ომი და მაღაროები. გადარჩება თუ არა აღმოსავლეთ უკრაინის მეშახტეთა ქალაქები?
აღმოსავლეთ უკრაინაში, ფრონტის ხაზთან ახლოს, მეშახტეთა ქალაქები იცლება. უკრაინის მთავრობა აპირებს დახუროს ან გაყიდოს მაღაროების უმეტესი ნაწილი – ისინი, რომლებიც მომგებიანი არ არის. რა ელის კონფლიქტის ზონის ამ ქალაქების მოსახლეობას და აქვთ თუ არა მათ მომავალი? უკრაინული ტელეკომპანია “ჰრომადესკოეს” რეპორტაჟი.
მასალის სრული ვერსია ჰრომადსკოეს ვებგვერდზე
“ყველაზე უკრაინული ქალაქი“
”იქ არის ჩვენი” სტადიონი “უკრაინა”, მაღაზია ”უკრაინა”, ქალაქი უკრაინსკი, მაღარო “უკრაინა ”. აქ ყველაფერს “უკრაინა” ჰქვია, ეს ყველაზე უკრაინული ქალაქია! “
სერგეი ჟურნალისტების მოხალისე გამცილებელია. იგი პენსიონერი მეშახტეა. ქალაქ უკრაინსკში პრაქტიკულად ყველა მეშახტეა. ან ახლანდელი, ან ყოფილი ან მომავალი. აქ უბრალოდ სხვა სამუშაო არ არის.
სტატისტიკის მიხედვით, უკრაინსკის მოსახლეობა 11 ათასი ადამიანია.
• ტყვარჩელი – ქალაქი აფხაზეთში, რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის
• ტყიბული – სიკვდილს შეგუებული ქალაქი
• რეპორტაჟი აღმოსავლეთ უკრაინის ომისგან გაყოფილი სოფლიდან
მიუხედავად იმისა, რომ 1991 წელს სერგეიმ რეფერენდუმზე მხარი დაუჭირა უკრაინის დამოუკიდებლობას, 2013 წელს კი კიევის მაიდანში მონაწილეობდა, ის ნოსტალგიით საუბრობს საბჭოთა პერიოდზე:
”ბინებს გვაძლევდნენ, ხალხი მთელი სსრკ-დან ჩამოდიოდა! მამა ბელარუსიდან ჩამოვიდა, დედა ჟიტომირიდან (უკრაინა)”, – ამბობს ის.
მაგრამ აღმავლობის პერიოდი უკვე კარგა ხანია წარსულია. მეშახტეთა სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, უკრაინსკი დეპრესიაში უკვე 90-იან წლებში აღმოჩნდა – ხალხი მას ტოვებდა ისეთი სამუშაოს ძიებაში, რომლისთვისაც ფულს გადაუხდიდნენ.
სერგეი უკრაინსკში დარჩენას არ აპირებს. ”წასვლას ვაპირებდი – გვიხსნის ის, – კორონავირუსმა ხელი შემიშალა”.
2002 წლის შემოდგომაზე, ვიტალი ნეშინი, რომელიც მაშინ 36 წლის იყო, უკრაინსკის მერი გახდა. და მაშინათვე სისტემის სრულ კოლაფსს შეეჯახა. დღეს ცარიელი მაღალსართულიანი კორპუსების შემხედვარე ძნელი დასაჯერებელია, რომ ამ ქალაქში სიტუაცია ამაზე უარესი იყო.
მისი, როგორც მერის, ყველაზე ამბიციური ნაბიჯი იყო მიტოვებული საცხოვრებელი სახლების გადაცემა იმ ადამიანებისთვის, ვინც უკრაინსკში საცხოვრებლად გადმოვიდოდა. რადგან უკრაინსკიდან დონეცკამდე მხოლოდ 60 კილომეტრია, ამას ბევრი დათანხმდა იმ იმედით, რომ რეგიონის ცენტრში იმუშავებდა. ათასამდე ოჯახი მართლაც გადმოსახლდა, მაგრამ ომის დაწყების შემდეგ, უმეტესობამ ქალაქი დატოვა.
უკრაინის ქვანახშირის ინდუსტრიის წამგებიანობა უკავშირდება მოძველებულ ტექნიკას და მინიმალურ ინვესტიციებს მოდერნიზებაში. ამის გამო, ნახშირის ღირებულება მუდმივად იზრდება. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ერთი ტონა ქვანახშირის მოპოვების ფასი გაორმაგდა – 2,100 გრივნადან 2015 წელს, 4,300 გრივნამდე 2019 წელს [დაახლოებით 96 დოლარი და 166 დოლარი 2015 და 2019 წლების კურსის მიხედვით].
”საწარმოს დახურვის შემთხვევაში აქ უბრალოდ ცარიელი ადგილი იქნება. მხოლოდ პენსიონერები დარჩებიან,”, – ამბობს სერგეი ვახულა, მაღარო “უკრაინის” დირექტორი.
მაღაროებში “უკრაინა” და “ტოშკოვსკაია” ე. წ. გრძელი წვის ნახშირი მოიპოვება. ის ძირითადად გამოიყენება თბოელექტროსადგურებში ელექტროენერგიის წარმოებისთვის. ასეთი ნახშირის წილი უკრაინის ენერგეტიკულ ბალანსში დაახლოებით 30 პროცენტია.
2014 წელს აქ თითქმის ორი ათასი ადამიანი მუშაობდა, ახლა – 1090. ”უკრაინა” ერთი წელია, რაც ნახშირს აღარ აგზავნის. ამის მიუხედავად, დირექტორი დარწმუნებულია, რომ კომპანიას მომავალი აქვს.
”მაღარო იმედისმომცემია … ჩვენ გვჭირდება 350 მილიონი გრივნა [დაახლოებით 12,7 მილიონი დოლარი] აღჭურვილობისთვის. და ეს ინვესტიციები ერთ წელიწადში ანაზღაურდება ”, – დარწმუნებულია იგი.
გავლენა გარემოზე
მაღაროების დახურვის მომხრეები საუბრობენ გარემოს დაზიანებაზე ამ საწარმოების მიერ. მაგრამ ოპონენტები ასევე ამტკიცებენ, რომ მათმა დახურვამ შეიძლება სერიოზული ეკოლოგიური პრობლემები გამოიწვიოს.
ტოშკოვსკაიას მაღაროს დირექტორი ოლეგ ავდიენკო სამ მიზეზს ასახელებს, თუ რატომ უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება უკრაინის ნახშირის ინდუსტრიამ: არ არსებობს გარანტია იმისა, რომ მომავალში უკრაინას შეეძლება იაფი ნახშირის შეძენა საზღვარგარეთ; შახტის თითოეულ მუშაკს საშუალოდ ოჯახის ოთხი წევრი ჰყავს და თუ იგი სამსახურს დაკარგავს, ისინი მარჩენალის გარეშე დარჩებიან; მაღაროების უკონტროლო დახურვა გამოიწვევს ეკოლოგიურ პრობლემებს, კონტროლირებადი დახურვა კი დიდ თანხებს მოითხოვს.
ჰაინრიხ ბიოლის ფონდის კლიმატის ცვლილებისა და ენერგეტიკული პოლიტიკის პროგრამის კოორდინატორი ოქსანა ალიევა სხვა აზრისაა: ”არავისთვის არ არის საიდუმლო, თუ რა უარყოფითი გავლენა აქვს ჯანმრთელობაზე ნახშირის მოპოვებას. და არამარტო მაღაროელთა, არამედ ამ ქალაქის ყველა მცხოვრებლებისთვის. რესპირატორული და ფილტვების დაავადებების მქონე ადამიანების წილი აქ გაცილებით მაღალია და სიცოცხლის ხანგრძლივობა გაცილებით ნაკლებია. ”
დახურვა თუ პრივატიზება
”კონტროლირებად ტერიტორიაზე 33 მოქმედი მაღარო გვაქვს, – ამბობს მაქსიმ ნემჩინოვი, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე. – შახტების დაახლოებით ნახევარი გვჭირდება ელექტროენერგიის წარმოებისთვის. მეორე ნახევარი არც ისე მიმზიდველია. ჩვენ მათ მივცემთ შანსს, ვეძებთ კერძო ინვესტორებს. თუ ინვესტორი არ იქნა ნაპოვნი, ამ მაღაროების ლიკვიდაცია მოხდება ”.
უკრაინის ამჟამინდელი ენერგეტიკული სტრატეგიის თანახმად, 2025 წლისთვის სახელმწიფომ ყველა წამგებიანი მაღარო უნდა დახუროს ან მათი პრივატიზება მოახდინოს, აღნიშნავს ექსპერტი ოქსანა ალიევა. თუმცა, ის არაა დარწმუნებული, რომ ეს ასე მოხდება.
გერმანიის მთავრობამ უკრაინას შესთავაზა, ქვანახშირის ერთ – ერთი მონოქალაქის (ერთ საწარმოზე დამოკიდებული ქალაქი) ტრანსფორმაცია დააფინანსოს. უკრაინულ მხარეს სურს, საპილოტე პროექტი ორ ქალაქში განხორციელდეს – ერთი დონბასში და ერთი ქვეყნის დასავლეთში, ლვოვ-ვოლინის ქვანახშირის აუზში.
”მხოლოდ ოთხი მაღარო, რომელიც კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩა, მომგებიანია. დანარჩენს, ფაქტობრივად, ბიუჯეტიდან ვაფინანსებთ ”, – ამბობს ოქსანა ალიევა.
იგი ნახშირის სექტორს უკრაინაში ყველაზე კორუმპირებულს უწოდებს.