კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველო რეგულაციებს ამკაცრებს
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველო გარკვეულ რეგულაციებს ამკაცრებს.
კერძოდ, მთავრობის გადაწყვეტილებით:
● მკაცრდება კონტროლი დახურულ და ღია სივრცეში ჩატარებულ ღონისძიებებზე;
● ბათუმსა და ქობულეთში 15 სექტემბრიდან სწავლა დისტანციურ რეჟიმში განახლდება;
● საქართველოში შემოსვლის მსურველმა უცხოელებმა საზღვარზე ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის პასუხი უნდა წარადგინონ;
● კარანტინის ვადა 12-დან 8 დღემდე მცირდება.
ბათუმსა და ქობულეთში 15 სექტემბრიდან სწავლა დისტანციურ რეჟიმში განახლდება
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმსა და ქობულეთში, სადაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, სკოლის მოსწავლეები და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები 15 სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდე დისტანციურად ისწავლიან.
ბათუმსა და ქობულეთში აუდიტორიებში სწავლის პროცესი 1-ელი ოქტომბრიდან განახლდება.
საქართველოს ყველა სხვა რეგიონსა და ქალაქში სწავლა 15 სექტემბერს, აუდიტორიებში დაიწყება, როგორც ეს აქამდე იყო დაგეგმილი.
დახურულ სივრცეში სოციალური ღონისძიებების კონტროლი მკაცრდება
როგორც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, უსაფრთხოების ზომების გამკაცრება საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც სოციალური ღონისძიების ( ქორწილი, ქელეხი, იუბილე) დროს ინფიცირების გავრცელების რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა.
“აუცილებელია სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრება, განსაკუთრებით დახურულ სივრცეში. ამის აშკარა მაგალითი იყო აჭარაში, სადაც ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან დიდი ქორწილები ჩატარდა. იქ იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა მსგავსი სოციალური ღონისძიებები გახდა ვირუსის გადაცემის წყარო. ამიტომ, დახურულ სივრცეში სოციალური ღონისძიებების ჩატარების კონტროლი უკიდურესად გამკაცრდება,” – ამბობს გახარია.
დამატებითი რეგულაციების შესრულება მოუწევთ ღია სივრცეებში გამართული ღონისძიებების ორგანიზატორებსაც.
• PCR-ტესტი, კარანტინი და თვითიზოლაცია – რა უნდა იცოდეთ, თუ საქართველოში შემოსვლას ან საქართველოდან წასვლას აპირებთ
გამკაცრდება მონიტორინგის მექანიზმი და ამ პროცესში შრომის ინსპექციასთან ერთად შსს-ც ჩაერთვება. ისინი ერთობლივად შეამოწმებენ თითოეულ ობიექტს.
დახურულ სივრცეში დასაშვებია მხოლოდ 10 ადამიანის თავშეყრა, ამაზე მეტი სტუმრის არსებობის შემთხვევაში ღონისძიებები ღია სივრცეში უნდა გაიმართოს.
ამ წესების დარღვევის შემთხვევაში იურიდიული პირი 10 000, ხოლო ფიზიკური პირი 2 000 ლარით დაჯარიმდება. დანაშაულის განმეორებითი ჩადენა კი უკვე გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ დევნას.
15 სექტემბრიდან საქართველოში შემომსვლელ ყველა უცხოელს PCR-ტესტის პასუხის წარდგენა მოუწევს
ეს გადაწყვეტილება ეხება იმ 5 ქვეყნის (გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა) მოქალაქეებსაც, რომლებსაც საქართველომ საზღვრები უპირობოდ გაუხსნა, აქამდე არანაირი შეზღუდვა არ ჰქონდათ და საქართველოში თავისუფლად შემოდიოდნენ.
სავალდებულო კარანტინის ვადა 12-დან 8 დღემდე მცირდება
საკარანტინო სივრცეს ან თვითიზოლაციას ადამიანი მე-9 დღეს დატოვებს, იმ შემთხვევაში, თუ PCR-ტესტის პასუხი უარყოფითი იქნება, იმ პირობით, რომ 72 საათის შემდეგ კიდევ ერთ PCR-ტესტს გაიკეთებს.
ადამიანს, რომელსაც მე-12 დღეს, განმეორებითი PCR-ტესტის გაკეთების შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდება, საავადმყოფოში გადაიყვანენ.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თუ სტაციონარში მკურნალობის აუცილებლობა არ იქნება, პაციენტი საკარანტინო სივრცეში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გააგრძელებს მკურნალობას.
საპარლამენტო არჩევნების თარიღი არ შეიცვლება
როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ეპიდემიოლოგიური ვითარება პოლიტიკურ პროცესს საფრთხეს არ შეუქმნის და 31 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნები დაგეგმილ დროს ჩატარდება.
7 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
საქართველოში კორონავირუსის სულ 1684 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1315 გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 გარდაიცვალა.