ქალები და სუიციდი
გაზაფხულის ერთ ძალიან ჩვეულებრივ დღეს 20 წლის ბაქოელი გოგონა მრავალსართულიანი სახლის სახურავზე ავიდა და გადმოხტა.
ამ შემთხვევაზე საუბრისას ბაქოელები ამბობდნენ, რომ გოგონას ოჯახის წევრები ძალით უპირებდნენ გათხოვებას, რაც თვითმკვლელობის მიზეზად იქცა. თუმცა, მისი ოჯახის წევრები და ახლობლები ამაზე საუბარს ერიდებიან. მათი აზრით, გოგონას ქორწინებასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. ფსიქოლოგები კი ვარაუდობენ, რომ თვითმკვლელობამდე მიმყვანი ამ ფსიქოლოგიური პრობლემების საფუძველი გენდერული დისკრიმინაციაა.
შენობა, სადაც 2016 წლის 12 აპრილის ტრაგედია დატრიალდა
სიღარიბე თანასწორობის წინააღმდეგ
აზერბაიჯანში საკმაოდ ბევრი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაცია, არაერთი წელია, მუშაობს გენდერული უთანასწორობის შესამცირებლად. საამისოდ შემუშავებულია და დანერგილი რიგი საგანმანათლებლო პროექტები; ამ საკითხის ირგვლივ სამეცნიერო კვლევებიც კი ჩატარდა. გენდერული თანასწორობისკენ სწრაფვა ეროვნულ კანონმდებლობაშიც აისახა.
1995 წელს აზერბაიჯანმა “ქალთა მიმართ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ” გაეროს კონვენციის რატიფიკაცია მოახდინა. 2009 წელს საზოგადოებრივი გაერთიანება “გენდერული თანასწორობა და ქალთა ინიციატივების” მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე, შედგა ალტერნატიული ანგარიში აღნიშნული კონვენციის აზერბაიჯანში შესრულებასთან დაკავშირებით. დოკუმენტში აღნიშნულია: “კვლევების შედეგების მიხედვით, საზოგადოებაში ისე მყარადაა გამჯდარი გენდერული სტერეოტიპები, რომ ქალისა და მამაკაცის თანასწორობაზე საუბარიც კი ძალიან ადრეა. სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროცესებს დღემდე გენდერული სტერეოტიპები განსაზღვრავს. იმ იშვიათ შემთხვევებში, როდესაც ქალები ეკონომიკის სფეროში რაიმე, არც ისე მაღალი პოზიციის დაკავებას ცდილობენ, მათი ქმედებები ინერტულია.”
ეს ყველაფერი მოხსენებაში აღნიშნული საერთო სიღარიბისა და უბადრუკი ყოფის კონტექსტში ხდება.
“რესპოდენტების უმრავლესობა მიიჩნევსს, რომ უმძიმესი გაჭირვების პირობებში, პირველ რიგში, მხოლოდ ყოველდღიური მატერიალური პრობლემები უნდა გადაწყდეს. როგორც წესი, ტრადიციული, პატრიარქალური საზოგადოების ნორმებსა და მოთხოვნებს ორივე სქესის წარმომადგენლები იზიარებენ და ეს ფაქტორი ყველაზე აქტიურ ქალებსაც კი აბრკოლებს.”
ქალები არ უჭერენ მხარს ქალებს
ფსიქოლოგი ვეფა აკბერის აზრით, თუკი რომელიმე ოჯახში ქალის მიმართ ძალადობა ხდება, ამის მთავარი მიზეზია ოჯახის წევრი სხვა ქალის არასაკმარისი მხარდაჭერა. როდესაც ოჯახში გოგონა იზრდება, მისი ყველაზე ახლო მეგობარი მისივე დედა უნდა იყოს, მაგრამ ეს ასე არ ხდება – დედასა და ქალიშვილს შორის უფსკრულია.
” მაინც რა აჩენს ამ უფსკრულს?” – კითხულობს ფსიქოლოგი ვეფა აკბერი და თავადვე პასუხობს:
“დედა გამუდმებით აღნიშნავს თავის აღმატებულობას, ერთგვარ დომინანტობას და ეუბნება შვილს, რომ ის უფროსია და დედასა და ქალიშვილს შორის უნდა არსებობდეს სუბორდინაცია; არწმუნებს ქალიშვილს, რომ დედას პატივი უნდა სცეს. ეს პატივისცემა კი საბოლოოდ თაყვანისცემად იქცევა ხოლმე.”
ქორწინება 12 წლის ასაკში?
აზერბაიჯანში ქალების უფლებების ერთ-ერთ ყველაზე უხეში დარღვევაა ნაადრევი ქორწინება. აზერბაიჯანის რესპუბლიკის საოჯახო კოდექსი მხოლოდ ნებაყოფლობით ქორწინებას აღიარებს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის 1998 წელს მიღებულ კანონში “ბავშვის უფლებების შესახებ” (1-ლი მუხლი) და აზერბაიჯანის მიერ 1992 წელს რატიფიცირებულ “ბავშვთა უფლებების კონვენციაში” (1-ლი მუხლი) აღნიშნულია, რომ 18 წლამდე ასაკის პირები ბავშვებად ითვლებიან და, შესაბამისად, მათი დაქორწინება არ შეიძლება.
მიუხედავად ამისა, ქვეყანაში ადრეული რელიგიური ქორწინების მრავალი ფაქტი აღირიცხება. ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მტკიცებით, ქვეყანაში 10 ათასზე მეტი ასეთი ქორწინებაა რეგისტრირებული და ეს მაჩვენებელი ყოველ წელს იზრდება. განსაკუთრებით მკვეთრი ზრდა შეინიშნება აზერბაიჯანის სამხრეთ რაიონებში, სადაც ხშირად 12-16 წლის გოგონები თხოვდებიან. ყველაზე ხშირად მსგავსი შემთხვევები ჯალალაბადისა და მასალლის რაიონებში ხდება. ნორჩი პატარძლები არამხოლოდ ბავშვობის, არამედ განათლების გარეშეც რჩებიან – როგორც წესი, ისინი მხოლოდ დაწყებით სკოლას ამთავრებენ ხოლმე.
ქალების მდგომარეობა – შეიცვალა თუ არა ბოლო 100 წლის განმავლობაში
აზერბაიჯანულ საზოგადოებაში, რომელიც ქალის მიმართ მკაცრი და მომთხოვნია, ისტორიულად შეიქმნა ერთგვარი წესი, რომლის მიხედვითაც ქორწინებამდე გოგონები მშობლების სახლში ცხოვრობდნენ, საქორწინო ასაკის მიღწევის შემდეგ კი – მეუღლის სახლში. ანუ ოჯახის საზღვრებს გარეთ ქალს არც ცხოვრება ჰქონდა, და არც საკუთრება. ქორწინება მისი არსებობის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა, რადგან მხოლოდ ამ გზით შეეძლო ქალს, ჰქონოდა სახლი, ქონება, სოციალური-ეკონომიკური დაცულობა და შვილების ყოლის საშუალება მიეღო.
ეს მდგომარეობა ბოლო ასი წლის განმავლობაში არ შეცვლილა. აზერბაიჯანული საზოგადოება კი ამ საკითხზე მსჯელობას დღემდე თავს არიდებს. ადრეული ქორწინების პრობლემაც დახურული თემაა, და თვალსაჩინო შედეგი ამ საკითხის საჯარო განხილვითაც კი არ მიიღწევა.
ამჟამად ქორწინებისა და განქორწინებების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები მმაჩის ბიუროში ითვლება. იურიდიული ძალა მოქალაქეთა ქორწინების რეგისტრაციის მხოლოდ ამ ფორმას აქვს. არასრულწლოვანი გოგონების იძულებით ქორწინებას პროცესის ყველა მონაწილე დანაშაულად აღიქვამს თავად გოგონების გარდა. ეს ყველაფერი ადრეული ქორწინებების გამოვლენას უშლის ხელს. სამწუხაროდ, რეგიოონებში ეს თემა ძალიან აქტუალურია. მაგალითად, არც ისე დიდი ხნის წინათ აზიზ ელხანოღლუ, “მეიდან TV”-ს კორესპონდენტი,იმაზე ლაპარაკობდა, რომ აზერბაიჯანში, ოღუზის რაიონში 14 წლის გოგონა დანიშნეს.
ბიჭების უპირატესობის ფენომენი
ქალთა საზოგადოება “რაციონალური განვითარების” თავმჯდომარე, შახლა ისმაილი ამბობს, რომ აზერბაიჯანში “ბიჭების უპირატესობის ფენომენი” არსებობს.
“საზოგადოებაში განგაშის ზარის შემოსაკვრელად მხოლოდ ეს გარემოებაც კმარა. ქალებისა და მდედრობითი სქესის ბავშვებისადმი დამოკიდებულებაც [ამ ფენომენიდან] იღებს სათავეს. თუკი პირველად მიზეზს გავიგებთ, ამ სამწუხარო ჯაჭვის ყველა თანმდევი რგოლის დანახვას შევძლებთ.”
შახლა ისმაილის თქმით ამ სიტუაციის მიზეზებისა და შედეგების საფუძველს განათლების პრობლემა და საზოგადოებრივ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული სირთულეები წარმოადგენს.
“აზერბაიჯანში, საერთოდ, არსებობს ქალის საზოგადოებაში რეალიზაციის პრობლემები, – აღნიშნავს ის, – ეს ეხება როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკურ, ისე სოციალურ სფეროს. მუშაობის პროცესში ხშირად ვაწყდებით მრავალ უარყოფით მოვლენას – მათ შორის, სუიციდსაც. სუიციდს სრული სასოწარკვეთისას, ყველაზე უკანასკნელ მომენტში მიმართავენ – მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ყველა სხვა საშუალება ამოიწურება.
ჩნდება კითხვა – რატომ იწურება ეს საშუალებები? რატომ ვერ პოულობს ქალი მხარდაჭერას ვერც ოჯახში, ვერც საზოგადოებაში და ვერც სახელმწიფო სტრუქტურებისგან?”
კანონის მიხედვით, თვითმკვლელობამდე მიყვანა დანაშაულად ითვლება. აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის მიხედვით, “დამნაშავეზე მატერიალურად, სამსახურეობრივად ან სხვა მხრივ დამოკიდებული პირის მუქარის, სასტიკი მოპყრობის, ან მისი ღირსების სისტემატურად შელახვის გზით თვითმკვლელობამდე, ან თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანა ისჯება სამ წლამდე თავისუფლების შეზღუდვით, ან თავისუფლების აღკვეთით სამიდან შვიდ წლამდე.”
მიზეზების გამოძიება აუცილებლია
აზად ისაზადე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ქალთა კრიზისის ცენტრში მუშაობს, მიიჩნევს, რომ სხვებზე მეტად სუიციდისკენ მოზარდები და ასაკოვანი ადამიანები არიან მიდრეკილნი. ისინი რისკის ჯგუფებს წარმოადგენენ და საჭიროა მათი განუწყვეტლივ შესწავლა: “სკოლებმა, მშობლებმა და სათანადო ინსტანციებმა – მათ შორის პროფილურმა სამინისტროებმა, აუცილებლად უნდა მიიღონ ინფორმაცია და რეკომენდაციები. ანუ, საჭიროა პრევენციული ზომების მიღება”.
მაგრამ პრევენციული ზომების სისტემები არ არსებობს:
“ჩვენ მხოლოდ შედეგებს ვებრვით. თუკი სუიციდის მცდელობის შემდეგ ადამიანი ცოცხალი რჩება, ჩვენ მას ვუხსნით, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება .”
აზად ისაზადემ აღნიშნა, რომ “თვითმკვლელობა აღმოსავლეთის ხალხისათვის ჩვეული ქმედება არ არის, ამიტომ თვითმკვლელობის შემთხვევების ზრდა, რომელიც აზერბაიჯანში აღინიშნა, განსაკუთრებით დამაფიქრებელია. ასაკობრივი ჯგუფის პრობლემების გამოკვლევის გარდა, აუცილებელია გამოვლინდეს თვითმკვლელობების მიზეზები როგორც ქალების, ისე მამაკაცების შემთხვევაში. თუკი მიზეზების მთელ კომპლექსს არ დავადგენთ, ამ მოვლენასთან ბრძოლა ეფექტიანი ვერ იქნება.”
გამოქვეყნდა: 4.06.2016
გარეკანის ილუსტრაცია: მეიდან TV