდ, იმდენად გაფუჭებულია, რომ მაშინაც კი, თუ თქვენ ამის შეჩერებას ცდილობთ, ასეთი რამეები მოსწონს… ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, არ არის პოლიტიკური ბრძოლა. ეს ბინძური პოლიტიკური ტექნოლოგიებია”, – ამბობს დეპუტატი დენის ულანოვი.
სექს-ტეიპების გამოყენება ბევრ რამეზე მეტყველებს მოლდოვაში არსებულ პოლიტიკურ კულტურაზე და პოლიტიკოსების კომუნიკაციის უნარზე არა მხოლოდ ამომრჩეველთან, არამედ ერთმანეთთან, – ამბობს პიარ ექსპერტი ლუდმილა ანდრონიკი.
”ეს, პირველ რიგში, პოლიტიკური, სოციალური და პირადი შანტაჟის ფორმაა. ეს არაფერ შუაშია პროფესიულ ტერმინთან public relations“, – ამბობს ის.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, მოლდოვაში ამ მეთოდს ყველაზე ხშირად იყენებენ “ვინმეს გასაჩუმებლად” ერთი ან ორი კვირის განმავლობაში, ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების საკვანძო მომენტებში. მისი შეფასებით, ასეთი ისტორიები ამის მეტს ვერ ცოცხლობს.
– სექსუალური სკანდალები ხშირად ორგანულად ჯდება ახალი ამბების “ნეგატიურ” ნაკადში. ზოგადად, ადამიანის ფსიქიკა ასე მუშაობს” – ამბობს ფსიქოლოგი ოლესია ბოგუცკაია – განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ადამიანს პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება, ის ახალ ამბებში მძაფრ ემოციებს, “სისხლიან დეტალებს” და ძალადობას აძებს.
იმავე კატეგორიაში შედის ცნობილი ადამიანების ინტიმური ვიდეოების გამოქვეყნება. ნეგატიური ემოციები, პრინციპში, ბევრად უფრო კარგად „იჭერს“ აუდიტორიას – აღნიშნავს ფსიქოლოგი.